ბს-437-420(კ-08) 11 სექტემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ კ. ხ.-ი (მოსარჩელე)
დავის საგანი – სახელფასო დავალიანებისა და სანივთე კომპენსაციის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
კ. ხ.-მა 2007 წლის 29 აგვისტოს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა გაუცემელი სახელფასო დავალიანების თანხის და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 1992 წლის 19 აგვისტოდან 2002 წლის 10 ოქტომბრამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადეტთა კორპუსში ...-ად. 2002 წლის 10 ოქტომბერს იგი დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან ავადმყოფობის გამო; აფხაზეთის ომის მე-2 ჯგუფის ინვალიდია; მიღებული აქვს მედალი ,,მხედრული მამაცობისათვის”. თავდაცვის სამინისტროს გააჩნია მისი კუთვნილი ხელფასის დავალიანება 1998-1999-2000 წლების სულ 2101,58 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საფინანსო სამმართველოს მიერ გაცემული ცნობით. კ. ხ.-ის განმარტებით მას ეკუთვნის სანივთე ქონების კომპენსაცია 860,60 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს დასაბუთებულად მიაჩნია მის მიმართ სახელფასო და სანივთე ქონების დავალიანების არსებობა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 75-ე, 96-ე მუხლების და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვა, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების და სანივთე ქონების ღირებულების, სულ 2962 ლარის და 26 თეთრის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ. ხ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კ. ხ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 2101,58 (ორი ათას ას ერთი ლარის და 58 თეთრის) ლარის გადახდა; კ. ხ.-ს უარი ეთქვა სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ხ.-ი 1992 წლის 19 აგვისტოდან 2002 წლის 10 ოქტომბრამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადეტთა კორპუსში ...-ად. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 2002 წლის 10 ოქტომბრის ¹2585 ბრძანებით მაიორი კ. ხ.-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან ავადმყოფობის გამო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საფინანსო სამმართველოს 2007 წლის 23 აგვისტოს ¹1182 ცნობით დადგენილია, რომ კ. ხ.-ს გენერალური შტაბის საფინანსო სამმართველოში ერიცხება 1998-2000 წლების დავალიანება სულ 2101,58 ლარის ოდენობით, მათ შორის: 1998 წელი ჯილდო – 87,54 ლარი, ხელფასი – 256,22 ლარი, კვების კომპენსაცია – 236 ლარი, მატერიალური დახმარება – 39,24 ლარი; 1999 წელი მატერიალური დახმარება – 39,24 ლარი, ჯილდო – 175,08 ლარი, ხელფასი – 409,34 ლარი, კვების კომპენსაცია – 354,00 ლარი; 2000 წელი ხელფასი – 268,42 ლარი, კვების კომპენსაცია – 236 ლარი.
სასამართლომ გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ”, საქართველოს კანონის მე-4 და 37-ე მუხლები; სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად კ. ხ.-ს სამსახურიდან დათხოვნისას უნდა მისცემოდა კუთვნილი დავალიანების მთლიანი თანხა, აღნიშნული მოთხოვნა თავდაცვის სამინისტროს მიერ არ შესრულებულა.
საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან დათხოვნამდე წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იმყოფებოდა სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე.
სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის პოზიცია სარჩელის მოთხოვნათა ხანდაზმულობის შესახებ, რადგან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-21-ე პუნქტის შესაბამისად ამ მუხლით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადა გამოყენებული უნდა იქნეს არა მოხელის ისეთი უფლების მიმართ, როგორიცაა შრომის ანაზღაურება და მასთან გათანაბრებული გასაცემები, არამედ სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული წერილობითი აქტების მიმართ.
სასამართლომ განმარტა, რომ სამხედრო მოსამსახურის ხელფასი, ჯილდო, მატერიალური დახმარება და კვების კომპენსაცია არ შეიძლება მიეკუთვნოს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და შესაბამისად ამ სახის მოთხოვნებზე გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა, რომელიც კ. ხ.-ს გაშვებული არა აქვს.
სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის თაობაზე, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადეტთა კორპუსის 2003 წლის 1 მაისის ¹99 ცნობა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს 860 ლარის ოდენობით დავალიანების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რადგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2007 წლის 22 აგვისტოს წერილით დადგენილია, რომ ამ დავალიანებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კრედიტორულ დავალიანებად არ აღიარებს.
ზემოაღნიშნულ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება. პალატის განმარტებით, აპელანტს არ წარმოუდგენია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული მოტივების გამაბათილებელი არგუმენტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 მარტის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
კასატორმა არ გაიზიარა სასამართლოს დასაბუთება იმის შესახებ, რომ მოცემულ დავაზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით დადგენილი საერთო ხანდაზმულობის ვადა, რადგან მოცემული მუხლი ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებზეც არ არის კონკრეტულად მითითებული ხანდაზმულობის ვადა. კასატორი თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხელფასის, კვების კომპენსაციის, ჯილდოს და მატერიალური დახმარების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, თუმცა სასამართლოს კანონის ეს ნორმა არ გამოუყენებია.
