452-431(კ-08) 22 ოქტომბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹.... სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.01.07წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹.... რეგიონალურმა სამმართველომ (ამჟამად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹.... სამმართველო) სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ., ჟ., ნ., მ. და ნ. ფ-ების მიმართ და ნ. ფ-ის სახელზე გაცემული ¹.... ბინის ორდერის გაუქმება, მისი ოჯახის გამოსახლება რეგიონალური სამმართველოს კუთვნილი, ქ. ბათუმში .... 1. ¹2ა-ში მდებარე ¹44 ბინიდან და აღნიშნული ბინის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა მოითხოვა.
მოსარჩელის მითითებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს 29.10.01წ. დროებითი საბინაო კომისიის ¹3 სხდომის ოქმის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურე ნ. ფ-ეს აჭარის რეგიონალური სამმართველოს ფონდიდან სამსახურებრივი დანიშნულებით გამოეყო ქ. ბათუმში, .... ქუჩა ¹2ა-ში ¹44 საცხოვრებელი ბინა. აღნიშნული ოქმის საფუძველზე ქ. ბათუმის მერიამ 20.01.03წ. გასცა ¹.... ორდერი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის 21.04.03წ. ¹215 ბრძანებით, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტზე მითითებით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, უფროსი ლეიტენანტი ნ. ფ-ე დათხოვნილი იქნა სასაზღვრო ძალებიდან. მას ბინა დათხოვნისთანავე უნდა ჩაებარებია სამმართველოსათვის, რაც არაერთხელ ეცნობა, მაგრამ ნებაყოფლობით ბინის ჩაბარება სამმართველოსათვის არ მომხდარა.
ნ. ფ-ემ სასამართლოში წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარის სარჩელის უარყოფა და სადავო ბინის პრივატიზაციის წესით მის სახელზე გაფორმება მოითხოვა.
შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებით იგი 1993 წლის 14 ივნისიდან 2003 წლის 21 აპრილამდე მსახურობდა შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სტრუქტურაში: თავდაპირველად _ სასაზღვრო გამშვები პუნქტის კონტროლიორად, 1994 წლის 15 ივნისიდან 1996 წლის 12 აგვისტომდე _ შს ორგანოებში, 1996 წლის 25 ივნისიდან 1999 წლის 25 ივლისამდე _ რუსეთის სასაზღვრო ჯარების ხიჭაურის რაზმში, სადაც მუშაობის ერთი წელი ითვლებოდა 1,5 წლად. 1999 წელს რუსეთის სასაზღვრო ჯარებს ჩაენაცვლა საქართველოს სასაზღვრო ჯგუფი, სადაც მუშაობდა 2003 წლის აპრილამდე _ სამსახურიდან დათხოვნამდე. სამხედრო სავალდებულო სამსახურის 2 წლის ჩათვლით მისი სამხედრო სამსახურში მუშაობის სტაჟი 13 წელს შეადგენს. ამჟამად იგი და მისი მეუღლე უმუშევარები არიან და ჰყავთ ექვსი შვილი, მათ შორის ოთხი არასწულწლოვანი. მისი მითითებით, 2001 წლის 21 სექტემბრის საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს დროებითი საბინაო კომისიის ¹3 სხდომის ოქმის საფუძველზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით, მიიღო ერთოთახიანი ბინა, რაზეც გაცემულია შესაბამისი ორდერი. ბინა ადრე რუსეთის სასაზღვრო ჯარების ბალანსზე იმყოფებოდა და მასში ჩაწერილი მოქალაქე ამჯამად რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. იგი ამოწერილია ბინიდან. სადაო ფართი მისთვის გადმოცემის დროისათვის იყო ავარიულ მდგომარეობაში და შეაკეთა საკუთარი ხარჯებით.
