Facebook Twitter

¹ბს-457-436(კ-08) 1 ოქტომბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

09.10.07წ. ე. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.10.07წ. გადაწყვეტილებით ე. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ე. მ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 1349, 86 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.10.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.08წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.10.07წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ე. მ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ე. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 680,37 ლარის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ 1998-1999-2000წ.წ. ე. მ-ის მიმართ ხელზე გასაცემი დავალიანება შეადგენდა 1349,86 ლარს, მათ შორის ხელფასი - 410,11 ლარს, კვება - 669,49 ლარს, მატერიალური დახმარება – 61.16 ლარს და ჯილდო – 209.10 ლარს. სააპელაციო პალატამ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, “სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 12-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქმეში წარმოდგენილი ცნობების საფუძველზე მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ე. მ-ის სასარგებლოდ ხელფასის – 410,11 ლარის, მატერიალური დახმარების – 61.16 ლარის და ჯილდოს – 209,10 ლარის ანაზღაურება. სააპელაციო პალატამ ვალის აღიარების ფაქტად მიიჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 01.10.07წ. 9/3016 ცნობა, რომლითაც თავდაცვის სამინისტრო ე. მ-ს დაპირდა დავალიანების ანაზღაურებას ამ მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა კვების კომპენსაციის 669,49 ლარის ოდენობით ანაზღაურების ნაწილში, ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. იგი არ წარმოადგენდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლით განსაზღვრულ ხელფასის კომპონენტს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ხელფასი თავისი სამართლებრივი ბუნებით განსხვავდებოდა სოციალური უზრუნველყოფის სახისგან – სასურსათო ულუფისაგან, რომელიც კანონმდებლის მიერ სხვა სამართლებრივ რეჟიმში იყო მოქცეული და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341 მუხლით რეგულირებულ სფეროს არ განეკუთვნებოდა, რომლის მიხედვითაც 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა ხორციელებოდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, მის მიმართ, როგორც სოციალური უზრუნველყოფის პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მიმართ, გამოყენებულ უნდა ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც ათვლილი უნდა ყოფილიყო სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით. ამავე კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა წყდება ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე ვალის აღიარებით, რასაც მოცემულ შემთვევაში ადგილი არ ჰქონია

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.08წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებისას გამოყენებულ უნდა ყოფილიყო შრომის კანონთა კოდექსის ნორმები, ხოლო აქედან გამომდინარე საჯარო შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებისას გამოყენებულ უნდა ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები. მოსარჩელესა და თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენდა სახელშეკრულებო ურთიერთობას, რადგან მოსარჩელის განცხადება თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურის დაწყების შესახებ და სამინისტროს თანხმობა მასთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ ადასტურებდნენ საჯარო შრომითი ურთიერთობის ფაქტს. კასატორმა აღნიშნა, რომ იმ დროს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის მიხედვით ხელფასის გაცემა წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რადგან ამ კანონის 94-ე მუხლის მიხედვით, ხელფასი გაიცემოდა ყოველი ნახევარი თვის მერე მაინც, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, სახელფასო მოთხოვნაზე უნდა გავრცელებულიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო უკიდურეს შემთვევაში სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. კასატორმა ასევე მიუთითა, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებიდან ირკვეოდა, რომ დანამატის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა მხოლოდ ფულად თანხებს, რომლებიც გაიანგარიშებოდა ნამსახურების წლების მიხედვით, ხოლო ჯილდოს და მატერიალურ დახმარებას დანამატის სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული და ისინი არ წარმოადგენდნენ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს, ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წარმოადგენდნენ. სასარჩელო მოთხოვნა მატერიალური დახმარების და ჯილდოს ნაწილში იყო ხანდაზმული, რადგან ამ მოთხოვნებზე ვრცელდებოდა სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი 3 წლიანი ხაანდაზმულობის ვადა. A კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ მისი საკასაციო საჩივარი დასაშვები იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტების შესაბამისად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 13.05.08წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენის უფლება მიეცათ და განესაზღვრათ ვადა. თავდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც მიუთითებდა, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები იყო სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტების შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.