Facebook Twitter

ბს-459-437(კ-06) 28 ივნისი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ. ქ.-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 მარტის განჩინება

დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 20 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საქმის გამარტივებული განხილვის და დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა ნ. ქ.-მ მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, იგი 1994 წლიდან მუშაობდა საჩხერის რაიონულ საგადასახადო ინსპექციაში, საიდანაც ინსპექციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გათავისუფლდა 2001 წლის 25 ივნისს. მას მიუღებელი დარჩა 1998-2000 წლების ხელფასის თანხა, მთლიანობაში 1391,22 ლარის ოდენობით. აღნიშნული დასტურდებოდა საჩხერის რაიონული საგადასახადო ინსპექციის უფროსის მიერ 2004 წლის 30 სექტემბერს გაცემული ცნობით. განმცხადებელმა მოითხოვა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას, როგორც საჩხერის რაიონული საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლეს, მის სასარგებლოდ დაკისრებოდა სახელფასო დავალიანების გადახდა (ს.ფ. 3).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 30 მაისის გადახდის ბრძანების საფუძველზე ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას ნ. ქ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1391,22 ლარის ოდენობით დავალიანების გადახდა (ს.ფ. 9).

2005 წლის 10 ივნისს ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შესაგებელი წარადგინა, რომლითაც მოითხოვა ამავე სასამართლოს 2005 წლის 30 მაისის გადახდის ბრძანების გაუქმება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის, როგორც არასათანადო მოპასუხის შეცვლა სათანადო მოპასუხით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი, იმ მოტივით, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის ¹162 ბრძანებულების მე-7 მუხლის შესაბამისად, ქალაქებისა და რაიონების სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციების გაუქმებასთან დაკავშირებით დათხოვნილი საჯარო მოსამსახურეების კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელფასო დავალიანების დაფარვა დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. შესაბამისად, ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია ვერ გახდებოდა აღნიშნული სახელფასო დავალიანების დაფარვაზე პასუხისმგებელი ორგანო. ამასთან, მოპასუხემ ითხოვა საქმის განსჯადობით უფლებამოსილი სასამართლოსათვის გადაგზავნა (ს.ფ. 12-13).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 27 ივლისის განჩინებით არასათანადო მოპასუხე ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია შეიცვალა სათანადო მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი, რის გამოც საქმე განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს (ს.ფ. 24).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ქ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა ნ. ქ.-ის სასარგებლოდ 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების _ 1391.22 ლარის ანაზღაურება (42-43).

საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე მუშაობდა საჩხერის რაიონულ საგადასახადო ინსპექციაში, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს. მოპასუხედ ჩაბმული უნდა ყოფილიყო ის ორგანო, რომელთანაც მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა. ამასთან, სასამართლომ არასწორად გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლი, აგრეთვე შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლი, რადგან აღნიშნული მუხლები არ არეგულირებდა სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის გაცემის წესს. ეს საკითხი მოწესრიგებული იყო სპეციალური ნორმით, კერძოდ, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 134-ე მუხლით, რომლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელებულიყო წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად ანუ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის მოქმედი, “საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონით, ხოლო ამ დროისათვის ეს საკითხი დარეგულირებული იყო “საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით. მითითებული კანონის მე-40 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, წინა წლების დავალიანებების დაფარვისათვის ამ კანონით დამტკიცებული ასიგნებებიდან თანხების გამოყოფის მიზნით სამინისტროებს და უწყებებს 2006 წლის 1 აპრილამდე უნდა უზრუნველეყოთ მათ ბალანსზე რიცხული წინა წლების კრედიტორული დავალიანებების დაზუსტებული ინფორმაციის წარდგენა დადგენილი ფორმის მიხედვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ განხორციელდებოდა საბიუჯეტო დავალიანებათა დაფარვა (ს.ფ. 47-48).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის ბრძანებულების მე-4 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა საჩხერის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია, ამავე ბრძანებულების მე-7 ნაწილის თანახმად კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა საგადასახადო ინსპექციების გაუქმებასთან დაკავშირებით დათხოვნილი საჯარო მოსამსახურეებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელფასო დავალიანებათა დაფარვა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 134-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელებულიყო წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. სასამართლოს განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 134-ე მუხლი, ისევე როგორც წლიური საბიუჯეტო კანონები, განსაზღვრავდნენ წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესს, მოცემულ საქმეში კი დავის საგანს არ წარმოადგენდა სახელფასო დავალიანების დაფარვის წესის კანონიერება და შესაბამისად, სასამართლო კოლეგიას არც უნდა ემსჯელა აღნიშნულზე (ს.ფ. 63-65).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას (ს.ფ. 71-72).

