Facebook Twitter

¹ბს-437-415(კ-07) 13 დეკემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ტ.-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინება

დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 6 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ა. ტ.-მ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 1 ოქტომბრის ¹2660 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

2005 წლის 7 დეკემბერს ა. ტ.-ს ჩაბარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹104 წერილი, რომლითაც მას ეცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 1 ოქტომბრის ¹2660 ბრძანებით დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან, შეუწყდა კონტრაქტი და ამოირიცხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობის სიებიდან, რის გამოც მოპასუხე სთხოვდა კონტრაქტის დარღვევის გამო 2841.95 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურებას.

ა. ტ.-ე, როგორც რიგითი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2005 წლის 1 აპრილის ¹822 ბრძანებით გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, საქართველოს თავდაცვის მე-... ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის ...-ის მეთაურად, 2005 წლის 31 მარტიდან, სამხედრო წოდებით «კაპრალი» (შტატი ¹8/593-01).

2005 წლის 2 სექტემბერს ა. ტ.-ს გამოეცხადა საყვედური ს/წ ¹... ს-... ოფიცერ რ. მ.-ს მიერ შვებულებიდან დაგვიანების გამო. 2005 წლის 19 სექტემბერს იგივე პიროვნებამ მას სასტიკი საყვედური გამოუცხადა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისათვის, თუმცა აღნიშნული სათანადო წესით არ დადგენილა.

2005 წლის 26 სექტემბერს, ისე, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი არ ყოფილა და იგი არ დასწრებია კომისიის სხდომას, მე-2 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის მუდმივმოქმედმა სამანდატო კომისიამ განიხილა ა. ტ.-ის საკითხი და აღნიშნა, რომ მან თავი გამოიჩინა, როგორც არაკეთილსინდისიერმა სამხედრო მოსამსახურემ, იგი მეთაურის ბრძანებებს ასრულებდა არადამაკმაყოფილებლად. მას არა აქვს სწრაფი ორიენტირების უნარი, უფროსების შენიშვნებზე დროულად ვერ ახდენს რეაგირებას, სიძნელეების გადალახვა დამოუკიდებლად არ შეუძლია, ფიზიკურად სუსტია და მეთაურებთან სარგებლობს არადამაკმაყოფილებელი ავტორიტეტით. აღნიშნულის გამო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, რის შესაბამისადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ 2005 წლის 1 ოქტომბერს მიღებულ იქნა ¹2660 ბრძანება.

მოსარჩელის მოსაზრებით, მე-2 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის მუდმივმოქმედმა სამანდატო კომისიამ მისი საკითხის განხილვისას უხეშად დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის მოთხოვნა, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოსარჩელეს წაერთვა სხდომაზე დასწრებისა და აზრის გამოთქმის უფლება, აგრეთვე კომისიის მიერ შესაბამისი წესით არ იქნა დასაბუთებული ის პრეტენზიები, რომლებიც მოსარჩელეს წარედგინა, წარდგენილი პრეტენზიების სიმრავლე იმაზე მეტყველებდა, რომ ისინი არაობიექტურია, მოსარჩელეს სამსახურის გავლის ხუთი თვის მანძილზე არ მიუღია არც ერთი საყვედური, კომისიის პრეტენზიები აბსოლუტურად განსხვავდება მის მიმართ 2005 წლის 2 სექტემბერსა და 2005 წლის 19 სექტემბერს დადებული დისციპლინური სახდელებისაგან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 1 ოქტომბრის ¹2660 ბრძანების გამოცემისას არსებითად დაირღვა მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი წესები, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა. ბრძანება ასევე არ პასუხობდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნებს. ამასთან, ბრძანებაში ა. ტ.-ის დათხოვნის საფუძველი დათარიღებულია შემდგომი რიცხვით, ვიდრე თავად ბრძანების თარიღია (ს.ფ. 2-5).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ა. ტ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2005 წლის 1 ოქტომბრის ¹2660 ბრძანება ა. ტ.-ის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის ...-ის (შტატი ¹...) შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვით და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით) დათხოვნის თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹2730 ბრძანება ა. ტ.-ის შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვით და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით) დათხოვნის თაობაზე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ა. ტ.-ის შრომითი მოწყობის საკითხისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; ა. ტ.-ს უარი ეთქვა პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე; ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 30 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2005 წლის 31 მარტს ა. ტ.-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დაიდო ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 1 აპრილის ¹822 ბრძანების საფუძველზე ა. ტ.-ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საარტილერიო დივიზიონის ...-ის მეთაურად 2005 წლის 31 მარტიდან, სამხედრო წოდება «კაპრალის» მინიჭებით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 1 ოქტომბრით დათარიღებული ¹2660 ბრძანებით ა. ტ.-ე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საარტილერიო დივიზიონის ... მემიზნე (შტატი ¹...) _ დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვით და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით, «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «თ» ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევა) გამო.

