Facebook Twitter

¹ბს-455-433(კ-07) 27 დეკემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი (მოსარჩელე) _ ინდივიდუალური მეწარმე «მ. შ.-ე», წარმომადგენელი თ. მ.-ი.

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია, წარმომადგენელი ზ. ჩ.-ი

მესამე პირი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, წარმომადგენელი დ. ჯ.-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 5 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ინდივიდუალურმა მეწარმე «მ. შ.-მ» მოპასუხე ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 9 მარტის საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა 5490 ლარის დარიცხვის ნაწილში და აღნიშნული თანხის მისი პირადი ბარათიდან ჩამოწერა.

სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

ინდმეწარმე «მ. შ.-ს» ქ. ქუთაისში, ...-ის ქუჩაზე არსებულ სავაჭრო ცენტრში ჰქონდა პატარა სექცია, სადაც ყიდდა ...-ებს და ...-ებს. 2006 წლის 28 აპრილს საგადასახადო ინსპექციიდან მიიღო შეტყობინება, დათარიღებული 2006 წლის 7 აპრილით, რომლის მიხედვით მას ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება _ ძირითადი გადასახადი 12507.33 ლარი და საურავი 13.18 ლარი. იმავდროულად, შეტყობინებასთან ერთად ჩაჰბარდა 2006 წლის 9 მარტით დათარიღებული საგადასახადო მოთხოვნაც, რომლის თანახმად, გადასახდელი ჰქონდა ძირითადი გადასახადი 12507 ლარი და საურავი 247 ლარი. მოსარჩელესთან ჩატარებული საგადასახადო შემოწმების დროს ნანახი აღურიცხავი გასაყიდი საქონლის ღირებულება შეადგენდა 8800 ლარს, საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე ანგარიშსწორებისათვის ჯარიმის თანხა იყო 500 ლარი, ხოლო შემოსავლების და ხარჯების აღურიცხაობისათვის _ 3000 ლარი, მთლიანობაში _ 12300 ლარი. მოსარჩელესთან აღმოჩენილი აღურიცხავი საქონლის ნაწილი, კერძოდ, 31 ერთეული ...-ი და ერთი ...-ი, რომლის ღირებულება შეადგენდა 5490 ლარს, იყო წუნდებული და ექსპლუატაციისათვის უვარგისი. შესაბამისად, მისი რეალიზაცია ვერ მოხდებოდა, რის გამოც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია ხსენებული საქონლის ღირებულების დარიცხვა (ს.ფ. 1-2).

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა და მოითხოვა საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა 5400 ლარის ნაწილში და ამ თანხის პირადი ბარათიდან ჩამოწერა (ს.ფ. 41-44).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ინდმეწარმე «მ. შ.-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 7 აპრილის საგადასახადო შეტყობინება და 2006 წლის 9 მარტის საგადასახადო მოთხოვნა ინდმეწარმე «მ. შ.-სათვის» 5400 ლარის დარიცხვის ნაწილში და აღნიშნული თანხა ჩამოწერილ იქნა მისი პირადი ბარათიდან.

საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯარიმის თანხაში არ უნდა ჩათვლილიყო უვარგისი საქონლის ღირებულება, რამდენადაც საქმეზე ჩატარებული 2006 წლის 5 ივლისის ¹501 ექპერტიზის დასკვნით დადგენილი იყო, რომ ქ. ქუთაისში, ...-ის ქუჩაზე მდებარე მოსარჩელის სავაჭრო ცენტრში შესამოწმებლად წარდგენილი 31 .-ი, რომლის ღირებულება შეადგენდა 5310 ლარს და ერთი ...-ი, 90 ლარის ღირებულებით, მათი ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, უვარგისი იყო ექსპლუატაციისათვის. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით არ გამოირიცხა აღნიშნული საქონლის დაზიანების არსებობა 2006 წლის 6 იანვრამდეც.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ექსპლუატაციისათვის უვარგისი ნივთი არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო საქონლად, ანუ მატერიალურ ქონებად. საქონლის რეალიზაციისას ნივთი უნდა ყოფილიყო უნაკლო, რადგან «მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ» კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამყიდველი ვალდებულია მიჰყიდოს მომხმარებელს სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისი ხარისხის პროდუქცია. სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კი ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი ვარგისია ჩვეულებრივი სარგებლობისათვის (ს.ფ. 46-48).

საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივებით:

ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 6 იანვრის ¹02/10 ბრძანების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე და 113-ე მუხლების, საქართველოს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ¹1611/26/41/14/4 წერილის საფუძველზე ინდმეწარმე «მ. შ.-ის» ობიექტში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციას ესწრებოდა და ახსნა-განმარტებას იძლეოდა თვით ინდმეწარმე «მ. შ.-ე». 2006 წლის 6 იანვარს შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია, რომლის თავმჯდომარედ დაინიშნა თვით ინდმეწარმე. 2006 წლის 10 იანვრის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის აქტით ინდმეწარმე «მ. შ.-ს» აღურიცხავი საქონლის არსებობისათვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაერიცხა ჯარიმა 8800.85 ლარის ოდენობით, რომელიც მოიცავდა სადავო 5400 ლარს. აქტს ხელი მოაწერა მ. შ.-აც და მასზე რაიმე შენიშვნა არ დაუფიქსირებია.

