ბს-454-433(კ-08) 29 ოქტომბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,....” (მოპასუხე)
დავის საგანი – მოვალის დაყადაღებულ ქონებაზე ღია აუქციონის გამართვის ნებართვის გაცემა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საგადასახადო ინსპექციამ 2005 წლის 18 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა მარნეულის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სს ,,....” მიმართ და მოითხოვა მოვალის დაყადაღებული ქონების რეალიზაციის მიზნით, სპეციალიზებული ღია აუქციონის გამართვის უფლება.
სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
მოსარჩელის განმარტებით სს ,,....” გადასახადების გადამხდელად აღრიცხვაზეა რუსთავის საგადასახადო ინსპექციაში და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი 234160822. მისი სახელმწიფო ბიუჯეტისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 39618.82 ლარს, რასაც გადასახადის გადამხდელი ნებაყოფლობით არ იხდის. რუსთავის საგადასახადო ინსპექცია უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 თავით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები. სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88.1 მუხლის შესაბამისად, მოვალის ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციას ექვემდებარება მისი ყადაღადადებული ნაწილი. მოპასუხის ქონება კი დაყადაღებულია საგადასახადო კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით. საგადასახადო დავალიანება მოპასუხის მიერ აღიარებულია, გადამხდელს საგადასახადო დავალიანების შესახებ ეცნობა 2005 წლის 9 მარტის ¹28/მ საგადასახადო მოთხოვნით, რომელიც 2005 წლის 25 მარტს ჩაბარდა. საგადასახადო მოთხოვნაზე საგადასახადო ინსპექციაში შესაგებელი წარდგენილი არ ყოფილა. საგადასახადო კოდექსის 147.7 მუხლის შესაბამისად კი, საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში მისი გაუსაჩივრებლობა მიიჩნევა აღიარებად და იგი მიექცევა აღსასრულებლად. სს ,,.....” უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების გადაწყვეტილება რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურში.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით რუსთავის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; რუსთავის საგადასახადო ინსპექციას ნება დაერთო სააქციო საზოგადოება ,,.....” დაყადაღებული მოძრავი ქონების რეალიზაციაზე, ხოლო უძრავი ქონების რეალიზაციაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის მიუხედავად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს მოთხოვნის კანონიერებაზე და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება; სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სს ,,.....” უძრავი ქონების აუქციონით რეალიზაციის უფლების მოპოვების ნაწილში დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა იქედან გამომდინარე, რომ მხარეებმა სასამართლოს ვერ წარუდგინეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დადასტურდება აღნიშნული ქონების სს ,,.....” საკუთრებაში ყოფნა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183.1 მუხლით, უძრავი ნივთების შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 311.1 მუხლის თანახმად, რეესტრში შეიტანეს უძრავ ნივთებზე საკუთრების და სხვა სანივთო უფლებები, ე.ი. უძრავი ნივთის მესაკუთრე ვლინდება საჯარო რეესტრის ამონაწერიდან; იმის გამო, რომ სასამართლოს არ წარედგინა მოვალის ქონების დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი საბუთი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სასამართლომ მიიჩნია, რომ რუსთავის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი სს ,,.....” უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, სასამართლო ვერ მისცემს რა მოსარჩელეს ნებართვას, ღია აუქციონზე გასხვისდეს წალკაში მდებარე ადმინისტრაციული შენობა, მარნეულში მდებარე ადმინისტრაციული შენობა, ბოლნისში მდებარე საწარმოო ბაზა და მარნეულში მდებარე 0,15 ჰა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელთა საჯარო რეესტრში რეგისტრაციაც ვერ დასტურდებოდა. რაც შეეხება მოძრავ ქონებას, მისი რეალიზაცია სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია.
