ბს-439-417(კ-07) 18 ივლისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. პ-ის წარმომადგენლის - რ. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 20 მარტს მოსარჩელე ლ. პ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და მოითხოვა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2006 წლის 21 თებერვლის ¹გ-04/04-1396 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ძირითადი პენსიის 2006 წლის 1 იანვრიდან 39 ლარით და პენსიის საერთო თანხის 168 ლარამდე გაზრდა, 2006 წლის 1 იანვრიდან მომატებული პენსიის სხვაობისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯების (500 ლარის ოდენობით) ანაზღაურება.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ლ. პ-ე არის მეორე მსოფლიო ომის პირველი ჯგუფის ინვალიდი. ძირითადი პენსია დანიშნული აქვს 2006 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების საფუძველზე 45 ლარის ოდენობით. ამავე კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული დანამატით მისი პენსია მთლიანად შეადგენს 129 ლარს. 2006 წლის 1 იანვრიდან მეორე მსოფლიო ომის ინვალიდების საპენსიო უზრუნველყოფის საკითხები რეგულირდება ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,დ.ა” ქვეპუნქტებით, რომლითაც ამ კონტიგენტის ძირითადი პენსია 45 ლარიდან 84 ლარამდე, ანუ 39 ლარით გაიზარდა.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულის მიუხედავად, მას მ/წლის იანვარ-თებერვალში კვლავ 129 ლარის ოდენობით დაერიცხა პენსია. პენსიის გაზრდის საკითხთან დაკავშირებით, მან განცხადებით მიმართა სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს, საიდანაც უარი მიიღო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2006 წლის 21 თებერვლის ¹გ-04/04-1396 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, ძირითადი პენსიის 2006 წლის 1 იანვრიდან 39 ლარით და პენსიის საერთო თანხის 168 ლარამდე გაზრდას, 2006 წლის 1 იანვრიდან მომატებული პენსიის სხვაობისა და საადვოკატო მომსახურობის ხარჯების (500 ლარის ოდენობით) ანაზღაურებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ლ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ 2005 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 თავი, მათ შორის, მე-60 მუხლი ამოღებულ იქნა.
2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა კანონი ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ”, რომლის მე-5 მუხლით განისაზღვრა პენსიის დანიშვნის საფუძვლები, ხოლო 22-ე მუხლით - ამ კანონის ამოქმედებამდე მოპოვებული უფლებების შენარჩუნება. აღნიშნული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული პენსიები (პენსიის დანამატთან ერთად), რომლებიც დანიშნულია ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებითა და ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით, ამ კანონის ამოქმედების დღიდან განიხილება, როგორც ამ კანონის თანახმად დანიშნული და გაცემული პენსიები და მათი გაცემა გაგრძელდება მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად”.
ზემოაღნიშნული კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ.ა” ქვეპუნქტის თანახმად, ომის I და II ჯგუფის ინვალიდებისათვის პენსიის ოდენობა განისაზღვრა 84 ლარით. ლ. პ-ის პენსია (დანამატთან ერთად) კი შეადგენს 129 ლარს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. პ-ეს დანიშნული ჰქონდა რა პენსია დანამატთან ერთად ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მას შეუნარჩუნდა ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული პენსია და მისი გადაანგარიშება აღარ მომხდარა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ხსენებული კანონის ამოქმედებამდე დანიშნული პენსია პენსიის დანამატთან ერთად კანონის 22-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს პენსიას.
სასამართლომ ასევე, უარი უთხრა ლ. პ-ეს საადვოკატო მომსახურეობის ხარჯების 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებაზე უსაფუძვლობის გამო, ხოლო რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას, სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან მოცემული სარჩელი განეკუთვნება სოციალურ საკითხს, მხარეები გათავისუფლებულები უნდა იქნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. პ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინებით ლ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. პ-ის წარმომადგენელმა რ. პ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლებზე მითითებით, რომელზედაც თავის სასარჩელო განცხადებასა და სააპელაციო საჩივარში აღნიშნავდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. პ-ის წარმომადგენლის - რ. პ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 4 ივნისის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად ლ. პ-ის წარმომადგენლის - რ. პ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
მხარეთა მიერ მოსაზრებები წარმოდგენილი არ იქნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ლ. პ-ის წარმომადგენლის – რ. პ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ლ. პ-ის წარმომადგენლის - რ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ლ. პ-ის წარმომადგენლის - რ. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას ლ. პ-ის წარმომადგენელ რ. პ-ს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.