საქმის მოსამზადებელ ეტაპზე გამოთხოვილ იქნა ა. ტ.-ის პირადი საქმე. ამ უკანასკნელში წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ოქტომბრით დათარიღებული ¹2730 ბრძანება, რომლითაც ა. ტ.-ე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვით და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით), «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «თ» ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევა) თანახმად.

ზემოაღნიშნული ბრძანებების გამოცემის საფუძვლად მითითებულია მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2005 წლის 6 ოქტომბრის შუამდგომლობა ¹1818.

ა. ტ.-ის დათხოვნის შესახებ საკითხი განხილულ იქნა მე-2 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის მუდმივმოქმედი სამანდატო კომისიის 2005 წლის 26 სექტემბრის სხდომაზე. აღნიშნული სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ ა. ტ.-ე დახასიათდა, როგორც არაკეთილსინდისიერი სამხედრო მოსამსახურე, იგი მეთაურის ბრძანებებს ასრულებდა არადამაკმაყოფილებლად, არ გააჩნდა სწრაფი ორიენტაციის უნარი, უფროსების შენიშვნაზე ვერ რეაგირებდა დროულად, მეთაურებთან სარგებლობდა არადამაკმაყოფილებელი ავტორიტეტით. ამავე სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარედგინოს მასალები ა. ტ.-ის შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის საკითხის გადასაწყვეტად.

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის მიერ 2005 წლის 1 ოქტომბერს გამოცემული ¹2660 ბრძანებით ა. ტ.-ის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის პირობებში კანონსაწინააღმდეგო იყო იმავე პიროვნების იმავე თანამდებობიდან, იმავე საფუძვლით ხელმეორედ (19.10.2005 წლის ¹2730 ბრძანებით) დათხოვნა. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 110-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ სამსახურიდან გათავისუფლება ფორმდება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით. იმავე კანონის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთი ზომა. მოპასუხის მიერ 2005 წლის 1 ოქტომბერს ¹2660 ბრძანების გამოცემით ერთხელ უკვე გაფორმდა ა. ტ.-ის სამსახურიდან გათავისუფლება, მოსარჩელის მიმართ ერთხელ უკვე გამოყენებულ იქნა იმავე დისციპლინური გადაცდომისათვის _ სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის (კონტრაქტის პირობების დარღვევისათვის) გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი _ სამსახურიდან დათხოვნა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ხელმეორედ _ 2005 წლის 19 ოქტომბერს _ ახალი ბრძანების გამოცემა იმავე პირის გათავისუფლების თაობაზე მოკლებული იყო შესაბამის სამართლებრივ საფუძველს. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ბრძანება კანონსაწინააღმდეგო იყო, კერძოდ, გამოცემული იყო «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 110-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების დარღვევით.

რაც შეეხებოდა მოპასუხის 2005 წლის 1 ოქტომბრის ¹2660 ბრძანებას, სასამართლომ მიუთითა, რომ ეს უკანასკნელი გამოცემული იყო ა. ტ.-ის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ დარღვეული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნები.

