Facebook Twitter

¹ბს-430-408(კ-07) 11 დეკემბერი, 2007 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

გ. ილინას მდივნობით

კასატორი _ ი. ფ.-ი, წარმომადგენელი მ. ხ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. გ.-ი, წარმომადგენელი _ ნ. დ.-ე

თავდაპირველი მოსარჩელე _ დ. ს.-ე _ არ გამოცხადდა

მოწინააღმდეგე მხარე _ თბილისის სააღსრულებო ბიურო, წარმომადგენელი _ ე. ა.-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინება

დავის საგანი _ აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ლ. გ.-მ და დ. ს.-მ სარჩელი აღძრეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და ი. ფ.-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2003 წლის 6 ნოემბერს ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა /იხ.ს.ფ. 2-4/.

საქმის გარემოებები:

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის გადაწყვეტილებით ლ. გ.-ს მოპასუხე ი. ფ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7200 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ მოპასუხემ მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს, რომლის მიერაც ჩატარდა აუქციონი და მოსარჩელის კუთვნილი ბინა ი. ფ.-მ შეიძინა 16 517 ლარად, მაშინ როცა ბინის საბაზრო ღირებულება, სულ ცოტა 13 000 აშშ დოლარს შეადგენდა. მოსარჩელემ აუქციონის შესახებ შეიტყო 2004 წელს, როდესაც ი. ფ.-მ მოსთხოვა ბინის დაცლა.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

მოსარჩელეთა განცხადებით, აუქციონი ჩატარდა უკანონოდ, რამდენადაც აღმასრულებლის მიერ შედგენილ ოქმში მითითებულია, რომ მოსარჩელე არ გამოცხადდა აუქციონზე, მაშინ, როცა აუქციონის თაობაზე მათ შეტყობინება არ მიუღიათ.

სარჩელის სამართლებრივი საფუძველი მითითებული არ არის.

მოპასუხე _ ი. ფ.-მ რაიონული სასამართლოს სხდომაზე არ ცნო ლ. გ.-ის და დ. ს.-ის სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 59, სხდომის ოქმი.

რაიონული სასამართლოს სხდომაზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელი არ გამოცხადდა და მის მიერ არც წერილობითი შესაგებელი იქნა წარდგენილი.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით დ. ს.-ისა და ლ. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2003 წლის 6 ნოემბერს ლ. გ.-ის საკუთრებაში არსებულ იპოთეკით დატვირთულ ბინაზე, მდებარე, ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹4ა, ბინა 65, ჩატარებული აუქციონი, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

2003 წლის 6 ნოემბერს ლ. გ.-ის სახელზე რიცხულ, იპოთეკით დატვირთულ საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹4ა, ბინა 65, ჩატარდა იძულებითი აუქციონი და აღნიშნული ბინა აუქციონზე შეიძინა ი. ფ.-მ.

სასამართლოს დასკვნით, აუქციონის ჩატარების დროს სააღსრულებო ბიუროს მიერ დაირღვა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 71-ე და 74-ე მუხლები, რამდენადაც აღმასრულებელმა უწყება აუქციონის თაობაზე არ ჩააბარა მოვალეს, ასევე სასამართლო უწყებაზე ხელს აწერს გ. ქ.-ა, რომელიც მოვალე ლ. გ.-ის ოჯახის წევრს არ წარმოადგენდა. სასამართლოს დასკვნით, აღმასრულებლის მიერ ასევე დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 305-ე მუხლი, რამდენადაც მოვალე ლ. გ.-ს აუქციონში მონაწილეობის უფლება არ მიეცა, რის გამოც ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹4ა-ში მდებარე 65-ე ბინაზე ჩატარებული აუქციონი ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას /იხ.ს.ფ 69-70/.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ფ.-მ, რომლითაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

აუქციონის ჩატარების დროს აღმასრულებლის მიერ დაცულია «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის» 71-74-ე მუხლები, რამდენადაც აღმასრულებელმა აუქციონის ჩატარების შესახებ უწყება ჩააბარა გ. ქ.-ს, რომელიც იმ დროს ცხოვრობდა ლ. გ.-ის კუთვნილ ბინაში. ამდენად, მოვალისათვის ცნობილი იყო აუქციონის ჩატარების შესახებ /იხ.ს.ფ. 72/.

