Facebook Twitter

ბს-446-424(2კ-07) 22 ნოემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 29 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ი-ემ მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის, მესამე პირის _ ხ. ჯ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ბათუმის მერიის 2002 წლის 12 დეკემბრის ¹141 დადგენილების ბათილად ცნობა, რომლითაც ხ. ჯ-ს დაუკანონდა ბათუმში, ......... ქ. ¹6-ში მდებარე სახლის ¹18 ბინა.

მოსარჩელის მითითებით, იგი წლების განმავლობაში ცხოვრობს ქ. ბათუმში, ......... ქ. ¹6, ბინა ¹29-ში. 2002 წლის 23 მაისს განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მერიის საბინაო სამმართველოს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნით, ამავე სახლთმფლობელობაში არსებული თავისუფალი ფართის _ ¹18 ოთახის მისთვის მიკუთვნების შესახებ, მაგრამ სამმართველომ განცხადება განუხილველად დატოვა და სანაცვლოდ, მიიღო სადავო დადგენილება, რომლის გამოცემის დროს დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ: 76-ე მუხლი, რომლითაც მერია ვალდებული იყო, მისი განცხადების საფუძველზე დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება, რაც არ განუხორციელებია; 95-ე მუხლი, რომლითაც მერია ვალდებული იყო, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ მისთვის, როგორც დაინტერესებული მხარისათვის, ეცნობებინა და უზრუნველეყო წარმოებაში მისი მონაწილეობა, ასევე, გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ასევე, გათვალისწინებული არ იქნა ამავე კოდექსის 98-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, წარადგინოს მტკიცებულებები და შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის შესახებ, რითაც მოსარჩელემ ვერ ისარგებლა. ქ. ბათუმის მერიამ არ შეასრულა ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 69-ე მუხლის მოთხოვნაც, ვინაიდან ¹141 დადგენილებით ხ. ჯ-ს ისე დაუკანონდა ¹18 ბინა, რომ მასთან რაიმე წერილობითი ფორმის ხელშეკრულება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე არ დადებულა, მაშინ როდესაც, ადმინისტრაციულ გარიგებას წინ უნდა უსწრებდეს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის მიღება, რომლითაც ადმინისტრაციული ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ პირთან ადმინისტრაციული გარიგების დადების შესახებ, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, დაიცვას ის ნორმები, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოცემასთან დაკავშირებით არის დადგენილი (ს.ფ. 2-3).

2006 წლის 5 აპრილს ნ. ი-ემ სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მისი ოჯახის წევრები .......... ქ. ¹6-ში მდებარე ¹18 ოთახიდან გამოსახლდნენ, 2005 წლის 21 ივლისს გაცემული ¹.......... სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერება, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 5 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა და სააღსრულებო ფუცლით გათვალისწინებული აღსრულება შეჩერდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (ს.ფ. 9; 11).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2002 წლის 23 მაისს, როდესაც ნ. ი-ემ ქ. ბათუმის მერიის საბინაო სამმართველოს ¹18 ოთახის ხ. ჯ-თვის ჩამორთმევისა და მისთვის გადაცემის მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართა, იგი ........... ქ. ¹6-ში აღარ ცხოვრობდა და უკვე გაყიდული ჰქონდა კუთვნილი ¹29 ბინა. 2003 წლის 30 ივნისს ქ. ბათუმის მერიამ სარჩელი აღძრა ქ. ბათუმში, ........... ქ. ¹6-ში, ბინა ¹18-ში უკანონოდ მცხოვრები რ. ი-ის, შ. ა-ისა და ნ. გ-ის წინააღმდეგ მითითებული საცხოვრებელი ფართიდან მათი გამოსახლების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეთა მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული ¹18 ოთახი, რომელიც ქ. ბათუმის მერიის 2002 წლის 12 დეკემბრის ¹141 დადგენილებით ხ. ჯ-ს გადაეცა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უცვლელად დატოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მითითებით, აღნიშნულ საქმეში ნ. ი-ე საერთოდ არ მოიხსენება, რაც იმას ადასტურებს, რომ იგი იმჟამად ¹18 ბინაში არ ცხოვრობდა და არ გააჩნდა უფლებამოსილება რაიმე პრეტენზია განეცხადებინა მასზე. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ქ. ბათუმის მერიის 2002 წლის 12 დეკემბრის ¹141 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, ხოლო ნ. ი-ე, რომელიც განცხადებაში მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობდა, ასეთ პირად ვერ მიიჩნეოდა. ამასთან, მოსარჩელეს შეეძლო, სადავო დადგენილება კანონით დადგენილ საპროცესო ვადაში გაესაჩივრებინა, რაც ამ უკანასკნელს არ განუხორციელებია (ს.ფ. 50-51).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ი-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

