ბს-451-429(კ-07) 1 ნოემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. კ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. კ-ამ 11.04.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა მარტვილის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ მარტვილის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის, საჯარო რეესტრის, ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის, ლ. რ-ისა და სოფელ ....... საკრებულოს მიმართ და სახელმწიფო სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულის მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 20.10.04წ. ¹74 განკარგულების გაუქმება და შესაბამისი სამსახურებისათვის მიწის ნაკვეთის მისთვის დაბრუნების დავალდებულება მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2003 წელს განცხადებით მიმართა მარტვილის რაიონის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის შესახებ განცხადებების განმხილველ კომისიას, მისთვის მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის თაობაზე, რასთან დაკავშირებით გააჩნდა სოფელ ........ საკრებულოს თანხმობა (2,19 ჰა მიწის ნაკვეთზე) და სოფელ ......... საკრებულოს ნახაზი, რომელსაც ხელს აწერდნენ სოფელ ......... საკრებულოს თავმჯდომარე და მდივანი. კომისიის თავმჯდომარემ _ თ. კ-ამ განუმარტა, რომ საბუთები წესრიგში ჰქონდა და ჩაიბარა. ამის შემდეგ მიწის ნაკვეთი გახდა სადავო ი. კ-ას მეზობელ გ. კ-თან. შემდგომში მოსარჩელეს შეექმნა ოჯახური პრობლემები (მამა გაუხდა ძალიან ცუდად, გაუკეთდა ურთულესი ოპერაცია გულზე), ხოლო მოგვიანებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიწის ნაკვეთი იჯარით გაუციათ სოფელ ........-ში მცხოვრებ რ. გ-ზე. მოსარჩელისათვის გაუგებარი გახდა, რატომ მიეცა სხვა სოფელში მცხოვრებ პიროვნებას სოფელ ........ მიწის ნაკვეთი, როდესაც კანონით, ჯერ ძირითადი მცხოვრები უნდა დაკმაყოფილებულიყო. მოსარჩელის განმარტებით, ამ მიწის ნაკვეთს ითხოვდა იმის საფუძველზე, რომ იქ იყო მისი ოჯახის მამა-პაპისეული საცხოვრებელი ეზო. გარკვეული დროის შემდეგ მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა იქ, სადაც ამჟამად ცხოვრებენ. იმ მიწის ნაკვეთზე გაშენდა თუთის ხეები, რომლებსაც უვლიდა მეზობელი გ. კ-ა, რომელიც იყო მეველე. მეურნეობის დაშლის პერიოდში ი. კ-ამ მოითხოვა აღნიშნული მიწის ნაკვეთის პირად საკუთრებაში იჯარით აღება, რის თაობაზეც გამგეობაში გააკეთა განაცხადი და მიიღო ნებართვა. ყველა საბუთი მოიყვანა წესრიგში და შეიტანა მარტვილის გამგეობაში, როდესაც მოიკითხა საბუთები, რომ საქმე გაეგრძელებინა საბუთები არ დახვდა, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მისი საბუთების საფუძველზე მიწა გაიყიდა ფ. ი-ას მეუღლე _ ლ. რ-ზე. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო გ. კ-ამ, გამგებელმა ბ. ვ-ამ და მოადგილემ რ. კ-ამ, ისინი ფ. ი-ას, როგორც თავად აღნიშნავდნენ, დიდ პატივს სცემდნენ და აჩუქეს ეს მიწები. ამ დროის მანძილზე გამგებელი და მისი მოადგილე ი. კ-ას სთავაზობდნენ მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა ადგილას, აგრეთვე ფულს, მაგრამ იგი არ თანხმდებოდა, რის გამოც მოსარჩელემ ამ ორი ადამიანის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა.
ი. კ-ამ შემდგომ დააზუსტა სარჩელი და მარტვილის რაიონის ადგილობრივი მმართველობის 02.11.04წ. ¹74 განკარგულების, 20.10.04წ. ¹69 ოქმის, 03.11.04წ. საიჯარო ხელშეკრულების და მის საფუძველზე მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ¹3 ოქმის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურისათვის საჯარო რეესტრის მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელემ მიწის იჯარით გაცემის შესახებ გამგეობის განკარგულება მიიჩნია უკანონოდ, ვინაიდან მიწა უნდა გაიცეს კონკურსის წესით, აუცილებელია, ინფორმაცია იჯარით გაცემის შესახებ გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, რაც არ იქნა გათვალისწინებული.