კასატორის მითითებით, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის ¹162 ბრძანებულებით, რომლის თანახმად ფინანსთა სამინისტროს დაევალა საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლების დავალიანებათა გასტუმრება. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ აწარმოებს საგადასახადო ინსპექციის, კერძოდ, რომელიმე მისი თანამშრომლის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს ასიგნებების გამოყოფას კონკრეტული უწყებისათვის, ხოლო ამის შემდეგ შესაბამისი უწყება ახორციელებს თავისი თანამშრომლების დავალიანებების გასტუმრებას.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 134-ე მუხლი და “საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონი. მართალია, მოცემულ საქმეში დავის საგანს არ წარმოადგენს სახელფასო დავალიანების დაფარვის წესის კანონიერება, მაგრამ სახელფასო დავალიანების გასტუმრება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ანუ აღნიშნული ნორმების საფუძველზე (ს.ფ. 71-72).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 მარტის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მოსარჩელე 1994 წლიდან მუშაობდა საჩხერის რაიონულ საგადასახადო ინსპექციაში, საიდანაც ინსპექციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გათავისუფლდა 2001 წლის 25 ივნისს. მას მიუღებელი დარჩა 1998-2000 წლების ხელფასის თანხა, მთლიანობაში 1391,22 ლარის ოდენობით. “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის ბრძანებულებით გაუქმდა საჩხერის რაიონული საგადასახადო ინსპექცია და იგი მოექცა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში.

იმავდროულად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის ბრძანებულების მე-7 ნაწილის განმარტებას იმგვარად, რომ ქალაქებისა და რაიონების სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციების გაუქმებასთან დაკავშირებით დათხოვნილი საჯარო მოსამსახურეებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელფასო დავალიანებათა ანაზღაურება უშუალოდ ფინანსთა სამინისტრომ უნდა განახორციელოს.

“საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის ბრძანებულების მე-7 ნაწილი, მართალია, ითვალისწინებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვალდებულებას, საგადასახადო ინსპექციების გაუქმებასთან დაკავშირებით დათხოვნილი საჯარო მოსამსახურეებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელფასო დავალიანებათა დაფარვა უზრუნველყოს, მაგრამ კანონის აღნიშნულ ნორმაში იგულისხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ამ დავალიანებათა დაფარვის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ასიგნებების გამოყოფა კონკრეტული უწყებისათვის, რის შემდეგაც შესაბამისი უწყება განახორციელებს თავისი თანამშრომლების დავალიანებების გასტუმრებას. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მიხედვით, მოხელეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, ხელფასის ანაზღურების ვალდებულება აკისრია ადმინისტრაციას და არა მესამე პირს.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საჩხერის რაიონულ საგადასახადო ინსპექციას გააჩნდა ნ. ქ.-ის მიმართ 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება 1391,22 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ საჩხერის რაიონული საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლეა ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სასამართლოს მსჯელობას მითითებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიჩნევის თაობაზე. მოსარჩელე საჯაროსამსახურებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა საჩხერის რაიონულ საგადასახადო ინსპექციასთან (ამჟამად, ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია), მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ გამომდინარეობს აღნიშნული საჯაროსამსახურებრივი ურთიერთობიდან, როგორც მისი თანმდევი შედეგი, ხოლო ამ ურთიერთობის მონაწილე ვალდებულ მხარეს მოცემულ შემთხვევაში განეკუთვნება უშუალოდ ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია და არა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რის გამოც კასატორის პრეტენზია საფუძვლიანია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საქმე განხილულია მისი, როგორც არასათანადო მოპასუხის მონაწილეობით, რის გამოც აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 მარტის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.