ბს-447-425(კ-07) 18 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპსაუხე) – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მომოსარჩელე) – დ. ჭ-ე
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.07წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ჭ-ემ 20.05.05წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების _ 809 ლარისა და 58 თეთრის ანაზღაურება.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1995 წლიდან მუშაობდა საჩხერის რაიონულ საგადასახადო ინსპექციაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 25.06.01წ. რეფორმასთან დაკავშირებით, გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და მიუღებელი დარჩა 1998-2000 წლების ხელფასი, სულ 809.58 ლარი, რასაც ადასტურებს საჩხერის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 30.09.04წ. ცნობა. მოსარჩელე ასევე აღნიშნავდა, რომ საჩხერის რაიონული საგადასახადო ინსპექციის სამართალმემკვიდრე, შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული წესით, არის ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 25.07.05წ. განჩინებით დ. ჭ-ის განცხადებასთან (სარჩელთან) დაკავშირებით, არასათანადო მოპასუხე ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი და მოცემული ადმინისტრაციული საქმე განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.905წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა დ. ჭ-ათვის 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების, სულ 809 (რვაას ცხრა) ლარისა და 58 (ორმოცდათვრამეტი) თეთრის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.07წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.05წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. ამასთან, სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.05წ. გადაწყვეტილება კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება და მიიჩნია, რომ უსაფუძვლოა აპელანტის მითითება «საჯარო სამსახურის შესახებ კანონის» 1341-ე და «საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 და მე-8 მუხლებზე, ვინაიდან დასახელებული ნორმები განსაზღვრავს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესს, მოცემულ შემთხვევაში კი, დავის საგანს წარმოადგენს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება და არა სახელფასო დავალიანების დაფარვის წესის კანონიერების შემოწმება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 03.05.07წ. საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.07წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დ. ჭ-ათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, რომ იგი არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, ვინაიდან მოსარჩელე მუშაობდა საჩხერის რაიონულ საგადასახადო ინსპექციაში და ამდენად, მოპასუხედ ჩართული უნდა ყოფილიყო ის ორგანო, რომელთანაც შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა იგი, შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, როგორც არასათანადო მოპასუხე, უნდა შეცვლილიყო სათანადო მოპასუხით. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს პრეზიდენტის 28.04.01წ. ¹162 ბრძანებულების მე-7 ნაწილით, რომელიც ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 05.05.04წ. ¹150 ბრძანებულებით. აგრეთვე, სასამართლომ არ გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი, რომლის თანახმად 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად, ანუ «საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.07წ. განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მოსარჩელე 1995 წლიდან მუშაობდა საჩხერის რაიონულ საგადასახადო ინსპექციაში, საიდანაც რეფორმასთან დაკავშირებით 25.06.01წ. გათავისუფლდა. მას მიუღებელი დარჩა 1998-2000 წლების ხელფასის თანხა, მთლიანობაში 809,58 ლარის ოდენობით. «საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 28.04.01წ. ბრძანებულებით გაუქმდა საჩხერის რაიონული საგადასახადო ინსპექცია და იგი მოექცა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში. ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ «საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 28.04.01წ. ბრძანებულების მე-7 ქვეპუნქტის განმარტებას იმგვარად, რომ ქალაქებისა და რაიონების სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციების გაუქმებასთან დაკავშირებით დათხოვნილი საჯარო მოსამსახურეებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელფასო დავალიანებათა ანაზღაურება უშუალოდ ფინანსთა სამინისტრომ უნდა განახორციელოს.
«საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 28.04.01წ. ბრძანებულების მე-7 პუნქტის, მართალია, ითვალისწინებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვალდებულებას, საგადასახადო ინსპექციების გაუქმებასთან დაკავშირებით დათხოვნილი საჯარო მოსამსახურეებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელფასო დავალიანებათა დაფარვა უზრუნველყოს, მაგრამ კანონის აღნიშნულ ნორმაში იგულისხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ამ დავალიანებათა დაფარვის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ასიგნებების გამოყოფა კონკრეტული უწყებისათვის, რის შემდეგაც შესაბამისი უწყება განახორციელებს თავისი თანამშრომლების დავალიანებების გასტუმრებას. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მიხედვით, მოხელეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, ხელფასის ანაზღურების ვალდებულება აკისრია ადმინისტრაციას და არა მესამე პირს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საჩხერის რაიონულ საგადასახადო ინსპექციას გააჩნდა დ. ჭ-ის მიმართ 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება 809,58 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ საჩხერის რაიონული საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლეა ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სასამართლოს მსჯელობას მითითებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიჩნევის თაობაზე. მოსარჩელე საჯაროსამსახურებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა საჩხერის რაიონულ საგადასახადო ინსპექციასთან (ამჟამად, ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია), მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ გამომდინარეობს აღნიშნული საჯაროსამსახურებრივი ურთიერთობიდან, როგორც მისი თანმდევი შედეგი, ხოლო ამ ურთიერთობის მონაწილე ვალდებულ მხარეს მოცემულ შემთხვევაში განეკუთვნება უშუალოდ ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია და არა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რის გამოც კასატორის პრეტენზია საფუძვლიანია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საქმე განხილულია მისი, როგორც არასათანადო მოპასუხის მონაწილეობით, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სსსკ-ის 85-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ხელახლა განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.07წ. განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.