¹ბს-433-411(კ-07) 26 დეკემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლალი ლაზარაშვილი
სხდომის მდივანი – ქ. მაღრაძე
კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ. წ.-ი
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.07წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
10.10.05წ. გ. წ.-მა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 31.03.05წ. ¹5-859 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ...-ის მოვალეობის შემსრულებლად. აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნა ფინანსთა მინისტრის 12.09.05წ. ¹პ-1865 ბრძანებით. განთავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანებაში მითითებული იქნა, რომ ბრძანება გამოცემული იყო ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 08.09.05წ. ¹22-739/01 წერილის, გ. წ.-ის განცხადების და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე. მოსარჩელის განცხადებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სამსახურში მიღებისას ინსპექციის უფროსმა დააწერინა განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რომელშიც არ იყო მითითებული განცხადების შედეგნის თარიღი. მოსარჩელის განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ამგვარი სახის განცხადებებს აწერინებდა ამა თუ იმ თანამდებობაზე დასანიშნ ყველა პირს. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მისი დაუთარიღებელი განცხადება ინახებოდა ინსპექციის უფროსთან. 08.09.05წ. საღამოს გამართულ ოპერატიულ თათბირზე ინსპექციის უფროსმა გამოუცხადა, რომ ის და მასთან ერთად კიდევ 6 თანამშრომელი გათავისუფლებულები იყვნენ თანამდებობებიდან. იმისათვის, რომ ინსპექციის უფროსს არ გამოეყენებინა მათ მიერ შედგენილი უთარიღო განცხადებები სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, გ. წ.-მა და მასთან ერთად კიდევ ორმა გათავისუფლებულმა პირმა დაწერეს განცხადებები და იმავე დღეს ჩააბარეს საქართველოს ფინანსთა მინისტრს, რომელშიც მიუთითებდნენ, რომ არ სურდათ სამსახურიდან გათავისუფლება. განცხადებაზე პასუხი არ მიუღია. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 95-ე მუხლის თანახმად, პირი თავისი ინიციატივით თავისუფლდებოდა სამსახურიდან, თუ მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე პირი დააკმაყოფილებდა მის წერილობით განცხადებას. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული ნორმის საფუძველზე პირი სამსახურიდან უნდა გათავისუფლებულიყო მხოლოდ მისი ნამდვილი ნების შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის ცნობილი იყო, რომ განცხადება დაწერილი იყო გ. წ.-ის ნების საწინააღმდეგოდ და მას სამსახურიდან გათავისუფლების სურვილი არ ჰქონდა. მოსარჩელემ ფინანსთა მინისტრის 12.09.05წ. ¹პ-1865 ბრძანების გაუქმება, სამსახურში აღდგენა და ყოველთვიურად 900 ლარის ოდენობით იძულებით განაცდურის ანაზრაურება მოითხოვა.
მოპასუხემ სარჩელი არ სცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელე «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 95-ე მუხლის შესაბამისად საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.11.05წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 12.09.05წ. ¹პ-1865 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა გ. წ.-ის შრომითი მოწყობის შესახებ საკითხისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ...-ის თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 12.09.05წ. ¹პ-1865 ბრძანებით. ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო მოსარჩელის პირადი განცხადება და ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 08.09.05წ. ¹22-741/01 წერილი. სადავო ბრძანება გამოცემული იქნა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა გ. წ.-ის პირად საქმეზე და აღნიშნა, რომ სადავო განცახადება დათარიღებული იყო 2005 წლის 8 სექტემბრის რიცხვით. აღნიშნული განცხადება, გენერალური ინსპექციის უფროსის 08.09.05წ. ¹22-741/01 წერილთან ერთად, გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა მინისტრს. გენერალური ინსპექციის უფროსის 08.09.05წ. ¹22-741/01 წერილი ფინანსთა სამინისტროში დარეგისტრირებული იყო 12.09.05წ. 52882 ნომრით. აღნიშნული წერილი ფინანსთა მინისტრმა განიხილა და შემდგომი რეაგირებისათვის რეზოლუცია 09.09.05წ. დაადო. წერილი და განცხადება გადაეცა მ. ბ.-ს, მისგან გადაეცა ლ. ჯ.-ს, ხოლო მისგან მ. ჯ.-ს 12.09.05წ. გადაეცა. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ ფინანსთა მინისტრის სახელზე 08.09.05წ. გ. წ.-მა შეადგინა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ არ სურდა სამსახურიდან გათავისუფლება და ითხოვდა მასთან შეხვედრას. აღნიშნული განცხადება ფინანსთა სამინისტროში დარეგისტრირდა 12.09.2005წ. და მიენიჭა რეგისტრაციის ნომერი 4378. სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ აღნიშნული განცხადება უფრო ადრე დარეგისტრირდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, ვიდრე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება. განცხადება ფინანსთა მინისტრმა განიხილა 09.09.2005წ. და გადასცა მ. ბ.-ს, მ. ბ.-მა გადასცა ლ. ჯ.-ს, ხოლო უკანასკნელმა _ მ. ჯ.-ს.