მარტვილის რაიონული სასამართლოს 03.10.06წ. გადაწყვეტილებით ი. კ-ას დაზუსტებული სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. 31.10.06წ. ი. კ-ამ სააპელაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 09.03.07წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი. კ-ას სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩა მარტვილის რაიონული სასამართლოს 03.10.06წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 02.08.98წ. ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული “სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულების მე-8 თავის მე-2 პუნქტის მიხედვით, კომისია მიღებული მასალების საფუძველზე ადგენს საინფორმაციო ცნობას კონკურსის წესით მიწის იჯარით გაცემის შესახებ და უზრუნველყოფს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მის გამოქვეყნებას კონკურსის მოწყობამდე 20 კალენდარული დღით ადრე. გაზეთ ,, ........ " 2004 წლის ივნისის ¹4-ში გამოქვეყნდა ინფორმაცია სოფელ .......-ში 2,4 ჰა მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის შესახებ. განცხადება მიწის ნაკვეთის იჯარით აღების თაობაზე შეიტანა მხოლოდ ლ. რ-ამ. აღნიშნული დებულების მე-3 თავის მე-3 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მიწის იჯარით აღებას თხოულობს მხოლოდ ერთი პირი, მასზე მიწა იჯარით გაიცემა უკონკურსოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, იჯარით გაცემის შესახებ განცხადებების განმხილველმა კომისიამ 20.10.04წ. სადავო ნაკვეთი მიაკუთვნა ლ. რ-ას, რაც დამტკიცდა მარტვილის რაიონის გამგეობის 02.11.04წ. ¹74 განკარგულებით.
03.11.04წ. დაიდო იჯარის ხელშეკრულება ლ. რ-თან. მართალია ი. კ-ას ბიძას ზ. კ-ას ჰქონდა მოთხოვნილი აღნიშნული სადავო მიწის ნაკვეთი, რაც დაკმაყოფილდა, მაგრამ ეს იყო 2003 წელს, რომელიც გაუქმდა 05.09.04წ. ........... საკრებულოს გადაწყვტილებით. “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების თანახმად, აღნიშნული ნაკვეთი პრივატიზებულ იქნა ლ. რ-ას მიერ 22.11.05წ. და აღირიცხა მის საკუთრბად. სადავო მიწის ნაკვეთი ლ. რ-ას მიერ გასხვისებული იქნა შპს ,,ვ-ზე”. აღნიშნულის გამო, შპს ,,ვ-ი” მოცემულ საქმეში ჩამულ იქნა მესამე პირად. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის მიხედვით, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ლ. რ-ამ, იჯარით მიიღო რა მიწის ნაკვეთი შეისყიდა იგი სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზაციის კანონით, ე.ი. იგი იყო მესაკუთრე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, შპს ,,ვ-ის” მიერ ცოდნა იმისა, რომ ლ. რ-ამ კანონის დარღვევით შეიძინა სადავო მიწის ნაკვეთი და ისე გაასხვისა იგი შპს “ვ-ზე”. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მიხედვით კი, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შეძლება იცოდა, რომ ჩანაწერი უსუზტოა. საქმის მასალებით არ დადასტურდა შპს “ვ-ის” მიერ ლ. რ-ას სახელზე ჩანაწერის უზუსტობის შესახებ, საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობაზე კი სარჩელის არარსებობის გამო სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად.
ი. კ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.03.07წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის აზრით, განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ამასთან, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს. სააპელაციო საჩივრის განხილვისას არ მომხდარა მტკიცებულებების ყოველმხრივ სრული და ობიექტური განხილვა, რასაც შედეგად მოჰყვა უკანონო გადაწყვეტილების მიღება. სადავო მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემა მოპასუხე ლ. რ-ზე მოხდა კანონის უხეში დარღვევით. საქართველოს პრეზიდენტის 21.08.98წ. ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ დებულების III ნაწილის მე-3 ქვეპუქტის თანახმად: ,,იმ შემთხვევაში, თუ მიწის იჯარით აღებას თხოულობს მხოლოდ ერთი პირი, მასზე მიწა იჯარით გაიცემა უკონკურსოდ, ყველა სხვა შემთხვევაში იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მიწა იჯარით გადაეცემათ მხოლოდ კონკურსის წესით”, ე.ი. აუცილებელი იყო კონკურსის გამოცხადება, ვინაიდან როგორც ეს საქმის მასალებით ცალსახადაა დადგენილი სადავო მიწის ნაკვეთის იჯარით აღებას თხოულობდა სამი პირი: ზ. კ-ა, გ. კ-ა და ლ. რ-ა. ამასვე ადასტურებს სოფელ ......... საკრებულოს თავმჯდომარე თავის წერილობით შესაგებელში. კანონის დარღვევას აღიარებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი თავის ახსნა-განმარტებაში. იმას, რომ მართლაც დაირღვა კანონი სადავო მიწის ნაკვეთის იჯარით აღების დროს, ნათლად ჩანს სასოფლო-სამეურნეო მიწის საიჯარო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებაშიც. ზემოაღნიშნული დებულების VIII თავის მე-2 პუნქტის მიხედვით, კომისია მიღებული მასალების საფუძველზე ადგენს საინფორმაციო ცნობას კონკურსით მიწის იჯარით გაცემის შესახებ და უზრუნველყოფს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მის გამოქვეყნებას კონკურსის მოწყობამდე 20 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული კანონის იმპერატიული მოთხოვნა დარღვეულია, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული განჩინების მიღებისას. პირიქით, პალატამ მიიჩნია, რომ მიწის იჯარით გაცემის შესახებ გამოქვეყნება მოხდა კანონის სრული დაცვით. სინამდვილეში კი გაზეთ “ .....