Facebook Twitter

ბს-44-44(კ-08) 17 აპრილი, 2008 წ.

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ლ. ბ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ კასპის მუნიციპალური გამგეობა (მოპასუხე)

დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლალი ბარჯაძემ 2007 წლის იანვარში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე კასპის მუნიციპალური გამგეობის მიმართ და მოითხოვა კასპის მუნიციპალური გამგეობის 2006 წლის 14 დეკემბრის ¹6 ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 1982 წლიდან მუშაობდა კასპის რაიონის საფინანსო განყოფილებაში აგროსამრეწველო კომპლექსის დაფინანსების ....., შემდეგ მთავარი .... მოადგილედ და ბოლოს კასპის რაიონის ..... განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე. მისი შრომითი საქმიანობა მოიცავდა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალ-გასავლის ბუღალტრულ აღრიცხვას. 2006 წლის 14 ნოემბერს კასპის რაიონის საფინანსო განყოფილების ¹1 ბრძანების საფუძველზე მთელ კოლექტივს ხელი მოაწერინეს წინასწარ გაფრთხილებაზე ლიკვიდაციის და რეორგანიზაციის გამო საფინანსო განყოფილებაში მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილებების თაობაზე. მოსარჩელე, როგორც ყველა თანამშრომელი, აგრძელებდა შრომით საქმიანობას, რომელიც შეწყდა კასპის რაიონის მუნიციპალური გამგეობის ¹6 ბრძანების საფუძველზე. 2006 წლის 14 დეკემბრიდან მისი განყოფილების ყველა თანამშრომელი და მოსარჩელე აგრძელებდა შრომით საქმიანობას 2006 წლის 26 დეკემბრამდე. კასპის რაიონის მუნიციპალურმა გამგეობამ 2006 წლის 26 დეკემბერს უარი უთხრა მუნიციპალური გამგეობის საფინანსო სამსახურში დასაქმებაზე. მოსარჩელის მითითებით, დღეისათვის მუნიციპალური გამგეობის საფინანსო სამსახური ფუნქციონირებს, გაიზარდა სამუშაოს მოცულობა, ასევე გაიზარდა შტატების რაოდენობა, ყოფილი გამგეობის საფინანსო განყოფილების თანამშრომლები დასაქმდნენ მაქსიმალურად იმ საქმიანობის მიხედვით, რომელსაც ადრე ასრულებდნენ. ამასთან, ის ფუნქცია, რომელსაც მოსარჩელე ასრულებდა, დაწესებულებას შენარჩუნებული აქვს. მოსარჩელის მითითებით, კასპის რაიონის გამგეობის საფინანსო განყოფილება არ ლიკვიდირებულა, მისი აზრით, მოხდა რეორგანიზაცია. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ არის კვალიფიცირებული მუშაკი. მისი სამუშაოდან გათავისუფლება მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.

