Facebook Twitter

ბს-458-435(2კ-07) 31 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე – შ. გ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 5 მაისს მოსარჩელე შ. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 7 აპრილის ¹180-კ ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ შ. გ-ამ საბაჟო სისტემაში მუშაობა დაიწყო 1997 წლის 12 აპრილს ტვირთების გადაზიდვების, საბაჟო კონტროლისა და დაცვის უზრუნველყოფის განყოფილებაში ..... 1999 წლის 13 თებერვალს, გადაყვანილ იქნა ,,ფოთის პორტის” კონტროლის განყოფილებაში ...., შემდგომ - მთავარ ინსპექტორად.

საბაჟო სისტემაში მუშაობის დროს, 2002 წელს შ. გ-ამ წარჩინებით დაამათავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის .... ფაკულტეტი. გავლილი აქვს კომპიუტერული ტექნიკის კურსები, რაზედაც გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატი. აქვს გაეროს გარემოს დაცვითი პროგრამის ტექნოლოგიების, მრეწველობისა და ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ოზონდამცავ ღონისძიებათა განყოფილების მიერ გაცემული სერტიფიკატი. მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადებაში, ხასიათდება დადებითად, სისტემაში მუშაობისას არ ჰქონია დისციპლინის დარღვევის ფაქტები ან საყვედური.

2006 წლის 31 მარტს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა ატესტაციაში, რის შესახებაც ინფორმირებული იყო იმავე წლის თებერვალში საატესტაციო ფურცლით, ხოლო ატესტაციის ჩატარება ნავარაუდევი იყო ერთი თვის ვადაში, რაც არ მომხდარა.

2006 წლის 30 მარტს მოსარჩელემ შემთხვევით გაიგო, რომ 2006 წლის 31 მარტს ტარდებოდა ატესტაცია. აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა ... ე. შ-ესთან, რომელმაც დაუდასტურა, რომ სასწრაფოდ უნდა ჩასულიყო ქ. ფოთში, მოეწერა ხელი გაფრთხილებაზე და 31 მარტს 10:00 საათზე გამოცხადებულიყო თბილისში საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ატესტაციაზე, რაც მისი მხრიდან შესრულებულ იქნა.

მოსარჩელის განმარტებით, მისი ატესტაციაზე გასვლა მოხდა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. საატესტაციო კომისიისაგან მიიღო უარყოფითი პასუხი, რაც მის მიერ გასაჩივრებულ იქნა საპრეტენზიო კომისიაში 2006 წლის 4 აპრილს. 6 აპრილს საპრეტენზიო კომისიაში შედგა მისი განცხადების განხილვა, სადაც აჩვენეს ფირი. აღნიშნული ფირის შემდეგ მან პასუხები მიიჩნია დამაკმაყოფილებლად, მაგრამ საპრეტენზიო კომისიამ უარი უთხრა და 2006 წლის 7 აპრილს ¹180-კ ბრძანებით გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.

მოსარჩელემ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 აპრილის ¹244 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტისა და მეორე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლება მიიჩნია უკანონოდ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 7 აპრილის ¹180-კ ბრძანების ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 7 აპრილის ¹180-კ ბრძანება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 აპრილის ¹244 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს საბაჟო ორგანოში სამსახურის გავლის წესის შესახებ" დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს თანამშრომლის ატესტაცია არის მისი პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებულ (დასაკავებელ) თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება და საბაჟო ორგანოს თანამშრომელი მას ექვემდებარება სამ წელიწადში ერთხელ.

ამავე დებულების 21-ე მუხლის თანახმად, საბაჟო ორგანოს თანამშრომელი შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო, ატესტაციის შედეგების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრებული ¹180-კ ბრძანება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი და იგი უნდა გამოიცეს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეყენებინა როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, ასევე სპეციალური სამართლებრივი აქტები, რომლებითაც რეგულირდება ატესტაციის ჩატარების პროცედურები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება მიღებული. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, რომელშიც უნდა მიეთითოს ყველა ის გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

კანონის ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცეულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ზაკ-ის 96-ე მუხლის იმპერატიული ხასიათის დანაწესი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნული ნორმა დაუშვებლად მიიჩნევს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ ¹409 ბრძანების 33-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ატესტაციის დროს პროფესიული ტესტირება არ ტარდება, გასაუბრების მიზანია დადგინდეს მოხელის პროფესიული ცოდნისა და კვალიფიკაციის დონე და მისი პრაქტიკაში რეალიზაციის უნარი.

