Facebook Twitter

ბს-454-432(კ-07) 31 ოქტომბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ ქეთევან მაღრაძე

კასატორი (მოსარჩელე) _ გ. ზ-ე, წარმომადგენელი _ რ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები): 1. აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, წარმომადგენელი _ გ. მ-ე; 2. სს ,,ა. რ. ჰ. ბ.” (სს «ა. კ.»)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ საკომპენსაციო თანხების გასაცემ ერთიან კომპიუტერულ სიაში შეყვანა, საკომპენსაციო თანხის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 21 ივნისს გ. ზ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა აღნიშნულ სამინისტროს დავალებოდა შვილთან _ ა. ზ-ესთან ერთად, საკომპენსაციო სიაში შეყვანა და 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება.

მოსარჩელის განმარტებით, იგი, როგორც იძულებით გადაადგილებული პირი, შვილთან _ ა. ზ-ესთან ერთად, 1998 წლიდან ცხოვრობდა ტურბაზა ,,ქ.”, კერძოდ, ... კორპუსის ¹4 ოთახში. მას საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუსი და შესაბამისად, საოჯახო ნომერი _ ¹..... 2006 წელს მიმდინარე პრივატიზაციის დროს მოხდა ტურბაზა ,,ქ.” გასხვისება, კერძოდ, კომპანია ,, ა. რ. ჰ. ბ.” შეისყიდა სს «ა. კ-ების» 100%-იანი და სს «მ.» 52,8%-იანი აქციათა პაკეტები. აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანების მე-4 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპანია ,, ა. რ. ჰ. ბ.” დაევალა უზრუნველეყო სს ,,ა. კ-ების” საწესდებო კაპიტალში რიცხულ შენობა-ნაგებობებსა და სს ,,მ.” შესახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილების გამოსახლება და თითოეულ ოჯახზე 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის საკომპენსაციო თანხის გაცემა. აღნიშნულ ოჯახებზე გაიცა საკომპენსაციო თანხა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანების მე-4 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო გ. ზ-ემ და მისმა შვილმა _ ა. ზ-ემ ვერ მიიღეს საკომპენსაციო თანხა. გ. ზ-ე საერთოდ არ აღმოჩნდა საკომპენსაციო სიაში, ხოლო მისი შვილი _ ა. ზ-ე ფართის გარეშე იყო მითითებული, მაშინ, როდესაც არსებობდა ყველა სამართლებრივი საფუძველი საკომპენსაციო სიაში მათ შესაყვანად და მათზე საკომპენსაციო თანხის გასაცემად, კერძოდ, მათ 1998 წლიდან ეკავათ ფართი სს «ა. კ.» შემავალ ობიექტში _ ტურბაზა «ქ.» და გააჩნდათ შესაბამისი საოჯახო ნომერი.

მოსარჩელის მტკიცებით, 2006 წლის 28 აპრილს განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საიდანაც 2006 წლის 8 მაისს მიიღო პასუხი, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს ხანში იმსჯელებდა შესაბამისი კომისია და მასში არ იყო მითითებული, თუ რატომ არ მოხვდნენ მოსარჩელე და მისი შვილი საკომპენსაციო სიაში, ასევე _ კომისიის სახელწოდება, თუმცა 2006 წლის 31 მაისს ხსენებული საკითხი კვლავ გადაუწყვეტელი იყო. 2006 წლის 31 მაისს მოსარჩელემ კვლავ მიმართა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მოითხოვა დაუყოვნებლივ შეეყვანათ საკომპენსაციო სიაში, რაზეც პასუხი საერთოდ ვერ მიიღო, რითაც დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 და 41-ე მუხლები.

გ. ზ-ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, რომელშიც დამატებით მიუთითა კიდევ ერთ მოპასუხეზე _ სს ,, ა. რ. ჰ. ბ.” და მოითხოვა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დავალებოდა მისი, შვილთან _ ა. ზ-ესთან ერთად, საკომპენსაციო სიაში შეყვანა, ხოლო სს ,, ა. რ. ჰ. ბ.” 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ზ-ის სასარჩელო განცხადება დისპოზიციურობის ფარგლებში დაკმაყოფილდა; აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა გ. ზ-ე თავისი საოჯახო ნომრით _ ¹... შეეყვანა საკომპენსაციო თანხების გასაცემ ერთიან კომპიუტერულ სიაში და შესწორებული სია გადაეგზავნა კომპანია ,, ა. რ. ჰ. ბ.” (სს «ა. კ.») მასზე საკომპენსაციო თანხის გასაცემად; კომპანია ,, ა. რ. ჰ. ბ.” დაევალა გ. ზ-ისათვის საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლების სანაცვლოდ, გადაეცა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანებით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დევნილებზე საკომპენსაციო თანხის გასაცემ ერთიან კომპიუტერულ სიაში ტურბაზა «ქ.» მცხოვრები გ. ზ-ის შეუყვანლობით მოსარჩელეს აშკარად მიადგა ზიანი, ვინაიდან მოპასუხის ამგვარი უკანონო ქმედების გამო, იგი ვერ ღებულობდა საკომპენსაციო თანხას 7000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო, ვინაიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მოსარჩელეს მიანიჭა შესაბამისი საოჯახო ნომერი _ ¹.... და იგი ცხოვრობდა ტურბაზა «ქ.», რომელიც შეისყიდა კომპანია ,, ა. რ. ჰ. ბ.”, აღნიშნული მას აძლევდა უფლებას, მიეღო აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანებით გათვალისწინებული კომპენსაცია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ გ. ზ-ე იყო დევნილი, რომელიც ცხოვრობდა ტურბაზა ,,ქ.’ და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მინიჭებული ჰქონდა საოჯახო ნომერი _ ¹.....

