Facebook Twitter

ბს-431-409(კ-07) 3 ოქტომბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ზ. შ-ი

მესამე პირი _ თელავის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 15 მაისს ზ. შ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიმართ, ხოლო მესამე პირად თელავის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოზე მიუთითა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 14 ივლისის ¹47 პ/შ ბრძანებით დაინიშნა თელავის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს კრიმინალური პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 3-თვიანი გამოსაცდელი ვადით. ზ. შ-ის საქმე შესასწავლად გაიგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საიდანაც დადებითი დასკვნა გაიცა.

მოსარჩელის მტკიცებით, ზემოხსენებულ თანამდებობაზე მუშაობისას იგი პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და მის მიმართ არც ერთი ადმინისტრაციული სახდელი არ ყოფილა გამოყენებული. 2006 წლის აპრილში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარმა სამმართველომ მოსარჩელის მიმართ ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება იმ საფუძვლით, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში შესაბამის თანამდებობაზე მიღების შესახებ განცხადებაში, ანკეტასა და ავტობიოგრაფიაში მოსარჩელეს არ ჰქონდა მითითებული საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის ფაქტი, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 2006 წლის 19 აპრილის დასკვნაში მითითებული იყო, რომ ზ. შ-ის პირადი საქმის დაბრუნებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დადებითი დასკვნის საფუძველზე, თელავის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოდან გამოთხოვნილ იქნა ზ. შ-ის სამსახურებრივი დახასიათება მისი თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით. ხსენებული დახასიათების შესწავლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი იყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში მოძიებული ზ. შ-ის სამხედრო პირადი საქმიდან გაირკვა, რომ მოსარჩელე 2001 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის ¹.... სამხედრო ნაწილის შეიარაღების სამსახურის .... თანამდებობაზე და საატესტაციო კომისიის ¹13 გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 2003 წლის 19 ივლისის ¹201 პ/შ ბრძანებით, 2003 წლის 9 ივლისიდან დათხოვნილ იქნა სამსახურიდან შეიარაღებული ძალების თადარიგში, «სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების მე-9 თავის მე-4 მუხლის «დ» ქვეპუნქტის (სამსახურებრივი შეუსაბამობა) საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ არ მიუთითა რა შესაბამის ანკეტაში, განცხადებასა და ავტობიოგრაფიაში შინაგან ჯარში მისი მუშაობის ფაქტი, მოპასუხემ მიიჩნია, რომ ზ. შ-მა შეცდომაში შეიყვანა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა, ჩაიდინა უღირსი საქციელი და «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის «გ» ქვეპუნქტის, 79-ე მუხლის პირველი პუნქტის «ე» ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს 2006 წლის 21 აპრილის ¹153 პ/შ ბრძანებით ზ. შ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

მოსარჩელემ სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ 2001-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარში, საიდანაც წამოვიდა პირადი პატაკის საფუძველზე, 2006 წლის აპრილში კი შეიტყო, რომ იგი სამსახურიდან გათავისუფლებული იყო არა საკუთარი პატაკის, არამედ სამსახურებრივი შეუსაბამობის საფუძველზე.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისთვის უცნობი იყო სამსახურიდან მისი გათავისუფლების ზემოხსენებული საფუძველი, ამასთან, განმარტა, რომ სამსახურებრივი შეუსაბამობითაც რომ ყოფილიყო იგი გათავისუფლებული სამსახურიდან, 2003 წლის 19 ივლისიდან გასული იყო სამი წელი. მოსარჩელის მტკიცებით, მას ასევე არ ჩაჰბარებია საატესტაციო კომისიის ¹13 გადაწყვეტილება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 2003 წლის 19 ივლისის ¹201 პ/შ ბრძანება და შრომის წიგნაკი. ამასთან, შეგნებულად არ დაუმალავს მისი საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის ფაქტი.