ამავე დღეს სასამართლოს მიერ მიღებული იქნა განჩინება, რომლითაც მოსარჩელეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე ეთქვა უარი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის საგადასახადო ინსპექციამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით რუსთავის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; რუსთავის საგადასახადო ინსპექციას მიეცა სს ,,.....” კუთვნილი და მარნეულში, აღმაშენებლის ქ. ¹4-ში მდებარე უძრავი ქონების რეალიზაციის უფლება დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დატოვებული იქნა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ აპელანტის მოსაზრება, რომ აღწერილი ქონება წლების განმავლობაში იმყოფებოდა საწარმოს ბალანსზე და სასამართლოს სარჩელი მთლიანად უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან უძრავი ქონების საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებლობა სარჩელის დაკმაყოფილებას ხელს არ უშლიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87.10-ე, 88-ე, სსკ-ის 155-ე, 158-ე მუხლების საფუძველზე, არ გაიზიარა იმ მოტივით, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, ურავი ნივთების შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას მხარებმა ვერ წარადგინეს საბუთები სს ,,....” დაყადაღებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის თანახმად კი რეესტრში შეიტანება უძრავ ნივთებზე საკუთრების და სხვა სანივთო უფლებები, აქედან გამომდინარე, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება ვლინდება რა საჯარო რეესტრის ჩანაწერით, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა სარჩელი უძრავი ნივთების აუქციონის წესით რეალიზაციის შესახებ, ვინაიდან ისინი აღრიცხული არ იყვნენ საჯარო რეესტრში სს ,,....” საკუთრებად. ამასთან, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას აპელანტმა სასამართლოს წარმოუდგინა მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის ასლი, გაცემული 2006 წლის 24 თებერვალს, რომლის თანახმადაც მარნეულში, აღმაშენებლის ქუჩის ¹4-ში მდებარე 1500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული, 406 კვ.მ განაშენიანების ფართის ადმინისტრაციული შენობა საკუთრების უფლებით იქნა აღრიცხული სს ,,....”, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საგადასახადო ინსპექციას ნება უნდა დართოდა, მარნეულში, ..... ქ. ¹4-ში მდებარე, სს ,,....” კუთვნილი ქონების რეალიზაციაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დანარჩენ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებული უნდა ყოფილიყო უცვლელად, ვინაიდან მისი გამოტანისას პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი, საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რუთავის საგადასახადო ინსპექციამ და მისი იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით რუსთავის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდა გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა საგადასახადო დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც სს ,,....” უძრავ ქონებას წარმოადგენს; ადმინისტრაციული შენობა მარნეულში, ადმინისტრაციული შენობა წალკაში, საწარმოო კორპუსი და ადმინისტრაციული შენობა ბოლნისში. აღნიშნულ ჩამონათვალში სს ,,....” გასასვლელი ჯიხური მითითებული არა აქვს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, საწარმოს ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებად უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციული შენობა (მარნეულში), ადმინისტრაციული შენობა (წალკაში), საწარმოო კორპუსი და ადმინისტრაციული შენობა (მოპასუხის განმარტებით, დაუმთავრებელი საწარმოო ბაზა) ბოლნისში.
დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს მიეცა სს ,,....” კუთვნილი მოძრავი ქონების რეალიზაციის უფლება, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი რუსთავის საგადასახადო ინსპექციას მიეცა სს ,,....” კუთვნილი და მარნეულში, .... ქუჩის ¹4-ში მდებარე უძრავი ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა 1500 კვ.მ და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა განაშენიანების ფართით 406 კვ.მ) რეალიზაციის უფლება. მხარეებმა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ დანარჩენი უძრავი ქონება, ყადაღადადებული შენობა-ნაგებობები, საჯარო რეესტრში სს ,,....” სახელზე ირიცხება, ვერ წარმოადგინეს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკისა და ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურების საქმეში არსებული წერილებით დასტურდება, რომ აღნიშნულ სამსახურებში სს ,,....” სახელზე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტების თანახმად, ყადაღადადებული შენობა-ნაგებობები, მათ შორის, წალკაში მდებარე ადმინისტრაციული შენობა, საჯარო რეესტრის სამსახურში რეგისტრირებული არ არის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის თანახმად კი, რეესტრში შეიტანება უძრავ ნითებზე საკუთრების და სხვა სანივთო უფლებები. ესე იგი, უძრავი ნივთის მესაკუთრე ვლინდება საჯარო რეესტრიდან ამონაწერით და არა საწარმოთა ბალანსით. ამავე კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად კი, უძრავი ნივთების შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მხარეები იმ გარემოებას, რომ მიწა, რომელზედაც აღნიშნული შენობა-ნაგებობებია განლაგებული, სახელმწიფოს საკუთრებაშია, სადაოდ არ ხდიან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სს ,,....” ამ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ვერ მიიჩნევა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეშია 2007 წლის 1 იანვრის ხელშეკრულების ასლი, რომლის თანახმადაც, სს ,,.....”