Facebook Twitter

ბს-445-423(კ-07) 18 ივლისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 25 თებერვალს ნ. ვ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ი. და რ. წ-ების, შ-ების თემის საკრებულოსა და ხელვაჩაურის საჯარო რეესტრის სამსახურის მიმართ და მოითხოვა რ. წ-ის სახელზე შედგენილი მიწის მიღება-ჩაბარების ¹22/6-17 აქტისა და ი. წ-ის სახელზე შედგენილი მიწის მიღება-ჩაბარების ¹22/6-75 აქტის ბათილად ცნობა და ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება მის სახელზე მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების თაობაზე.

მოსარჩელის განმარტებით, 1993 წლის 29 დეკემბრის ¹40 გადაწყვეტილებით ცალკე კომლად იქნა გამოყოფილი, ხოლო 2000 წლის 12 ივნისს ხელვაჩაურის საერთო კრებისა და შ-ების თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 2000 წლის 18 მაისის ¹2 ოქმის საფუძველზე მას, როგორც პირველი კატეგორიის უმიწო კომლს, შეურჩიეს და დაუმტკიცეს 0,25 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული საკითხი 2000 წლის 29 ივნისს განხილულ იქნა შ-ების თემის საკრებულოს გამგეობის სხდომაზე, რომლის ¹13 გადაწყვეტილებით დამტკიცდა შ-ების თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 2000 წლის 18 მაისის ¹2 ოქმი. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, შერჩევისა და მიზომვის აქტებით მოსარჩელეს გამოეყო 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი სოფელ ...ში შესასვლელი საავტომობილო გზის აღმოსავლეთით. ხსენებულ მიწის ნაკვეთს აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა წყალგამტარი არხი, ჩრდილოეთით _ მდინარე მეჯინა, სამხრეთით _ აჭარის გზატკეცილი (ბათუმი-ხულოს მიმართულებით) და დასავლეთით _ რ. წ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებლად მიმართა ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს, მაგრამ მან უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ხსენებულ მიწის ნაკვეთზე უკანონოდ იყო გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტები რ. და ი. წ-ების სახელზე.

მოსარჩელის მტკიცებით, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობა და მიწის მართვის სამსახური აღიარებდნენ იმ ფაქტს, რომ ი. და რ. წ-ეებს მითვისებული ჰქონდათ მისი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, კერძოდ, მათ ხელვაჩაურის კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს რწმუნებულთა კრების მიერ შედგენილი ოქმებითა და მიზომვის აქტებით მიწის ნაკვეთები მიღებული ჰქონდათ სხვა ადგილას, ხოლო მიწის მიღება-ჩაბარების შესაბამისი აქტებით უკანონოდ ჰქონდათ მიზომილი ის მიწა, რომელიც ნ. ვ-ის საკუთრება იყო, კერძოდ, რ. წ-ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთის საზღვრები არ ემთხვეოდა მასზე მიზომვის აქტით გამოყოფილი მიწის ნაკვეთის საზღვრებს.

ი. წ-მ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი ნ. ვ-ის სარჩელზე და აღნიშნა, რომ საკუთრებაში ჰქონდა 0,12 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ხოლო 1996 წლის 7 მარტის ¹2 ოქმით, ხელვაჩაურის კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს რწმუნებულთა კრების გადაწყვეტილებით შესავსებად გამოუყვეს 0,13 ჰა მიწის ნაკვეთი და მთლიანობაში მიწის საკარმიდამო ნაკვეთი შეუვსეს 0,25 ჰა-მდე. აქედან 450 კვ.მ შეევსო მის საცხოვრებელ სახლთან არსებული თავისუფალი მიწების ხარჯზე, ხოლო 850 კვ.მ მიწის შევსება მოხდა წინასწარ გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ხარჯზე, რომელიც მდებარეობდა მდინარე მეჯინასა და სოფელ ...ში შესასვლელი გზის კვეთიდან 45 მეტრის მანძილზე. აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ეკავა 0,5 ჰა, რომელსაც ი. წ-ე ამუშავებდა 1991 წლიდან, ჰქონდა იგი შემოღობილი, თესავდა ერთწლიან კულტურებს და ყოველი წლისათვის იხდიდა საიჯარო ქირის გადასახადს.

