ბს-433-416(კ-კს-08) 8 ივლისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა თ. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 მარტის განჩინებაზე /თ. შ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების: ე. წულეისკირის, თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის, ძველი თბილისის რაიონის გამგეობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შპს “.....” მიმართ, ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის შესახებ/.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თ. შ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხის - ე. წულეისკირის, თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის, ძველი თბილისის რაიონის გამგეობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შპს “....” მიმართ, რომლითაც მოითხოვა ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა /იხ. ტI, ს.ფ. 2-5/.
თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით თ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობისა და ხანდაზმულობის გამო /იხ. ტII, ს.ფ. 188-190/.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. შ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, რაიონულმა სასამართლომ უკანონოდ მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე /იხ. ტII, ს.ფ. 193-214/.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 8 ივნისის განჩინებით თ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება /იხ. ტII, ს.ფ. 283-287/.
თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. შ-ემ, რომელმაც მოითხოვა საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში, შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელი და არასრულია. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ე. წულეისკირის უკანონო მფლობელობიდან ფართის გამოთხოვასთან დაკავშირებით არ გამოიყენა სსკ-ის 150-ე, 170-ე, 172-ე 208-ე და 211-ე მუხლები. რაც შეეხება სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილობას, აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო პალატის განჩინება უკანონოა და არ არის დასაბუთებული, კერძოდ, სასამართლომ, ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით, არ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.2 მუხლი /იხ. ტII, ს.ფ. 294-300/.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 8 ივნისის განჩინებით თ. შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ. ტII, ს.ფ. 351-358/.
2008 წლის 12 თებერვლის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე თ. შ-ემ უარი თქვა სარჩელის მოთხოვნაზე _ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ხოლო 2008 წლის 4 მარტის სასამართლო სხდომაზე თ. შ-ემ კვლავ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით უარი განაცხადა სარჩელის მოთხოვნაზე _ მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1998 წლის 27 თებერვლის ¹49 გადაწყვეტილებისა და შპს “არქდიზანის” პროექტის ბათილად ცნობის ნაწილშიც /იხ.ს.ფ. 280/.
სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებებზე თ. შ-ეს შენიშვნები არ წარუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 4 მარტის განჩინებით თ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფო არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის ინსპექციის 1999 წლის 31 დეკემბრის ¹243 მშენებლობის დაწყების ნებართვის, მთავარი არქიტექტორის 1999 წლის 27 მაისის ბრძანება ¹293-ის ბათილად ცნობაზე 11,06 კვ.მ გადაცემის და 3 კვ.მ ფართობის დაბრუნების თაობაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1998 წლის 27 თებერვლის ¹49 გადაწყვეტილების, შპს “არქდიზაინის” მიერ ეკატერინე წულეისკირის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებული პროექტის ბათილად ცნობის, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო საჩივარი შეწყდა წარმოებით /იხ. ტIII, ს.ფ. 284-290/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. შ-ემ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში, შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 150-ე, 170-ე, 172-ე 208-ე და 211-ე მუხლები. სასამართლომ ასევე დაარღვია სსკ-ის 31-ე, 162-ე და 137-ე მუხლების მოთხოვნები, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება ექვემდებარება გაუქმებას /იხ. ტIII, ს.ფ.321-338/.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული თ. შ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით, საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარსადგენად /იხ. ტIII, ს.ფ. 341-342/.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კასატორის – თ. შ-ის მიერ წარმოდგენილ იქნა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, სადაც განიმარტა, რომ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 150-ე მუხლი და არასწორად განმარტა სსკ-ის 321-ე და 323-ე მუხლები /იხ. ტIII, ს.ფ. 358-360/.
მოწინააღმდეგე მხარემ ე. წულეისკირმა წარმოადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოში მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, საქმეს არ გააჩნია მნიშვნელობა სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევების გარეშე /იხ.ს.ფ. 374-381, ტ. III/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ თ. შ-ის მიერ კომპეტენტურად არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელიც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს თ. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.