¹ბს-43-43(2კ-08) 13 მარტი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი),
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ვ. ნ.-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2007 წლის 20 ივნისს ვ. ნ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ.
სასარჩელო განცხადებაში ვ. ნ.-მ აღნიშნა, რომ იგი მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჰაერო ძალების მთავარ სამმართველოში, სარდლის თანამდებობაზე, სამსახურიდან დაითხოვეს საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 8 ივნისის ¹731 განკარგულებისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2002 წლის 26 ივნისის ¹1549 ბრძანების საფუძველზე, ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. სამსახურიდან დათხოვნის დროს მასთან ანგარიშსწორება არ მომხდარა, რის გამოც მიუღებელი ჰქონდა 10 273,36 ლარი. მიუხედავად მისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის არაერთგზის მიმართვისა, ანგარიშსწორება არ მომხდარა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თანხის გადახდის დაკისრება, კერძოდ: 1998-2000 წლების გაუცემელი სახელფასო დავალიანების _ 6448,5 ლარის, კვების (სასურსათო ულუფის) ფულადი კომპენსაციის _ 1699,6 ლარის, სანივთე ქონების ფულადი კომპენსაციის _ 2 520,26 ლარის ოდენობით; 1998-1999-2000 წლების კვარტალური ჯილდოების _ 1 048 ლარისა და მატერიალური დახმარების _ 257 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ნ.-ს სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ვ. ნ.-ს სასარგებლოდ დავალიანების _ 10 273, 36 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე 1998-2000 წლებში წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს. ამავე კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო. მოცემული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნა იყო კანონიერი და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ¹2/15/177 ცნობით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის თანხა შეადგენდა 2 520,26 ლარს.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ვ. ნ.-ს მუშაობის პერიოდში არ მიუღია კუთვნილი სანივთე ქონება, ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, ხოლო “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად იმპერატიულად იყო დადგენილი, რომ სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის თაობაზე მიიჩნია საფუძვლიანად და დააკმაყოფილა იგი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით, სანივთე ქონების კომპენსაციის დაკმაყოფილების ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. ნ.-ს სარჩელი სანივთე ქონების კომპენსაციის 2 520, 26 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება სახელფასო დავალიანების _ 7 753,10 ლარის ანაზღაურების ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობოდა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, იყო სამი წელი. მოსარჩელე ითხოვდა 1999-2001 წლების (და არა სააპელაციო საჩივარში მითითებულ 1998-2000 წლების) სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებას, ხოლო აღნიშნულის შესახებ სარჩელი აღძრა 2007 წლის 20 ივნისს, ანუ ხსენებული სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული ვალდებულება წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და მის მიმართ უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამავე კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა წყდებოდა ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე ვალის აღიარებით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2002 წლის 26 ივლისს გაცემული ცნობა ვალის აღიარების ფაქტს არ ადასტურებდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაში ვალდებულების ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის და მისი დინების ხელახლა დაწყების საფუძველი არ არსებობდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ დაირღვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მოთხოვნები, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე და 393-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით ვ. ნ.-ს სარჩელის – ხელფასის, კვების კომპენსაციის, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს ფულადი თანხების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელის სასარგებლოდ ხელფასის, კვების კომპენსაციის, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს ანაზღაურების დაკმაყოფილების ნაწილში და არასწორად განმარტა კანონი.
კასატორი განმარტავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სახელფასო თანხა წარმოადგენს 1996-2003 წლებში მისაღებ თანხას, იმ დროს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 81-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება ხდებოდა დროულად, 94-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელფასი გაიცემოდა ყოველი ნახევარი თვის შემდეგ მაინც, თუ შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელეს არ აქვს უფლება, კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება.
კასატორი მიიჩნევს, რომ შრომითი ანაზღაურება (ხელფასი) ადმინისტრაციის მიერ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა. მოსარჩელის მიერ სარჩელი ხელფასის მოთხოვნის ნაწილში უნდა წარდგენილიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში, კერძოდ, ყოველი თვის ხელფასის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის დღიდან ერთ თვეში, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, სამი წლის ვადაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად.
კასატორი განმარტავს, რომ კვების, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების თანხის ანაზღაურება არ შედის ხელფასში. აღნიშნული ფულადი კომპენსაციის გაცემა, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პერიოდულად გასაცემი ვალდებულებაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად, ამგვარ ვალდებულებებზე ვრცელდება ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ხოლო იმავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა ვ. ნ.-მ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება სანივთე ქონების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორმა აღნიშნა, რომ მრავალი დაპირებისა და ოფიციალური ცნობების გაცემის შემდეგ უარი უთხრეს მისი კუთვნილი სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე. სასამართლომ, ყურადღება გაამახვილა რა ხანდაზმულობის ვადაზე, არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი 2005 წელს გაცემული ¹9/2021 წერილი, სადაც ცალსახადა აღიარებული არსებული დავალიანება და დაფიქსირებულია დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვა.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ცნობებსა და წერილობით ინფორმაციებზე, რომელთა შინაარსი ურთიერთგამომრიცხავია. ცნობები, სადაც დაფიქსირებულია არსებული დავალიანება და დამოწმებულია ადმინისტრაციული სამსახურის, კომპეტენტური თანამდებობის პირების მიერ, წარმოადგენს დავალიანების აღიარებას და არა უარს.
რაც შეეხება სასამართლოს მსჯელობას ცნობის შინაარსთან დაკავშირებით, კასატორი განმარტავს, რომ აღნიშნული ვერანაირად ვერ იქნება საინფორმაციო ხასიათის, რადგან კონკრეტული სამსახურის მიერ გაცემულია ორივე სახის ცნობა, რომლებშიც დაფიქსირდა არსებული დავალიანებები.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 იანვრისა და 28 იანვრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვ. ნ.-ს საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 25 იანვრისა და 28 იანვრის განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 13 მარტამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვ. ნ.-ს საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ ვ. ნ.-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტორს საკასაციო საჩივარი _ დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძვლით. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ ნაწილში საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც გასაჩივრებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე გასაჩივრებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვ. ნ.-ს საკასაციო საჩივარი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში არ შეესაბამება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე, 2008 წლის 24 აპრილს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება ვ. ნ.-თვის სახელფასო დავალიანების 7 753,10 ლარის ანაზღაურების ნაწილში;
3. ვ. ნ.-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად სანივთე ქონების ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი განხილულ იქნეს 2008 წლის 24 აპრილს, მხარეთა დასწრების გარეშე;
4. მოწინააღმდეგე მხარეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად მიეცეს 14 დღის ვადა ამ განჩინების ჩაბარებიდან;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.