ი. წ-ის მტკიცებით, არასწორი იყო ნ. ვ-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, თითქოს მიწა ი. წ-ს შეევსო სხვა ადგილზე. აღნიშნულს ადასტურებდა მიწის მიღება-ჩაბარების აქტის ნახაზი და მისი სარეგისტრაციო ბარათის ნომერი. რ. წ-ს ხელვაჩაურის კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს რწმუნებულთა კრების 1996 წლის 9 ივლისის ¹3 გადაწყვეტილებით საკუთრებაში გამოეყო 0,25 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი სახნავის ხარჯზე, მდინარე მეჯინასა და სოფელ ...ში შესასვლელი გზის კვეთაში, გზიდან 45 მეტრის მანძილზე, ხოლო იმავე წლის 25 ივლისს შედგენილ იქნა მიზომვის აქტიც. 1999 წლის 5 მაისს ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ ¹22/6-17 მიღება-ჩაბარების აქტი გატარებულ იქნა სარეგისტრაციო ჟურნალში. ამის შემდეგ მთლიან ფართობზე დარგეს ციტრუსი და სხვა ხეხილი, ქარისგან დასაცავად გააშენეს 600 კვ.მ ქარსაფარი ზოლი. ი. წ-ის მტკიცებით, ნ. ვ-მ სადავო მიწის ნაკვეთის მისთვის საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა ი. და რ. წ-ებისათვის აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემიდან ხუთი წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ჩატარებულ იქნა ზემოაღნიშნული სამუშაოები. ი. წ-ის განმარტებით, ნ. ვ-ზე მიწის შერჩევა და გამოყოფა მოხდა უკანონოდ, ხოლო აღნიშნული უკანონობის გამომჟღავნების შემდეგ შ-ების თემის საკრებულოში შეეცადნენ დამატებითი სხდომის ოქმების გაფორმებას.

