Facebook Twitter

¹ბს-449-430(კ-06) 4 აპრილი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ი. ჯ-ი, წარმომადგენელი მ. ძ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის ფილიალი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 აპრილის განჩინება

დავის საგანი _ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება და მიუღებელი საპენსიო თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. ჯ-ის განცხადება და იგი აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად (ტომი 1, ს.ფ. 2).

2003 წლის 25 ნოემბერს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის ფილიალმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე წარმოების განახლება (ტომი 1, ს.ფ. 1).

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 იანვრის განჩინებით გაუქმდა 1999 წლის 29 აპრილის სასამართლო გადაწყვეტილება, დადგინდა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების თაობაზე ი. ჯ-ის განცხადების ხელახლა განხილვა (ტომი 1, ს.ფ. 12).

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 იანვრის განჩინებით ი. ჯ-ას განცხადება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად (ტომი 1, ს.ფ. 16).

2005 წლის 25 მაისს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ი. ჯ-მა მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის ფილიალის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 2003 წლის ოქტომბრიდან გაუცემელი პენსიის ანაზღაურების დავალება.

მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

ი. ჯ-ის მშობლები პოლიტიკური მოტივით გადასახლებულნი იყვნენ საქართველოდან ყაზახეთში. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ჯ-ი აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, რის საფუძველზეც დაენიშნა პენსია 45 ლარის ოდენობით. პენსია ეძლეოდა 2003 წლის ოქტომბრამდე. 2003 წლის ნოემბრის თვიდან, მას შემდეგ, რაც სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის ფილიალმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოსარჩელეს პენსია აღარ მიუღია. მოსარჩელის მოსაზრებით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებით დარღვეული იყო ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მოთხოვნები (ტომი 2, ს.ფ.1)

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 აგვისტოს განჩინებით ი. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლებით:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ჯ-ის მშობლები _ ი. ჯ-ი და ხ. ჯ-ი 1944 წელს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, გადასახლებული იყვნენ საქართველოდან ყირგიზეთში, საიდანაც გათავისუფლდნენ 1956 წელს სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1956 წლის 27 აპრილის ¹134/42 დადგენილების საფუძველზე, წინანდელ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უფლების გარეშე. ხელვაჩაურის რაიონის არქივის 2003 წლის 17 ნოემბრის ¹3 ცნობით დასტურდებოდა, რომ ი. ჯ-ის დედას _ ხ. ჯ-ის გადასახლებიდან გათავისუფლების შემდეგ, 1958 წლიდან სხვადასხვა წლებში, ნამუშევარი ჰქონდა ... მეურნეობაში. მტკიცებულება მისი მშობლების შეზღუდვების შესახებ მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია (ტომი 2, ს.ფ. 20-21).

რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ჯ-მა. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივებით:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით აპელანტი აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. 2003 წლის 19 ნოემბერს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის ფილიალმა. განმცხადებელმა ხელვაჩაურის საარქივო მასალებიდან სასამართლოში წარადგინა მტკიცებულება, კერძოდ, ცნობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელის დედა _ ხ. ჯ-ი 1960 წლამდე მუშაობდა .... ჩაის ფაბრიკაში, შემდეგ კი ნებაყოფლობით დაბრუნდა ყაზახეთში საცხოვრებლად, სადაც დაიბადა მოსარჩელე ი. ჯ-ი. აპელანტის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება უნდა შეტანილიყო ერთი თვის ვადაში და ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელი იყო. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის ფილიალისათვის წარდგენილი მტკიცებულების შესახებ ცნობილი იყო ჯერ კიდევ განცხადების შეტანამდე, შესაბამისად, სასამართლოს მითითებულ მტკიცებულებაზე არ უნდა ემსჯელა (ტომი 2, ს.ფ. 25).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 აპრილის განჩინებით ი. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. რამდენადაც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 28 ივნისის სხდომაზე არ მონაწილეობდა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის ფილიალი, მისთვის ახალი გარემოებები ცნობილი გახდა 2003 წლის 17 ნოემბერს, ხოლო ამ გადაწყვეტილების გადასინჯვა მოითხოვა 2003 წლის 25 ნოემბერს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამით დაცული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა განცხადების ერთი თვის ვადაში შეტანის შესახებ. ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენდა ის, რომ ი. ჯ-ის მშობლები გადასახლებიდან გათავისუფლდნენ 1956 წელს, ხოლო ი. ჯ-ი დაიბადა გადასახლებიდან გათავისუფლების შემდეგ. მოსარჩელის დედას 1958 წლიდან ნამუშევარი ჰქონდა სოფელ ... ჩაის ფაბრიკაში. ი. ჯ-ის მშობლის ი. ჯ-ის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოსადმი განცხადებით და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ი. ჯ-ი გათავისუფლდა 1956 წელს. მოსარჩელე დაიბადა მშობლის გადასახლებიდან გათავისუფლების შემდეგ.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნეოდა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის შვილი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა გადასახლებაში. რამდენადაც ი. ჯ-ი გათავისუფლდა 1956 წელს, ხოლო მისი შვილი დაიბადა გათავისუფლების შემდეგ, ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოსარჩელის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების საფუძველი (ტომი 2, ს.ფ. 41-45).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ჯ-ის წარმომადგენელმა მ. ძ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის მითითებით, სასამართლომ საქმის განხილვისას ყურადღება არ მიაქცია მის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, რომლებითაც დასტურდებოდა, რომ სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1956 წლის 28 აპრილს ¹135/42 დადგენილების საფუძველზე ი. ჯ-ის მშობლები გათავისუფლდნენ სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან. ამის მიუხედავად მათზე კვლავ გრძელდებოდა შეზღუდვები. მხოლოდ 1974 წლის 9 იანვრის დადგენილების საფუძველზე გახდა შესაძლებელი ი. ჯ-ის მშობლებისათვის აღნიშნული შეზღუდვების მოხსნა. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ კასატორის მშობლებს თავიანთ პირვანდელ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების საშუალება მიეცათ მხოლოდ 1974 წლის 9 იანვრის დადგენილებით. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მხარემ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ (ტომი 2, ს.ფ. 46-48).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო საჩივრის ერთ-ერთი საფუძველია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით დამთავრებულ საქმეზე წარმოების არასწორად განახლება იმ მოტივით, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის ფილიალმა საქმეზე წარმოების განახლება მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის აღნიშნული მოტივი მოცემულ შემთხვევაში სრულიად შეუსაბამოა.