-ს დირექტორი (არენდის გამცემი) სოცდაზღვევის ფონდის წალკის ფილიალს (არენდის მიმღები) გადასცემს წალკაში მდებარე შენობის ფართს (160 კვ.მ) შემდგომი გამოყენებისათვის. ხელშეკრულება სანოტარო წესით დადასტურებული არ არის. იჯარის უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის. იმის დადასტურებას, რომ სს ,,....” აღნიშნული ქონების მესაკუთრეა, ხელშეკრულება არ იძლევა ,,იჯარის შესახებ” საქართველოს 1994 წლის 24 მაისის კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1505-ე მუხლის საფუძველზე ძალადაკარგულია. წალკის სარეგისტრაციო სამსახურიდან გაცემული ცნობის თანახმად, სს ,,....” უძრავი ქონება არ დარეგისტრირებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,.....” ამ ქონების მესაკუთრედ აღრიცხული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2006 წლის 25 ივნისის რედაქციის 87-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოს გარეშე ყადაღა დაადოს გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხულ (ლიზინგით მიღების გარდა) ნებისმიერ ქონებას, მათ შორის, მოძრავ, უძრავ, არამატერიალურ ქონებას აღიარებული საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში. აღნიშნული ნორმით, მართალია, დაშვებულია ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება, მაგრამ ამავე კოდექსის 88-ე მუხლის (რომელიც დაყადაღებული ქონების რეალიზაციის რეგლამენტაციას იძლევა), მე-2 პუნქტით დადგენილია აუქციონის ჩატარებამდე გასაკეთებელი განცხადების სავალდებულო რეკვიზიტები, მათ შორისაა, ქონების მესაკუთრის რეკვიზიტები, რაც შეეხება ბალანსმფლობელს, ნორმაში ასეთი რამ მითითებული არ არის. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა თვლის, რომ სს ,,....” საჯარო რეესტრში არ არის რა რეგისტრირებული ყადაღადადებული და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე აღმართული შენობა-ნაგებობების მესაკუთრედ, დაუკმაყოფილებელ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო პალატამ აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ აღწერილი ქონება წლების განმავლობაში იმყოფებოდა საწარმოს ბალანსზე, რომელზედაც საწარმო იხდიდა საგადასახადო კოდექსით დადგენილ გადასახადებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლით მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით, 158-ე მუხლის თანახმად კი, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მესაკუთრე, ვერ მიიჩნია სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მართალია, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეები ადასტურებენ და სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მიწა, რომლებზედაც ყადაღადადებული შენობა-ნაგებობები აღმართული, სახელმწიფოს საკუთრებაშია და სს ,,....” ამ მიწების სახელმწიფო საკუთრებიდან განკერძოება არ მოუხდენია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის. ის გარემოება, რომ აღწერილი შენობა-ნაგებობანი შეფასებულია, მისი დაშლის შედეგად მიღებულ და სარეალიზაციო სამშენებლო მასალებად, საქმის მასალებით არ დასტურდება.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები იმ ნაწილში, რომლებითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, შესულია კანონიერ ძალაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესულ ნაწილებზე სააღსრულებო ფურცლები გაცემულია და გადაწყვეტილებები იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, ექვემდებარებიან აღსრულებას. მხარეები არ უარყოფენ, რომ მოსარჩელეს აღნიშნული ქონების აუქციონის წესით რეალიზება არ მოუხდენია. აქედან გამომდინარე კი არ ირკვევა, ამ ქონების რეალიზაციის შემდეგ გახდება თუ არა საჭირო დანარჩენი უძრავი ქონების რეალიზაცია სს ,,....” საბიუჯეტო დავალიანებების დასაფარად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება კასატორის მოსაზრებით სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ღია აუქციონის გამართვის უფლების მოპოვების პირობა, კერძოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალის ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციას ექვემდებარება, მხოლოდ მისი დაყადაღებული ნაწილი. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ყადაღა დაადოს გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას, მათ შორის მოძრავ უძრავ, არამატერიალურ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში. კასატორი თვლის, რომ აღნიშნული ნორმის შესაბამისად რუსთავის რეგიონალური ცენტრის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სს ,,....” ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას წარმოადგენს ადმინისტრაციული შენობა მარნეულში, ადმინისტრაციული შენობა წალკაში, საწარმოო კორპუსი და ადმინისტრაციული შენობა ბოლნისში, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია აუქციონის ჩატარებამდე გასაკეთებელი განცხადების სავალდებულო რეკვიზიტები, რომელიც ითვალისწინებს, მხოლოდ მესაკუთრის რეკვიზიტებს და არა ბალანსისმფლობელისას. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაში მითითებული დადგენილი გარემოებები, რომლითაც დასტურდება საგადასახადო ინსპექციის კანონიერი უფლება ყადაღა დაადოს გადასახადის გადამხდელს ნებისმიერი სახის, მათ შორის ბალანსზე რიცხულ ქონებას და მოახდინოს მისი რეალიზაცია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ღია აუქციონის წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 თებერვლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება სს ,,....” კუთვნილი, ქ. მარნეულში, .... ქ. ¹4-ში მდებარე უძრავი ქონების რეალიზაციის უფლების რუსთავის საგადასახადო ინსპექციისათვის უარის თქმის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატის განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გატარების მიზნით 2005 წლის 19 ოქტომბერს ყადაღა დაედო სს ,,....” შემდეგ მოძრავ და უძრავ ქონებას: ავტობუსი კავზ 685, ავტომანქანა მმზ 4502, ავტომანქანა ვაზ-52, გასასვლელი ჯიხური, ცემენტის საწყობი, ქ. მარნეულში მდებარე ადმინისტრაციული შენობა, ქ. წალკაში მდებარე ადმინისტრაციული შენობა; ქ. ბოლნისში მდებარე დაუმთავრებელი საწარმოო ბაზა, 0,15ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.