Facebook Twitter

ბს-453-431(კ-07) 17 ივლისი, 2007 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

მ. მ-მა სარჩელი აღძრა აბაშის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხის _ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს საფინანსო სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების მიმართ, რომლითაც მოითხოვა სახელფასო დავალიანების 1325.20 ლარისა და ერთდროული დახმარების 2000 ლარის ოდენობით ანაზღაურება (იხ. ს.ფ 2)

რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1325.20 ლარის ანაზღაურება ასევე ერთდროული დახმარების გადახდა 1137.08 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 23-24),.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარმა სამმართველომ, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (27-28).

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 4 დეკემბრის განჩინებით შსს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის შს მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 46-50).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის შს მთავარმა სამმართველომ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. ს.ფ. 56-57)

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ივნისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით, საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარსადგენად (იხ. ს.ფ.).

საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, მხარეებს მოსაზრებები საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით არ არმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია. მოცემულ შემთხვევაში სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ 1325.20 ლარის _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ განჩინება სსსკ-ის 377.1. მუხლის საფუძველზე გამოიტანა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში. ამასთან კასატორმა საკასაციო სასამართლოში გაზარდა მოთხოვნა და მოითხოვა ასევე მ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ერთდროული ფულადი დახმარების გაცემის ნაწილში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინებისა და მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში, ამდენად ერთდროული დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო საჩივრის მოტივებზე მსჯელობა ეწინააღმდეგება საპროცესო კანონმდებლობით საკასაციო სამართალწარმოებისათვის დადგენილ განხილვის ფარგლებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ივნისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით, საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარსადგენად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს მიერ კომპეტენტურად არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, არ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.