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანების საფუძველზე შეადგინა ტურბაზა ,,ქ.’’ მცხოვრებ იმ დევნილთა ოჯახების სია, რომლებზეც სასტუმროს შენობიდან გამოსახლების სანაცვლოდ, გათვალისწინებული იყო საკომპენსაციო თანხის გაცემა 7000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულ სიაში არ მოხვდა გ. ზ-ე.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან გ. ზ-ეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მინიჭებული ჰქონდა ცალკე საოჯახო ნომერი _ ¹..., რომელიც არ გაუქმებულა, ამიტომ, მის საოჯახო ნომერზე უნდა მომხდარიყო საკომპენსაციო თანხის გაცემა და შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ საქმის გარემოებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და სწორად დააკმაყოფილა სარჩელი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს, აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წარადგინა გ. ზ-ის 2006 წლის 6 დეკემბრის განცხადება, რომლითაც იგი ითხოვდა საცხოვრებელი ფართის გამოყოფას დასასვენებელ სახლ ,,ქ.”, აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2006 წლის 13 დეკემბრის ¹01-17/8351 და 2007 წლის 12 თებერვლის ¹01-20/96 წერილები, ასევე ცეკავშირის დასასვენებელი სახლი «ქ.» დირექტორის 2006 წლის 17 ნოემბრის ¹124 წერილი, რომლებითაც დასტურდებოდა, რომ გ. ზ-ის თხოვნა დაკმაყოფილდა და ტურბაზა ,,ქ.” გამოსახლების შემდეგ, მას გამოეყო სხვა საცხოვრებელი ფართი დასასვენებელ სახლ ,,ქ.”, კერძოდ, ადმინისტრაციული კორპუსის პირველ სართულზე, მე-3 ოთახი, რომელიც დაიკავა და იქ ცხოვრობდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ. ზ-ეს ტურბაზა «ქ.» გამოსახლების შემდეგ, გამოეყო სხვა საცხოვრებელი ფართი დასასვენებელ სახლ «ქობულეთში», ანუ მოხდა მისი გადამისამართება, რაც განხორციელდა მისი თხოვნითა და თანხმობით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აჭარის ა/რ მთავრობის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანების გამოცემის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო ის, რომ სს ,,ა. კ.” და სს ,,მ.” აქციათა პაკეტების კომპანია ,, ა. რ. ჰ. ბ.» გადაცემის დროს, მათ საწესდებო კაპიტალში რიცხულ შენობა-ნაგებობებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ თითოეულ ოჯახს, გამოსახლების შემთხვევაში გადასცემოდა 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის საკომპენსაციო თანხა, რათა იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახები არ დარჩენილიყვნენ უსახლკაროდ და მათ შეეძინათ ახალი საცხოვრებელი ბინები.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, გ. ზ-ის ოჯახმა ვერ მიიღო საკომპენსაციო თანხა, მაგრამ მათ გამოეყოთ დროებითი საცხოვრებელი ფართი, რის გამოც სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 374-ე და 376-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევები _ განსახილველ შემთხვევაში ვალდებულმა პირმა _ აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გ. ზ-ის წინაშე ვალდებულების შესასრულებლად განახორციელა ქმედება, კერძოდ, გამოყო საცხოვრებელი ფართი, რომელიც მიიღო მეორე მხარემ. აქედან გამომდინარე, გ. ზ-ის მოთხოვნას, საცხოვრებელ ფართთან ერთად, მიეღო საკომპენსაციო თანხა 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ზ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 374-ე და 376-ე მუხლები, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზეა «იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად გამოცემული აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანება, რომლის თანახმად, კომპანია ,, ა. რ. ჰ. ბ.» ვალდებულია, უზრუნველყოს სს ,,ა. კ.” საწესდებო კაპიტალში რიცხულ შენობა-ნაგებობებსა და სს ,,მ.” შესახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა გამოსახლება და თითოეულ ოჯახზე 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის საკომპენსაციო თანხის გაცემა. ამდენად, ხსენებულ ბრძანებაში ჩადებულია იმპერატიული მოთხოვნა _ დევნილთა გამოსახლებისას მოქმედებს ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი _ გაიცემა მხოლოდ საკომპენსაციო თანხები და არსად არ არის მითითებული სანაცვლო ფართზე.