შეგებებული სარჩელის ავტორი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 06.09.1993წ. ¹603 დადგენილებით დამტკიცებულ დროებით დებულებაზე, რომლის მე-13 პუნქტის თანახმად სამხედრო მოსამსახურეებს ბინები ეძლევათ საბინაო კომისიის გადაწყვეტილებით. სწორედ ამ სახის კომისიის გადაწყვეტილებით იქნა მასზე გაცემული სადაო ბინა. ამავე დებულების მე-12 პუნქტის თანახმად ოფიცერთა შემადგენლობას ბინები ეძლევა ოჯახის ერთ წევრზე 9-12 კვ. მეტრი. შესაბამისად, მას ეკუთვნოდა ოთხოთახიანი ბინა, ხოლო მისთვის გადაცემული ბინა იყო ერთოთახიანი. დებულების მე-17 პუნქტით ოფიცერთა შემადგენლობას, რომელთაც ბინები სამსახურებრივი დანიშნულებით მიიღეს, უფლება აქვთ ბინის მიღებიდან და სამხედრო ნაწილში სულ ცოტა 10 წლის სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ მოახდინონ მათი პრივატიზაცია. მოსარჩელის მითითებით, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის მომენტში, მას უკვე ჰქონდა მის მიერ მართლზომიერად დაკავებული ბინის პრივატიზაციის უფლება და მოპასუხე ვალდებულია საკუთრებაში გადასცეს იგი. ამავე დებულების მე-18 პუნქტით ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც ბინები მიიღეს რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის კუთვნილ საბინაო ფონდში და აღარ მსახურობენ სამხედრო შენაერთებში, უფლება აქვთ მოახდინონ მათ მიერ დაკავებული ბინების პრივატიზაცია. მას რუსეთის სასაზღვრო ჯარებთან სამსახურეობრივი ურთიერთობა ჰქონდა 1996 წლის 25 ივნისიდან, რაც აძლევს ბინის პრივატიზაციის უფლებას, როგორც ამას დებულების მე-18 პუნქტი განსაზღვრავს. შეგებებული სარჩელის ავტორი მიუთითებს ასევე საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და აღნიშნული მუხლის ძალმოსილებასთან დაკავშირებით სამოქალაქო კოდექსის 1507 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელთა საფუძველზეც მიიჩნევს, რომ საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად არ შეიძლება გამოსახლებული იქნენ პირები, რომელთაც სამსახურებრივი სადგომის მიმცემ დაწესებულებაში იმუშავეს 10 წელზე მეტო ხნის განმავლობაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14.02.06წ. გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹.... რეგიონალური სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ნ. ფ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹... რეგიონალურ სამმართველოს დაევალა მისთვის პრივატიზაციის ხელშეკრულებით ქ. ბათუმში, .... ქუჩა ¹2ა-ში მდებარე ¹44 საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გაფორმება და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹1 რეგიონალურმა სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება და ნ. ფ-ის შეგებებული სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.1106წ. გადაწყვეტილებით საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹.... აჭარის რეგიონული სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹..... აჭარის რეგიონული სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ნ. ფ-ზე ქ. ბათუმის მერიის 2003 წლის 20 იანვარს გაცემული ორდერი, ნ. ფ-ე მასთან მცხოვრებ ყველა პირთან ერთად გამოსახლებული იქნა ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹2ა-ში მდებარე ¹44 ბინიდან და აღნიშნული ბინა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹.... აჭარის რეგიონულ სამმართველოს გადაეცა. ნ. ფ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ფ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.09.07წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 27.11.006წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახალი განხივლისას უნდა დაედგინა ნ. ფ-ის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ხანგრძლივობა, რა დროსაც მხედველობაში უნდა მიეღო მოსარჩელის სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი. უნდა დაედგინა რამდენ წელს შეადგენს ნ. ფ-ის შრომის სტაჟი, აქედან რომელი ითვლებოდა სამხედრო სამსახურად და მთლიანობაში რამდენს შეადგენს მოსარჩელის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის კალენდარული ნამსახურობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 25.03.08წ. გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹.... რეგიონალური სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14.02.06წ. გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹.... რეგიონალური სამმართველოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 200 ლარის დაკისრების ნაწილში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹.... რეგიონალური სამმართველოს სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ნ. ფ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ .... ქუჩა ¹2ა, ბინა 44 ირიცხება ¹1 რეგიონალური სამმართველოს საბინაო ფონდში. აჭარის რეგიონალური სამმართველოს დროებითი საბინაო კომისიის სხდომის 29.10.01წ. ¹5 ოქმით ლეიტენენტ ნ. ფ-ეს სამმართველოს საბინაო ფონდიდან სამსახურეობრივი დანიშნულებით გამოეყო საცხოვრებელი ფართი მდებარე ქ. ბათუმში, ... ქუჩა ¹2ა-ში, ბინა 44. შეგებებული სარჩელის ავტორი მეუღლესთან და ექვს შვილთან ერთად დღემდე ცხოვრობს სადაო ერთოთახიან ბინაში, რომლის ფართიც შეადგენს 18,0 კვ. მეტრს. საცხოვრებელ ფართზე ქ. ბათუმის მერიის საბინაო სამმართველოს მიერ 2003 წლის 20 იანვარს ნ. ფ-ის სახელზე გაიცა ორდერი.
პალატამ მიიჩნია, რომ ბათუმის მერიის საბინაო სამმართველოს მიერ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით კანონიერად გაიცა ორდერი სამხედრო მოსამსახურე ნ. ფ-ის სახელზე და ამ ორდერის ბათილად ცნობის საფუძველი არ არასებობს. ორდერის გაცემის საფუძვლად მითითებულია ¹.... რეგიონალური სამმართველოს დროებითი საბინაო კომისიის სხდომის 19.10.01წ. ¹5 ოქმი, რომლის ბალანსზეც ირიცხებოდა სადავო ფართი.
სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვისას ნ. ფ-ემ წარმოადგინა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურიდან გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ იგი 1983 წლის 02 ნოემბრიდან _ 1985 წლის 20 ნოემბრამდე მსახურობდა სამხედრო ნაწილში (¹31458) ათმეთაურად; 1993 წლის 12 ივნისიდან _ 1996 წლის 15 ივნისამდე მსახურობდა სასაზღვრო ჯარში; 1996 წლის 25 ივნისიდან _ 1999 წლის 25 აგვისტომდე მსახურობდა სასაზღვრო რაზმ “ხიჭაურში”, სადაც ერთი თვე ნამსახურობა ეთვლებოდა ერთ თვედ და თხუთმეტ დღედ, 1999 წლის 01 სექტემბრიდან _ 2001 წლის 31 ოქტომრამდე იყო საგუშაგოს უფროსის მოადგილე სასაზღვრო რაზმში, ხოლო 2001 წლის 31 ოქტომბრიდან 2003 წლის 21 აპრილამდე _ სასაზღვრო რაზმის ასმეთაური.
“საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების, აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 06.08.1993წ. ¹503 დადგენილების მე-17 პუნქტის თანახმად, ოფიცერთა შემადგებლობას, რომლებმაც ბინები მიიღეს სამსახურებრივი დანიშნულებით, უფლება აქვთ ბინის მიღებიდან და სამხედრო ნაწილში სულ ცოტა 10 წლის სამსახურის ვადის გავლის შემდეგ, მოახდინონ მისი პრივატიზაცია. სასამართლოს მითითებით ნ. ფ-ე აკმაყოფილებს აღნიშნული ნორმის მოთხოვნებს, ვინაიდან მას გააჩნია სამხედრო სამსახურში ყოფნის სულ ცოტა 10 წლის სტაჟი. ზემოხსენებული დადგენილების მე-18 პუნქტით ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც ბინები მიიღეს რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფისა და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებათა კუთვნილ საბინაო ფონდში და აღარ მსახურობენ ამ სამხედრო შენაერთებში, უფლება აქვთ მოახდინონ მათ მიერ დაკავებული ბინების პრივატიზაცია დადგენილი წესის დაცვით. ბინების პრივატიზაციის დადგენილ წესში იგულისხმებოდა საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.1992წ. ¹107 დადგენილება, რადგან შეგებებული სარჩელის აღძვრის დროისათვის საცხოვრებელი ბინების პრივატიზაცია ხსენებული დადგენილების საფუძველზე ხორციელდებოდა. ამ დადგენილების მე-4 პუნქტით საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდებოდა ადგილობრივი ორგანოების, საწარმო-დაწესებულებების და ორგანიზაციების მიერ, რომელთა ბალანსზეც ირიცხებოდა საცხოვრებელი სახლი (ბინა). მე-5 პუნქტით საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. მე-6 პუნქტის ბოლო წინადადებით საწარმოს, დაწესებულების და ორგანიზაციის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემისას ხელშეკრულება ფორმდება ადმინისტრაციასა და მოქალაქეს შორის.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ფ-ე უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აჭარის რეგიონალური სამმართველოს დროებითი საბინაო კომისიის სხდომის 29.10.01წ. ¹5 ოქმისა და ქ. ბათუმის მერიის საბინაო სამმართველოს 20.01.03წ. ორდერის საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი ფართობით, რაც მისთვის ამ ბინის პრივატიზაციის წესით, საკუთრების უფლებით გადაცემის საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს შსს სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹.... სამმართველომ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებულ სარჩელზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.1992წ. ¹107 დადგენილება. სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა დადგენილების მე-3 პუნქტი, სადაც აღნიშნულია, რომ სამსახურებრივი დანიშნულების ბინა პრივატიზაციას არ ექვემდებარება.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 06.08.1993წ. ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-17 პუნქტი, რომლის თანახმად, ოფიცერთა შემადგენლობას, რომლებმაც ბინები მიიღეს სამსახურებრივი დანიშნულებით, უფლება აქვთ ბინის მიღებიდან და სამხედრო ნაწილში სულ ცოტა 10 წლის სამსახურის გავლის შემდეგ მოახდინონ მათი პრივატიზაცია. აღნიშნული პუნქტი არ შეიძლება გავრცელდეს ნ. ფ-ზე რადგან აღნიშნული პუნქტის შენიშვნის თანახმად ამ პუნქტში აღნიშნული პირობები ვრცელდება მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო უწყებათა სამხედრო მოსამსახურეებზე, ხოლო ნ. ფ-ეს საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო უწყებაში მხოლოდ 2 წელი აქვს ნამსახურები.
არასწორია ასევე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ამავე დადგენილების მე-18 პუნქტთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული პუნქტის თანახმად ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც ბინები მიიღეს რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფისა და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებათა საბინაო ფონდში და აღარ მსახურობენ ამ სამხედრო შენაერთებში, უფლება აქვთ მოახდინონ მათ მიერ დაკავებული ბინების პრივატიზაცია დადგენილი წესის დაცვით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ფ-ეს ბინა არ მიუღია რუსეთის ფედერაციის სამხედრო უწყებიდან, არამედ მას სამსახურებრივი სარგებლობისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში გამოეყო სამსახურებრივი დანიშნულების ბინა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოება ნ. ფ-ის ნამსახურობის შესახებ. ნ. ფ-ის სამხედრო ნამსახურობა კასატორის აზრით შეადგენს 9 წელს და 2 თვეს, რაც არაა საკმარისი სამსახურებრივი ბინის პრივატიზაციისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹.... სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შსს სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹.... სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹.... სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.