ბს-456-434(კ-07) 19 დეკემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი(მოპასუხე) _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება ...-ის დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ. ქ.-ე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.07წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
29.09.06წ. ნ. ქ.-მ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება ...-ის დეპარტამენტის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2006 წლის 1 მარტიდან შრომის ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებდა ხელვაჩაურის რაიონის ... უბნის ...-ის მოვალეობას აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ...-ის დეპარტამენტში. კონტრაქტის ვადა მოიცავდა 1 თვეს, რომლის გასვლის შემდეგ, ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობა გაგრძელდებოდა იმავე ვადით. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება ...-ის დეპარტამენტის ...-ის მ.შ. 01.09.06წ. ¹83 ბრძანებით შეწყვეტილ იქნა შრომის ხელშეკრულება. ბრძანებაში ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითებული იყო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს სამსახურიდან განთავისუფლებას დისციპლინური გადაცდომისათვის და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება ...-ის დეპარტამენტის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი. 18.09.06წ. ნ. ქ.-მ განცხადებით მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას და მოითხოვა ინფორმაცია მისი სამსახურიდან განთავისუფლების ფაქტობრივი საფუძვლის შესახებ. 19.09.06წ. მიღებული პასუხის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა გამოიხატა სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევაში. საპასუხო წერილში მითითებული იყო, რომ მიმდინარე წლის 29 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში არც ის და არც ერთი გზის მომვლელი არ იმყოფებოდა მიკუთვნებულ გზის მონაკვეთზე და გზაც მოუვლელი იყო. მოსარჩელის განცხადებით, მისთვის მიკუთვნებული იყო სხვადასხვა სოფლის 13 გზა, რომელთა საერთო სიგრძე შეადგენდა 36.75 კ.მ.-ს. 2006 წლის 29 აგვისტოს გზის შეკეთების შესახებ რაიმე მითითება არ მიუღია. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2006 წლის 29 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში სამუშაო ადგილზე იმყოფებოდა, რასაც დაადასტურებდნენ მისი სამუშაო ჯგუფის წევრები და ის გარემოება, რომ ადმინისტრაციისაგან შენიშვნა არასოდეს მიუღია. მოსარჩელემ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 112-ე მუხლისა და 127-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად სადავო აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.11.06წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება ...-ის დეპარტამენტის ...-ის მ.შ. 01.09.06წ. ¹83 ბრძანება, ნ. ქ.-ე აღდგენილ იქნა სამუშაოზე და დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება ზოგადი შინაარსისა იყო, მასში არ იყო მითითებული ნ. ქ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი. ამასთანავე, ნ. ქ.-სათვის ადმინისტრაციას არ ჩამოურთმევია ახსნა-განმარტება დისციპლინური დარღვევის შესახებ. დაუდასტურებელი იყო სადავო ბრძანებაში მითითებული ფაქტი და გაურკვეველი იყო რა იგულისხმებოდა გზების მოუვლელობაში და ვისი ბრალით იყო გამოწვეული.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.11.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება ...-ის დეპარტამენტმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.07წ. გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება ...-ის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.11.06წ. გადაწყვეტილება, ნ. ქ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება ...-ის დეპარტამენტის ...-ის მ.შ. 01.09.06წ. ¹83 ბრძანება, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება ...-ის დეპარტამენტს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ნ. ქ.-ის სამუშაოზე მოწყობის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, დაკმაყოფილდა ნ. ქ.-ის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ნ. ქ.-ე 2006 წლის 1 მარტიდან შრომის ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება ...-ის დეპარტამენტში გზის მომვლელების სამსახურის ხელვაჩაურის რაიონის მე-... უბნის ...-ის მოვალეობის შემსრულებლად. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება ...-ის დეპარტამენტის ...-ის მ.შ. 01.09.06წ. ¹83 ბრძანებით შეწყდა შრომის ხელშეკრულება «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილის და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება ...-ის დეპარტამენტის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე. ნ. ქ.-ს სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობაში ჩაეთვალა ის გარემოება, რომ 2006 წლის 29 აგვისტოს არ იმყოფებოდა მასზე გამოყოფილი გზის მონაკვეთზე და გზის მონაკვეთი იყო მოუვლელი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა ნ. ქ.-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა. მოხელის მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე არ შედგენილა რაიმე დოკუმენტი(შემოწმების აქტი) უფლებამოსილი პირის მიერ. არ დასტურდებოდა აგრეთვე, რომელი გზა იყო მოუვლელი და დავალებული ჰქონდა თუ არა ნ. ქ.