კასატორმა მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტია, მაგრამ მისი ნორმები ხშირ შემთხვევაში იმ ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებადაც გვევლინებიან, რომლებიც თავისი შინაარსით წარმოადგენენ ადმინისტრაციულ (საჯარო) ურთიერთობებს.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელესა და თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენდა სახელშეკრულებო ურთიერთობას.
კასატორი თვლის, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეოთხე პუნქტიდან ირკვევა, ,,დანამატის” სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ ფულად თანხებს, რომელიც გაიანგარიშება ნამსახურების წლების მიხედვით, რაც შეეხება ჯილდოს, კვების კომპენსაციას და მატერიალურ დახმარებას, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტიდან გამომდინარე, ,,დანამატის” სტატუსი არ აქვს მინიჭებული.
კასატორს მიაჩნია, რომ კვების კომპენსაცია, ჯილდო და მატერიალური დახმარების თანხები არ წარმოადგენენ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წარმოადგენს.
კასატორი მიუთითებს, რომ მოცემული დავის განხილვისას სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ 2007 წლის 23 აგვისტოს გაცემული ¹1182 ცნობა ვერ ჩაითვლება მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებად, რადგან მასში არ არის მითითებული ჯილდოს, კვების კომპენსაციის და მატერიალური დახმარების ვალის აღიარებისა და მისი გადახდის დაპირებაზე. აღნიშნული ცნობა ინფორმაციული ხასიათისაა და გაცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის კ. ხ.-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 826 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; კ. ხ.-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 826 ლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 მარტის განჩინება დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კ. ხ.-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაგან მისაღები აქვს 1998 წლის ხელფასი 256,22 ლარი; კვების კომპენსაცია 236 ლარი; ჯილდო 87,54 ლარი; მატერიალური დახმარება 39,24 ლარი; 1999 წლის ხელფასი 409,84 ლარი; კვების კომპენსაცია 354 ლარი; ჯილდო 175,08 ლარი; მატერიალური დახმარება 39,24 ლარი; ხოლო 2000 წლის დავალიანება კი შეადგენდა: ხელფასი 268,42 ლარი; კვების კომპენსაცია 236 ლარი;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კ. ხ.-თვის ხელფასის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კ. ხ.-თვის კვების კომპენსაციის _ 826 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად;
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ კ. ხ.-თვის კვების კომპენსაციის _ 826 ლარის ანაზღაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) თანამდებობრივი სარგოს გარდა მიეკუთვნება აგრეთვე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. კვების კომპენსაცია წარმოადგენს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.3 მუხლით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, ღებულობს კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ამიტომ იგი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და ამ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2007 წლის 22 აგვისტოს ¹9/2597 წერილი სახელფასო დავალიანებასთან ერთად არ შეიცავს კვების ულუფის დავალიანების აღიარებას; ამ წერილში მითითებულია, რომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება განხორციელდებოდა ამ მიზნებისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ხოლო სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებასთან დაკავშირებით წერილში განმარტებულია, რომ სამხედრო მოსამსახურეებს, ცნობები მიუღებელი ფორმის შესახებ უნდა წარედგინათ შესაბამის საფინანსო სამსახურებში ყოველი მიმდინარე საანგარიშო წლის ბოლომდე, რათა მომხდარიყო ანაზღაურება ან კრედიტორულ დავალიანებაში ასახვა. სამხედრო მოსამსახურეებზე უნიფორმის სანაცვლოდ გასაცემი შესაბამისი საკომპენსაციო თანხები კრედიტორულ დავალიანებად არ დაფიქსირებულა. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას აენაზღაურებინა საკომპენსაციო თანხის დავალიანება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის განჩინება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. ეს მუხლი განსაზღვრავს პირობას, რომლის არსებობის შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს თვითონ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, ისე, რომ არ დააბრუნოს იგი ხელახლა განსახილველად უკან. ამგვარი პირობაა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულად და სწორად დადგენა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ და ამ ფაქტების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები დადგენილია სრულად და სწორად, ე.ი. ფაქტობრივი თვალსაზრისით საქმე მზადაა გადასაწყვეტად, მაგრამ არასწორადაა შეფარდებული (გამოყენებული) კანონი.
ვინაიდან მოსარჩელეს მისაღები აქვს 1998-99-2000 წლების კვების კომპენსაცია 826 ლარი, ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ კ. ხ.-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ 1998-99-2000 წლების კვების კომპენსაციის 826 ლარის დაკისრების ნაწილში ხანდაზმულია, რის გამოც მისი სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის კ. ხ.-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 826 ლარის დაკისრების ნაწილი და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. არ დაკმაყოფილდეს კ. ხ.-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 826 ლარის დაკისრების ნაწილში.
4. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კ. ხ.-ის სასარგებლოდ 1275,58 ლარის დაკისრების ნაწილში.
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.