ფ. 10-11). ს.ფ. 64-ზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. მარნეულში, ..... ქ. ¹4-ში მდებარე 1500 კვ.მ. დაუზუსტებელი ფართის მქონე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და 406 კვ.მ. ადმინისტრაციული შენობა წარმოადგენს სს ,,.....” საკუთრებას. ს.ფ. 173-ზე წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 22 ნოემბრის ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურში სს ,,....” სახელზე რაიმე უძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული; წალკის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 27 ნოემბრის თანახმად კი სს ,,....” სახელზე მათ სარეგისტრაციო სამსახურში უძრავი და მოძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული (ს.ფ. 174). მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მიწა, რომელზედაც აღნიშნული შენობა-ნაგებობებია განლაგებული, სახელმწიფოს საკუთრებაშია. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები სწორად მიიჩნია დადგენილად, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექცია) ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სს ,,....” უძრავი ქონების, გარდა ქ. მარნეულში .... ქ. ¹4-ში მდებარე უძრავი ქონების, აუქციონით რეალიზაციის უფლების მოპოვების ნაწილში დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა იქედან გამომდინარე, რომ მხარეებმა სასამართლოს ვერ წარუდგინეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დადასტურდება აღნიშნული ქონების სს ,,....” საკუთრებაში ყოფნა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი, რომლის თანახმად უძრავი ნივთების შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია სადავო ქონების დაყადაღების დროს მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოს გარეშე ყადაღა დაადოს გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხულ (ლიზინგით მიღების გარდა) ნებისმიერ ქონებას, მათ შორის, მოძრავ, უძრავ, არამატერიალურ ქონებას აღიარებული საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში, მაგრამ ამავე კოდექსის 88-ე მუხლის (რომელიც დაყადაღებული ქონების რეალიზაციის წესს ადგენს), მე-2 პუნქტით დადგენილია აუქციონის ჩატარებამდე გასაკეთებელი განცხადების სავალდებულო რეკვიზიტები, მათ შორისაა, ქონების მესაკუთრის რეკვიზიტები, რაც შეეხება ბალანსმფლობელს, ნორმაში ასეთი რამ მითითებული არ არის. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან სს ,,....” საჯარო რეესტრში არ არის რა რეგისტრირებული სადავო ყადაღადადებული და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე აღმართული შენობა-ნაგებობების მესაკუთრედ, ამიტომ მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს სარჩელზე უარის თქმის ნაწილში დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
დადგენილია, რომ მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით რუსთავის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; რუსთავის საგადასახადო ინსპექციას ნება დაერთო სააქციო საზოგადოება ,,....” დაყადაღებული მოძრავი ქონების რეალიზაციაზე, ხოლო უძრავი ქონების რეალიზაციაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით რუსთავის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; რუსთავის საგადასახადო ინსპექციას მიეცა სს ,,....” კუთვნილი და მარნეულში, ..... ქ. ¹4-ში მდებარე უძრავი ქონების რეალიზაციის უფლება დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დატოვებული იქნა უცვლელად. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საგადასახადო ინსპექციამ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება მხოლოდ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმია ნაწილში. ამდენად ამჟამად კანონიერ ძალაშია შესული სააპელაციო პალატის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის ქ. მარნეულში .... ქ. ¹4-ში მდებარე სს ,,.....: საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის უფლების მინიჭების თაობაზე. (ს.ფ. 76; ს.ფ. 83). მიუხედავად ამისა სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 5 თებერვლის განჩინებით ისე დატოვა უცვლელად პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომ არ გაითვალისწინა ყოველივე ზემოაღნიშნული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. ეს მუხლი განსაზღვრავს პირობას, რომლის არსებობის შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს თვითონ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, ისე, რომ არ დააბრუნოს იგი ხელახლა განსახილველად უკან. ამგვარი პირობაა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულად და სწორად დადგენა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ და ამ ფაქტების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები დადგენილია სრულად და სწორად, ე.ი. ფაქტობრივი თვალსაზრისით საქმე მზადაა გადასაწყვეტად, მაგრამ არასწორადაა შეფარდებული (გამოყენებული) კანონი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-411 მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 თებერვლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება რუსთავის საგადასახადო ინსპექციისათვის სს ,,...” კუთვნილი, ქ. მარნეულში, .... ქ. ¹4-ში მდებარე უძრავი ქონების რეალიზაციაზე უარის თქმის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.