Facebook Twitter

ბს-434-417(კ-08) 11 სექტემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ნ. მ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

მესამე პირი _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სტატისტიკის დეპარტამენტი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის განჩინება

სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასისა და სასამართლო განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2006 წლის 6 ივლისს ნ. მ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002 წლის 13 დეკემბრის ¹52-კ ბრძანებით 2002 წლის 12 დეკემბრიდან იგი დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სტატისტიკის სამმართველოს ...-ის თანამდებობაზე 6 თვის საგამოცდო ვადით. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003 წლის 6 ივნისის ¹42-კ ბრძანებით კი მოსარჩელე 2003 წლის 12 ივნისიდან, საგამოცდო ვადის გასვლასთან დაკავშირებით, დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სტატისტიკის სამმართველოს ...-ის თანამდებობაზე. 2006 წლის 27 ივნისს ახალციხის რაიონის გამგეობის საფინანსო განყოფილების თანამშრომელმა მოსარჩელეს გადასცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 22 ივნისის ¹კ-6/8 ბრძანება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს _ ახალციხის სამმართველოს ...-ის მოვალეობის შემსრულებლის _ ნ. მ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. აღნიშნულ ბრძანებაში მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 95-ე მუხლი (საკუთარი ინიციატივის საფუძველზე). მოსარჩელემ აღნიშნული ბრძანება უკანონოდ მიიჩნია და განმარტა, რომ მას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადება არ დაუწერია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 22 ივნისის ¹კ-6/8 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოგვიანებით, მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა და დამატებით იძულებით გაცდენილი დროის ხელფასისა და სასამართლო განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება და გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 ივლისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სტატისტიკის დეპარტამენტი ჩაება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. მ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. მ.-ე 2002 წლის 12 დეკემბრიდან დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სტატიტიკის სამმართველოს ...-ის თანამდებობაზე 6 თვის საგამოცდო ვადით, ხოლო საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003 წლის 6 ივნისის ¹42-კ ბრძანებით 2003 წლის 12 ივნისიდან საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ, დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სტატისტიკის სამმართველოს ...-ის თანამდებობაზე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სტატისტიკის დეპარტამენტში ჩატარებულ სახელმწიფო მოხელეთა ატესტაციის შედეგად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2006 წლის 3 ივნისის ¹48 ოქმის შესაბამისად, ნ. მ.-ს, რომელსაც იმ დროისათვის ეკავა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სტატისტიკის დეპარტამენტის ახალციხის ტერიტორიული სამმართველოს ...-ის თანამდებობა, გასაუბრების შედეგად მიეცა უარყოფითი შეფასება. საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ჩათვალა, რომ იგი არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას და სამსახურიდან უნდა გათავისუფლებულიყო. იგივე რეკომენდაცია იქნა მითითებული ნ. მ.-ის საატესტაციო ფურცელში. ატესტაციის შედეგების მიხედვით, ნ. მ.-ის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი გადაწყვეტილების მიღებამდე, 2006 წლის 15 ივნისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სტატისტიკის დეპარტამენტის კანცელარიაში (სარეგისტრაციო ნომერი _ 1039/ს) ახალციხის სამმართველოს ...-ის _ ნ. მ.-ის სახელით შევიდა იმავე წლის 14 ივნისით დათარიღებული განცხადება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის სახელზე, რომლითაც ნ. მ.-ე ითხოვდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას. ხსენებული განცხადება იმავე დღეს გადაეგზავნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს. 2006 წლის 22 ივნისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მიერ გამოცემულ იქნა ¹კ-6/8 ბრძანება და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 95-ე მუხლის შესაბამისად (საკუთარი ინიციატივის საფუძველზე), ნ. მ.-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 2006 წლის 10 ნოემბრის ¹4558/01 საექსპერტო დასკვნით დადგენილი იყო, რომ ნ. მ.-ის სახელით საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის სახელზე წარდგენილ 2006 წლის 14 ივნისის განცხადებაზე არსებული ხელმოწერა შესრულებული იყო არა ნ. მ.-ის, არამედ სხვა პირის მიერ.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ. მ.-ის გათავისუფლების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 22 ივნისის ¹კ-6/8 ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დადგენილი იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილი იყო, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს ან არსებითად იყო დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ეწინააღმდეგებოდა კანონს, რადგან ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის ¹1-1/846 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების თანახმად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს, ხოლო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 95-ე მუხლის თანახმად, პირადი განცხადება წარმოადგენდა პირის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერ საფუძველს.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას ასევე არ დარღვეულა მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რადგან საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ნ. მ.-ის სახელით წარდგენილი განცხადების განხილვისას არ გააჩნდა რაიმე ფაქტობრივი ან იურიდიული საფუძველი, შეემოწმებინა მისი ხელმოწერის სისწორე და განმცხადებლის ნების გამოვლენის ნამდვილობა. შესაბამისად, მას არ წარმოშობია ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვალდებულება.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებით დადგენილი იყო, რომ ნ. მ.-ის 2006 წლის 19 ივნისით დათარიღებული წერილი, რომლითაც იგი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს აცნობებდა სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირთა მიერ მის მიმართ განხორციელებული უკანონო მოქმედებების შესახებ და მიუთითებდა, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლებას აპირებდნენ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კანცელარიაში შევიდა 2006 წლის 3 ივლისს (სარეგისტრაციო ნომერი _ 634/7-6) _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მიერ ნ. მ.-ის გათავისუფლების შესახებ 2006 წლის 22 ივნისის ¹კ-6/8 ბრძანების გამოცემიდან 10 დღის შემდეგ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 22 ივნისის ¹კ-6/8 ბრძანების ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილი არც ერთი საფუძველი.

