ბს-431-414(კ-08) 10 სექტემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ბ.-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინება
დავის საგანი – საკომპენსაცო თანხების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 10 ნოემბერს ე. ბ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, სანივთე ქონების ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1993 წლის 15 დეკემბრიდან დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...-ის ბატალიონში საფინასო სამსახურის უფროსად. 2003 წლის ივნისში დაითხოვეს სამსახურიდან ავადმყოფობის გამო.
მოსარჩელის განმარტებით, მიუღებელი დარჩა ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია – 1003,06 ლარი, რის თაობაზეც მან არაერთხელ მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა სანივთე ქონების კომპენსაციის _ 1003,06 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ე. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ე. ბ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა სანივთე ქონების კომპენსაციის სახით 1003,06 ლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ე. ბ.-ი სამხედრო სამსახურს გადიოდა რა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში, შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და "საჯარო მოსამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად წარმოადგენდა მოხელეს, ხოლო "სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1.1 მუხლის თანახმად _ სამხედრო მოსამსახურეს.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით მოსამსახურეთათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს სხვა დამატებითი უფლებები და გარანტიები, ხოლო ასეთი სახის ერთ-ერთი დამატებითი უფლება და გარანტია სამხედრო მოსამსახურეთათვის განსაზღვრულია სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით, როგორსაც კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს ,,სამხდერო სამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
სასამართლომ არ გაიზირა მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნა 2000 წლის სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში იყო ხანდაზმული, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წამოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან, შედაგენს 3 წელს, ხოლო ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ითვლება დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹... სამხედრო ნაწილის უფროსის მიერ 2004 წლის 4 ოტომბერს გაცემული ¹221 ცნობით დასტურდება, რომ ე. ბ.-ის ნორმით გათვალისწინებული 2000, 2001 და 2002 წლების სანივთე ქონების კომპენსაცია შეადგენს 1003,6 ლარს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამდენად, სასამრთლოს მოსაზრებით, მოპასუხემ 2004 წლის 4 ოქტომბერს გასცა რა ცნობა ე. ბ.-ის მიმართ სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანების შესახებ, აღიარა მოსარჩელის წინაშე ვალდებულების არსებობა, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დგინდება, რომ მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2005 წლის 10 ნოემბერს.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამხედრო მოსამსახურეს სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია (2007 წლის მაისამდე მოქმედი რედაქციით). აღნიშნული ეხება მხოლოდ მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს და არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ყოფილ სამხედრო პირებზე, რომელთაც არ ესაჭიროებათ ფორმის ტანსაცმელი და შესაბამისად, მათი მოთხოვნაც უსაფუძვლოა.
,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი ფორმის ტანსაცმლის პირადი სახსრებით შეძენისა და გამოყენების დამადასტურებული დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულებას არ ითვალისწინებს, რადგან მოქმედ სამხედრო მოსამსახურეთათვის არც არის სავალდებულო სამსახურის პერიოდში ზემოხსენებული მტკიცებულებების წარდგენა. სამსახური სამხედრო პირებს, ბიუჯეტისა და შესაძლებლობების თანახმად, უზრუნველყოფს ფორმითა და აღჭურვილობით.
ამასთან, აპელანტის განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტში სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხები კრედიტორულ დავალიანებად არ არის მიჩნეული და შესაბამისად, სათანადო ასიგნებების არარსებობის პირობებში დამტკიცებული ხარჯების გეგმური პარამეტრების ზევით დაუშვებელია ფაქტობრივი ხარჯების გაწევა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ არამართებულია აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 12.3 მუხლის დათქმა ეხება მხოლოდ მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს და რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სანივთე ქონების პირადი სახსრებით შეძენის ფაქტი.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა იმ პერიოდის დავალიანება, რა დროის განმავლობაშიც იგი იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში და გააჩნდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსი. ამასთან, მტკიცებას არ საჭიროებს ის გარემოება, რომ სამხედრო მოსამსახურეს გააჩნია სპეციალური ჩაცმულობა და სამსახურის გავლისას სარგებლობს სამხედრო ფორმით. მოპასუხის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ე. ბ.-ის მიმართ, მისი თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში, გამოყენებულ იქნა რაიმე დისციპლინური სასჯელი სათანადო ჩაცმულობის გარეშე სამსახურში გამოცხადების გამო.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონირება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სამართლებრივი შეფასების ნაწილში სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს და აღნიშნავს შემდეგს: "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ასევე ერთმანეთისაგან მიჯნავს ფულად სარგოსა და სანივთე ქონების კომპენსაციის გაცემის საკითხს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საფუძველს მოკლებულად მიიჩნევს სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების რეჟიმში მოქცევას და ადასტურებს რა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის სისწორეს, თავის მხრივ, აღნიშნავს შემდეგს: სამართლებრივი სტაბილურობისა და წესრიგის შენარჩუნებისათვის დაუშვებელია უფლება უსასრულოდ იმყოფებოდეს გაურკვეველ მდგომარეობაში, ნებისმიერი უფლების რეალიზებისათვის დადგენილია ხანდაზმულობის ვადები, რომლის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაშიც, პირი კარგავს უფლების რეალიზების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამხედრო მოსამსახურისათვის ფორმის ტანსაცმლის ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციის გაცემის ვალდებულება მიეკუთვნება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და ამ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიმართ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლო ფაქტობრივად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, იმავდროულად, დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹... სამხედრო ნაწილის უფროსის მიერ გაცემული ¹221 ცნობის ნაწილში და თვლის, რომ საქმეში, ს.ფ. 7-ზე წარმოდგენილი ცნობა ატარებს ინფორმაციულ ხასიათს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი აღძრულია 2005 წლის 10 ნოემბერს, საკასაციო სასამართლო მოთხოვნის 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადების მხედველობაში მიღებით, მიიჩნევს, რომ ე. ბ.-ის მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე, რომელიც შეეხება 2000-2001 წლებს, ხანდაზმულია და ამ მოტივით არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო რაც შეეხება 2002 წელს ასანაზღაურებელ საკომპენსაციო თანხას – 334,35 ლარს, იმავე სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მითითებული თანხა ექვემდებარება ანაზღაურებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ე. ბ.-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 2000-2001 წლებში გასაცემი სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. ე. ბ.-ის მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 2002 წლის პერიოდისათვის გასაცემი სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის 334, 35 ლარის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.