ი. და რ. წ-ებმა შეგებებული სარჩელით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს საკარმიდამო მიწის მიზომვის 2000 წლის 12 მაისის აქტისა და ნ. ვ-ზე მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გამოყოფის დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის რაიონის შ-ების თემის საკრებულოს გამგეობის სხდომის დადგენილების გაუქმება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი რ. წ-ის სახელზე შედგენილი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹22/6-17 აქტი და ი. წ-ის სახელზე შედგენილი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹22/6-75 აქტი; ხელვაჩაურის რაიონის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ნ. ვ-ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში გატარება; რ. და ი. წ-ეებს უარი ეთქვათ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. და რ. წ-ებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. და რ. წ-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება; ნ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ი. და რ. წ-ების შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ წარდგენილი შერჩევის აქტის დამტკიცებისა და 0,25 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნ. ვ-ისათვის გამოყოფის შესახებ შ-ების თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 2000 წლის 18 მაისის ¹2 ოქმის დადგენილება; ბათილად იქნა ცნობილი ნ. ვ-ისათვის საკარმიდამოდ 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ ხელვაჩაურის საერთო კრების 2000 წლის 12 ივნისის ¹1 ოქმი; ბათილად იქნა ცნობილი ნ. ვ-ისათვის საკარმიდამოდ 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფასთან დაკავშირებით, შ-ების თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 2000 წლის 18 მაისის ¹2 სხდომის ოქმის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ შ-ების თემის საკრებულოს გამგეობის სხდომის 2000 წლის 29 ივნისის ¹13 დადგენილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს რწმუნებულთა კრების 1996 წლის 9 ივლისის ოქმით რ. ი-ის ძე წ-ს საკარმიდამოდ სოფელ ...ში გამოეყო 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი სახნავის ხარჯზე, 1996 წლის 25 ივლისის მიზომვის აქტით რ. წ-ს მიეზომა საკარმიდამოდ 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი სოფელ ...ში შესასვლელი გზის მარჯვენა მხარეს, მდინარე მეჯინას გვერდით, სახნავის ხარჯზე. რ. წ-ზე გაიცა მიღება-ჩაბარების აქტი 0,25 ჰა მიწის ნაკვეთზე, რომელიც საჯარო რეესტრში გატარდა 1999 წლის 10 მაისს. ი. წ-ს 0,12 ჰა-ს ნაცვლად, გამოეყო 0,13 ჰა და შეევსო საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 0,25 ჰა-მდე და მასზე გაიცა მიღება-ჩაბარების აქტი 0,25 ჰა-ზე. 2000 წლის 12 მაისის შერჩევის აქტით ნ. ვ-ს შ-ების თემის სარეფორმო კომისიამ შეურჩია საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 0,25 ჰა სახნავის ხარჯზე, შ-ების თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 2000 წლის 18 მაისის ¹2 ოქმის დადგენილებით დამტკიცდა მიწის რეფორმის კომისიის მიერ წარდგენილი შერჩევის აქტი და ნ. ვ-ს სოფელ ...ის შესასვლელი გზის მიმდებარედ რ. წ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გვერდით გამოეყო 0,25 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. ხელვაჩაურის საერთო კრების 2000 წლის 12 ივნისის ¹1 ოქმით ნ. ვ-ს საკარმიდამოდ გამოეყო 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი სახნავის ხარჯზე. შ-ების თემის საკრებულოს გამგეობის სხდომის 2000 წლის 29 ივნისის ¹13 დადგენილებით დამტკიცდა საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 2000 წლის 18 მაისის ¹2 სხდომის ოქმის გადაწყვეტილება სოფელ ხ...ში მცხოვრებ ნ. ვ-ეზე 0,25 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფასთან დაკავშირებით. 2000 წლის 18 ივლისის მიზომვის აქტით ნ. ვ-ეს საკარმიდამოდ მიეზომა 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა სოფელ ...ში შესასვლელი საავტომობილო გზის აღმოსავლეთით და რომელსაც აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა წყალგამტარი არხი, ჩრდილოეთით _ მდინარე მეჯინა, სამხრეთით კი _ აჭარის გზატკეცილი ბათუმი-ხულოს მიმართულებით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შესაბამისი საარქივო ცნობის თანახმად, რ. ი-ის ძე წ-ე შ-ების საკრებულოს 1996 წლის 28 თებერვლის ¹2 გადაწყვეტილებით გამოყოფილი იყო ცალკე კომლად ერთი სულით. რ. წ-ემ მოითხოვა მიწის ნაკვეთის გამოყოფა, აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა სოფელ ...ში შესასვლელი გზის მარჯვენა მხარეს მდინარე მეჯინას სანაპიროს გასწვრივ.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილების პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში არსებული მიწა იყო საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული სიმდიდრე და მისი კუთვნილება. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის ¹290 დადგენილების პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები თავისი დანიშნულებისა და შემდგომში მათზე საკუთრების სხვადასხვა ფორმის გავრცელების გათვალისწინებით, იყოფოდა საკუთრივ სახელმწიფო მიწების ფონდად და მიწის რეფორმის ფონდად. მიწის რეფორმის ფონდი იქმნებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ხარჯზე. ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-11 პუნქტის მიხედვით, მიწების გაცემას ახდენდა სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანოები.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, მიწის ნაკვეთები თავდაპირველად გამოუყვეს ი. და რ. წ-ებს და შემდეგ, 2000 წელს _ ნ. ვ-ს. ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნიდან გამომდინარე, ი. და რ. წ-ების მიწის ნაკვეთში შედიოდა ნ. ვ-ის 0,136 ჰა და 0,089 ჰა მიწის ნაკვეთი. ხსენებული დასკვნის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. და რ. წ-ების მიერ მიღებული მიწის ნაკვეთი 2000 წელს მიეზომა ნ. ვ-ს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ვ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. 1993 წლის 29 დეკემბრის ¹40 გადაწყვეტილებით კასატორი გამოყოფილ იქნა ცალკე კომლად, ხოლო, როგორც პირველი კატეგორიის უმიწო კომლს, 2000 წლის 12 ივნისს ხელვაჩაუარის საერთო კრებისა და შ-ების თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიის 2000 წლის 18 მაისის ¹2 საოქმო გადაწყვეტილებით შეურჩიეს და დაუმტკიცეს საკარმიდამოდ 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკითხი განხილულ იქნა შ-ების თემის საკრებულოს გამგეობის სხდომაზე 2000 წლის 29 ივნისს, რომელმაც ¹13 გადაწყვეტილებით დაამტკიცა შ-ების თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიის მიერ 2000 წლის 18 მაისს მიღებული სხდომის ოქმის ¹2 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით, შერჩევის აქტითა და მიზომვის აქტით ნ. ვ-ს საკარმიდამოდ გამოეყო 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში შესასვლელი საავტომობილო გზის აღმოსავლეთით, რომელსაც აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა წყალგამტარი არხი, ჩრდილოეთით _ მდინარე მეჯინა, სამხრეთით _ აჭარის გზატკეცილის ბათუმი-ახალციხის მონაკვეთი, ხოლო დასავლეთით _ რ. წ-ის საკარმიდამო ნაკვეთი.