ამდენად, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს მთლიანად უარი უნდა თქმოდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მოხელე იმ შემთხვევაში ექვემდებარებოდა სამსახურში აღდგენას, თუ მისი გათავისუფლება არაკანონიერად იქნებოდა აღიარებული. იმავე კანონის 112-ე მუხლის თანახმად კი, სამსახურში იძულებით არყოფნის პერიოდის ხელფასი აუნაზღაურდებოდა მხოლოდ უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეს. ამასთან, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაკმაყოფილებული ვერ იქნებოდა მოსარჩელის მოთხოვნა საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება ნ. მ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. Aაპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის განჩინებით ნ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით უდავოდ დადასტურებული იყო, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სტატისტიკის დეპარტამენტში ჩატარებულ სახელმწიფო მოხელეთა ატესტაციის შედეგად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2006 წლის 3 ივნისის ¹48 ოქმის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სტატისტიკის დეპარტამენტის ახალციხის ტერიტორიული სამმართველოს ...-ს _ ნ. მ.-ს ატესტაციის შედეგად მიეცა უარყოფითი შეფასება. საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ჩათვალა, რომ იგი არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას და უნდა გათავისუფლებულიყო. იგივე რეკომენდაცია იქნა მითითებული ნ. მ.-ის საატესტაციო ფურცელში. სტატისტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით, საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრის _ ვ. მ.-ის ჩვენების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. მ.-თვის ცნობილი გახდა რა ატესტაციის შედეგები, სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ მისი გათავისუფლება არ მომხდარიყო ატესტაციის შედეგების მიხედვით და იგი სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნული თხოვნით ნ. მ.-მ არაერთხელ მიმართა სატელეფონო საუბრების დროს პირადად ვ. მ.-ს, ბოლო სატელეფონო საუბარი მასთან ნ. მ.-ის ინიციატივით 2006 წლის 15 ივნისს შედგა, რა დროსაც ნ. მ.-ე დაინტერესდა, მიიღეს თუ არა სტატისტიკის დეპარტამენტში მისი განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა და 105-ე მუხლის პირველი ნაწილების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გარემოებად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ნ. მ.-ის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა საკუთარი ინიციატივით, მისივე წერილობითი განცხადების საფუძველზე, რადგან მას არ სურდა სამსახურიდან გათავისუფლება დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო _ ატესტაციის შედეგების საფუძველზე, რაც “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენდა, ხოლო ის გარემოება, რომ ასეთი საფუძველი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ნ. მ.-ის მიმართ გააჩნდა, საქმის მასალებით უტყუარად იყო დადასტურებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქმეში არსებული ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, მიიჩნია, რომ ნ. მ.-ის განცხადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, წარმოადგენდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 95-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძველს პირის საკუთარი ინიციატივით სამსახურიდან გათავისუფლებისათვის, რადგან მასში გამოვლენილი იყო ნ. მ.-ის თავისუფალი ნება მოპასუხესთან არსებული საჯარო, შრომითი სამართალურთიერთობის შეწყვეტისაკენ, რაც მას მანამდე არაერთხელ ჰქონდა დაფიქსირებული სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელ მუშაკებთან პირად და სატელეფონო საუბრებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნ. მ.-ის განცხადების განხილვისას არ არსებობდა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საფუძველი. სააპელაციო სასამართლო ასევე დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ არ არსებობდა ნ. მ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 22 ივნისის ¹კ-6/8 ბრძანების ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია ის ფაქტიც, რომ 2008 წლიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ახალი საშტატო ნუსხის მიხედვით, ახალციხის სამმართველოს ...-ის თანამდებობა აღარ არსებობდა, რადგან მოხდა ტერიტორიული ორგანოების შერწყმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის განჩინება ნ. მ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

