საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-455-434(კ-08) 13 ივნისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს “ჰ.-ის” დირექტორის გ. ქ.-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე შპს “ჰ.-ის” სარჩელის გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2008 წლის 29 აპრილს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-455-434(კ-08) შპს “ჰ.-ის” დირექტორის გ. ქ.-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის განჩინებით შპს “ჰ.-ის” დირექტორის გ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 მუხლის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარზე სსსკ-ის 39.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით. შესაბამისად, კასატორს მიეცა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე მითითებული ხარვეზის შესავსებად (იხ. ს.ფ. 107-109).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ შპს “ჰ.-ის” დირექტორის გ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 13 მაისის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, განესაზღვრა გონივრული ვადა 10 დღე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 13 მაისის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კასატორს _ შპს “ჰ.-ის” დირექტორის გ. ქ.-ს და მის წარმომადგენელს გ. კ.-ს გაეგზავნათ 2008 წლის 15 მაისს. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, გ. კ.-ს საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 13 მაისის განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2008 წლის 19 მაისს, ხოლო შპს “ჰ.-ის” დირექტორს გ. ქ.-ს 2008 წლის 20 მაისს (იხ. ს.ფ. 113-114), მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კასატორმა ხარვეზი არ შეავსო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. ერთ-ერთი ძირითადი უფლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საჩივრის წარდგენისა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “ჰ.-ის” დირექტორის გ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს “ჰ.-ის” დირექტორის გ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.