¹ბს-430-413(კ-08) 15 ოქტომბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. კ-მა 12.03.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც მისი გათავისუფლების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 19.02.07წ. ¹პ-237 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმის წარმოების სამმართველოს ..... (.....) წინანდელ თანამდებობაზე აღდგენა და მოპასუხისათვის უკანონოდ გათავისუფლების მთელი პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.09.07წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე ლ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანებით, მოსარჩელე 19.02.07წ. დაითხოვეს სამსახურიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისათვის. ბრძანების საფუძველს წარმოადგენდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი. მითითებული ბარათის მიხედვით, სხვადასხვა ინსტანციიდან შემოსული განცხადებებით მოთხოვნილ იქნა სამშენებლო საწარმო “....” საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რაზეც არქივარიუსზე დაყრდნობით გადაგზავნილ იქნა არასრულოყოფილი მასალა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, საფინანსო სამმართველოს თანამშრომელთა უშუალო ჩარევით, არქივში მოძიებულ იქნა დამატებითი დოკუმენტაცია, რაზეც მოსარჩელეს მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება. მიუხედავად ამისა, კვლავ განმეორდა მსგავსი ფაქტი, კერძოდ, წყნეთის აგარაკის გასხვისების თაობაზე მოთხოვნილ იქნა დოკუმენტაცია, რასაც ლ. კ-მა უპასუხა, რომ მითითებული დოკუმენტაცია არქივში არ მოიპოვებოდა, მაშინ, როდესაც, გარკვეული დროის შემდეგ აღნიშნული მასალები მოძიებულ იქნა არქივში. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით, ფინანსური პოლიციის მოთხოვნა შესასრულებლად დაეწერა ლ. კ-ს. მასვე დაევალა ნ. დ-ას მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოძიება, ვინაიდან საშტატო ნუსხით, .... თანამდებობა განისაზღვრებოდა მხოლოდ ერთი საშტატო ერთეულით, რომელიც ეკავა მოსარჩელეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან გასაჩივრებული ბრძანება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მომზადებული და გამოცემული იყო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძვლის არსებობისას და უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლი ითვალისწინებს დისციპლინარული გადაცდომისათვის მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს, რომ მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობას. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული და არაჯეროვანი შესრულება; ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელის და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი, თუ მის გარეთ. ამავე კანონის 79-ე მუხლით, იმ თანამდებობის პირს ან დაწესებულებას, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, მოხელის მიმართ შეუძლია გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: შენიშვნა, გაფრთხილება, არა უმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება, არა უმეტეს ერთი წლისა და სამსახურიდან გათავისუფლება ამ კანონის საფუძველზე. კანონით რეგლამენტირებული არ არის, კონკრეტულად რა ითვლება სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებად, რის გამოც მოხელეს სამსახურიდან, შედარებით მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების გარეშე, პირდაპირ დაითხოვენ. ვინაიდან, ბრძანება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მის კანონიერებაზე დავები განხილული უნდა იქნეს და სასამართლომ უნდა იმსჯელოს ბრძანების - როგორც ადმინისტრაციული აქტის კანონიერებასა და შესაბამისად, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონთან და “შრომის კოდექსთან” შესაბამისობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ბრძანების მიღების დროს გამოკვლეული და კონკრეტულად მითითებულია, თუ რომელი სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის გამო იქნა დათხოვნილი მოსარჩელე სამსახურიდან. სადავო ბრძანებაში მითითებულია “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინის გადაცდომის სახე, რის გამოც მოხელე სამსახურიდან შედარებით მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების გარეშე, პირდაპირ დაითხოვეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო ბრძანება გამოცემულ იქნა კანონის დაცვით და არ არსებობს მისი ბათილობის საფუძვლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე და 127.5-ე მუხლებით გათვალისწინებული სამსახურში აღდგენისა და სახელფასო განაცდურის ანაზღაურების წინაპირობები, რის გამოც, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილშიც უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.09.