საქმეში არსებული 2006 წლის 6 იანვრის ინვენტარიზაციის აქტით და ინდმეწარმე «მ. შ.-ის» ახსნა-განმარტებით უტყუარად დასტურდებოდა, რომ ინვენტარიზაციის ჩატარების მომენტისათვის მეწარმის კუთვნილ ობიექტში არსებული საქონლის ღირებულება შეადგენდა 14375.0 ლარს.

სასამართლომ ყოველგვარი მოტივაციის გარეშე მიიჩნია სავაჭრო ობიექტში არსებული საქონელი დაზიანებულად და მიუთითა, რომ 2006 წლის 6 იანვრამდე არ გამოირიცხებოდა ხსენებული საქონლის დაზიანების არსებობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 195-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ დაარღვია კანონის აღნიშნული ნორმა (ს.ფ. 50-51).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ინდმეწარმე «მ. შ.-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 6 იანვრის ¹02/10 ბრძანებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე და 113-ე მუხლების, საქართველოს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ¹1611/26/41/14/4 წერილის საფუძველზე ინდმეწარმე «მ. შ.-ის» ობიექტში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციას ესწრებოდა და ახსნა-განმარტებას იძლეოდა თვით ინდმეწარმე «მ. შ.-ე». 2006 წლის 6 იანვარს ინდმეწარმე «მ. შ.-ის» ¹1 ბრძანების თანახმად შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია, რომლის თავმჯდომარედ დაინიშნა თვით ინდმეწარმე. 2006 წლის 10 იანვრის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის აქტით ინდმეწარმე «მ. შ.-ს» აღურიცხავი საქონლის არსებობისათვის საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაერიცხა ჯარიმა 8800.85 ლარის ოდენობით. აქტს ხელი მოაწერა თვით ინდმეწარმემ და მასზე რაიმე წერილობითი შენიშვნა არ დაუფიქსირებია. 2006 წლის 6 იანვრის ინვენტარიზაციის (რომელიც თვით ინდმეწარმე «მ. შ.-ის» თავმჯდომარეობით ჩატარდა) აქტით და ინდმეწარმე «მ. შ.-ის» ახსნა-განმარტებით დასტურდებოდა, რომ ინვენტარიზაციის ჩატარების მომენტისათვის მეწარმის კუთვნილ ობიექტში არსებული საქონლის ღირებულება შეადგენდა 14375.0 ლარს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ინვენტარიზაციის აქტის შედგენისას ინდმეწარმე «მ. შ.-ს» რაიმე პრეტენზია ან წინადადება მატერიალური ფასეულობების უვარგისობის შესახებ არ წარუდგენია.

რაც შეეხებოდა ქუთაისის რეგიონალური სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტიზის ბიუროს 2006 წლის 24 იანვრის ¹43 კონსულტაციის აქტს და ამავე ბიუროს 2006 წლის 5 ივლისის ¹501 ექსპერტიზის დასკვნას, რომელთა თანახმად, ინდმეწარმე «მ. შ.-ის» მიერ შესამოწმებლად წარდგენილი 31 ...-ი და ერთი ...-ი, საერთო ღირებულებით 5400 ლარი, იყო ექსპლუატაციისათვის უვარგისი, არ შეიძლებოდა გამხდარიყო საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 7 აპრილის საგადასახადო შეტყობინებისა და 2006 წლის 9 მარტის საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის საფუძველი. აღნიშნული დოკუმენტები არ შეიცავდნენ უტყუარ მტკიცებულებას იმის თაობაზე, რომ ინვენტარიზაციის ჩატარების დროისათვის შემოწმებული მატერიალური ფასეულობა (31 ...-ი და ერთი ...-ი) რეალიზაციისათვის იყო უვარგისი. ექსპერტიზის დასკვნით გამოთქმული იყო მხოლოდ მოსაზრება, ვარაუდი, რომ არ გამოირიცხებოდა ხსენებული საქონლის დაზიანების არსებობა 2006 წლის 6 იანვრამდეც.

საგადასახადო კოდექსის 120-ე მუხლი ითვალისწინებს საგადასახადო შემოწმების შესახებ აქტის შედგენის აუცილებლობას. ამავე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, აქტში უნდა შევიდეს ის საკითხები, რომელსაც არ ეთანხმება გადასახადის გადამხდელი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ინდმეწარმე «მ. შ.-ის» მხრიდან ადგილია არ ჰქონია, ინვენტარიზაციის ოქმის შედგენისას მას რაიმე შენიშვნა არ წარუდგენია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები 5400 ლარის საქონლის ღირებულებით მოსარჩელის დაჯარიმების ნაწილში არ ეწინააღმდეგებოდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მოთხოვნას, შესაბამისად, მათი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა (ს.ფ. 79-85).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ინდმეწარმე «მ. შ.-მ», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შესამოწმებლად წარდგენილი 31 ...-ი (საერთო ღირებულებით 5310 ლარი) და ერთი ...-ი (ღირებულებით 90 ლარი) ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით უვარგისია ექსპლუატაციისათვის. მისი აზრით, ჯარიმის თანხაში არ უნდა შევიდეს იმ უვარგისი საქონლის ღირებულება, რაც დადგინდა ექსპერტიზის აღნიშნული დასკვნით.