მოწინააღმდეგე მხარეებმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ ცნეს ი. ფ.-ის სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება /იხ.ს.ფ. 135, სხდომის ოქმი/.

მოწინააღმდეგე მხარემ _ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარი დაუჭირა ი. ფ.-ის სააპელაციო საჩივარს, მოითხოვა მისი დაკმაყოფილება და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება /იხ.ს.ფ. 136, სხდომის ოქმი/.

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 15 თებერვლის განჩინებით ი. ფ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოტივაცია განსახილველ საქმესთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების თანახმად, არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები; რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს სააპელაციო სასამართლო იზიარებდა, რის გამოც, სასამართლოს დასკვნით, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები /იხ.ს.ფ. 147-149/.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ფ.-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 165/.

კასაციის მოტივი:

კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეთა მიერ დარღვეულია «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 22.3. მუხლის მოთხოვნები, რამდენადაც მათ მიერ გაშვებულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, კერძოდ, 2003 წლის 6 ნოემბერს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება სასამართლოში გასაჩივრდა 2004 წლის 9 თებერვალს, რაზეც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდშიც ყველა უწყებასა და გზავნილს ხელს აწერდა გ. ქ.-ა, რომელიც ლ. გ.-ის მეუღლეა და მასთან ერთად ცხოვრობდა მოსარჩელის კუთვნილ ბინაში. ასევე, აღმასრულებელმა აუქციონის თაობაზე გააკეთა სპეციალური განცხადებები თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოსა და გაზეთ «...-ში» 2003 წლის 29-30 ოქტომბერს, ლ. გ.-მ ხელი მოაწერა გაფრთხილებას სასამართლოს გადაწყვეტილების 5 დღის განმავლობაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, შესაბამისად მისთვის ცნობილი იყო აუქციონის ჩატარების ფაქტი.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 10 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის გ) პუნქტის საფუძველზე ი. ფ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად /პროცესუალური კასაცია/.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარეებმა _ ლ. გ.-მ და დ. ს.-მ წარმოადგინეს განცხადება, რომელშიც განმარტეს, რომ მხარეთა შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რის გამოც უარს აცხადებდნენ სარჩელზე და მოითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტა /იხ. ს.ფ. /.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და წარმოდგენილი შუამდგომლობის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ. გ.-ის შუმადგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად ი. ფ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინება და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება, ლ. გ.-ისა და დ. ს.-ის სასარჩელო მოთხოვნაზე _ აუქციონის ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელეთა მიერ უარის თქმის გამო, შეწყდეს საქმისწარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარეებმა _ ლ. გ.-მა და დ. ს.-მ წარმოადგინეს განცხადება, რომელშიც განმარტეს, რომ მხარეთა შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რის გამოც უარს აცხადებდნენ სარჩელზე და მოითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტა /იხ. ს.ფ. /.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

კონკრეტულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეებმა (მოსარჩელეებმა), უარი თქვეს რა სარჩელზე _ აუქციონის ბათილად ცნობის შესახებ, ამგვარად გამოხატეს ნება თავიანთი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე ფიზიკური პირების ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. გ.-ის და დ. ს.-ის სარჩელზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 272 «გ" მუხლის საფუძველზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. ფ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინება და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება, ლ. გ.-ისა და დ. ს.-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქმის წარმოება შეწყდეს სარჩელზე უარის თქმის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვენელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 390-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ფ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინება და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება;

3. დაკმაყოფილდეს ლ. გ.-ისა და დ. ს.-ის შუამდგომლობა;

4. შეწყდეს ლ. გ.-ისა და დ. ს.-ის სარჩელზე საქმის წარმოება, სარჩელზე უარის თქმის გამო;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.