საქმეზე დადგენილი იყო, რომ ა. ტ.-სთან დადებული კონტრაქტი შეწყვეტილ იქნა «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «თ» ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევა) თანახმად. მხარეებს შორის 2005 წლის 31 მარტს დადებული ხელშეკრულების 9.1.4 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე შეწყდეს სამინისტროს მიერ სამხედრო მოსამსახურისათვის წინასწარ, ერთი თვით ადრე გადაცემული წერილობითი შეტყობინების მეშვეობით, თუ სამხედრო მოსამსახურე სისტემატურად ან ბრალეულად არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ან შესაბამისი სამხედრო თუ საბრძოლო წესდებით დადგენილ ვალდებულებებს. სისტემატურ დარღვევად ჩაითვლება ორჯერ ან მეტჯერ დარღვევა. ამდენად, ხელშეკრულების ამ პუნქტის ამოქმედების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა, რათა სამხედრო პირმა სისტემატურად ან ბრალეულად დაარღვიოს ხელშეკრულებით ნაკისრი ან შესაბამისი წესდებით დადგენილი ვალდებულებები. სისტემატური დარღვევა ნიშნავს ორ ან მეტ დარღვევას. 2005 წლის 26 სექტემბრის სხდომის ოქმში განმარტებულია, რომ ა. ტ.-ე სამხედრო მეთაურთა ბრძანებებს ასრულებდა არადამაკმაყოფილებლად, არ გააჩნდა შესაბამისი ავტორიტეტი და ა. შ. მოპასუხე ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნას წინ უსწრებს მოსარჩელის მიერ კონტრაქტის ან სამხედრო სადისციპლინო წესდების მოთხოვნათა რაიმე სახით დარღვევა. ასეთის არსებობის შემთხვევაში მოპასუხე მხარეს იმ დროს (2005წ.) მოქმედი «საქართველოს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების» მე-3 თავით დადგენილი წესის დაცვით მოსარჩელის მიმართ უნდა განეხორციელებინა სასჯელის დადება სამხედრო დისციპლინის დარღვევისათვის; ა. ტ.-ის პირად საქმეში, მათ შორის, ნამსახურობის ნუსხაში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება იმისა, რომ მოსარჩელის მიმართ ორჯერ ან მეტჯერ გამოყენებულ იქნა რაიმე სახის სახდელი სახელშეკრულებო ვალდებულებების ან სამხედრო წესდების მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის. გარდა ამისა, იგივე მე-2 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის მუდმივმოქმედი სამანდატო კომისიის 2005 წლის 26 სექტემბრის სხდომის ოქმი იმ გარემოებას ადასტურებს, რომ თავად ა. ტ.-ე არ ესწრებოდა ამ სხდომას, შესაბამისად, მას არ გააჩნდა მოპასუხე მხარის წინაშე თავისი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა. ამდენად, მოპასუხე მხარის მიერ განხორციელდა ადმინისტრაციული წარმოება, რომელშიც მოსარჩელეს მონაწილეობა არ მიუღია და რომლის შედეგად გამოიცა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობის გამაუარესებელი ადმინისტრაციული აქტი.

გარდა ამისა, საქალაქო სასამართლოს მითითებით, მე-2 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის მუდმივმოქმედი სამანდატო კომისიის სხდომა ჩატარდა 2005 წლის 26 სექტემბერს. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში მასალების წარდგენის შესახებ ასახვა ჰპოვა მე-... ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2005 წლის 6 ოქტომბრის ¹1818 შუამდგომლობაში, რომელიც, თავის მხრივ, 2005 წლის 1 ოქტომბრის ¹2660 ბრძანების საფუძვლად არის მითითებული. სასამართლოს მოსაზრებით, შეუძლებელია 2005 წლის 6 ოქტომბრის შუამდგომლობა საფუძვლად დასდებოდა 2005 წლის 1 ოქტომბრით დათარიღებულ ბრძანებას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი _ 2005 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება გამოცემული იყო შესაბამისი საფუძვლის გარეშე (ს.ფ. 78-81).