მოსარჩელის განმარტებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონი აწესრიგებდა საჯარო სამსახურის განხორციელებასთან (და არა საჯარო სამსახურში მიღებასთან ან აღდგენასთან) დაკავშირებულ ურთიერთობებს. იმავე კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნეოდა ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურში იყო ჩადენილი თუ მის გარეთ. ამდენად, ხსენებული მუხლი, რომელიც მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად იყო მითითებული, ეხებოდა მხოლოდ საჯარო მოხელეს. მოსარჩელე კი განცხადების, ანკეტისა და ავტობიოგრაფიის შევსებისას საჯარო მოხელეს არ წარმოადგენდა. ამასთან, მოსარჩელე რომც ყოფილიყო საჯარო მოხელე, ზემოაღნიშნული მონაცემების შევსებისას, ანუ 2005 წლის 31 მაისს, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ ითვლებოდა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-17 მუხლი ითვალისწინებდა გარემოებებს, რომლებიც გამორიცხავდა საჯარო სამსახურში პირის მიღებას, რაც მასზე არ უნდა გავრცელებულიყო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 2006 წლის 19 აპრილის დასკვნისა და იმავე სამმართველოს უფროსის 2006 წლის 21 აპრილის ¹153 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.

მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარმა სამმართველომ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ ზ. შ-მა სამსახურში მიღებისას შესაბამისი დოკუმენტაციის შევსებისას შეგნებულად დამალა მისი შინაგან ჯარში მუშაობის ფაქტი, რითაც ჩაიდინა უღირსი საქციელი, ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ, რის გამოც სამართლიანად იქნა მის მიმართ გამოყენებული «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის «გ» ქვეპუნქტი. მოპასუხემ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მითითება «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-17 მუხლზე და განმარტა, რომ, მართალია, ხსენებულ მუხლში ჩამოთვლილი პუნქტებიდან ზ. შ-ს არც ერთი არ ეხებოდა, მაგრამ აღნიშნული ვერ გახდებოდა მისი მდგომარეობის შემსუბუქების საფუძველი, რის გამოც მოსარჩელის მიმართ კანონიერად იქნა გამოყენებული ზემოხსენებული კანონის 99-ე მუხლის პირველი პუნქტი. ამასთან, უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მიერ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-80 მუხლზე მითითებაც.

თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 31 მაისს თელავის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს სამსახურში მიღების შესახებ განცხადებით მიმართა ზ. შ-მა. მისი განცხადება გადაიგზავნა კახეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოში, სადაც გამოძახებულ იქნა მოსარჩელე ანკეტისა და ავტობიოგრაფიის შესავსებად და «შინაგან საქმეთა ორგანოებში მიღების წესის შესახებ» ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების წარსადგენად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 14 ივლისის ¹47 პ/შ ბრძანებით ზ. შ-ი დაინიშნა თელავის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს კრიმინალური პოლიციის .... თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით და მისი პირადი საქმე შესასწავლად გაიგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. პირადი საქმის დაბრუნებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დადებითი დასკვნის საფუძველზე თელავის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოდან გამოთხოვილ იქნა სამსახურებრივი დახასიათება ზ. შ-ის თანამდებობაზე დასანიშნად. ხსენებული დახასიათებიდან ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი. კახეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ ზ. შ-ის მიმართ ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში მოძიებული ზ. შ-ის სამხედრო პირადი საქმიდან გაირკვა, რომ იგი 2001 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარში ¹.... სამხედრო ნაწილის შეიარაღების სამსახურის .... და საატესტაციო კომისიის ¹13 გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 2003 წლის 19 ივლისის ¹201 პ/შ ბრძანებით 2003 წლის 9 ივლისიდან დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების თადარიგში, «სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების მე-9 თავის მე-4 მუხლის «დ» ქვეპუნქტის (სამსახურებრივი შეუსაბამობა) საფუძველზე.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ზ. შ-მა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მიღების, როგორც განცხადებაში, ისე ანკეტისა და ავტობიოგრაფიის შევსებისას არ მიუთითა იმის შესახებ, რომ იგი 2001 წლიდან 2003 წლის 19 ივლისამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარში, იმის მიუხედავად, რომ ანკეტაში არსებობდა სპეციალური გრაფა წინა წლებში გაწეული შრომითი საქმიანობის შესახებ, რომლის შევსებაც სავალდებულო იყო. რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის გამარტება, რომ მას აღნიშნულის შევსება გამორჩა და მიიჩნია, რომ ზ. შ-მა სპეციალურად არ მიუთითა აღნიშნული გარემოება, რადგან ჩათვალა, რომ სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარიდან გათავისუფლებულ ყოფილ თანამშრომელს შინაგან საქმეთა ორგანოში სამუშაოდ აღარ მიიღებდნენ. აღნიშნულით მოსარჩელემ შეცდომაში შეიყვანა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების სამმართველო, ისე კახეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა.

