Facebook Twitter

ბს-432-410(კ-07) 25 ოქტომბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა დ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 8 სექტემბერს თელავის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა დ. მ-მა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2000 წლის 14 აპრილის ¹23 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მოსარჩელის მიმართ ახალი ბრძანების გამოცემის დავალება სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მეორე დღის თარიღზე მითითებით და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ფორმულირების (მუხლისა და შესაბამისი პუნქტის მინიშნებით) შეტანის დავალება შრომის წიგნაკში მხოლოდ მისივე მოთხოვნის საფუძველზე.

მოსარჩელის მითითებით, 1982 წლიდან მუშაობდა სიღნაღის რაიონის შს განყოფილებაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2000 წლის 23 მარტს სიღნაღის რაიონის პროკურატურაში მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1982 წლის 29 დეკემბრის რედაქციით), 2000 წლის 2 ნოემბერს კი მოსარჩელის მიმართ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც ძალაში შევიდა 14 დღის შემდეგ.

მოსარჩელის განმარტებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 103-ე მუხლის თანახმად, მისი გათავისუფლება უნდა მომხდარიყო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან მეორე დღეს. ამ შემთხვევაში კი იგი სამუშაოდან გაათავისუფლეს სისხლის სამართლის საქმის დასრულებამდე. შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-9 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციას შეუძლია ვადამდე შეწყვიტოს კონტრაქტი სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, თუ სხვა სასჯელი ითვალისწინებს ამ სამსახურში მუშაობის შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობის გამორიცხვას. აღნიშნული ბრძანების ფორმულირების შესახებ მან შეიტყო 2005 წლის 18 აგვისტოს, როდესაც მას გადაეცა ამონაწერი პირადი საქმიდან (ს.ფ. 2-3).

რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის სხდომაზე კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა სარჩელი ცნო და აღნიშნა, რომ დ. მ-ის მოთხოვნა კანონიერი იყო. მისი მითითებით, კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს კადრების განყოფილებაში არსებული მასალით ირკვეოდა, რომ მოსარჩელეს სადავო ბრძანება არ ჩაბარებია, მას აღნიშნული ბრძანება გადაეცა მხოლოდ 2005 წლის 18 აგვისტოს (ს.ფ. 22-23).

თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2000 წლის 14 აპრილის ¹23 ბრძანება, მოპასუხეს დაევალა დ. მ-ის მიმართ ახალი ბრძანების გამოცემა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ შესვლის მეორე დღის თარიღზე მითითებით და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ფორმულირების (მუხლისა და შესაბამისი პუნქტის მინიშნებით) შეტანა მხოლოდ მისივე მოთხოვნის საფუძველზე.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონმდებლობას, რადგან «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 103-ე მუხლის თანახმად, მოხელე თავისუფლდება სამსახურიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო, რომლის თანახმადაც მას შეეფარდა სასჯელი განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის, ან სასჯელი, რომელიც გამორიცხავს სამსახურის გაგრძელებას. მოხელე თავისუფლდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან მეორე დღეს (ს.ფ. 24-25).

რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კახეთის სამხარეო შს მთავარმა სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

აპელანტის მოსაზრებით, მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის ხანდაზმულობის ვადა, რამდენადაც სადავო ბრძანება დ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოიცა 2000 წლის 14 აპრილს, ხოლო სარჩელი სასამართლოს წარედგინა 2005 წლის სექტემბრის თვეში. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 127-ე მუხლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, ასევე მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

აპელანტის მითითებით, დ. მ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ დადგენილება კახეთის სამხარეო შს მთავარ სამმართველოში არ წარდგენილა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს შტაბში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება, რომლის საფუძველზეც პოლიციის თანამშრომლის სახელის დისკრედიტაციისათვის დ. მ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (ს.ფ. 28-29).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქმეში არსებული პირადი საქმიდან ამონაწერის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო აქტში დ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იყო «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 69-ე მუხლი (პოლიციის თანამშრომლის სახელის დისკრედიტაცია).

«საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 69-ე მუხლის თანახმად, რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირებმა, რომლებმაც ჩაიდინეს პოლიციის თანამშრომლისათვის უღირსი საქციელი, დათხოვნილ იქნენ რიგითი და ოფიცერთა წოდების დისკრედიტაციისათვის.

მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით მისი გათავისუფლების საფუძვლად მიიჩნია სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და გათავისუფლების შესახებ ბრძანება სადავო გახადა იმ მიმართებით, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 103-ე მუხლის თანახმად, მოპასუხე მხარე არ იყო უფლებამოსილი, გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, გაეთავისუფლებინა იგი დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელეს კი სადავოდ არ გაუხდია მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების რეალური საფუძველი _ წოდების დისკრედიტაცია და სასარჩელო მოთხოვნა სამართლებრივად დაუსაბუთებელია (ს.ფ. 86-88).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 69-ე მუხლი ითვალისწინებს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნას პოლიციის სახელის დისკრედიტაციისათვის იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც ჩაიდინეს უღირსი საქციელი, რაც არ არის დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან. ამავე დებულების 70-ე მუხლის თანახმად, რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირები, რომლებსაც დანაშაულის ჩადენის გამო სასამართლომ გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი, დათხოვნილ უნდა იქნენ სასამართლოს მიერ მსჯავრდების გამო, ხოლო მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, შს ორგანოს თანამშრომელი შეიძლება დროებით გადააყენოს თანამდებობიდან ხელმძღვანელმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოების მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული აისახა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში, რომლის 103-ე მუხლის მიხედვით, მოხელე თავისუფლდება სამსახურიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო, რომლის თანახმადაც მას შეეფარდა სასჯელი განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის, ან სასჯელი, რომელიც გამორიცხავს სამსახურის გაგრძელებას. მოხელე თავისუფლდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან მეორე დღეს.

თელავის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო და იქვე დაადასტურა, რომ კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის ბრძანება მოსარჩელისათვის არ გაუცნიათ. იგი მისთვის ცნობილი გახდა სასამართლოში სარჩელის შეტანამდე. აქედან გამომდინარე, დ. მ-ი სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებას მანამდე სადავოდ ვერ გახდიდა (ს.ფ. 92-94).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.