-ს კონკრეტული გზის ნაკვეთის შეკეთება, გააჩნდა თუ არა გზის მოვლისათვის სათანადო რესურსი. სააპელაციო სასამართლოს აზრით, სადავო ბრძანება არ იყო გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით და აქტი გამოცემული იყო სათანადო ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე. აღნიშნული გარემოება ზაკ-ის მე-601 მუხლის მოთხოვნათა დარღვევას წარმოადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა ბათილად ცნობილი სადავო აქტი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აჭარის ა/რ მთავრობის 12.01.07წ. ¹7 დადგენილებით ცვლილება შევიდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ...-ის დეპარტამენტის დებულების მე-5 მუხლში და გაუქმდა გზის მომვლელთა სამსახური. ამდენად, აღარ არსებობდა სამსახური, სადაც ნ. ქ.-ე მუშაობდა ხელშეკრულების შეწყვეტამდე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა ცნობილიყო სადავო აქტი, მოპასუხე ორგანიზაციას უნდა დავალებოდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოპასუხე ორგანიზაციას უნდა გამოერკვია რა საშტატო ერთეულები იყო გათვალისწინებული აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ...-ის დეპარტამენტში და ხომ არ იყო მოსარჩელის განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის მსგავსი თანამდებობა ან სხვა სამსახური, რომელზეც თანახმა იქნებოდა ნ. ქ.-ე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ქ.-ს უნდა ანაზღაურებოდა იძულებით განაცდური, ვინაიდან სადავო აქტი გამოცემული იყო ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება ...-ის დეპარტამენტმა. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კასატორის განცხადებით, ნ. ქ.-ე იყო შტატგარეშე მოსამსახურე. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-10 თავი არეგულირებს მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების საკითხებს. ამავე კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად მოხელე არის პირი, რომელიც ინიშნება ან აირჩევა სახაზინო დაწესებულებაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობები, რომლებიც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. შტატგარეშე მოსამსახურის შრომითი კონტრაქტის შეწყვეტას არეგულირებს საქართველოს შრომის კოდექსი. სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, გადაწყვეტილების გამოტანის დროს გამოეყენებინა საქართველოს შრომის კოდექსი ან დაესაბუთებინა მისი გამოყენების არამართებულობა. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ზოგიერთი ფაქტობრივი გარემოება და უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა ნ. ქ.-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობა. ნ. ქ.-სთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტის მე-3 მუხლის თანახმად, მუშაკი ვალდებული იყო, თვალყური ედევნებინა საავტომობილო გზის სავალი ნაწილის მოვლა-პატრონობისათვის. 03.08.06წ. დეპარტამენტის ...-ის მოვალეობის შემსრულებლის და დეპარტამენტის ტექნიკური განყოფილების ..-ის მიერ შედგენილ იქნა აქტი ხელვაჩაურის რაიონის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მე-... უბნის მოუვლელობის შესახებ. აქტში დაფიქსირდა, რომ სამუშაოზე არ იმყოფებოდა არც ერთი მუშა და უბნის უფროსი. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, შრომის ხელშეკრულების მოშლის საფუძველს ქმნიდა ერთ-ერთი მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა. ნ. ქ.-მ დაარღვია შრომითი ხელშეკრულების მე-3 მუხლის მოთხოვნა, რის გამოც შეწყდა მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ ნ. ქ.-ე მიიჩნია მოხელედ, რაც არასწორია. მართალია, ნ. ქ.-ის შრომითი ხელშეკრულების მოშლის დროს გამოყენებულ იქნა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 99-ე მუხლი, რომელიც მხოლოდ მოხელის განთავისუფლებას ეხება, მაგრამ სასამართლოს არ უმსჯელია ამ მუხლის გამოყენების კანონთან შესაბამისობაზე. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია იმის შესახებ, თუ რამდენად არის ადმინისტრაციულ აქტში მოცემული სამართლებრივი დასაბუთების უსწორობა მისი ბათილად ცნობის საფუძველი. კასატორმა მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული აქტი ბათილია, თუ ის ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. სადავო აქტი, კასატორის აზრით, არ ეწინააღმდეგება შრომის კოდექსს. იმ შემთხვევაშიც თუ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა შრომის კოდექსთან შეუსაბამოდ იქნებოდა მიჩნეული, დამქირავებელს შეიძლებოდა დაჰკისრებოდა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კომპენსაცია. აღნიშნული ნორმის საფუძველზე დამქირავებელს ნებისმიერ დროს უფლება აქვს მოშალოს შრომის ხელშეკრულება. კასატორის განცხადებით, სააპელაციო პალატამ არასწორად იხელმძღვანელა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 112-ე მუხლით და დეპარტამენტს დაავალა ნ. ქ.-ის სამსახურში მოწყობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. კასატორის განცხადებით, აღნიშნულს არ ითვალისწინებს შრომის კოდექსი. კასატორმა მიუთითა, რომ აჭარის ა/რ მთავრობის 12.01.07წ. ¹7 დადგენილებით გაუქმდა გზის მომვლელების სამსახური. შრომის კონტრაქტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოშლის საფუძველია ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია. სამსახურის გაუქმებასთან ერთად ავტომატურად შეწყდა შრომის ხელშეკრულება. კასატორის განმარტებით, შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს «იძულებითი განაცდურისა» და «სამუშაოზე აღდგენის» ცნებებს. კასატორმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07..03.07წ. გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო პალატის 21.05.07წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ ვადა დასაშვებობის თაობაზე მოსაზრებების წარმოდგენისათვის. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება ...-ის დეპარტამენტმა წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც აღნიშნა, რომ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია საკასაციო პალატის განმარტება იმის შესახებ, თუ რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე უნდა იქნეს განხილული ანალოგიური დავები. კასატორის განცხადებით, საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ასევე ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის მოთხოვნას. ნ. ქ.-მ წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც აღნიშნა, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა ასკ-ის 34-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა ყოფილიყო მიჩნეული, საქმე არ არის მნიშვნელოვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 08.11.07წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ნ. ქ.-ე 2006 წლის 1 მარტიდან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა აჭარის ა/რ ...-ის დეპარტამენტში გზის მომვლელების სამსახურის ხელვაჩაურის რაიონის მე-... უბნის ...-ის მოვალეობის შემსრულებლად. აჭარის ა/რ ...-ის დეპარტამენტის ...-ის მ/შ 01.09.06წ. ¹83 ბრძანებით ნ. ქ.-ე სამსახურიდან იქნა დათხოვნილი სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის გამო. სადავო აქტში განთავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულ იქნა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.
მხარეთა შორის გაფორმებული 01.03.06წ. ¹6 შრომის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ნ. ქ.-ე შრომის კონტრაქტის საფუძველზე სამსახურში მიღებული იქნა შტატგარეშე მოსამსახურედ. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, შტატგარეშე მოსამსახურე წარმოადგენს საჯარო სამსახურის ერთ-ერთ სახეს (მე-8 მუხ.), თუმცა ამავე კანონის მე-10 თავი და კერძოდ 99-ე მუხლი ადგენს მოხელის და არა შტატგარეშე მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებსა და წესს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოხელის თანამდებობა საჯარო სამსახურის დამოუკიდებელი სახეა. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოხელე არის პირი, რომელიც ინიშნება ან აირჩევა სახაზინო დაწესებულების საშტატო(შტატით გათვალისწინებულ) თანამდებობაზე. შტატგარეშე მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების წესს აღნიშნული კანონი არ არეგულირებს. ამდენად, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, შტატგარეშე მოსამსახურეთა სამსახურიდან გათავისუფლებისას მათზე ვერ გავრცელდება «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის შესაბამისი დებულებები და შტატგარეშე მოსამსახურეების სამსახურიდან დათხოვნის მართლზომიერების დასადგენად გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს შრომის კანონმდებლობა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა სააპელაციო პალატას უნდა განეხილა შრომის კანონმდებლობის საფუძველზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო აქტის მიჩნევა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და მისი ბათილად ცნობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე. მითითებული მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული უნდა იყოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. ვინაიდან შტატგარეშე მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება რეგულირდება საქართველოს შრომის კანონმდებლობის საფუძველზე, მისი გათავისუფლების შესახებ სამართლებრივი აქტი გამოიცემა ასევე შრომის კანონმდებლობის საფუძველზე. სამართლებრივი აქტი შესაძლოა ატარებდეს ბრძანების სახეს, მაგრამ მიუხედავად მისი გამოცემის ფორმისა, ასეთი აქტი ვერ ჩაითვლება ადმინისტრაციულ აქტად. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის 32.4 მუხლის შესაბამისად შესაძლებელია მხოლოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება. ვინაიდან სადავო აქტი არ წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არ არსებობდა აგრეთვე სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევის გარეშე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ...-ის დეპარტამენტის ...-ის მოვალეობის შემსრულებლის 01.09.2006წ. ¹83 ბრძანების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. იმის გათვალისწინებით, რომ სასკ-ის 32.4 მუხლი გულისხმობს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების გამოკვლევის დავალებას ადმინისტრაციული ორგანოსათვის, სასამართლოს მიერ მათი გამოკვლევის გარეშე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ დეპარტამენტის მუშაკების (ა. გ.-ე, ა. ქ.-ე, რ. დ.-ე, მ. ს.-ე) მოხსენებით ბარათებში აღნიშნული ფაქტების და შესაბამისად შრომითი ხელშეკრულების მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის არსებობა, რაც შკკ 37.1 მუხლის ,,გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო სასკ-ის 26-ე მუხლის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია გადაუგზავნოს იგი განსჯად სასამართლოს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებით საქმე განხილვისათვის უნდა გადაეგზავნოს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2, 26-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება ...-ის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.07წ. გადაწყვეტილება და საქმე განხილვისათვის გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.