Facebook Twitter

¹ბს-437-418(კ-06) 20 მარტი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა

საკასაციო პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე)

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ი. დ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები _ აჭარის ა/რ-ის მთავრობა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი; ბათუმის საგადასახადო ინსპექცია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 22 ივნისს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ი. დ-ემ მოპასუხე ქობულეთის რაიონის ზონალური საგადასახადო ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სამუშაოდან მისი გათავისუფლების შესახებ 2004 წლის 4 ივნისის ბრძანების გაუქმება, აჭარის საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2004 წლის 31 მაისის ¹320 მიმართვის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 195 ლარის ოდენობით.

მოსარჩელე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებდა შემდეგზე:

ი. დ-ე 1990 წლიდან მუშაობდა ქობულეთის საგადასახადო ინსპექციაში შეგროვებისა და რეგისტრაციის განყოფილების მთავარ ...ად. 2004 წლის 4 ივნისს ქობულეთის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ეცნობა, რომ აჭარის ა/რ-ის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს 2004 წლის 29 მაისის ¹22 დადგენილების საფუძველზე, ქობულეთის საგადასახადო ინსპექციის ლიკვიდაციის გამო, აჭარის ა/რ-ის საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2004 წლის 31 მაისის ¹320 მიმართვის შესაბამისად, 2004 წლის 30 ივნისიდან გათავისუფლდებოდა თანამდებობიდან. მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, ქობულეთის საგადასახადო ინსპექციის ლიკვიდაციის მოტივით, ფაქტობრივად კი განხორციელდა არა ლიკვიდაცია, არამედ ქობულეთის საგადასახადო ინსპექცია აჭარის ა/რ-ის საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დაქვემდებარებიდან გადავიდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში და ასრულებდა იმავე ფუნქციებს (ს.ფ. 1, 24).

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქობულეთის საგადასახადო ინსპექციას, აჭარის საგადასახადო დეპარტამენტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს დაევალათ აჭარის საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2004 წლის 31 მაისის ¹320 მიმართვის, ქობულეთის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2004 წლის 4 ივნისის განკარგულების ბათილად ცნობა და ი. დ-ის აღდგენა ქობულეთის საგადასახადო ინსპექციის შეგროვებისა და რეგისტრაციის განყოფილების მთავარ ...ად, ასევე მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის _ 975 ლარის და ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ მოტივებს:

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მოპასუხემ არ დაიცვა ამ კანონის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ. დაწესებულებაში რეალურად ადგილი ჰქონდა რეორგანიზაციას, რორგანიზაცია კი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ წარმოადგენდა სამუშაოდან მოხელის უპირობოდ გათავისუფლების საფუძველს (ს.ფ. 32-35).

რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება (ს.ფ. 50-53).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ს.ფ. 54-56).

აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 27 აპრილის განჩინებით ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 93-98).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 27 აპრილის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ი. დ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 114-117).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 27 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ს.ფ. 123-129).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება, ი. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2004 წლის 6 მაისიდან აჭარის ა/რ-ში გამოცხადდა არაპირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობა და გაუქმდა ადრე მოქმედი სახელისუფლებო და მმართველობითი ორგანოები. დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს 2004 წლის 29 მაისის ¹22 დადგენილებით ლიკვიდირებულ იქნა აჭარის ა/რ-ის საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო და აჭარის ა/რ-ის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით შეიქმნა სარეორგანიზაციო-სალიკვიდაციო კომისია, რომელსაც დაევალა კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება. ამავე დადგენილების მე-4 პუნქტით საქმიანობა შეწყვიტეს აჭარის ტერიტორიაზე მოქმედმა საგადასახადო ორგანოებმა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს ¹550 ბრძანების მე-5 პუნქტით ფუნქციონირება შეწყვიტა ქობულეთის ზონალურმა საგადასახადო ინსპექციამ. მართალია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2004 წლის 19 მაისის ბრძანებით შეიქმნა ქობულეთის ზონალური საგადასახადო ინსპექცია, მაგრამ საპრეზიდენტო საბჭოს 29 მაისის ¹22 დადგენილების მე-4 პუნქტით გაუქმდა აჭარის ტერიტორიაზე მოქმედი საგადასახადო ინსპექციები, ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს ბრძანებით ფუნქციონირება შეწყვიტა ქობულეთის ზონალურმა საგადასახადო ინსპექციამ. ზემოაღნიშნული კი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წარმოადგენდა მოხელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველს. საპრეზიდენტო საბჭოს 2004 წლის 29 მაისის ¹22 დადგენილების საფუძველზე მოსარჩელე გაფრთხილებულ იქნა 2004 წლის 31 მაისს მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. ამით დაცული იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნა. ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს ¹550 ბრძანებით გაუქმდა ქობულეთის ზონალური საგადასახადო ინსპექცია და ბათუმის საგადასახადო ინსპექციაში მოქმედებდა ქობულეთის რაიონის გადასახადების ადმინისტრირებისა და მომსახურების განყოფილება, რომელშიც მოსარჩელის თანამდებობა არ იყო გათვალისწინებული. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება საგადასახადო ინსპექციის რეორგანიზაციის შესახებ. მართალია, დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს 2004 წლის 29 მაისის ¹22 დადგენილებას სათაურად ეწერა “საგადასახადო ორგანოების რეორგანიზაციის შესახებ”, მაგრამ ამ დადგენილების მე-4 პუნქტის მიხედვით, შეწყდა საგადასახადო ორგანოების საქმიანობა, რაც ლიკვიდაციას გულისხმობდა, დაწესებულების ლიკვიდაციის შემთხვევაში კი მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მუშაკის თანამდებობაზე აღდგენას ლიკვიდირებული დაწესებულების ადგილზე შექმნილ უწყებაში, რადგან ეს, ფაქტობრივად, ნიშნავდა ახალ თანამდებობაზე დანიშვნას ახალ დაწესებულებაში (ს.ფ. 190-195).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. დ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის მითითებით, იგი სამუშაოდან გათავისუფლდა ქობულეთის საგადასახადო ინსპექციის ლიკვიდაციის მოტივით, თუმცა, ფაქტობრივად, განხორციელდა არა ლიკვიდაცია, არამედ ქობულეთის საგადასახადო ინსპექცია აჭარის ა/რ-ის საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დაქვემდებარებიდან გადავიდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში და ასრულებდა იმავე ფუნქციებს. იმ პერიოდში საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 28 მაისის ¹256 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების” პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი წარმოადგენდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ერთიან ცენტრალიზებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, რომელიც შედგებოდა ცენტრალური აპარატისაგან, ავტონომიური რესპუბლიკების მსხვილ გადამხდელთა, საოლქო, ზონალური და რაიონული საგადასახადო ინსპექციებისაგან. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის ¹567 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის თანახმად, რომლის საფუძველზეც გამოიცა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 28 მაისის ¹256 ბრძანება, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების, მათი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამდენად, საგადასახადო დეპარტამენტის სტრუქტურის დამტკიცება, საგადასახადო ორგანოთა გარდაქმნა ან გაუქმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნებოდა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 იანვრის ¹38 ბრძანებით დადგინდა საგადასახადო დეპარტამენტის სტრუქტურული და ფუნქციონალური რეორგანიზაცია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 მაისის ბრძანებით საგადასახადო დეპარტამენტის გამგებლობაში შეიქმნა მითითებული უწყების ზოგიერთი ტერიტორიული ორგანო, მათ შორის, ქობულეთის ზონალური საგადასახადო ინსპექცია, განისაზღვრა მათი სამოქმედო ტერიტორია და უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ იმ პერიოდში განხორციელდა ქობულეთის საგადასახადო ინსპექციის სტრუქტურული და ფუნქციონალური რეორგანიზაცია, რომლის ბაზაზეც შეიქმნა ქობულეთის ზონალური საგადასახადო ინსპექცია, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს 2004 წლის 29 მაისის ¹22 დადგენილების მე-4 პუნქტი გულისხმობს ლიკვიდაციას, ლოგიკას იყო მოკლებული, რადგან ტექსტის შინაარსიდან გამომდინარეობდა სათაური და არა პირიქით.

კასატორის განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, როდესაც რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს ამავე კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია, რომ მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, რაც მისთვის არ შეუთავაზებიათ.

კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ბათუმის საგადასახადო ინსპექციაში განყოფილების სახით მოქმედებს ქობულეთის რაიონის გადასახადების ადმინისტრირებისა და მომსახურეობის განყოფილება, რომელშიც მოსარჩელის თანამდებობა არ არის გათვალისწინებული, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს ¹550 ბრძანებით დადგინდა შესაბამისი საგადასახადო ინსპექციების ბაზაზე რეორგანიზაციის და შტატების შემცირების გზით “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით საგადასახადო დეპარტამენტის გამგებლობაში საგადასახადო ინსპექციების შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც შევიდა ქობულეთის განყოფილება. ამდენად, ქობულეთის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია სადღეისოდ გარდაქმნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის ქობულეთის განყოფილებად (ს.ფ. 204).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. დ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად არის შეფასებული საქმის გარემოებები, არ არის დადგენილი შესაბამისი ფაქტები, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