აპელანტის მითითებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ ყოფილა დაცული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მთელი რიგი მოთხოვნები, რასაც თავად მერიაც არ უარყოფდა. ამდენად, ცალსახაა, რომ არსებობდა ადმინისტრაციული აქტის ბათილობის საფუძველი. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას, მას არასდროს ჩაბარებია გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი და მისთვის არც სხვაგვარად გამხდარა ცნობილი ამ ადმინისტრაციული აქტის შესახებ, რის გამოც არ არსებობდა ხანდაზმულობის ვადის ათვლის შესაძლებლობა და ვერ დადგინდებოდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის ფაქტი (ს.ფ. 58-59).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 თებერვლის განჩინებით ნ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. ბათუმის მერიის 2002 წლის 12 დეკემბრის ¹141 დადგენილებით მიღებულ იქნა საბინაო კომისიის წინადადება და ............ ქ. ¹6-ში გამოთავისუფლებული 14,33 კვ.მ. ფართის ¹18 ოთახი ხ. ჯ-ს დაუკანონდა იმ მოტივით, რომ იგი წლების მანძილზე უვლიდა კ. კ-ას, ამავე დროს, სახლი იყო სალიკვიდაციო და მასში სხვა პირს ვერ შეასახლებდნენ. 16,8 კვ.მ ფართის ¹17 ოთახი დარჩა საერთო სარგებლობაში. ხ. ჯ-ზე გაიცა ბინის ორდერი.

ბათუმის ვიცე-მერისადმი ბათუმის მერიის სამმართველოს 2000 წლის 7 დეკემბრის წერილის საფუძველზე, სააპელაციო საასმართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ............ ქ. ¹6-ში, ბინა ¹18, ირიცხებოდა ე. ბ-ას სახელზე, რომელიც 1985 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ბინით კ. კ-ა სარგებლობდა. ბინაზე პრეტენზია განაცხადეს ხ. ჯ-მა და ლ. ვ-ამ. საბინაო სამმართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია შესაბამისი საზღაურის სანაცვლოდ ბინის რომელიმე პრეტენდენტისათვის დაკანონება კ. კ-ას შეკედლების საკითხის გათვალისწინებით. კ. კ-ას განმარტებით, მასზე მეთვალყურეობას ახორციელებდა ხ. ჯ-ი, თავის მხრივ, ხ. ჯ-იც თანახმა იყო, კ-თვის ნორმალური საცხოვრებელი პირობები შეექმნა.

ბათუმის მერიის საბინაო სამმართველოს 2003 წლის 1 მაისის წერილით საბინაო სამმართველომ ბათუმის ვიცე-მერს შეატყობინა, რომ ¹18 ოთახი უკანონოდ დაიკავა რ. ი-ის ოჯახმა, რის გამოც უნდა აღძრულიყო სარჩელი მისი გამოსახლების შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 19 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა რ. ი-ის, შ. ა-ისა და ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 3 ნოემბრის განჩინება დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განჩინებიდან სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ......... ქ. ¹6-ში მდებარე 14,33 კვ.მ ¹18 ოთახი უკანონოდ დაიკავეს რ. ი-ემ, შ. ა-ემ და ნ. გ-ემ. ბინაში ცხოვრობდა კ. კ-ა, რომელსაც წლების განმავლობაში უვლიდა ხ. ჯ-ი. კ-ას გარდაცვალების შემდეგ ბინაში ცხოვრება განაგრძო ხ. ჯ-მა, რომლის მოთხოვნის საფუძველზე ბათუმის მერიამ 2002 წლის 12 დეკემბრის ¹141 დადგენილებით მას მისცა ბინა და გასცა ორდერი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ბათუმის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა და ნ. გ-ე, რ. ი-ე და ძ. ა-ე გამოსახლებულ იქნენ ამ ბინიდან, ხოლო ამ უკანასკნელთა შეგებებული სარჩელი ბათუმის მერიის 2002 წლის 12 დეკემბრის ¹141 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში სადავო ბინასთან დაკავშირებით არსად ფიგურირებდა ნ. ი-ე, ხოლო მისი სარჩელიდან ირკვეოდა, რომ იგი ............ ქ. ¹6-ში მდებარე ¹29 ბინაში ცხოვრობდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, ვალდებულია, უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე კოდექსის 2.1“ბ” მუხლის მიხედვით, დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით ნ. ი-ემ ბათუმის მერიის საბინაო სამმართველოს განცხადებით მიმართა 2002 წლის 23 მაისს და მოითხოვა გათავისუფლებული ბინის დაკანონება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. ამავე კოდექსის 177.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა მიიჩნევა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. ნ. ი-ეს მის განცხადებასთან დაკავშირებით არ გაუსაჩივრებია საბინაო სამმართველოს აქტი (ს.ფ. 83-87).