სასამართლო კოლეგიამ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ გამოუვლენია ნება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. 09.09.2005წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარედგინა ერთი და იმავე პიროვნების ორი განსხვავებული განცხადება. მოპასუხე ვალდებული იყო საკითხის გამოკვლევის მიზნით მოესმინა განცხადებების ავტორისათვის და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება. სასამართლოს განცხადებით, ზაკ-ის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოპასუხე ვალდებული იყო უზრუნველყო მოსარჩელის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში მისთვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის გზით, ვინაიდან მოსალოდნელი შედეგი, განთავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, გამოიწვევდა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესებას. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სადავო აქტი ეწინააღმდეგებოდა კანონს და არსებითად დარღვეული იყო მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც 601 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ ადმინისტრაციული აქტის ბათილობის საფუძვლებს წარმოადგენდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ ზაკ-ის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მოთხოვნათა დაცვით ადმინისტრაციული წარმოების წარმართვის შემთხვევაში შესაძლებელი იყო სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.11.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.07წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებანი არ ქმნიდნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალურ და სამართლებრივ საფუძვლებს. სააპელაციო პალატამ სრულიად გაიზიარა სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები, მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება კანონიერი იყო და არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ შინაარსობრივად ურთიერთგამომრიცხავი ორი განცხადების არსებობის გამო ადმინისტრაცია ვალდებული იყო ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება და გამოეკვლია, ნამდვილად სურდა თუ არა განმცხადებელს სამსახურიდან გათავისუფლება. კასატორის განცხადებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრი პირველად გაეცნო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებას და დაადო რეზოლუცია. ის გარემოება, რომ გ. წ.-ის მინისტრის სახელზე შედგენილი განცხადება უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვიდრე იმავე პირის მიერ სამსახურიდან წასვლის განცხადება, არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მინისტრი განცხადებებს გაეცნო მათი კანცელარიის მიერ მინიჭებული ნომრების რიგითობით. ამასთანავე, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება მისი დაწერილი იყო. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტს იმის შესახებ, რომ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე გ. წ.-ის განცხადება 31.03.05წ., მისი სამსახურში მიღების დროს იყო შედგენილი.
კასატორი თვლის, რომ სადავო აქტი არ არის გამოცემული «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 95-ე მუხლისა და ზაკ-ის 95-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით. სადავო აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო მუშაკის განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. განცხადება განიხილა ფინანსთა მინისტრმა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. კასატორის აზრით, უსაფუძვლოა ზაკ-ის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენება, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ითვალისწინებდა ადმინისტრაციის ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ეცნობებინა პირისათვის და უზრუნველეყო მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, რომლის სამართლებრივი მდგომარეობა შესაძლოა გაუარესებულიყო ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. მოცემულ შემთხვევაში, მოხელის მიერ გამოხატული ნება არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო მისი სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესების საფუძვლად. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო პალატის 21.05.07წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ ვადა დასაშვებობის თაობაზე მოსაზრებების წარმოდგენისათვის. მხარეებს მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. წ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.07წ. განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად.
სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო პრეტენზია არ არის დასაბუთებული. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის თანახმად, განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. კონკრეტულ შემთხვევაში, კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნები სადავო ბრძანების გამოცემისას უგულებელყოფილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ. ვინაიდან სამინისტროში ერთსა და იმავე დღეს რეგისტრირებული იყო ორი ურთიერთგამომრიცხავი წერილი, ადმინისტრაციული ორგანო, განცხადებების გაცნობის რიგითობის მიუხედავად, ვალდებული იყო დაედგინა მოსარჩელის ნამდვილი ნება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მახარეს, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაურესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97.1 მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეს. საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ იყო ვალდებული ეცნობებინა მოსარჩელესათვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველეყო მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, რადგან გათავისუფლება მოხდა მისი პირადი განცხადების საფუძველზე, რამაც არ შეიძლება გააუარესოს მისი სამართლებრივი მდგომარეობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ვინაიდან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში შესული იყო ორი ურთიერთ გამომრიცხავი წერილი, ერთ-ერთის თანახმად კი გ. წ.-ი უარს აცხადებდა თანამდებობიდან გათავისუფლებაზე, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა უზრუნველეყო მოსარჩელის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზეა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, კერძოდ, მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96.2. მუხლების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულ იქნა 12.09.05წ. რეგისტრირებული განცხადების საფუძველზე, მაშინ როდესაც არსებობდა ამ განცხადების გამომრიცხავი ამავე პირის იმავე დღეს რეგისტრირებული განცხადება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რამდენადაც იგი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, კერძოდ, სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, სასამართლოს მიერ დავა სწორად იქნა გადაწყვეტილი. შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ-ის 248-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.07წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.