დადგენილია, რომ აჭარის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარის 2004 წლის 9 აგვისტოს ბრძანებით მოსარჩელე ი. დ-ე გათავისუფლდა თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე და 108-ე მუხლების საფუძველზე, აჭარის ა/რ-ის საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტისა და მის სისტემაში შემავალი ქ. ბათუმისა და რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციების ლიკვიდაციის მოტივით. აღნიშნული ბრძანების საფუძველს წარმოადგენდა “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ორგანოების რეორგანიზაციის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს 2004 წლის 29 მაისის ¹22 დადგენილება, რომლითაც აჭარის ა/რ-ის ტერიტორიაზე მოქმედმა საგადასახადო ორგანოებმა საქმიანობა შეწყვიტეს 2004 წლის 1 ივნისიდან.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლის მოსარჩელესთან მიმართებაში არსებობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ შეფასებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს 2004 წლის 29 მაისის ¹22 დადგენილებით ლიკვიდირებულ იქნა აჭარის ა/რ-ის საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო და აჭარის ა/რ-ის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით შეიქმნა სარეორგანიზაციო-სალიკვიდაციო კომისია, რომელსაც დაევალა კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს ბრძანებით ფუნქციონირება შეწყვიტა ქობულეთის ზონალურმა საგადასახადო ინსპექციამ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული შეფასების გზით არასწორად განმარტა “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ორგანოების რეორგანიზაციის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს 2004 წლის 29 მაისის ¹22 დადგენილების შინაარსი, სადაც საუბარია აჭარის ა/რ-ის საგადახადო ორგანოების რეორგანიზაციაზე და არა ლიკვიდაციაზე. რამდენადაც სამართლებრივად რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სრულიად სხვადასხვა მოვლენებია, ამდენად, ტერმინი “რეორგანიზაციის” ზემოაღნიშნულ დადგენილებაში გამოყენება არ შეიძლება გაგებულ იქნეს ლიკვიდაციის შინაარსობრივი დატვირთვით. ამასთან, ის გარემოება, რომ ბრძანებაში ასევე საუბარია აჭარის ა/რ-ის ტერიტორიაზე მოქმედი საგადასახადო ორგანოების საქმიანობის შეწყვიტაზე, ასევე არ გამომდინარეობს, რომ მათ საქმიანობა შეწყვიტეს ლიკვიდაციის გზით. დაწესებულების საქმიანობა შეიძლება შეწყდეს რეორგანიზაციის შემთხვევაშიც, იმ განსხვავებით, რომ ამ დროს ადგილი აქვს უფლებამონაცვლეობას _ იმ დაწესებულების უფლებები და მოვალეობები, რომლის საქმიანობაც შეწყდა, გადაეცემა რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ, მის უფლებამონაცვლე დაწესებულებას. საგადასახადო ინსპექციების ლიკვიდაციაზე ასევე არ არის საუბარი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს ¹550 ბრძანებაში, ამასთან, აღნიშნული ბრძანების გამოცემის დროისათვის მოსარჩელე უკვე გათავისუფლებული იყო სამუშაოდან.

საგულისხმოა ასევე, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს 2004 წლის 29 მაისის ¹22 დადგენილებით აჭარის ა/რ-ის ტერიტორიაზე მოქმედმა საგადასახადო ორგანოებმა საქმიანობა შეწყვიტეს 2004 წლის 1 ივნისიდან, ხოლო მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა 2004 წლის 9 აგვისტოს აჭარის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით. 2004 წლის 1 ივნისადან 9 აგვისტომდე პერიოდში მოსარჩელე, ისევე როგორც მანამდე, წარმოადგენდა საგადასახადო ორგანოს საჯარო მოხელეს, რაც საგადასახადო ორგანოს ლიკვიდაციის შემთხვევაში დაუშვებელი იქნებოდა.

საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) იმ ნორმებთან მიმართებაში, რომლებიც დაწესებულების რეორგანიზაციის შემთხვევაში მოხელის სამუშაოდან გათავისუფლების საკითხს აწესრიგებს. სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, მოცემულ შემთხვევაში აჭარის ა/რ-ის საგადასახადო ორგანოებში რეორგანიზაცია განხორციელდა თუ არა შტატების შემცირებით, შემცირდა თუ არა მოსარჩელის შტატი და გამოირიცხებოდა თუ არა მოსარჩელის მისივე საშტატო ერთეულზე დანიშვნის ან მისთვის “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის საფუძველზე სხვა თანამდებობის შეთავაზების შესაძლებლობა.

იმ შემთხვევაში, თუკი სააპელაციო სასამართლო დაადგენს, რომ რეორგანიზაცია განხორციელდა შტატების შემცირებით და, მათ შორის, შემცირდა მოსარჩელის შტატი, უნდა გამოიკვლიოს, მოხდა თუ არა მოსარჩელესთან მიმართებაში სამუშაოზე უპირატესი დარჩენის საკითხის გამორკვევა (იმ პერიოდში მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი), მისთვის სხვა თანამდებობის შეთავაზება (“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილი) და ხომ არ არის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და დღეისათვის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და მოსარჩელის საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს, თუ რა წარმოადგენს სარჩელის დავის საგანი. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სარჩელის მოთხოვნა და აჭარის ა/რ-ის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს 2004 წლის 29 მაისის ¹22 დადგენილების, აჭარის ა/რ-ის საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2004 წლის 31 მაისის ¹320 მიმართვის, ქობულეთის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2004 წლის 4 ივნისის ბრძანების, აჭარის ა/რ-ის მთავრობის 2004 წლის 9 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობა, მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა. საქმის მასალებში არ მოიპოვება მოსარჩელის ან მისი წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის დავის საგნის დაზუსტების შესახებ. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოარკვიოს, თუ რა შეადგენს მოსარჩელის მოთხოვნას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის, 412-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. დ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.