კასატორის განმარტებით, საგადასახადო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ექსპლუატაციისათვის უვარგისი ნივთი არ შეიძლება ჩაითვალოს საქონლად, ანუ მატერიალურ ქონებად, რადგან საქონლის რეალიზაციისას ნივთი უნდა იყოს უნაკლო, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი ვარგისია ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

კასატორისათვის გაუგებარია, თუ რატომ არ გაიზიარა სასამართლომ ექსპერტის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ არ გამოირიცხება ხსენებული საქონლის დაზიანების არსებობა 2006 წლის 6 იანვრამდე. სპეციალისტების მოსაზრებით, 5400 ლარად ღირებული საქონლის დაზიანება შესაძლებელია არსებულიყო 2006 წლის 6 იანვარს ჩატარებულ ინვენტარიზაციამდეც.

მართალია, 2006 წლის 10 იანვრის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის აქტზე ინდმეწარმე «მ. შ.-ს» რაიმე წერილობითი შენიშვნა არ გაუკეთებია, მაგრამ მან სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც ითხოვა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 9 მარტის საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა 5400 ლარის დარიცხვის ნაწილში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა აღნიშნულთან დაკავშირებით უსაფუძვლო იყო (ს.ფ. 90-91).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური მეწარმე «მ. შ.-ის» საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია:

ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 6 იანვრის ¹02/10 ბრძანების საფუძველზე ინდივიდუალური მეწარმე «მ. შ.-ის» ობიექტში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია, რომელსაც თავად მ. შ.-ც ესწრებოდა და ახსნა-განმარტებებს იძლეოდა. ინვენტარიზაციის შედეგად 2006 წლის 10 იანვარს შედგა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის აქტი, რომლითაც ინდმეწარმე «მ. შ.-ს» აღურიცხავი საქონლის არსებობისათვის, საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაერიცხა ჯარიმა 8800.85 ლარის ოდენობით, მათ შორის, სადავო 5400 ლარი 31 ...-ისა და ერთი ...-ის აღურიცხაობისათვის. მ. შ.-ე ინვენტარიზაციის აქტს გაეცნო, მასზე ხელი მოაწერა და აქტის შედგენის დროისათვის ინვენტარიზაციის შედეგები, კერძოდ, სამეურნეო საქმიანობისათვის განკუთვნილი აღურიცხავი საქონლის არსებობა სადავოდ არ გაუხდია. აღნიშნული აქტის საფუძველზე ინდმეწარმეს წარედგინა 2006 წლის 9 მარტის საგადასახადო მოთხოვნა.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტიზის ბიუროს 2006 წლის 24 იანვრის ¹43 კონსულტაციის აქტი და ამავე ბიუროს 2006 წლის 5 ივლისის ¹501 ექსპერტიზის დასკვნა სადავო საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის საფუძველი ვერ იქნება, რამდენადაც აღნიშნული დოკუმენტებით არ დგინდება ზემოაღნიშნული 31 ...-ისა და ერთი ...-ის როგორც ინდივიდუალური მეწარმისათვის ფაქტობრივი გადაცემის, ისე ინვენტარიზაციის ჩატარების დროისათვის ექსპლუატაციისათვის უვარგისობა. კასატორი ვერ ასაბუთებს, რომ აღნიშნული საქონელი არ განეკუთვნებოდა «საქონლის აღრიცხვისა და მოძრაობის ჟურნალის ფორმის განსაზღვრისა და მისი წარმოების წესის თაობაზე» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 16 თებერვლის ¹88 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის თანახმად საქონლის აღრიცხვისა და მოძრაობის ჟურნალში აღრიცხვას დაქვემდებარებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური მეწარმე «მ. შ.-ის» მიმართ ვერ გავრცელდება 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-5 ნაწილში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელებს, რომლებსაც საქონლის აღრიცხვისა და მოძრაობის ჟურნალში აღურიცხავი ჰქონდათ შესაბამისი ინფორმაცია, რის გამოც საგადასახადო ორგანოების მიერ მათ მიმართ საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოყენებულია სანქცია, სანქცია უნდა მოეხსნათ იმ საქონლის ნაწილში, რომელზეც არსებობს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა პირველადი აღრიცხვის დოკუმენტები. კასატორი ვერ მიუთითებს, რომ მას გააჩნდა აღნიშნული საქონლის აღრიცხვის პირველადი დოკუმენტები და მის მიმართ არსებობს აღნიშნული საგადასახადო შეღავათის გავრცელების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საპროცესო საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ინდივიდუალური მეწარმე «მ. შ.-ის» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.