Kკასატორი აღნიშნავს, რომ იგი უკანონოდ იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 22 ივნისის ¹კ-6/8 ბრძანების საფუძველზე. აღნიშნული ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო პირადი განცხადება, რომელსაც სხვა პირი აწერდა ხელს. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას არ დარღვეულა მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რადგან საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს არ გააჩნდა რაიმე ფაქტობრივი ან იურიდიული საფუძველი, შეემოწმებინა ნ. მ.-ის ხელმოწერის სისწორე და განმცხადებლის ნების გამოვლენის ნამდვილობა, თუმცა, კასატორის მტკიცებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ვალდებული იყო, ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ, რაც ნ. მ.-მ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მას იმის თაობაზე, რომ მის მიმართ დევნას ახორციელებდა სტატისტიკის დეპარტამენტის კადრების სამმართველოს უფროსი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილი იყო, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს ან არსებითად იყო დარღვეული მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. Aამდენად, კასატორის განმარტებით, აღნიშნული განცხადების საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილი იყო. ამასთან, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებით დარღვევად ითვლებოდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

Kკასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ იმ ფაქტზე მსჯელობისას, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სტატისტიკის დეპარტამენტში ჩატარებულ სახელმწიფო მოხელეთა ატესტაციის შედეგად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2006 წლის 3 ივნისის ¹48 ოქმის შესაბამისად, ნ. მ.-ს მიეცა უარყოფითი შეფასება, არ გაითვალისწინა, რომ მას არანაირი შეტყობინება არ მიუღია აღნიშნულის თაობაზე და ვერც მოპასუხემ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება მოცემული შეფასების ნ. მ.-თვის გაცნობის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 2 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. მ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 2 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 26 ივნისამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ივნისის განჩინებით ნ. მ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 11 სექტემბერს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ნ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ნ. მ.-ე საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002 წლის 13 დეკემბრის ¹52-კ ბრძანებით 2002 წლის 12 დეკემბრიდან დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სტატისტიკის სამმართველოს ...-ის თანამდებობაზე 6 თვის საგამოცდო ვადით (ს.ფ. 4). საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003 წლის 6 ივნისის ¹42-კ ბრძანებით ნ. მ.-ე, საგამოცდო ვადის გასვლასთან დაკავშირებით, 2003 წლის 12 ივნისიდან დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სტატისტიკის სამმართველოს ...-ის თანამდებობაზე (ს.ფ. 5). საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 22 ივნისის ¹კ-6/8 ბრძანებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 95-ე მუხლის შესაბამისად (საკუთარი ინიციატივის _ პირადი განცხადების საფუძველზე), ნ. მ.-ე გათავისუფლდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს _ ახალციხის სამმართველოს ...-ის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან (ს.ფ. 6). ნ. მ.-მ სტატისტიკის დეპარტამენტში საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის სახელზე 2006 წლის 15 ივნისს წარდგენილი განცხადებით მოითხოვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება (ს.ფ. 15). საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 2006 წლის 10 ნოემბრის ¹4558/01 საექსპერტო დასკვნის თანახმად, ნ. მ.-ის სახელით საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის სახელზე წარდგენილ 2006 წლის 14 ივნისის განცხადებაზე არსებული ხელმოწერა შესრულებულია არა ნ. მ.-ის, არამედ სხვა პირის მიერ (ს.ფ. 56-60). საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სტატისტიკის დეპარტამენტში ჩატარებული სახელმწიფო მოხელეთა ატესტაციის შესახებ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2006 წლის 3 ივნისის საატესტაციო ფურცლისა და ¹48 ოქმის შესაბამისად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ჩათვალა, რომ ნ. მ.-ე, რომელსაც იმ დროისათვის ეკავა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ...-ის დეპარტამენტის ახალციხის სამმართველოს ...-ის თანამდებობა, არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას და სამსახურიდან უნდა გათავისუფლებულიყო (ს.ფ. 85-93).