კასპის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ლ. ბ-ის სარჩელს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ 2006 წლის 14 დეკემბრის ¹6 ბრძანების მისი სამსახურიდან დათხოვნის ნაწილში ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის შესახებ ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ლ. ბ-ე მუშაობდა კასპის რაიონის გამგეობის .... განყოფილების წამყვან სპეციალისტად 2005 წლის 27 სექტემბრიდან შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. კასპის რაიონის გამგეობის 2006 წლის 14 ნოემბრის ¹1 ბრძანებით გაფრთხილებული იქნენ კასპის რაიონის გამგეობის სამსახურის ხელმძღვანელები და აპარატის თანამშრომლები ადგილობრივ მმართველობის ორგანოების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დაკავებული თანამდებობიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, მათ შორის მოსარჩელე ლ. ბ-ე. “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 651-ე მუხლის პირველი პუნქტით “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედების დღიდან ლიკვიდირებულია “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანო და რაიონის შემადგომლობაში შემავალი თვითმმართველი ერთეული. სასამართლომ მიუთითა, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ კასპის რაიონის გამგეობის ლიკვიდაცია არ მომხდარა, რადგან რაიონის გამგეობის ლიკვიდაციის საკითხი პირდაპირ იქნა განსაზღვრული კანონით. სასამართლომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მეოთხე პუნქტისა და მე-3 მუხლის შესაბამისად ჩათვალა, რომ მოსარჩელის საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად. სასამართლომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე და 108-ე მუხლების თანახმად მიუთითა, რომ ლიკვიდაციის გამო შესაძლო განთავისუფლების შესახებ ლ. ბ-ე გაფრთხილებულ იქნა 2006 წლის 14 ნოემბერს, ხოლო მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოიცა იმავე წლის 14уდეკემბერს და ამდენად მის მიმართ დაცულია კანონით განსაზღვრული გაფრთხილების ერთთვანი ვადა. სასამართლომ ჩათვალა, რომ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს აქვს 25 წლის მუშაობის გამოცდილება, არის უმაღლესი განათლების მქონე, რომ ფინანსთა სამინისტროщრეკომენდაციას აძლევდა მუნიციპალიტეტს, სამსახურში დაეტოვებინა გამოცდილი მუშაკები სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული, რადგან მუნიციპალიტეტს სრული უფლება ჰქონდა გამოეცა აქტი სამსახურის ლიკვიდაციის გამო მუშაკის გათავისუფლების შესახებ. სასამართლომ ჩათვალა, რომ ლ. ბ-ის მიმართ სამსახურიდან დათხოვნისას არ დარღვეულა კანონით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა და შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. მას მიღებული აქვს კანონით გათვალისწინებული ორი თვის კომპენსაციაც.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე კასპის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ არსებითად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებას, მათი გამაბათილებელი არგუმენტები აპელანტს არ წარმოუდგენია. აღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კასპის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 სექტემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. ბ-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოარკვია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლის საფუძველზეც მოხდა მისი უკანონო გათავისუფლება. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა კანონიერად მისი გათავისუფლება კასპის რაიონის გამგეობისა და მისი სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, როგორც ეს აღნიშნულია კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2006 წლის 14 დეკემბრის ¹6 ბრძანებაში, რომელშიც საფუძვლად მითითებულია “საჯარო სამსახურის შესახებ” 96-ე, 108-ე და 109-ე მუხლები. კასატორმა მიუთითა, რომ მისთვის გაურკვეველია, თუ ზემოაღნიშნული მუხლების რომელი პუნქტი გამოიყენა მისი გათავისუფლებისას კასპის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ. კასატორის მოსაზრებით, მხოლოდ ფორმის დაუცველობის გამოა ბათილად საცნობი კასპის რაიონის მუნიციპალიტეტის 2006 წლის 14 დეკემბრის ¹6 ბრძანება, რომელშიც ზუსტად არ არის მითითებული შესაბამისი კანონის ნორმა. კასატორის განმარტებით, ზემოაღნიშნული კანონის 96-ე მუხლის სხვადასხვა პუნქტი ითვალისწინებს როგორც ლიკვიდაციის, ისე რეორგანიზაციის წესებს, ხოლო 108-ე და 109-ე მუხლები ითვალისწინებენ სხვადასხვა ნორმებსა და წესებს. კასატორის მოსაზრებით, ზემოთმითითებული ბრძანება არის ბუნდოვანი და ფორმის დაუცველად გამოცემული, რის გამოც იგი უკანონოდ უნდა იქნეს მიჩნეული და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. კასატორმა მიუთითა “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე და 65-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ლ. ბ-ე გააფრთხილეს მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. კასატორის მითითებით, ლ. ბ-ე გააფრთხილეს მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის თანახმად. ამ მუხლით გათვალისწინებული გაფრთხილება მოიცავს როგორც ლიკვიდაციას, ასევე შტატების შემცირებას, მაგრამ მინიშნება გაკეთებული იყო ლიკვიდაციაზე და მუშაკი ფიქრობდა ლიკვიდაციის გამო მოსალოდნელ გათავისუფლებას, რა დროსაც აუცილებლად უნდა შემდგარიყო სალიკვიდაციო კომისიები და გამოცემულიყო შესაბამისი სალიკვიდაციო აქტები 2006 წლის 15 დეკემბრამდე. კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში ლ. ბ-ე მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე გააფრთხილეს და გაანთავისუფლეს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით და გათავისუფლების ბრძანებაში მიუთითეს ზოგადად “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე, 108-ე და 109-ე მუხლები და ფაქტიურად მოახდინეს შტატების შემცირება, რასაც მიანიშნებს ის გარემოება, რომ ლიკვიდაციასთან დაკავშირებული არანაირი პროცედურები არ ჩატარებულა და ფაქტიურად შემცირდნენ მუშაკები და ამ დროს უნდა გამოყენებულიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მესამე ნაწილის და 97-ე მუხლის მოთხოვნები, რასაც ფაქტიურად ადგილი არ ჰქონია. კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს საქმეში არსებული 2006 წლის 14 ნოემბრის ¹1 ბრძანების და 2006 წლის 14 დეკემბრის №6 ბრძანების ხელმოწერებიც. ერთს ხელს აწერს კასპის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, მეორეს მუნიციპალიტეტის გამგებელი. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 65-ე მუხლის შესაბამისად სალიკვიდაციო აქტებს 2006 წლის 15 დეკემბრამდე გამოსცემს გამგებელი, ხოლო 15 დეკემბრის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე. კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში 2006 წლის 14 დეკემბრის №6 ბრძანებას ხელს აწერს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ისე რომ ჯერ არ აქვს მინიჭებული მუნიციპალიტეტის სტატუსი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აქვს მუნიციპალიტეტის სტატუსი, მაშინ განთავისუფლების უფლება მას აღარ აქვს. მისი მოსაზრებით, იგი საკრებულოს უნდა გაენთავისუფლებინა და არა მუნიციპალიტეტს ან ხელი უნდა მოეწერა როგორც კასპის რაიონის გამგებელსвდა არა მუნიციპალიტეტის გამგებელს. იგი ამ სტატუსით მოცემულ ბრძანებაზე ხელმოსაწერად არაუფლებამოსილ პირს წარმოადგენდა.уკასატორის მითითებით, ბრძანების ხელმოსაწერაс ადასტურებს რომ მოხდა რეორგანიზაცია და არა სრული ლიკვიდაცია, რაც უდავოდ მოწმობს იმას, რომ ყველა მუშაკი, რომელიც განთავისუფლდა ვითომცდა ლიკვიდაციის გამო, უკანონოა და კასატორს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად სრული უფლება აქვს მოითხოვოს სამუშაოდან გათავისუფლების უკანონოდ ცნობა და სამსახურში იძულებით არ ყოფნის მთელი პერიოდის ხელფასის ანაზღაურება.

уьикსაქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში მიეცათ მოსაზრების წარმოდგენის უფლება, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 სექტემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.