კასატორი აღნიშნავს, რომ გ. ზ-ეს არანაირი აქტით არ ჩაჰბარებია არანაირი ფართი და ერთი დღეც კი არ უცხოვრია ცეკავშირის დასასვენებლ სახლ «ქ.», ხოლო სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლი _ არ იმსჯელა აპელანტის მიერ დაყენებულ საკითხზე _ ცეკავშირის დასასვენებელი სახლ «ქ.» დირექტორის 2006 წლის 17 ნოემბრის ¹124 წერილის სიყალბეზე. კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და აღნიშნული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ზ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 18 ივნისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 25 ივლისამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივლისის განჩინებით გ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მათი განხილვა მხარეთა დასწრებით დაინიშნა 2007 წლის 17 ოქტომბერს, 12.00 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ გ. ზ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გ. ზ-ე, დაბადებული 19... წლის .. .... (ს.ფ. 7) და მისი შვილი _ ა. ზ-ე, დაბადებული 19... წლის ... .. (ს.ფ. 8) არიან აფხაზეთიდან დევნილები (ს.ფ. 5-6). ტურისტული ბაზა «ქ.» 2006 წლის 7 ივნისის ¹28 ცნობის თანახმად, გ. ზ-ე 1998 წლიდან ცხოვრობდა ტურბაზა «ქ.» (ს.ფ. 9). ტურბაზა «ქ.» 2005 წლის ნოემბრის სიაში შეყვანილ იქნენ გ. ზ-ე და ა. ზ-ე (ს.ფ. 10). აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2006 წლის 8 მაისს გ. ზ-ეს აცნობა, რომ მისი ოჯახის საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში იმსჯელებდა შესაბამისი კომისია (ს.ფ. 11). გ. ზ-ის რწმუნებულმა თ. ლ-ემ განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, რომელშიც აღნიშნა, რომ მისი მარწმუნებელი იყო იძულებით გადაადგილებული პირი, თავის შვილთან _ ა. ზ-ესთან ერთად, ცხოვრობდა ტურბაზა «ქ.» და მინიჭებული ჰქონდა საოჯახო ნომერი _ ¹...., ამასთან, მათ არ ჰქონდათ მიღებული საკომპენსაციო თანხა და ითხოვა გ. ზ-ის, შვილთან _ ა. ზ-ესთან ერთად, საკომპენსაციო სიაში დაუყოვნებლივ შეყვანა (ს.ფ. 13-14). გრიგოლ და ა. ზ-ებმა განცხადებით მიმართეს აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, რომელშიც აღნიშნეს, რომ საკომპენსაციო თანხა არ მიეღოთ და ითხოვეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან შუამდგომლობის გაწევა დასასვენებელ სახლ «ქ.» გადამისამართების თაობაზე (ს.ფ. 103-104). აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აცნობა, რომ აფხაზეთიდან დევნილი გ. ზ-ის ოჯახი ხსენებულმა სამინისტრომ დააკმაყოფილა დროებითი საცხოვრებელი ფართით დასასვენებელ სახლ «ქ.» შენობაში და გაუწია შუამდგომლობა გადამისამართების თაობაზე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში (ს.ფ. 92).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს «იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთA შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის (დევნილის უფლებები და მათი უზრუნველყოფა დროებით საცხოვრებელ ადგილზე) მე-4 პუნქტზე, რომლის მიხედვით, საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავები წყდება სასამართლო წესით, ამასთან, საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილების გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც: ა) დევნილებთან იდება წერილობითი შეთანხმება; ბ) გამოიყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება დევნილის საყოფაცხოვრებო პირობები; გ) ხდება სტიქიური ან სხვა მოვლენები, რაც ითვალისწინებს განსაზღვრულ კომპენსაციებს და რეგულირდება საერთო წესით; დ) დევნილს ფართობი დაკავებული აქვს თვითნებურად, კანონის დარღვევით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს «აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული სს «ა. კ.» 100 პროცენტიან და სს «მ.» 52,83 პროცენტიან აქციათა პაკეტების კომპანია « ა. რ. ჰ. ბ.» პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაციის შესახებ» აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანების მე-4 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, კომპანია ,, ა. რ. ჰ. ბ.” ვალდებულია უზრუნველყოს სს ,,ა. კ.” საწესდებო კაპიტალში რიცხულ შენობა-ნაგებობებსა და სს ,,მ.” შესახლებული იძულებით გადაადგილებული პირების _ დევნილების გამოსახლება, თითოეულ ოჯახზე 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის საკომპენსაციო თანხის გაცემით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ გ. ზ-ის ოჯახს გამოეყო დროებითი საცხოვრებელი ფართი, რის გამოც აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გ. ზ-ის წინაშე ვალდებულების შესასრულებლად განახორციელა ქმედება, კერძოდ, გამოყო საცხოვრებელი ფართი, რომელიც მიიღო მეორე მხარემ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია დადგენილად, რომ გ. ზ-ეს გამოეყო საცხოვრებელი ფართი, რის გამოც გ. ზ-ის მოთხოვნას, საცხოვრებელ ფართთან ერთად, მიეღო საკომპენსაციო თანხა 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, რომ არ დაუსაბუთებია ასეთი დასკვნის გაკეთება. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გ. ზ-თვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე მართებული გადაწყვეტილების მისაღებად არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, ცხოვრობს თუ არა რეალურად გ. ზ-ე დასასვენებელ სახლ «ქ.» მისთვის გამოყოფილ ფართში და არის თუ არა იგი რეგისტრირებული ხსენებულ ფართში.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ დევნილების რეგისტრაცია 2 წელიწადში ერთხელ ხდება, რის გამოც შესაბამისი წერილი გაგზავნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, რათა გაერკვია, იყო თუ არა გ. ზ-ე დასასვენებელ სახლ ,,ქ.’’ რეგისტრირებული. მანვე აღნიშნა, რომ ის პირები, რომლებიც პრივატიზებულ ობიექტებში იყვნენ რეგისტრირებული, სანამ 2007 წელს არ მოხდება რეგისტრაცია, ჯერჯერობით იქვე არიან რეგისტრირებული და როდესაც დასრულდება რეგისტრაციის პროცესი, მაშინ მოხდება გადამისამართებაც, ამასთან, მხარისათვის ფართი გამოყოფილია დასასვენებელ სახლ ,,ქ.’’, მაგრამ მისი რეგისტრაცია არ არის განხორციელებული გამოყოფილ ფართში.