აღნიშნული 409-ე ბრძანების 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება ხდება გამოყენებული მეთოდიკის მიხედვით, ხოლო 39-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, კი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს პერსონალურად, ყველა მოხელეზე მოტივირებული დასკვნის სახით და შეიტანება საატესტაციო ფურცელში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გამოკვლეული ის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც გახდა მოსარჩელე შ. გ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, საატესტაციო კომისიას არ გამოუკვლევია კონკრეტულად მოსარჩელის მიერ რომელი პასუხები იქნა მიჩნეული არადამაკმაყოფილებლად და არასწორად, არ იქნა გამოკვლეული ასევე, რა პროფესიული ჩვევები, შესაძლებლობები და პირადი თვისებები არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას და გაურკვეველია, თუ რა მიზეზების გამო მიეცა მას შეფასება: ,,უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, რადგან არ შეესაბამება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2002 წლის 30 დეკემბრის ¹437 და 2004 წლის 20 თებერვლის ¹79 ბრძანებებით დადგენილ მოთხოვნებს". ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების გამოტანისას ისე დაეყრდნო კომისიის რეკომენდაციას, რომ არ გამოუკვლევია, რა საფუძვლები დაედო აღნიშნულ რეკომენდაციას, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა მინისტრის 409 ბრძანების 39-ე მუხლი პირდაპირ ავალებს კომისიას, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს მოტივირებული დასკვნის სახით, პერსონალურად ყველა მოხელეზე. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოხელის ატესტაცია არის განსაკუთრებული მნიშვნელობის წარმოება, რომლის დროს ხდება მოხელის ცოდნის, პიროვნული და პროფესიული ჩვევების გაანალიზება, მისი წარსული მუშაობის შეფასება და ერთიანი დასკვნის გაკეთება, რომელიც უნდა იყოს დასაბუთებული კონკრეტული გარემოებებით. საატესტაციო კომისია ვალდებულია, ატესტაცია გავლილ მოხელეთა კანდიდატურებზე დანიშვნის უფლების მქონე პირს წარუდგინოს ატესტაციის შედეგების შესახებ დასკვნა, ხოლო დანიშვნის უფლების მქონე პირი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მოხელის მიმართ, დაკავებული თანამდებობაზე დატოვების, დაწინაურების, ჩამოქვეითების ან გათავისუფლების შესახებ. აღნიშნული უფლებამოსილება, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, წარმოადგენს თანამდებობის პირის (დანიშვნის უფლების მქონე) დისკრეციულ უფლებამოსილებას. ზაკ-ის მე-6 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს (პირს) დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს წარმოეშობა ვალდებულება, უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში, ხოლო ზაკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, წერილობით დასაბუთებაში უნდა მიუთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ბრძანების გამომცემმა პირმა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გაუთვალისწინებლად მიიღო გასაჩივრებული ბრძანება, რაც სასამართლოს აძლევს უფლებას, გამოიყენოს ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებითად უნდა შეისწავლოს შ. გ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები და ისე გამოიტანოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა და აღნიშნა, რომ შ. გ-თან მიმართებაში სადავო აქტები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შეფასებისა და გამოკვლევის გარეშე. საჯარო სამსახურის შესახებ ,,საქართველოს კანონის", ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანებით დამტკიცებული დებულებების - ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესით” დადგენილი პროცედურული საკითხების უგულებელყოფით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორები აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 აპრილის ¹244 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს საბაჟო ორგანოებში სამსახურის გავლის წესის" შესახებ დებულების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტი განსაზღვრავს, რომ: ,,ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები არ წარმოშობს თანამშრომლის სამსახურში მიღების უფლების მქონე პირის ვალდებულებას, შესთავაზოს მას სხვა თანამდებობა". ვინაიდან, ატესტაციის შედეგების გამო შ. გ-ა ექვემდებარებოდა გათავისუფლებას, კასატორების აზრით, ადმინისტრაცია არ იყო ვალდებული, შეეთავაზებინა მისთვის სხვა თანამდებობა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ¹409 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის" შესახებ დებულების მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, დაწესებულების ხელმძღვანელი კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მოხელის დაწინაურების, დაკავებულ თანამდებობაზე დატოვების, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. გათავისუფლების შესახებ ბრძანების აღნიშნული საფუძველი განსაზღვრავს, რომ თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი იხილავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას და იღებს მითითებულ მუხლში ჩამოთვლილი გადაწყვეტილებებიდან ერთ-ერთს. აქედან გამომდინარე, კასატორების განმარტებით, საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარემ გაიზიარა კომისიის გადაწყვეტილება შ. გ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და აღნიშნულთან დაკავშირებით გამოსცა გათავისუფლების ბრძანება (აღსანიშნავია, რომ საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე მიწვეული იყო ატესტაციაზე და ამდენად, იგი პირადად ესწრებოდა შ. გ-ას გასაუბრებას), რომლის საფუძვლად ასევე მითითებულია საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2006 წლის 3 აპრილის ¹21 ოქმი, რომელშიც საკონკურსო საატესტაციო კომისიამ დააფიქსირა თავისი გადაწყვეტილება, რომ შ. გ-ა ექვემდებარებოდა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას. საატესტაციო ფურცელში, რომელიც ოქმის შემადგენელი ნაწილია, განისაზღვრა შ. გ-ას თანამდებობასთან შეუსაბამობის საფუძველი, კერძოდ, იგი არ შეესაბამებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 30 დეკემბრის ¹437 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა ატესტაციის და კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის პროგრამას" და ასევე, არ აკმაყოფილებდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 20 თებერვლის ¹79 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტების საჯარო მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო და დამატებით მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს სასამართლოს არგუმენტები იმის შესახებ, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით არის გამოცემული. კასატორების მითითებით, გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში აისახა ყველა ის საფუძველი, რამაც გამოიწვია შ. გ-ას სამსახურიდან გათავისუფლება. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გათავისუფლების საფუძვლად ვერ მიუთითებდა არასწორად გაცემული კითხვების სამართლებრივ ანალიზსა და საფუძვლებზე, ბრძანებაში მითითებულია კომისიის ოქმი, რომლის შემადგენელი ნაწილია გასაუბრების ოქმი, გასაუბრების ვიდეო ჩანაწერი და საატესტაციო ფურცელი, რომელშიც დაფიქსირდა, რომ შ. გ-ა არ შეესაბამებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 30 დეკემბრის ¹437 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის პროგრამას", რომელშიც თემატურად შედის იმ საკითხების ზედმიწევნით ცოდნა, რომელზეც შ. გ-ამ ვერ გასცა სრულყოფილი პასუხი.