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. კ-მა, რომელმაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.08წ. განჩინებით ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.09.07წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის უსაფუძვლობის შესახებ და სააპელაციო საჩივრის ირგვლივ დამატებით განმარტა, რომ აპელანტის წარმომადგენელმა, მ. კ-ემ, სასამართლო სხდომაზე ვერაფრით დაასაბუთა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა და ვერ მოიყვანა იმის დამამტკიცებელი არგუმენტები, რომ ლ. კ-ის სასარჩელო განცხადება დასაკმაყოფილებელია. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა მოხდა სამსახურებრივი მოვალეობის უხეშად დარღვევის გამო. სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თუ მოსამსახურე უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს, მისი გათავისუფლება შესაძლებელია მოქმედი დისციპლინური პაუხისმგებლობის ზომის არსებობის მიუხედავად. რაც შეეხება იმ გარემოების შეფასებას, თუ რა იგულისხმება სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევაში, იგი არ არის განსაზღვრული რაიმე ნორმატიული აქტით და შეფასებული უნდა იქნეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევას, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოთხოვნილი დოკუმენტაცია მან შესაძლებლობის ფარგლებში მოიძია, შემდეგომშიც გააგრძელა საკუთარი ინიციატივით ძებნა და სხვა არასაარქივო დოკუმენტაციაში მოძიების შემდგომ წარუდგინა ხელმძღვანელობას, სასამართლომ არ გაიზიარა. საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ. უ-ამ აჩვენა, რომ მითითებული მასალები მოძიებულ იქნა მის მიერ არქივში დაცულ საბუღალტრო მასალებში, რა დროსაც იქ იმყოფებოდა ლ. კ-იც. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობა დარღვეულ იქნა არაერთგზის. აპელანტის პოზიციის მიხედვით, მოთხოვნილი მონაცემები ინახებოდა ბუღალტრულ დოუმენტაციასთან ერთად, რაც დროებით შესანახ დოკუმენტთა ტიპს განეკუთვნება და უნდა ინახებოდეს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში და არა არქივში, რის თაობაზეც მას მიმართული აქვს ხელმძღვანელობისადმი, მოსარჩელე მოვალეობას ასრულებდა პრეზიდენტის 1999 წლის ¹414 ბრძანებულებით დამტკიცებული საქმის წარმოების ერთიანი წესების მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც აღნიშნული დოკუმენტების მოძიება მოხდა მის მიერ არა ვალდებულების შესრულების გამო, არამედ საკუთარი ინიციატივით. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის ამგვარ პოზიციას და განმარტავს, რომ ლ. კ-ის მიერ დოკუმენტების არასათანადო წესით შენახვის თაობაზე, მიმართული იქნა დეპარტამენტის უფროსისადმი 16.02.07წ. მაშინ, როდესაც დეპარტამენტის თამჯდომარეს წარდგენილი ჰქონდა მოხსენებითი ბარათი მინისტრისადმი მოსარჩელის თანამდებობიდან დათხოვნის საფუძვლების არსებობის შესახებ. ამდენად, ლ. კ-ის მითითებული მიმართვა, სასამართლომ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების და არა არქივის მასალების ხელმისაწვდომობის უზრნველყოფის მიზნით შედგენილად მიიჩნია. შესაბამისად, ადმინისტრაციული პალატის მოსაზრებით, აღნიშნული მიმართვის არსებობა არ ამცირებს მოსარჩელის ბრალეულობის ხარისხს და მით უფრო, არ გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების პროცესუალურ-სამართლებრივი წანამძღვრები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.08წ. განჩინება 18.04.08წ. საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. კ-მა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ლ. კ-ის მიმართ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე და 30-ე მუხლები, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის “ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ” მე-7 მუხლით აღიარებული უფლება “მოქალაქეს ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები”, არასწორად და კანონშეუსაბამოდ იქნა გამოყენებული “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კასატორს აქვს ფინანსთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, მან შექმნა და ჩამოაყალიბა სამინისტროში არქივი და გასწია მარტომ უდიდესი შრომა არაერთი რეორგანიზაციის შედეგად, არაერთი ლიკვიდირებული თუ შემოერთებული სამინისტროების დოკუმენტაციის არქივში მისაღებად. არის პროფესიონალი, რაც დადასტურებულია საქართველოს პრეზიდენტის 02.03.01წ. განკარგულებით, მისი .... საქმიანობისათვის ღირსების მედლით დაჯილდოებისას, არის მარტოხელა პირი, რომლის ოჯახში არ არის დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე სხვა პირი და სარგებლობს დადებითი ავტორიტეტით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 02.05.08წ. განჩინებით, სასკ-ის 34.3 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი.
აღნიშნულ განჩინებაზე 09.06.08წ. მოსაზრება წარმოადგინა ლ. კ-მა, რომელმაც მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.08წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.