ამდენად, დადგენილია, რომ გ. ზ-ე არ არის რეგისტრირებული დასასვენებელ სახლ «ქ.» და არ მომხდარა მისი გადამისამართება. გარდა ამისა, კასატორ გ. ზ-ის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე განმარტა, რომ იგი მისული იყო ადგილზე და აღმოჩნდა, რომ გამოყოფილ ფართში ცხოვრობს სხვა პირი, რასაც მოწინააღმდეგე მხარეც დაადასტურებს, ამასთან, მან დასასვენებელი სახლ «ქ.» დირექტორს სთხოვა, გაეცა ცნობა, თუ რის საფუძველზე იყო სხვა პირი აღნიშნულ ფართში შესახლებული, მაგრამ მან უარი განაცხადა აღნიშნული ცნობის გაცემაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, ის გარემოებაც, რომ დასასვენებელ სახლ «ქ.» გ. ზ-ისთვის გამოყოფილ ფართში ამჟამად ცხოვრობს სხვა პირი. შესაბამისად, გ. ზ-ე წარმოადგენს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანებით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხის მიმღებ სუბიექტს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ზ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალება, გ. ზ-ის, თავისი საოჯახო ნომრით _ ¹...., საკომპენსაციო თანხების გასაცემ ერთიან კომპიუტერულ სიაში შეყვანა და შესწორებული სიის გადაგზავნა კომპანია « ა. რ. ჰ. ბ.» (სს «ა. კ.») მასზე საკომპენსაციო თანხის გასაცემად, ხოლო კომპანია « ა. რ. ჰ. ბ.» დაევალება გ. ზ-ეზე საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლების სანაცვლოდ, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანებით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გ. ზ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; დაევალოს აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გ. ზ-ე, თავისი საოჯახო ნომრით _ ¹..., შეიყვანოს საკომპენსაციო თანხების გასაცემ ერთიან კომპიუტერულ სიაში და შესწორებული სია გადაუგზავნოს კომპანია « ა. რ. ჰ. ბ.» (სს «ა. კ.») მასზე საკომპენსაციო თანხის გასაცემად; კომპანია « ა. რ. ჰ. ბ.» დაევალოს გასცეს გ. ზ-ეზე საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლების სანაცვლოდ, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანებით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხა;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.