ამდენად, საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალებით მიხედვით, უდავოდ დადასტურებულად მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ... დეპარტამენტში ჩატარებულ სახელმწიფო მოხელეთა ატესტაციის შედეგად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2006 წლის 3 ივნისის ¹48 ოქმის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სტატისტიკისის დეპარტამენტის ახალციხის ტერიტორიული სამმართველოს ...-სს _ ნ. მ.-ს ატესტაციის შედეგად მიეცა უარყოფითი შეფასება.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ იგი უკანონოდ იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 22 ივნისის ¹კ-6/8 ბრძანების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. მ.-ის ნება რეალურად მიმართული იყო სამსახურიდან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე გათავისუფლებისაკენ. აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებებით, კერძოდ, პირველ ყოვლისა, ნ. მ.-ის მიერ სტატისტიკის დეპარტამენტში საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის სახელზე 2006 წლის 15 ივნისს წარდგენილი განცხადებით, რომლითაც მან მოითხოვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. სტატისტიკის დეპარტამენტში ნ. მ.-ის მიერ ხსენებული განცხადების წარდგენა მტკიცდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის _ სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრის _ ვ. მ.-ის განმარტებით, იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს ვ. მ.-თან რამდენჯერმე ჰქონდა სატელეფონო საუბარი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების მოსარჩელის მხრიდან წარდგენის შესახებ _ ნ. მ.-ე აპირებდა განცხადების დაწერას და თავისი სურვილით სამსახურიდან წამოსვლას, რის შემდეგაც მოსარჩელემ ითხოვა სამსახურიდან გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე. ამდენად, ნ. მ.-ის აღნიშნული განცხადების საფუძველზე გამოიცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 22 ივნისის ¹კ-6/8 გასაჩივრებული ბრძანება, რომლითაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 95-ე მუხლის შესაბამისად (საკუთარი ინიციატივის _ პირადი განცხადების საფუძველზე), ნ. მ.-ე გათავისუფლდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს _ ახალციხის სამმართველოს ...-ის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან (ს.ფ. 103-104). ხსენებული გარემოება ასევე მტკიცდება მესამე პირის _ სტატისტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლის _ გ. გ.-ის მიერ საქალაქო სასამართლოში გაკეთებული განმარტებით იმის შესახებ, რომ ატესტაციის შედეგად არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემდეგ, ნ. მ.-მ რამდენჯერმე ითხოვა სამსახურიდან გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე, რის გამოც არ არსებობდა ამ განცხადებაზე ხელმოწერის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, ხოლო დასახელებული განცხადების ამავე დეპარტამენტში შესვლის დღეს, აღნიშნულის თაობაზე ნ. მ.-მ საღამოს 11 საათზე დაურეკა გ. გ.-ს და ამდენად, ნ. მ.-მ პირადი განცხადება წარადგინა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რაზეც იგი ტელეფონით უკავშირდებოდა გ. გ.-სა და ვ. მ.-ს, ხოლო გ. გ.-მ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს გადაუგზავნა ნ. მ.-ის ხსენებული განცხადება (ს.ფ. 124-126). აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს, აგრეთვე, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მესამე პირის _ სტატისტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაც, რომ ნ. მ.-ე თვითონ სთხოვდა მათ, რომ სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ არა ატესტაციის შედეგების გამო, არამედ მისივე განცხადების საფუძველზე (ს.ფ. 197).