კასატორის განმარტებით, სპეციალისტების მიერ ადგილზე დათვალიერებით დადგენილ იქნა, რომ ი. და რ. წ-ებს მითვისებული ჰქონდათ მისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ხელვაჩაურის კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს რწმუნებულთა კრების 1996 წლის 7 მარტის ¹2 ოქმითა და მიზომვის აქტით ი. წ-ეს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეევსო 0,25 ჰა-მდე, რომელიც მდებარეობდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში შ. წ-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ხოლო მეორე მხრიდან ესაზღვრებოდა თავის ადრინდელ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, მიღება-ჩაბარების აქტში კი მითითებული იყო სულ სხვა ადგილი, რომელიც არც კრების ¹2 ოქმში და არც მიზომვის აქტში არ იყო მოხსენიებული, რაც ადასტურებდა ი. წ-ის მიერ ნ. ვ-ზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტს. რაც შეეხებოდა რ. წ-ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტს, მასში მითითებული მიწის ნაკვეთის საზღვრები საერთოდ არ ემთხვეოდა მასზე მიზომვის აქტით გამოყოფილი მიწის ნაკვეთის საზღვრებს, რადგან მიზომვის აქტით მას მიწა გამოუყვეს ხელვაჩაუარის რაიონის სოფელ ...ში შესასვლელი გზის მარჯვენა მხარეს ქარსაფარი ზოლის გასწვრივ, მდინარე მეჯინას გვერდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთის საზღვარი დასავლეთის მხრიდან უნდა ყოფილიყო საავტომობილო გზა, ხოლო ჩრდილოეთიდან _ მდინარე მეჯინა. აღნიშნული საზღვრები დაფიქსირებული და დადგენილი იყო შესაბამის მიზომვის აქტზე თანდართული ნახაზებითაც.

კასატორის მტკიცებით, შ-ების თემის საკრებულოს მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების შესაბამისი აქტის მიხედვით, რ. წ-ზე გაცემულია სულ სხვა მიწის ნაკვეთი, ანუ ის ნაკვეთი, რომელიც მას ეკუთვნის. აღნიშნული გარემოება მიწის ნაკვეთის შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტზე დართული მიწის ნაკვეთის ნახაზის აშკარა გაყალბებაზე მიუთითებს,

კასატორის განმარტებით, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. და რ. წ-ებზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის ამსახველი დოკუმენტაციის შედგენისას დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის მოთხოვნა. შ-ების თემის საკრებულოს გამგებელმა როსტომ თავდგირიძემ და მიწათმომწყობმა ლ. ვ-ემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ნ. ვ-ზე გაცემული მიწის ნაკვეთის დოკუმენტაციის რეალურობა და ი. და რ. წ-ებზე გაცემული დოკუმენტების უსწორობა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ი. და რ. წ-ების სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტზე დართული მიწის ნაკვეთის ნახაზის გაყალბების ფაქტზე. მოპასუხე მხარემ აღიარა და დაადასტურა მის მიერ გაცემული დოკუმენტების უკანონობა და უსწორობა, რაც, ფაქტობრივად, სარჩელის ცნობის ტოლფასია.

კასატორი აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 14 აპრილის განჩინებით, რადგან საკითხის გარკვევა მოითხოვდა სპეციალურ ცოდნას, დანიშნულ იქნა სასამართლო-საინჟინრო ექსპერტიზა, რომელიც ჩაატარა სასამართლო ექსპერტიზის არასამთავრობო კვლევითი ცენტრ ,,.. .." ექსპერტმა, რომელმაც იხელმძღვანელა საქმეში არსებული მასალებით და თავის დასკვნაში არ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებობდა ორი ურთიერთგამომრიცხავი დოუკუმენტი _ მიღება-ჩაბარების აქტებზე დატანებული მიწის ნაკვეთის ნახაზები. ექსპერტიზა ჩატარდა მხოლოდ ი. და რ. წ-ებისგან მიღებული განმარტებების გათვალისწინებით, ხოლო როცა ნ. ვ-ე შეეცადა მიეწოდებინა ექსპერტიზისათვის საჭირო განმარტებები, ი. და რ. წ-ებმა ხელი შეუშალეს აღნიშნულ პროცედურას, რის გამოც ექსპერტიზა შეჩერებულ იქნა და მოგვიანებით განახლდა, რაც კიდევ უფრო საეჭვოს ხდიდა ექსპერტიზის მიუკერძოებლობას.

კასატორი მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც დასტურდებოდა იმ ფაქტით, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ის გარემოება, რომ ი. და რ. წ-ებს უფრო ადრე გამოუყვეს მიწის ნაკვეთები, ვიდრე ნ. ვ-ს, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და საკითხის არსებითად გადაწყვეტის საფუძვლად ვერ გამოდგებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ვ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 17 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 18 ივლისამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანას. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ვ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.