Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-444-426(კ-08) 30 მაისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მარიამ ცისკაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე მოწინააღმდეგე მხარე თ. მ-ის მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმეები მოსარჩელე თ. მ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიმართ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 4 ოქტომბრის ¹229 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ და მოსარჩელე თ. მ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ ერთ წარმოებად გაერთიანდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 4 ოქტომბრის ¹229 ბრძანება თ. მ-ის ნაწილში და ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოსარჩელის მიმართ მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2008 წლის 2 მაისის განჩინებით მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა და არც საქმეში იყო წარმოდგენილი მინდობილობა, რომლითაც საკასაციო საჩივრის შემტან პირს _ გ. ქ-ს სასამართლო განჩინების გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილება ექნებოდა მინიჭებული. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს დაევალა მისთვის ხარვეზის შესახებ 2008 წლის 2 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გ. ქ-ის სახელზე გაცემული, სასამართლო განჩინების გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილების შემცველი მინდობილობა. კასატორს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 2 მაისის ხარვეზის შესახებ განჩინების შემცველი გზავნილი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს ჩაჰბარდა 2008 წლის 8 მაისს. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2008 წლის 19 მაისს. ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2008 წლის 2 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.