Facebook Twitter

¹ბს-448-426(კ-07) 18 ივლისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. პ-ის წარმომადგენლის - რ. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 26 დეკემბერს მოსარჩელე ლ. პ-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და მოითხოვა ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის ,,დ” პუნქტის თანახმად, მინიმალურ პენსიაზე 100%-ის ოდენობით დანამატის დანიშვნა და ამავე კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიუღებელი დანამატის გაცემა კანონის ამოქმედებიდან საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ ერთი წლის მიუღებელი პენსიის დანამატის - 504 ლარის ოდენობით გაცემამდე და საადვოკატო მომსახურების ხარჯების - 500 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიუთითა, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის თანახმად, პენსიის მომატების უფლების წარმოშობისას პენსიონერი ვალდებულია, მიმართოს საპენსიო ორგანოს პენსიის გადაანგარიშების მოთხოვნით. საპენსიო ორგანო ხსენებული კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, მოვალეა, პენსიის გადაანგარიშება აწარმოოს მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოებს პენსიის მისაღებად, მაშინ მას ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობა შეიძლება გადაუხადონ წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის დღეს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ხსენებული კანონის 52-ე მუხლი ეხება პენსიონერისათვის უკვე დანიშნულ, მაგრამ დროულად გაუცემელ პენსიას, რომელიც პენსიონერმა ვერ მიიღო საპენსიო ორგანოს მიზეზით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მითითებით, პენსია უნდა გაიცეს არა უმეტეს სამი წლისა, მისი მიღების შესახებ მიმართვამდე და არა კანონის ამოქმედებიდან.

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ 2005 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების თანახმად, კანონიდან ამოღებულ იქნა 27-58-ე მუხლები, მე-7 და მე-8 თავები და რადგან, ლ. პ-ს კანონით დადგენილი წესით არ დანიშვნია ზემოხსენებული კანონის 41-ე მუხლის ,,დ” პუნქტით გათვალისწინებული საპენსიო დანამატი, შესაბამისად, სასამართლოს აღნიშვნით, არ არსებობდა საპენსიო დანამატის კანონით დადგენილი ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.

სასამართლომ ასევე უარი უთხრა ლ. პ-ს საადვოკატო მომსახურების ხარჯების - 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებაზე უსაფუძვლობის გამო, ხოლო, რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას, სასამართლომ მიუთითა, რომ, ვინაიდან მოცემული სარჩელი განეკუთვნება სოციალურ საკითხს, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. პ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 მარტის განჩინებით ლ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. პ-ის წარმომადგენელმა რ. პ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლებით, რომელზედაც თავის სასარჩელო განცხადებასა და სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. პ-ის წარმომადგენლის - რ. პ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 4 ივნისის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად ლ. პ-ის წარმომადგენლის - რ. პ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2007 წლის 20 ივნისს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა მოსაზრება, რომლითაც ითხოვდა ლ. პ-ის წარმომადგენლის – რ. პ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ლ. პ-ის წარმომადგენლის – რ. პ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ლ. პ-ის წარმომადგენლის - რ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ლ. პ-ის წარმომადგენლის - რ. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას ლ. პ-ის წარმომადგენელ რ. პ-ს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.