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ზ. შ-მა ჩაიდინა ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ მიმართული უღირსი საქციელი, რაც გათვალისწინებული იყო «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის «გ» ქვეპუნქტით.

თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება ზ. შ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ზ. შ-მა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 2006 წლის 19 აპრილის დასკვნისა და იმავე სამმართველოს 2006 წლის 21 აპრილის ¹153 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა და თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ზ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს 2006 წლის 19 აპრილის დასკვნა, იმავე სამმართველოს 2006 წლის 21 აპრილის ¹153 პ/შ ბრძანება და ზ. შ-ი აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მაგრამ არ გაიზიარა მათი სამართლებრივი შეფასება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნეოდა ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელის და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურში იყო ჩადენილი თუ მის გარეთ.

სააპელაციო სასამართლომ სადავოდ მიიჩნია ზ. შ-ის ქმედების ბრალეულობის საკითხი, ამასთან, არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა, რომ შესაბამისი ავტობიოგრაფიისა თუ ანკეტის შევსების დროს ზ. შ-ზე ვრცელდებოდა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. შ-ი საბუთების შევსების მომენტისათვის ვერ იქნებოდა მიჩნეული საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობების მონაწილედ და მასზე ვერ გავრცელდებოდა ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარმა სამმართველომ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ზ. შ-მა სამსახურის დაწყებამდე პირადი ანკეტის შევსებისას შეგნებულად დამალა მისი ბოლო სამუშაო ადგილი და იქიდან გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნულის კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსათვის შეტყობინების შემთხვევაში, ზ. შ-ის სამსახურში მიღების საკითხი უარყოფითად გადაწყდებოდა. აღნიშნულს ადასტურებდა ისიც, რომ მოსარჩელემ შესაბამის ანკეტაში არ მიუთითა ბოლო სამუშაო ადგილის შესახებ, ხოლო წინა წლებში ნამსახურობა დეტალურად ასახა. ამასთან, მართალია, აღნიშნულ პერიოდში მოსარჩელე არ იყო საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობის სუბიექტი, მაგრამ მან არც სამსახურის დაწყების შემდეგ განაცხადა აღნიშნულის თაობაზე. ის ფაქტი, რომ ზ. შ-ი 2001 წლიდან 2003 წლამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის ¹2066 სამხედრო ნაწილში და დათხოვნილ იქნა შესაბამისი თანამდებობიდან სამსახურებრივი შეუსაბამობის საფუძვლით, კასატორისათვის ცნობილი გახდა თელავის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის 2006 წლის 9 მარტის ზ. შ-ის სამსახურებრივი დახასიათების შესწავლის შედეგად. ამასთან, ზ. შ-ს რომც არ სცოდნოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, შესაბამის ანკეტაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარში მუშაობის ფაქტზე მაინც უნდა მიეთითებინა, რაც მან არ განახორციელა, რითაც შეცდომაში შეიყვანა კახეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა და ჩაიდინა უღირსი საქციელი, მიმართული ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ, რაც გახდა ზ. შ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი.