საქმეზე, რომლითაც გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება და განახლდა ი. ჯ-ის განცხადებაზე წარმოება, დამთავრებულია წარმოება ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 იანვრის განჩინებით, რომლითაც ი. ჯ-ას განცხადება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ დატოვებულია განუხილველად. ი. ჯ-ს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით არ გაუსაჩივრებია. მან ხელახლა აღძრა სარჩელი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ცნობის მოთხოვნით, რომელიც მოცემულ შემთხვევაში განსახილველი საქმის დავის საგანია. აქედან გამომდინარე, ი. ჯ-ი არაუფლებამოსილია, მოცემულ საქმეზე სადავო გახადოს მის მიერ თავდაპირველად აღძრულ განცხადებაზე წარმოების განახლება, რამდენადაც ამ შემთხვევაში იხილება არა ი. ჯ-ის თავდაპირველი განცხადება, რომელზეც განახლდა წარმოება, არამედ მის მიერ ხელმეორედ აღძრული სარჩელი იმავე მოთხოვნით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნაზე არსებითად მსჯელობის ნაწილში.

კასატორი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ცნობას ითხოვს “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის საფუძველზე, როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის შვილი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის შვილი იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს აღიარებული პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, თუკი იგი მშობელთან ერთად იმყოფებოდა გადასახლებაში.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ი. ჯ-ი დაიბადა მისი მშობლების _ ი. ჯ-სა და ხ. ჯ-ის გადასახლებიდან გათავისუფლების პერიოდის _ 1956 წლის შემდეგ. საქმეში არ მოიპოვება ი. ჯ-ის დაბადების მოწმობა, საიდანაც დადგინდებოდა ი. ჯ-ის დაბადების ზუსტი თარიღი, ადგილი და მისი მშობლების ვინაობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამორკვევას ასევე საჭიროებს, თუ რატომ არის საქმეში ი. ჯ-ი რიგ შემთხვევაში მოხსენიებული ჯ-ას გვარით, ხოლო მისი მშობლების გვარია ჯ-ი, ყველა ამ შემთხვევაში საქმე შეეხება თუ არა ერთ პიროვნებას _ ი. ჯ-ს.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ჯ-ის მშობლები შუა აზიაში გადასახლებაში იმყოფებოდნენ 1944 წლიდან, საიდანაც გათავისუფლდნენ 1956 წელს, მაშინ როდესაც საქმეში არ მოიპოვება 1944 წლის ¹6279 დადგენილება, რომლის საფუძველზეც კასატორის მშობლები გადასახლებულ იქნენ შუა აზიაში და არც 1956 წლის ¹135/42 დადგენილება კასატორის მშობლების სპეციალური კომენდატურის აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ, ასევე, საქმეში არსებული მასალებით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა საფუძვლით იყვნენ კასატორის მშობლები გადასახლებული 1944 წელს.

სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია, რომ 1956 წლიდან მოსარჩელის მშობლებს მოეხსნათ იძულებითი შეზღუდვა და ი. ჯ-ის დაბადების პერიოდში ასეთ შეზღუდვას არ ექვემდებარებოდნენ, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. საქმეში არსებული საარქივო ცნობით დგინდება, რომ ხ. ჯ-ის .... ჩაის საბჭოთა მეურნეობაში 1960-1977 წლებში ნამუშევარი არა აქვს (ტ.2, ს.ფ. 3).

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია, ხომ არ ვრცელდებოდა სადავო ურთიერთობაზე სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 9 იანვრის ბრძანებულება, სადაც საუბარია სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1956 წლის 22 სექტემბრის ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადებაზე, რომლითაც იძულებითი შეზღუდვა მოეხსნათ გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებულ პირებს.

მოსარჩელე პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას ითხოვს, როგორც “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის სუბიექტი. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოარკვიოს, კასატორის მშობლები გადასახლებული იყვნენ თუ არა ეთნიკური ჯგუფისათვის კუთვნილების საფუძველზე, რამდენადაც, ასეთ შემთხვევაში, “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მათზე ვერ გავრცელდება აღნიშნული კანონი, რამდენადაც ეს კანონი არ აწესრიგებს დეპორტირებულ ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებული პირების რეაბილიტაციის წესს.

სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა დაადგინოს, კონკრეტულად, სად იყვნენ გადასახლებული კასატორის მშობლები და რომელ წლებში, რამდენადაც საქმეში ერთ შემთხვევაში საუბარია მათი ყაზახეთში, ხოლო მეორე შემთხვევაში მათი ყირგიზეთის რესპუბლიკაში იძულებით გადასახლებაში ყოფნაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოიკვლიოს საკასაციო სასამართლოს მიერ მითითებული ზემოაღნიშნული გარემოებები, მოიძიოს შესაბამისი მტკიცებულებები და გამოიტანოს საქმეზე შესაბამისი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.