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტის მითითებით, მოსარჩელემ 2005 წლის 31 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმა კონტრაქტი ¹..., რის საფუძველზეც იგი ჩაირიცხა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და 2005 წლის 1 აპრილიდან მსახურობდა, როგორც საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე. შესაბამისად, მასზე ვრცელდებოდა ყველა იმ ნორმატიული აქტების მოთხოვნების პირნათლად შესრულება, რომლებიც დაწესებულია სამხედრო მოსამსახურეთათვის. მოსარჩელე ჯეროვნად ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, იგი მეთაურის ბრძანებებს ასრულებდა არადამაკმაყოფილებლად, არ შეეძლო დამოუკიდებლად გადაელახა სიძნელეები და სხვა, რის გამოც ა. ტ.-ე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. დათხოვნისა და მისი საფუძვლების თაობაზე ა. ტ.-სათვის ცნობილი იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების პერიოდში, ვინაიდან იგი ესწრებოდა სამანდატო კომისიის სხდომას, სადაც აღიძრა მისი დათხოვნის შესახებ შუამდგომლობა.

აპელანტისათვის გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, თითქოსდა ა. ტ.-მ მხოლოდ საჩხერის რაიონული სასამართლოს გზავნილიდან შეუტყო მისი შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ, მაშინ როცა იგი დიდი ხნის განმავლობაში აღარ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეოებას (ს.ფ. 85-86).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება კანონიერი იყო და შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 122-124).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მითითებით, სამხედრო სამსახური არის სპეციალური სამსახური, რომელიც რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით, კონკრეტულ შემთხვევაში «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონით და 1994 წლის 2 სექტემბერს სახელმწიფო მეთაურის ¹294 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდებით». მოცემულ შემთხვევაში აგრეთვე გასათვალისწინებელია საქმეში არსებული ხელშეკრულების მოთხოვნები, რომლითაც მხარეებმა იკისრეს შესაბამისი ვალდებულებები.

«საქართველოს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების» პირველი თავის მე-2 პუნქტის თანახმად, სამხედრო დისციპლინა ეფუძნება სამხედრო მოსამსახურეების მიერ თავიანთი მოვალეობის განუხრელად შესრულებას, პირადი პასუხისმგებლობის მაღალ შეგნებას, მუდმივ საბრძოლო მზადყოფნას საქართველოს ინტერესების დასაცავად. ამავე წესდების მე-3 თავის 39-ე პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში მეთაურმა უნდა შეახსენოს მას სამსახურებრივი მოვალეობები, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში დაადოს დისციპლინარული სასჯელი. ამასთან, მას შეუძლია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენოს ნებისმიერი სასჯელი.

კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან ირკვეოდა, ა. ტ.-ე ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ ფუნქციონალურ მოვალეობას. უფრო მეტიც, მის მიერ ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას, რაც გახდა ა. ტ.-ის შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ 2007 წლის 19 ოქტომბრის ¹2730 ბრძანების გამოცემის საფუძველი.

რაც შეეხებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 1 ოქტომბრის ¹2660 ბრძანების და 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹2730 ბრძანების კანონიერებას, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ აღნიშნული ბრძანებები სრულად არ შეისწავლა, ვინაიდან 2005 წლის 1 ოქტომბრის ¹2660 ბძანების დედნიდან ირკვეოდა, რომ ეს უკანასკნელი სრულიად სხვა სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებდა და საერთოდ არ იყო შემხებლობაში ა. ტ.-სთან. 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹2730 ბრძანება კი გამოცემული იყო ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტებისა და «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «თ» ქვეპუნქტის შესაბამისად (ს.ფ. 129-130).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა საქმის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების მართებულობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დასახელებული ნორმის გამოყენების აუცილებლობა არ არის სათანადოდ დასაბუთებული.

სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინებით იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას ა. ტ.-ის შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის ბრძანების საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოცემის თაობაზე. ასეთი არსებითი მნიშვნელობის გარემოებებად, რაც საჭიროებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოკვლევის გზით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ერთი მხრივ, მითითებულია შემდეგი: მოპასუხემ ა. ტ.-ს არ აცნობა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და არ უზრუნველყო მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლისა 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად. მეორე მხრივ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება დასაბუთებულია იმით, რომ ა. ტ.-ის პირად საქმეში წარმოდგენილი არ არის მის მიმართ ორჯერ ან მეტჯერ რაიმე სახდელის გამოყენების მტკიცებულება სახელშეკრულებო ვალდებულების ან სამხედრო წესდების მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის.

რაც შეეხება სადავო ბრძანების გამოცემას პროცედურული დარღვევებით, კერძოდ, რომ არ იყო უზრუნველყოფილი ადმინისტრაციულ წარმოებაში ა. ტ.-ის მონაწილეობა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის პროცედურული დარღვევები აქტის ბათილობის საფუძველად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული დარღვევების არარსებობისას მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ტ.-ს შორის დადებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულების მე-9 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია სამხედრო მოსამსახურის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ან შესაბამისი სამხედრო თუ საბრძოლო წესდებებით დადგენილი ვალდებულებების სისტემატური ან ბრალეული დარღვევა. აქვე განმარტებულია, რომ სისტემატურ დარღვევად ჩაითვლება ორჯერ ან მეტჯერ დარღვევა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ა. ტ.-სთან დადებული კონტრაქტი შეწყვეტილია «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «თ» ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევა) საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებების დამატებითი გამოკვლევის გარეშე დაუსაბუთებლად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებით არ დგინდება დისციპლინური წესით მოსარჩელის დასჯა.

სასარჩელო განცხადებაში ა. ტ.-ე მიუთითებს, რომ შეიარაღებული ძალების რიგებიდან მისი გათავისუფლების ბრძანების გამოცემამდე იგი ორჯერ იყო დასჯილი დისციპლინური წერით, კერძოდ, 2005 წლის 2 სექტემბერს ს/ნ ¹... ოფიცერ რ. მ.-ს მიერ მას გამოეცხადა «საყვედური» შვებულებიდან დაგვიანებით გამოსვლის გამო, ხოლო 2005 წლის 26 სექტემბერს იგივე პიროვნებამ მას გამოუცხადა «სასტიკი საყვედური» სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისათვის. საქმეში ასევე წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბეჭდით დამოწმებული ამონაწერი ა. ტ.-ის მიმართ გამოცხადებული საყვედურების თაობაზე (ს.ფ. 7), რის შესახებაც არც პირველის ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოებს არ უმსჯელიათ და აღნიშნული ამონაწერი არ გამოუკვლევიათ.

საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა დასჯილი შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნამდე მოსარჩელე დისციპლინური წესით, გამოითხოვოს დისციპლინური წესით დასჯის ბრძანებები და გადაწყვეტილება მიიღოს აღნიშნული ფაქტების შეფასების შედეგად.

რაც შეეხება ა. ტ.-ის თანამდებობიდან ორჯერ გათავისუფლებას, რაზედაც სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ასევე სრულად გაიზიარა, ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ა. ტ.-ის პირადი საქმე, სადაც აღნიშნულია, რომ მოსარჩელე შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹2730 ბრძანებით. 1 ოქტომბრის ბრძანების ამონაწერი კი, რომელიც საქმეში წარმოდგენილია, როგორც კასატორი მიუთითებს, არ წარმოადგენს დედანი დოკუმენტის ადეკვატურს და მასში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რაც სააპელაციო სასამართლოს ასევე არ შეუფასებია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტის და 412-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.