კასატორი მიუთითებს, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 27-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს შეუძლია ბრძანების გაუქმება თუ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელების დაწყებამდე გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც ამ კანონის თანახმად გამორიცხავდნენ თანამდებობაზე პირის დანიშვნას. იმის გამო, რომ ზ. შ-მა შეგნებულად დამალა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან მისი დათხოვნის ფაქტი და აღნიშნული კასატორისათვის ცნობილი გახდა მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი საქმიანობის დაწყების შემდეგ, უფლება ჰქონდა ზ. შ-ი გაეთავისუფლებინა სამსახურიდან აღნიშნული გარემოების გამოვლენისთანავე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 17 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 11 ივლისამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 3 ოქტომბერს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თელავის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს კრიმინალური პოლიციის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ ზ. შ-ის შინაგან საქმეთა ორგანოებში მიღების შესახებ განცხადებაში და ანკეტა-ავტობიოგრაფიაში ადრე შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის არაღნიშვნის ფაქტზე ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს 2006 წლის 19 აპრილის დასკვნის (ს.ფ. 5-6) თანახმად, 2005 წლის 31 მაისს თელავის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსს შრომითი მოწყობის საკითხზე განცხადებით მიმართა ზ. შ-მა, რომელიც ამის შემდეგ გამოიძახეს ანკეტა-ავტობიოგრაფიის შესავსებად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 14 ივლისის ¹47 პ/შ ბრძანებით ზ. შ-ი დაინიშნა თელავის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს კრიმინალური პოლიციის განყოფილების .... თანამდებობაზე «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამოსაცდელი ვადით და მისი პირადი საქმე შესასწავლად გაიგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. აღნიშნული პირადი საქმის დაბრუნებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დადებითი დასკვნის საფუძველზე, თელავის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოდან გამოთხოვილ იქნა სამსახურებრივი დახასიათება ზ. შ-ის თანამდებობაზე დასანიშნად. ხსენებული დახასიათებიდან ცნობილი გახდა, რომ ზ. შ-ი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი და ექვემდებარებოდა შინაგან საქმეთა ორგანოებში აღდგენას და არა, როგორც მოქალაქის, ისე მიღებას. ზ. შ-ის სამხედრო პირადი საქმიდან გაირკვა, რომ იგი 2001 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარში ¹2006 სამხედრო ნაწილის შეიარაღების სამსახურის უფროსად და საატესტაციო კომისიის ¹13 ოქმის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 2003 წლის 19 ივლისის ¹201 პ/შ ბრძანებით 2003 წლის 9 ივლისიდან დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების თადარიგში «სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების მე-9 თავის მე-4 მუხლის «დ» ქვეპუნქტის (სამსახურებრივი შეუსაბამობა) საფუძველზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს 2006 წლის 19 აპრილის დასკვნის საფუძველზე იმავე სამმართველოს უფროსის 2006 წლის 21 აპრილის ¹153 პ/შ ბრძანებით (ს.ფ. 7) თელავის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს კრიმინალური პოლიციის განყოფილების ..... მოვალეობის შემსრულებელ ზ. შ-ს შეუწყდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის «გ» ქვეპუნქტით, 79-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტით და 99-ე მუხლის პირველი პუნქტით 2006 წლის 21 აპრილიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსისადმი იმავე სამმართველოს კადრებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის მოხსენებითი ბარათის (ს.