Facebook Twitter

ბს-447-428(კ-08) 12 ივნისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ჯ.-ა (მოპასუხე)

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ჯ.-ა 1992 წლის 19 აგვისტოდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ჰოსპიტალში ...-დ. თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 13 ოქტომბრის ¹2859 ბრძანების საფუძველზე იგი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან. საქართველოს შეირაღებული ძალების, ჯარების ლოგისტიკური დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობა ¹3-11/...-ის შესაბამისად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალიანებამ 1998-2000 წლებში ნ. ჯ.-ს მიმართ შეადგინა 1329 ლარი და 65 თეთრი (მათ შორის ხელფასი – 378,37 ლარი, კვების კომპენსაცია – 670,26 ლარი, კვარტალური ჯილდო – 217,38 ლარი, მატერიალური დახმარება - 63,64 ლარი).

ნ. ჯ.-მ 2007 წლის 20 სექტემბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების სახით ზემოაღნიშნული თანხის დაკისრება მოპასუხე ორგანიზაციისათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ჯ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ნ. ჯ.-ს სასარგებლოდ 1329,65 ლარის ანაზღაურება.

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით _ საქართველოს შეიარაღებული ძალების, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი 2007 წლის 28 აგვისტოს ცნობით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ნ. ჯ.-ს მიმართ ერიცხება დავალიანება 1329,65 ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლი, ასევე ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტი და 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ გაიზიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ნ. ჯ.-ს სარჩელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 129 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ვრცელდება კერძო სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ სახელშეკრულებო მოთხოვნებზე და არა კანონით განსაზღვრულ ვალდებულებათა შეუსრულებლობით წარმოშობილ მოთხოვნაზე.

სასამართლოს მითითებით, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს მის სოციალურ დაცვას სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობების და თავისებურებების გათვალისწინებით, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სახელმწიფოს სრულ კმაყოფაზე და სამხედრო მოსამსახურეს ძირითადი ხელფასის გარდა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წლის განმავლობაში მიეცემა ფულადი ჯილდო და ან მატერიალური დახმარება. ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს სახელმწიფო ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, კანონმდებელმა ცალსახად განსაზღვრა, რომ მოსამსახურე მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოფილია სასურსათო ულუფით. კონკრეტულ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ვალდებულება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნ. ჯ.-ს მიმართ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პეიროდში არ განხორციელებულა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ჯ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ხელფასის _ 378,37 (სამას სამოცდათვრამეტი ლარი და ოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარის, ჯილდოს _ 217,38 (ორასჩვიდმეტი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი) ლარის, მატერიალური დახმარების _ 63,64 (სამოცდასამი ლარი და სამოცდაოთხი თეთრი) ლარის გადახდა ნ. ჯ.-ს სასარგებლოდ, ხოლო სასურსათო ულუფის (კვების) კომპენსაციის _ 670,26 (ექვსას სამოცდაათი ლარი და ოცდაექვსი თეთრი) ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ მოტივებს: საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2007 წლის 27 აგვისტოს ¹3-11/6143 და 2007 წლის 18 ოქტომბრის ¹3-11/7948 ცნობებით სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ყოფილი თავდაცვის სამინისტროს ... ჰოსპიტალის თანამშრომლის ნ. ჯ.-ს კუთვნილი ხელზე გასაცემი დავალიანება 1998-1999-2000 წლებში შეადგენს 1329,65 ლარს. მათ შორის ხელფასი _ 378,37 ლარი, კვების კომპენსაცია _ 670,26 ლარი, ჯილდო _ 217,38 ლარი, მატერიალური დახმარება 63,64 ლარი. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 31.2 მუხლი, ასევე “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 და მე-12 მუხლები. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე” VIII თავის მე-6 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის ფულადი სარგოები განისაზღვრება თანამდებობრივი, სამხედრო წოდების, კვების ულუფის ღირებულებისა და ნამსახურობის პროცენტული დანამატების გათვალისწინებით.