კასატორების აღნიშვნით, სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საბაჟო დეპარტამენტის ახსნა-განმარტება იმის შესახებ, რომ ატესტაციის დროს მოსარჩელეს თითქმის არც ერთ შეკითხვაზე სწორი პასუხი არ გაუცია.

კასატორების მითითებით, საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში მიწვეული იყო კომისიის წევრის სტატუსით და შესაბამისად, პირადად დაესწრო შ. გ-ას გასაუბრებას. ამასთან, მას კომისიის ოქმთან და საატესტაციო ფურცელთან ერთად გადაეგზავნა გასაუბრების ვიდეოჩანაწერიც და როგორც საბაჟო საქმის ეტსპერტმა, კომისიის გადაწყვეტილება შეაფასა და დაეთანხმა, რომ შ. გ-ას ცოდნა არ შეესაბამებოდა დამტკიცებულ პროგრამასა და დაკავებულ თანამდებობას.

ამდენად, კასატორები უკანონოდ მიიჩნევდნენ სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირისათვის უცნობი იყო კომისიის რეკომენდაციის საფუძველი და რომ განთავისუფლების შესახებ ბრძანებაში უნდა ასახულიყო გაცემული პასუხების სამართლებრივი ანალიზი.

კასატორები აღნიშნავდნენ, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს, ასევე შესაძლებელია განისაზღვროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა:

ა) მისი ძალაში შესვლის დღიდან;

ბ) მისი ბათილად ცნობის დღიდან;

გ) მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით".

ამდენად, თუ სასამართლო სადავო ბრძანებას ჩათვლიდა ბათილად, მით უმეტეს, რომ საბაჟო დეპარტამენტს დაევალა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის მიხედვით, საკითხზე ახლიდან მსჯელობა, ვალდებული იყო, განესაზღვრა სადავო აქტების მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივი შედეგები და დაედგინა, რომ სადავო აქტების მოქმედება შეწყვეტილიყო მომავალში ახალი აქტის გამოცემის თარიღიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები მიუთითებდნენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ¹409 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ,,ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის" შესახებ დებულება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-7 ნაწილი და მოითხოვდნენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და იმავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 29 მარტის ¹274 ბრძანებით ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,....." საბაჟო საგუშაგო ,,...." საჯარო მოხელეთა დაკავებულ თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, დაინიშნა ატესტაცია გასაუბრების ფორმით. აღნიშნული ბრძანება გაეგზავნა საბაჟო დეპარტამენტს, რეგიონალურ საბაჟო ,,...." და საბაჟო-საგუშაგო ,,....", გაეცნო ატესტაციადაქვემდებარებულ პირებს, რაც დადასტურებულია მათი ხელმოწერებით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2006 წლის 3 აპრილის ¹21 საოქმო გადაწყვეტილებით, რეკომენდაცია გაეწიათ საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟოების: ,,....", ,,....ის", ,,...." და საორგანიზაციო განოფილების და სგპ ,,...." საჯარო მოხელეებს დაწინაურებაზე, ჩამოქვეითებაზე, გადაადგილებაზე, შესაბამისობასა და გათავისუფლებაზე. ოქმის დანართის თანახმად, საბაჟო საგუშაგო ,,..." ინსპექტორი შ. გ-ა დაექვემდებარა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საპრეტენზიო კომისიის 2006 წლის 06.07 აპრილის ¹7 სხდომის ოქმით, შ. გ-ას უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 7 აპრილის ¹180-კ ბრძანებით შ. გ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

კასატორები - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და იმავე სამინისტროს შემოსავლების სამსახური უსაფუძვლოდ მიიჩნევენ სასამართლოს მსჯელობას შ. გ-ას სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობის შესახებ და მიაჩნიათ, რომ აქტი მიღებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს" საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409-კ ბრძანების მოთხოვნათა დაცვით.

საკასაციო სასამართლომ კასატორთა პრეტენზიის საფუძველზე შეამოწმა სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები ექვემდებარება ნაწილობრივ გაზიარებას.

საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ სადავო აქტის გამოცემისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს არ შეუფასებია და არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება არ მიუღია მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება მიეკუთვნება კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას, შესაბამისად სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეფასების ნაწილში იმსჯელოს მოთხოვნის საფუძვლიანობაზე და თვლის, რომ სასამართლო მსჯელობის საგნად უნდა იქცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 7 აპრილის ¹180-კ ბრძანების მიღებამდე კომისიისა და საბაჟო დეპარტამენტის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნათა დაცვის საკითხი.

დადგენილია და აღნიშნულს სადავოდ არ ხდის თავად შ. გ-აც, რომ ის ექვემდებარებოდა ატესტაციას.

,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 83.1 მუხლის შესაბამისად, ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულების ხელმძღვანელი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანების 16.2 პუნქტის შესაბამისად, ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ერთი თვით ადრე მაინც.

საქმეში (ს.ფ. 55-ზე) წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის გაფრთხილება საჯარო მოსამსახურეთა მიმართ ატესტაციის ჩატარების თაობაზე, რომლის დანართსაც 45-ე ნომრად ხელს აწერს შ. გ-ა. ხელმოწერა განხორციელებულია 2006 წლის 30 იანვარს. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ატესტაცია ჩატარდა 2006 წლის 31 მარტს, რითაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაცულია გაფრთხილების დებულებით განსაზღვრული 1-თვიანი ვადა.