ფ. 8) მიხედვით, ზ. შ-ი 2001 წლიდან 2003 წლის 9 ივლისამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის ¹2066 სამხედრო ნაწილის შეიარაღების სამსახურის .... თანამდებობაზე და დათხოვნილია ორგანოებიდან სამსახურებრივი შეუსაბამობით, რის შესახებაც მან თელავის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს კრიმინალური პოლიციის განყოფილების .... თანამდებობაზე დანიშვნისას არ მიუთითა არც შესაბამის განცხადებაში და არც ანკეტა-ავტობიოგრაფიაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსისადმი წარდგენილ მოხსენებით ბარათში (ს.ფ. 9) ზ. შ-ი მიუთითებს, რომ მას ანკეტა-ავტობიოგრაფიის შევსების დროს უნებლიედ გამორჩა ყოფილი სამსახურის შესახებ გრაფის, კერძოდ, 2001 წლიდან 2003 წლამდე შინაგან ჯარებში მუშაობის პერიოდის შევსება და აღნიშნულის დაწერა. მანვე აღნიშნა, რომ 2003 წელს პირადი პატაკის საფუძველზე წამოვიდა შინაგანი ჯარებიდან, თუმცა, როგორც მისთვის შემდგომში ცნობილი გახდა, დათხოვნილ იქნა სამსახურებრივი შეუსაბამობით და მას არ გააჩნდა არანაირი ინტერესი განზრახ დაემალა შინაგან ჯარებში მისი მუშაობა. ზ. შ-ის ნამსახურობის ნუსხიდან (ს.ფ. 11) ირკვევა, რომ იგი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების თადარიგში სამსახურებრივი შეუსაბამობით, ხოლო მანამდე მის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სასჯელები გაფრთხილებისა და სასტიკი საყვედურის სახით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 2003 წლის 19 ივლისის ¹201 პ/შ ბრძანებით (ს.ფ. 21) ზ. შ-ი დაითხოვეს შეიარაღებული ძალების თადარიგში სამსახურებრივი შეუსაბამობით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ, ზ. შ-ის მიერ 2005 წლის 5 ივნისს შედგენილ ანკეტა-ავტობიოგრაფიაზე (ს.ფ. 69-70), რომელშიც არაფერი არ არის აღნიშნული ადრე შინაგან საქმეთა ორგანოებში ზ. შ-ის მუშაობის შესახებ, მაშინ, როდესაც ხსენებულ ანკეტაში არსებობდა სპეციალური გრაფა წინა წლებში გაწეული შრომითი საქმიანობის შესახებ, რომლის შევსებაც სავალდებულო იყო _ ზ. შ-ი ვალდებული იყო მიეთითებინა ბოლო სამსახურის ადგილსა და თანამდებობაზე. თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის სხდომაზე მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ზ. შ-მა დოკუმენტაციის მომზადებისას შეგნებულად დამალა შინაგან ჯარში მისი სამსახური, რადგან უარყოფითი მოტივით იყო იქიდან წამოსული და ამის გამო, მას, როგორც ყოფილ თანამშრომელს, ახალ სამსახურში აღარ მიიღებდნენ, რეალურად კი ამ ფაქტს შეიძლებოდა საერთოდ არ შეეშალა ხელი მისთვის სამსახურის დაწყებაში, რადგან შინაგან საქმეთა ორგანოებში ხელახლა მისაღებ კანდიდატზე არც ერთ კანონში არ იყო მითითება იმის თაობაზე, რომ წინა სამსახურიდან უარყოფითი მოტივით წამოსული თანამშრომელი ხელახლა აღარ მიიღებოდა შინაგან საქმეთა ორგანოებში. ამიტომ, მას შესაბამის დოკუმენტებში გარკვევით უნდა მიეთითებინა ზემოაღნიშნულის შესახებ, ხოლო აღნიშნულის მიუთითებლობა შეუძლებელს ხდიდა მის მუშაობას, რადგან მასზე შექმნილი იყო ორი პირადი საქმე (ს.ფ. 81-86).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თელავის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს კრიმინალური პოლიციის განყოფილების ... ზ. შ-ის შინაგან საქმეთა ორგანოებში მიღების შესახებ განცხადებაში და ანკეტა-ავტობიოგრაფიაში ადრე შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის არაღნიშვნის ფაქტზე ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს 2006 წლის 19 აპრილის დასკვნას ზ. შ-ი გაეცნო 2006 წლის 21 აპრილს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ხსენებული დასკვნის ასლზე მისი ხელმოწერით (ს.ფ. 5-6).