-ის” 2004 წლის ივნისის ¹4-ში გამოქვეყნდა ინფორმაცია სოფ. .......-ში 2,4 ჰა ნაკვეთის იჯარით გაცემის შესახებ, სადაც მითითებული იყო მხოლოდ ...... 2,4 ჰა მიწის ნაკვეთით და არ იყო დაკონკრეტებული, ტერიტორია, რადგან .......-ის ტერიტორია მოიცავს კიდევ რამდენიმე უბანს, მაშინ როდესაც .......-ის საკრებულოს მიერ გაცემულ თანხმობაში, მიმართვაში მითითებულია ლეკეკელეს უბანი. როგორც საიჯარო კომისიის თავმჯდომარის _ თ. კ-ას განმარტებიდან ირკვევა, მათ კონკურსი არ გამოუცხადებიათ, თუმცა არ უარყოფს, რომ ლ. რ-ას გარდა, მას ჰქონდა აგრეთვე ზ. კ-ას განცხადებაც. სააპელაციო პალატა ადასტურებს, რომ ი. კ-ას ბიძას ჰქონდა მოთხოვნილი აღნიშნული სადავო მიწის ნაკვეთი, რაც დაკმაყოფილდა, მაგრამ ეს იყო 2003 წელს, რომელიც გაუქმდა 05.09.04წ. ....... საკრებულოს გადაწყვეტილებით. აღნიშნული არ შეიძლება გაიზიაროს საკასაციო პალატამ, ვინაიდან 05.09.04წ. ე.წ. დადგენილება არ წარმოადგენს იმ იურიდიულ დოკუმენტს, რომლითაც ძალადაკარგულად შეიძლებოდა ჩათვლილიყო საკრებულოს მიერ გაცემული თანხმობა და სხვა დოკუმენტაციები ზ. კ-ზე. აღნიშნული არ არის კანონმდებლობით შედგენილი (გამოცემული) ადმინისტრაციული აქტი და დღემდე არ ჩაჰბარებია ზ. კ-ას. სასამართლომ ასევე ყურადღება არ გაამახვილა ერთ მნიშვნელოვან დარღვევაზე, კერძოდ, როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, ლ. რ-ას სადავო მიწის ნაკვეთი გაუფორმდა წარმომადგენლის _ რ. გ-ის მეშვეობით, თუმცა საქმეში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტაცია მინდობილობა, რწმუნებულება, რომლითაც ზ. გ-ი უფლებამოსილი იყო წარმოედგინა ლ. რ-ას ინტერესები. აღნიშნული დარღვევა კი წარმოადგენს აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს. ამასთან, 09.09.02წ. ლ. რ-ა ......... საკრებულოს გამგეობას თხოვდა 1,4 ჰა მიწის ნაკვეთის გაფორმებას, თუმცა შემდგომ მას გაუფორმეს საიჯარო ხელშეკრულებით 2,6 ჰა სახნავი მიწა, რაც გარკვეულ ეჭვს იწვევს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 16.09.04წ. ასევე განცხადებით მიმართა გ. კ-ამ სოფ. ........-ის გამგეობის საკრებულოს და ითხოვა 1,2 ჰა მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემა. სააპელაციო პალატამ აღნიშნულ მტკიცებულებებს არ მისცა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება, მეტიც, მას საერთოდ არ უმსჯელია და არ გამოუკვლევია წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმის გადაწყვეტისას. რაც შეეხება შპს ,,ვ-ს”, რომელიც არის სადავო მიწის ნაკვეთის ამჟამინდელი მესაკუთრე და, სააპელაციო პალატის აზრით, კეთილსინდისიერი შემძენია, ეს მოტივი არ შეიძლება სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის საფუძველი გახდეს, ვინაიდან თუ სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოთხოვნა კანონიერია და ბათილად ცნობს აქტებს, მაშინ ე.წ. კეთილსინდისიერ შემძენს შეუძლია მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება მიწის ნაკვეთის გამყიდველს, ე.ი. ლ. რ-ას. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის გაყიდვა შპს ,,ვ-ზე” მოხდა დავის სასამართლოში განხილვის დროს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 21.05.07წ. განჩინებით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. კ-ას საკასაციო საჩივარი. საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა ა. რ-ას და შპს “ვ-ის” წარმომადგენელმა ლ. ფ-ემ და აღნიშნა, რომ კასატორი ვერ მიუთითებს ვერც ერთ კონკრეტულ კანონისმიერ საფუძველზე, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვება და თავად საკასაციო საჩივარში მოყვანილი გარემოებები ასეთ საფუძველს არ ქმნის, არამედ მასში ფაქტობრივად განმეორებულია ის სადავო საკითხები, რომლებსაც მოსარჩელე აყენებდა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი სასარჩელო განცხადებით, ხოლო შემდგომ სააპელაციო საჩივრით, თუმცა ისინი, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი, არ იქნა გაზიარებული არც ერთი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ. ამდენად, მოპასუხეთა მოსაზრებით, არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ი. კ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთი საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. კ-ას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი. კ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. კ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ი. კ-ას დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 90 ლარის გადახდა;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.