Facebook Twitter

ბს-432-415(კ-08) 19 ივნისი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ი.-ი (მოსარჩელე)

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ი.-მ 2007 წლის 1 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების სულ _ 1300.09 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელემ მოთხოვნა დაასაბუთა იმით, რომ აწ გარდაცვლილი მეუღლე, გ. ი.-ი, 1995 წლიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ჰოსპიტალში ...-ად. 2002 წელს მან თავისივე განცხადებით დატოვა აღნიშნული თანამდებობა. მოსარჩელე განმარტავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. ი.-თვის ასანაზღაურებელი დარჩა სახელფასო დავალიანება, რაც საერთო ჯამში 1300.09 ლარს შეადგენს. კერძოდ, ხელფასი 360 (სამასსამოცი) ლარი და 87 (ოთხმოცდაშვილი) თეთრი; კვების კომპენსაცია 670 (ექვსასსამოცდაათი) ლარი და 64 (სამოცდაოთხი) თეთრი; ჯილდო 207 (ორსაშვიდი) ლარი და 43 (ორმოცდასამი) თეთრი; მატერიალური დახმარება 61 (სამოცდაერთი) ლარი და 15 (თხუთმეტი) თეთრი. მოსარჩელემ მისი მეუღლის მიმართ არსებული დავალიანების მოთხოვნით 2005 წლის 15 ოქტომბერს მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო სამმართველოს, ხოლო 2006 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრ დ. კ.-დმი მიმართვის პასუხად მიიღო, რომ თავდაცვის სამინისტრო აღიარებს აღნიშნულ დავალიანებას, თუმცა მის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს სახსრების უქონლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინიტროს დაეკისრა მოსარჩელე მ. ი.-ის სასარგებლოდ აწ გარდაცვლილი გ. ი.-ის მიუღებელი ხელფასის სახით 1300 (ათასსამასი) ლარის და 9 თეთრის გადახდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ი.-ი 1985 წლის 13 ოქტომბერს დაინიშნა გასამხედროებულ დაცვაში ...-ად, საიდანაც 2001 წლის 23 აპრილს გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2005 წლის 17 ოქტომბრის ¹9/... მიწერილობით მ. ი.-დმი ირკვევა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას დააკამყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ შესაბამისი წყაროს არარსებობის გამო.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ 2007 წლის 26 ოქტომბერს გაცემული ¹3-11/... ცნობით დადგენილია, რომ თავდაცვის სამინისტროს ... ჰოსპიტალის ყოფილი თანამშრომლის, გ. ი.-ის ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება შეადგენს 1300 (ათასსამასი) ლარსა და 9 (ცხრა) თეთრს; აქედან ხელფასი 360 (სამსასამოცი) ლარი და 87 (ოთხმოცდაშვისი) თეთრი, კვების კომპენსაცია 670 (ექვსასსამოცდაათი) ლარი და 64 (სამოცდაოთხი) თეთრი, ჯილდო 207 (ორასშვიდი) ლარი და 43 (ორმოცდასამი) თეთრი, მატერიალური დახმარება 61 (სამოცდაერთი) ლარი და 15 (თხუთმეტი) თეთრი.

საქმის მასალებით, კერძოდ სამკვიდრო მოწმობით (სანოტარო აქტი ¹2-...) დგინდება, რომ მ. ი.-ი არის აწ გარდაცვლილი გ. ი.-ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე _ მეუღლე.

სასამართლომ გამოიყენა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის "თ" ქვეპუნქტი და ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილი.

"სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო და სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურის სხვა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ამავე კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფება, ამასთან სამხედრო მოსამსახურეს სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა, ამდენად, შრომითი გასამრჯელოს _ ხელფასის, ფულადი ჯილდოს, მატერიალური დახმარების და სასურსათე ულუფის გაცემის ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აკისრია კანონმდებლობის საფუძველზე, ანუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებაა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მოტივაციას სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით დადგენილია, რომ 2007 წლის 26 ოქტომბერს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა ცნობა მასზედ, რომ გ. ი.-ის მიმართ სახელფასო დავალიანება შეადგენს 1300,09 ლარს. დავალიანება მოიცავს ხელფასს, კვების კომპენსაციას, ჯილდოს და მატერიალურ დახმარებას. ამ დოკუმენტით მოხდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გ. ი.-ის მიმართ 1300,09 ლარის დავალიანების არსებობის დადასტურება. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტით დადასტურდა ერთის მხრივ, გ. ი.-ის უფლება მოითხოვოს მითითებული თანხა, ხოლო მეორეს მხრივ თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება გასცეს აღნიშნული თანხა. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მითითებული დოკუმენტის შინაარსზე. თავდაცვის სამინისტრო 2007 წლის 26 ოქტომბერს გაცემული ცნობით არ უარყოფს მოსარჩელის მიმართ დავალიანების გაცემის ვალდებულებას მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. უფრო მეტიც, კვლავ აღიარებს მოსარჩელის წინაშე იმ გარემოებას, რომ თავდაცვის სამინისტროს გააჩნია მისი კუთვნილი, ხელზე გასაცემი დავალიანება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2005 წლის 17 ოქტომბრის წერილით ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე აღიარებს მოსარჩელის წინაშე ვალის არსებობას და გამოხატავს ნებას შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში კვლავ დაუბრუნდეს დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლით დადგენილი შემთხვევა, რომლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულებისას მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. ხოლო მე-3 ნაწილით, იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარების და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელის სასარგებლოდ ხელფასის, კვების კომპენსაციის, ჯილდოს და მატერიალური დახმარების დაკმაყოფილების ნაწილში და არასწორად განმარტა კანონი. "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლით, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლებით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადები. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ დროს მოქმედი "შრომის კანონთა კოდექსის" 81-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება ხდებოდა დროებლივად, 94-ე მუხლის პირველი პუნქტით ხელფასი გაიცემოდა ყოველი ნახევარი თვის შემდეგ მაინც, თუ შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული. კასატორი თვლის, რომ "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებიდან გამომდინარე, "დანამატის" სტატუსი არ აქვს მინიჭებული კვების კომპენსაციას, ჯილდოს და მატერიალური დახმარების თანხებს.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1 და 105-ე მუხლები, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები, კერძოდ, საქმეში არსებული ცნობები შეაფასა დავალიანების აღიარებად, რაც არაკანონიერია, რადგან აღიარება ან დაპირება მხოლოდ მაშინ წარმოშობს ვალდებულებას, თუ იგი მიღებულია უფლებამოსილი პირის მიერ და თუ მას ინფორმაციული ხასიათი არ აქვს. კონკრეტულ შემთხვევაში კი მათ მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი გააჩნიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაშვების, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2008 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.