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორს, რომ ზ. შ-მა სამსახურის დაწყებამდე პირადი ანკეტის შევსებისას შეგნებულად დამალა მისი ბოლო სამუშაო ადგილი და იქიდან გათავისუფლების საფუძველი _ შესაბამის ანკეტაში არ მიუთითა ბოლო სამუშაო ადგილის შესახებ, ამასთან, მართალია, აღნიშნულ პერიოდში მოსარჩელე არ იყო საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობის სუბიექტი, მაგრამ მან არც სამსახურის დაწყების შემდეგ განაცხადა აღნიშნულის თაობაზე, ზ. შ-ს რომც არ სცოდნოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, შესაბამის ანკეტაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარში მუშაობის ფაქტზე მაინც უნდა მიეთითებინა, რაც მან არ განახორციელა, რითაც შეცდომაში შეიყვანა კახეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა და ჩაიდინა უღირსი საქციელი, მიმართული ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ, რაც გახდა ზ. შ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მას უფლება ჰქონდა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 27-ე მუხლის საფუძველზე ზ. შ-ი გაეთავისუფლებინა სამსახურიდან აღნიშნული გარემოების გამოვლენისთანავე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 27-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს შეუძლია ბრძანების გაუქმება, თუ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელების დაწყებამდე გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც ამ კანონის თანახმად, გამორიცხავდნენ თანამდებობაზე პირის დანიშვნას. იმავე კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის «გ» ქვეპუნქტის მიხედვით, დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევა ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელის და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურში იყო ჩადენილი თუ მის გარეთ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შესაბამისი ავტობიოგრაფიისა თუ ანკეტის შევსების დროს ზ. შ-ზე ვრცელდებოდა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნები და იგი მიიჩნეოდა საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობების მონაწილედ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკმაყოფილა სარჩელი იმ მოტივით, რომ შესაბამისი ავტობიოგრაფიისა თუ ანკეტის შევსების დროს ზ. შ-ზე არ ვრცელდებოდა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ზ. შ-მა სამსახურის დაწყებამდე პირადი ანკეტის შევსებისას შეგნებულად დამალა მისი ბოლო სამუშაო ადგილი და იქიდან გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნულის კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსათვის შეტყობინების შემთხვევაში, ზ. შ-ის სამსახურში მიღების საკითხი უარყოფითად გადაწყდებოდა, ხოლო ამას ადასტურებდა ისიც, რომ მოსარჩელემ შესაბამის ანკეტაში არ მიუთითა ბოლო სამუშაო ადგილის შესახებ, ხოლო წინა წლებში ნამსახურობა დეტალურად ასახა, ამასთან, მართალია, აღნიშნულ პერიოდში მოსარჩელე არ იყო საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობის სუბიექტი, მაგრამ მან არც სამსახურის დაწყების შემდეგ განაცხადა აღნიშნულის თაობაზე. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ზ. შ-ის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ შეგნებულად არ დაუმალავს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მისი მუშაობის ფაქტი და უნებლიედ გამორჩა ყოფილი სამსახურის შესახებ გრაფის, კერძოდ, 2001 წლიდან 2003 წლამდე შინაგან ჯარებში მუშაობის პერიოდის შევსება და აღნიშნულის დაწერა.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან ზ. შ-ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 2003 წლის 19 ივლისის ¹201 პ/შ ბრძანებით 2003 წლის 9 ივლისიდან დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების თადარიგში «სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების მე-9 თავის მე-4 მუხლის «დ» ქვეპუნქტის (სამსახურებრივი შეუსაბამობა) საფუძველზე, ანუ იგი მანამდე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, შეიარაღებული ძალების თადარიგში დათხოვნის შემდეგ და იმავე სამინისტროს სისტემაში სამსახურის ხელახლა დაწყებისას, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, იმ მოქალაქისაგან განსხვავებით, რომელსაც არასოდეს უმუშავია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ხსენებულ სამინისტროსთან მთლიანად არ ჰქონდა გაწყვეტილი კავშირი, მასთან დაკავშირებული იყო თადარიგში ყოფნის კუთხით და ამის გამოც იგი ვალდებული იყო შეესრულებინა შესაბამისი იმპერატიული მოთხოვნა და ანკეტა-ავტობიოგრაფიაში მიეთითებინა ბოლო სამუშაო ადგილსა და იქიდან გათავისუფლების საფუძველზე. ზ. შ-მა კი, არ შეასრულა რა ხსენებული ვალდებულება, ჩაიდინა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის «გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რის გამოც მისი სარჩელი არის უსაფუძვლო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი გაუქმდეს. საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ზ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.