საქმეზე დადგენილია, რომ კომისიას წარედგინა კასატორის დახასიათება, გასაუბრება ჩატარდა კითხვა-პასუხის ფორმით, დასმული შეკითხვები და პასუხები შეტანილ იქნა ოქმში, გასაუბრების მიმდინარეობა დაფიქსირდა ვიდეოფირზე.

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის" მე-5 მუხლის შესაბამისად, კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება, კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხოვნობიდან. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში, თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კენჭისყრის შედეგებს და აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ კომისიის რომელიმე წევრი კენჭისყრის პროცესში დარჩა განსხვავებულ აზრზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგნად უნდა იქცეს ის გარემოება, კომისიის მხრიდან შეფასების სისტემის დარღვევის შემთხვევაში, აღნიშნული, იმავე კენჭისყრის შედეგების გათვალისწინებით, რამდენად მოახდენდა გავლენას კანდიდატის ატესტირების საბოლოო შედეგზე და რამდენად ჩაითვლება იმ სახის დარღვევად, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა დამდგარ შედეგზე.

საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს რა იმ გარემოებას, რომ მოხელის შეფასება წარმოადგენს კომისიის დისკრეციას, იმავდროულად სავალდებულოდ მიიჩნევს თითოეული მოხელისათვის უზრუნველყოფილი და იმთავითვე ცნობილ იქნეს გასაუბრების თემატიკა და ნებისმიერი საკითხი, რომელიც სცდება წინასწარ დადგენილი თემატიკის ფარგლებს, სასამართლოს მხრიდან შეფასებული უნდა იყოს დებულების მოთხოვნათა უხეშ დარღვევად.

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის ¹409-კ ბრძანების მე-19 მუხლის შესაბამისად, პროფესიული ტესტირების და/ან გასაუბრების თემატიკას (პროგრამას) განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. პროფესიული ტესტირების და/ან გასაუბრების თემატიკა (პროგრამა) ქვეყნდება ოფიციალური ბეჭდვით ორგანო ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში".

საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს იმ გარემოების დადგენა-გამოკვლევას, რამდენად იყო დაცული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები და მოხდა თუ არა შ. გ-ვის თემატიკით განსაზღვრული კითხვების დასმა.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ფინანსთა მინისტრის ¹409 ბრძანებით დამტკიცებული წესების 39-ე მუხლს და თვლის, რომ სასამართლომ ერთობლიობაში უნდა შეაფასოს 39-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები, კერძოდ, მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ტესტირებისას მოხელის მიერ მიღებული უარყოფითი შედეგი კომისიისათვის წარმოადგენს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს (უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან), ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს პერსონალურად, ყველა მოხელეზე მოტივირებული დასკვნის სახით და შეიტანება საატესტაციო ფურცელში.

სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, ტესტირების უარყოფითი შედეგი ავტომატურად წარმოშობს თუ არა მოხელის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების მიღების საფუძველს და მითითებული მე-2 პუნქტის არსებობა რამდენად გამორიცხავს კომისიის მხრიდან იმავე მუხლის მე-4 პუნქტის დაცვის სავალდებულობას.

ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველს საკასაციო სასამართლოს აძლევს საკონკურსო-საატესტაციო და საპრეტენზიო კომისიების სხდომის ოქმების სამათლებრივი ბუნება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება არის დანიშვნის პროცედურის სავალდებულო კომპონენტი, კომისიის გადაწყვეტილება არის იურიდიული ფაქტი, რომელსაც ეფუძნება ადმინისტრაცია აქტის გამოცემისას. საკონკურსო კომისიას გააჩნია კანონმდებლობით განსაზღვრული გარკვეული უფლებამოსილება - გამოიტანოს სავალდებულო გადაწყვეტილება, მაგრამ არ არის უფლებამოსილი, აღასრულოს იგი. ამგვარი მსჯელობის ფონზე საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს შეფასება მიეცეს საკითხს, კომისიის მხრიდან დასაბუთებული დასკვნის წარმოდგენის სავალდებულობა ხომ არ ვრცელდება ზემოაღნიშნული წესების 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მხოლოდ ,,ა", ,,ბ", ,,დ" და ,,ე" ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმე საჭიროებს დამატებით შესწავლას, რა მიზნითაც, აღნიშნული ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახიველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.