სასამართლომ მიუთითა, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 37.1 მუხლის შესაბამისად (1997 წლის 01 დეკემბრიდან ამოქმედებული რედაქცია) ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი); ხოლო ამ მუხლის პირველ პუნქტში 1998 წლის 20 თებერვლის ¹1248-II საქართველოს კანონით შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების მიხედვით, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. ამავე კანონში 2005 წლის 23 დეკემბერს ¹2470-რს კანონით შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების შედეგად 37.1 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორცილდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 1341 მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) დანაწესის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებული კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა განხორციელდება დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება, მაგრამ სპეციალური დათქმის მიხედვით იგი არ მოიცავს საჯარო მოსამსახურისათვის განსაზღვრული კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულებასაც.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის მოთხოვნები ამ სახის კომპენსაციებზე არ ვრცელდება.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2007 წლის 27 აგვისტოს ¹3-11/6143 და 2007 წლის 18 ოქტომბრის ¹3-11/7948 ცნობებით არ დასტურდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ კვების (სასურსათო ულუფის) კომპენსაციის 670.26 ლარის დავალიანების სახით ვალის აღიარების ფაქტი. აღნიშნული ცნობა ატარებს საინფორმაციო ხასიათს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოთხოვნა 1998-1999-2000 წლების კვების (სასურსათო ულუფა) კომპენსაციის _ 670,26 ლარის ანაზღაურების ნაწილში არის ხანდაზმული, ვინაიდან მოსარჩელემ მითითებული დავალიანების ანაზღაურების შესახებ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2007 წლის 20 სექტემბერს, დავალიანების წარმოშობიდან თითქმის 9 (ცხრა) წლის გასვლის შემდეგ, როდესაც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების შესრულების მოთხოვნისათვის სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრულია სამწლიანი ვადა.

სასამართლომ ჩათვალა, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 1341 მუხლის შესაბამისად, მოთხოვნა სახელფასო დავალიანების _ ხელფასის 378,37 ლარის, ჯილდოს 217,38 ლარის, მატერიალური დახმარების 63,64 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ არის ხანდაზმული, ამიტომ სააპელაციო პალატამ უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება აღნიშნულზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ დააკმაყოფილა ნაწილობრივ თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, რადგან ნ. ჯ.-ა ითხოვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაგან 1998-2000 წლების მიუღებელი ხელფასის 378,37 ლარის, კვების კომპენსაციის 670,26 ლარის, ჯილდოს _ 217,38 ლარის და მატერიალური დახმარების _ 63,64 ლარის, სულ 1329,65 ლარის ანაზღაურებას. სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი მხოლოდ კვების კომპენსაციის ნაწილში დააკმაყოფილა.

კასატორის მოსაზრებით, ხელფასის არსზე და მის შემადგენელ კომპონენტებზე მსჯელობისას უპირატესად გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო 1999-2000 წლებში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები. სადავო ურთიერთობა უნდა მოწესრიგებულიყო “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლით (1998-2000 წლების რედაქციით). კასატორის მითითებით, იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა ამ ფულად გასაცემელს (ჯილდო, კვების კომპენსაცია, მატერიალური დახმარება) კანონმდებლობის მიხედვით ჰქონდეს “დანამატის” სტატუსი. კასატორმა “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე პუნქტის (2000 წლამდე რედაქციით), მესამე და მე-4 პუნქტების შესაბამისად მიუთითა, რომ დანამატის სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ ფულად თანხებს, რომელიც გაიანგარიშება ნამსახურობის წლების მიხედვით. რაც შეეხება ჯილდოს და მატერიალურ დახმარებას, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტიდან გამომდინარე, დანამატის სტატუსი არ აქვს მინიჭებული. ამიტომ, კასატორს მიაჩნია, რომ ჯილდო და მატერიალური დახმარების თანხები წარმოადგენენ არა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს, არამედ, ხელფასისგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს.

კასატორი თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნები ჯილდოს და მატერიალური დახმარების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

კასატორის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ასევე “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო იმ დღიდან, როდესაც მოსარჩელეს უნდა მიეღო თითოეული თვის ან პერიოდის ჯილდო ან მატერიალური დახმარება. კასატორი თვლის, ვინაიდან სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2007 წელს, ამიტომ სარჩელის შეტანის დროს მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადები.

კასატორს ასევე ხანდაზმულად მიაჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ხელფასის მოთხოვნის ნაწილშიც, რადგან იმ დროს მოქმედი “შრომის კანონთა კოდექსის" 81-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება ხდებოდა დროებლივად, 94-ე მუხლის პირველი პუნქტით ხელფასი გაიცემოდა ყოველი ნახევარი თვის შემდეგ მაინც, თუ შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული. ამდენად, კასატორს უდავოად მიაჩნია, რომ ხელფასის გაცემა წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას.

კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლები, რაც წარმოადგენს განჩინების გაუქმების საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 393 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული 2007 წლის 27 აგვისტოს ¹3-11/6143 ცნობა ვალდებულების აღიარებად, ამასთან, აღნიშნული დოკუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, რადგან დასახელებული დოკუმენტით მისი გამცემი ორგანო არ აღიარებს მოსარჩელის მოთხოვნის არსებობას და მისი შეფასება სამინისტროს მიერ ვალდებულების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტად, კანონსაწინააღმდეგოა; კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელეს (განმცხადებელს) მიეცა სამინისტროში დაცული საჯარო ინფორმაცია მისი მოთხოვნის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.