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ი-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა, იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე, 106-ე მუხლების მოთხოვნები, არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-5, მე-5, მე-7, მე-12, მე-13, 52-ე, 53-ე, 56-ე, 57-ე, 58-ე, 73-ე, 76-ე, 95-ე, 96-ე, 98-ე, მე-60 მუხლები და არასწორად გამოიყენა 177-ე მუხლი.

კასატორის მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, მტკიცებას არ საჭიროებს ის ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, რის საწინააღმდეგოდაც, სააპელაციო სასამართლომ სულ სხვა მხარეებს შორის წარმოებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე მტკიცებულებად გამოიყენა.

კასატორის მითითებით, მან 2002 წლის 23 მაისს, სამი თვით ადრე, ვიდრე ხ. ჯ-მა, განცხადებით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს ¹18 ოთახის მისთვის მიკუთვნების თაობაზე. ამრიგად, სასამართლოს მითითება, რომ აღნიშნულ მისამართზე იგი არ ცხოვრობდა და ვინაიდან განცხადების შეტანიდან ერთ თვეში ვერ მიიღო პასუხი, რაც უარს წარმოადგენდა და გასაჩივრებას ექვემდებარებოდა, არასწორია, ვინაიდან ის გარემოება, რომ იგი ბათუმში ......... ქ. ¹6-ში აღარ ცხოვრობდა ვერ ცვლის მისი ადმინისტრაციული ორგანოსადმი მიმართვის უფლებას და ამ მიმართვის შემდეგ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, როგორც დაინტერესებული მხარე, განცხადებაში მითითებულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად მიეწვია.

კასატორის მოსაზრებით, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ რადგან იგი ქ. ბათუმში .......... ქ. ¹6-ში აღარ ცხოვრობდა, დაინტერესებულ მხარედ ვერ მიიჩნეოდა. სინამდვილეში იგი განცხადების რეგისტრაციისთანავე აღიჭურვა დაინტერესებული პირის სტატუსით, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აღნიშნულთან რაიმე სპეციალურ დათქმას არ ითვალისწინებს _ 73-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოების მხარე შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანუ პირი, რომელმაც მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს, მიიჩნევა დაინტერესებულ პირად და მისი მოთხოვნა განიხილება, როგორც კონკრეტულ საკითხზე დაინტერესებული პირისა. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, მოიწვიოს კანონით დადგენილი წესით დაინტერესებული მხარე და უზრუნველყოს კანონის სხვა მოთხოვნების შესრულება. სასარჩელო განცხადების განხილვისას სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მას საკუთარი მოსაზრების წარდგენის საშუალება არ მისცა, ხოლო ხ. ჯ-ის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული აქტი მიიღო, რითაც დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, მე-7 და მე-4 მუხლების მოთხოვნა დისკრეციული უფლებამოსილების კანონისა და პირთა თანასწორობის საფუძველზე განხორციელების შესახებ.

კასატორის აზრით, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლზე, რომელიც ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს და მისი გამოყენება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ხანდაზმულად ცნობის ან პირიქით _ არ ცნობის დასადგენად შეუძლებელი იყო. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს აქტის გაცნობიდან ერთი თვის განმავლობაში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-58-ე მუხლები განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის რამდენიმე ფორმას _ ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებას, საჯაროდ გამოცხადებას და დაინტერესებული მხარისათვის ფოსტის მეშვეობით გაგზავნას, რომელთაგან მასთან მიმართებაში არც ერთს ადგილი არ ჰქონია (ს.ფ. 98-102).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და .

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ნ. ი-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 30%-ის _ 90 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.