გარდა ამისა, სამსახურიდან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე გათავისუფლების შესახებ ნ. მ.-ის მიერ ნების გამოვლენა ასევე მტკიცდება მესამე პირის _ სტატისტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლის _ გ. გ.-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განმარტებით, რომ სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლება შედიოდა ნ. მ.-ის ინტერესებში, ამოღებული იყო სატელეფონო ზარები და მოწმეებიც იყვნენ დაკითხული იმის შესახებ, რომ ნ. მ.-ე ძალიან ხშირად უკავშირდებოდა მათ და აინტერესებდა, შესული იყო თუ არა უკვე ამ დეპარტამენტში მისი განცხადება, ხოლო სტატისტიკის დეპარტამენტმა ამ საქმის განხილვისას, სასამართლოს მიერ მხარეთათვის მორიგებისათვის მიცემულ ვადაში, ნ. მ.-ს შესთავაზა სამსახური და შეიძლებოდა მომხდარიყო მხარეთა მორიგება, თუმცა ნ. მ.-ე აღნიშნული შეთავაზების შემდეგ, მათ არ დაკავშირებია (ს.ფ. 196-198).

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს და კასატორის ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 2006 წლის 10 ნოემბრის ¹4558/01 საექსპერტო დასკვნის თანახმად, ნ. მ.-ის სახელით საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის სახელზე წარდგენილ 2006 წლის 14 ივნისის განცხადებაზე არსებული ხელმოწერა შესრულებულია არა ნ. მ.-ის, არამედ სხვა პირის მიერ, მაგრამ ნ. მ.-ის მხრიდან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების ნების გამოვლენა სარწმუნოდ მტკიცდება ზემოხსენებული მტკიცებულებებით, რის გამოც სასამართლოს ვერ შეექმნა შინაგანი რწმენა, რომ დასახელებული განცხადება ნ. მ.-ს არ წარუდგენია და სამსახურიდან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე გათავისუფლების შესახებ ნება არ გამოუვლენია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე ნ. მ.-მ ვერ გააბათილა ზემოთ მოხსენიებული მტკიცებულებებით დადასტურებული გარემოება _ სამსახურიდან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე გათავისუფლების შესახებ ნების გამოხატვა და არ წამოუყენებია აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე დასაბუთებული არგუმენტაცია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 22 ივნისის ¹კ-6/8 ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 95-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი საკუთარი ინიციატივით თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე მოხელე ან დაწესებულება დააკმაყოფილებს მის წერილობით განცხადებას. ამდენად, ნ. მ.-მ სტატისტიკის დეპარტამენტში 2006 წლის 15 ივნისს წარდგენილ განცხადებაში გამოხატა ნება საკუთარი ინიციატივით სამსახურიდან გათავისუფლებისა და მოპასუხესთან არსებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისაკენ. შესაბამისად, სახეზე არ არის ნ. მ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 22 ივნისის ¹კ-6/8 ბრძანების ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც ნ. მ.-ის სასარჩელო განცხადება უსაფუძვლოა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიაჩნევს, რომ მოცემული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია საქართველოს კანონმდებლობა და საქმეზე მიიღო დასაბუთებული და კანონიერი განჩინება, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.