Facebook Twitter

ბს-459-438(2კ-08) 3 ივლისი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – 1) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

2) ე. ვ-ე (მოსარჩელე)

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება

პირველი კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

მეორე კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ე. ვ-ემ 2007 წლის 2 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების _ 1320.19 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელემ განმარტა, რომ მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის .... განყოფილების მებუფეტედ. სამსაურიდან გათავისუფლების შემდეგ მოპასუხეს მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი დარჩა სახელფასო დავალიანება _ 1321 (ათას სამას ოცდაერთი) ლარი და 23 (ოცდასამი) თეთრი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალებოდა მის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელე ე. ვ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების სახით 1321 ლარისა და 23 თეთრის (ხელზე გასაცემი) გადახდა.

საქალაქო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ 1995 წლის 15 აგვისტოდან მოსარჩელე ე. ვ-ე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის .... განყოფილების სანიტრად. 2004 წლის 24 ივლისს იგი გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. 2004 წლის 17 სექტემბერს ე. ვ-ე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად. 2004 წლის 29 სექტემბერს ე. ვ-ე დაინიშნა ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის ..... განყოფილებაში მებუფეტედ, ხოლო 2006 წლის 25 ნოემბერს იგი გათავისუფლდა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 თავის 97-ე მუხლის თანახმად, რაც გულისხმობს სამსახურიდან გათავისუფლებას შემცირებასთან დაკავშირებით.

საქმეში არსებული საქართველოს გენერალური შტაბის ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის 2006 წლის 2 დეკემბრის ¹14901 ცნობით დადგენილია, რომ 1998-1999-2000 წლებში ე. ვ-ის მიმართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალიანება შეადგენდა 1321 (ათას სამას ოცდაერთი) ლარსა და 23 (ოცდასამი) თეთრს, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის 11 ოქტომბრის ¹9/3201 წერილით ე. ვ-ის მიმართ ირკვევა, რომ სახელფასო დავალიანების საკითხი სამინისტროს მიერ განხილული იქნებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნული მიზნებისათვის საჭირო ასიგნებების გამოყოფის გათვალისწინებით. ასევე საქმის მასალებით, კერძოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2007 წლის 8 ოქტომბრის ¹3-11/7470 ცნობით დადგენილია, რომ ე. ვ-ის კუთვნილი, ხელზე ასაღები 1998-1999-2000 წლების სახელფასო დავალიანება შეადგენს 1321 (ათას სამას ოცდაერთი) ლარსა და 23 (ოცდასამი) თეთრს, მათ შორის, ხელფასი _ 372,64 ლარი, კვების კომპენსაცია _ 670,40 ლარი, ჯილდო _ 215,06 ლარი, მატერიალური დახმარება _ 63,13 ლარი.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის "თ" ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს, დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო და სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურის სხვა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით. ამავე კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფება, ამასთან სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა, ამდენად, შრომითი გასამრჯელოს _ ხელფასის, ფულადი ჯილდოს, მატერიალური დახმარებისა და სასურსათე ულუფის გაცემის ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აკისრია კანონმდებლობის საფუძველზე, ანუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებაა, უფრო მეტიც, სამხედრო მოსამსახურეს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი ნორმის ფარგლებში უნდა მიეცეს ზემომითითებული დანამატები და ამ დანამატების გაცემა ხორციელდება ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს სამართლებრივი ნორმა მოსარჩელეს ანიჭებს შესაძლებლობას, მოითხოვოს სახელმწიფოსგან მიუღებელი შრომითი გასამრჯელო _ ხელფასი, ფულადი ჯილდო, მატერიალური დახმარება და სასურსათე ულუფა, რადგან ამ მოთხოვნის რეალიზების შესაძლებლობა არ არის შეზღუდული დროის კონკრეტული პერიოდით.

რაც შეეხება ხანდაზმულობის სამწლიან ვადას, აგრეთვე პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების გამო მოთხოვნის უფლებას, სასამართლომ მიუთითა, რომ ეს სამართლებრივი ინსტიტუტი შემოღებულია კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტით _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (მუხლი 129) და მოქმედებს კერძო სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში, რასაც ნამდვილად არ განეკუთვნება მოსარჩელე ე. ვ-ესა და ადმინისტრაციულ ორგანოს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა; კერძოდ, უდავოა, რომ მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა როგორც სამხედრო მოსამსახურე და ეს ურთიერთობები რეგულირდება საჯარო სამართლის საკანონმდებლო აქტებით _ "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" და "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონებით, აგრეთვე "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შEსახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებით და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული "სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" დებულებით.

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადები შეეხება ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებს; მოსარჩელე ე. ვ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არ ყოფილა რაიმე სახის ხელშეკრულება, მათ შორის ურთიერთობა რეგულირდებოდა საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების _ ბრძანებების მეშვეობით, ამიტომ განსახილველ სასარჩელო მოთხოვნაზე ვერ გავრცელდება სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. სასამართლომ ვერც მოპასუხის ის არგუმენტი გაიზიარა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელი ხელფასის მოთხოვნის ნაწილში წარდგენილი უნდა ყოფილიყო "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127.1 მუხლით დადგენილ ვადაში, იმ დღიდან, როდესაც ის გათავისუფლდა სამსახურიდან, ე.ი. გათავისუფლებიდან ერთი თვის ვადაში. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა. სწორედ ამ კანონის 37-ე მუხლით დაეკისრა ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება, გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება, სწორედ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველი.

გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის თანახმად, დადგენილი და შესაბამისად, აღიარებულია, რომ 2005 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებული საჯარო მოხელეების მიმართ არსებობს საბიუჯეტო დავალიანებები და კუთვნილი თანხის გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანებების დაფარვის წესის შესაბამისად, ხოლო 2006 წლის 29 დეკემბერს მიღებული "საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ასევე აღიარებს წინა წლებში წარმოქმნილ ფაქტობრივ დავალიანებებს.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. ვ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ე. ვ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 650.83 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს იმის თაობაზე, რომ ე. ვ-ის მიმართ საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მიერ გაცემული 2007 წლის 8 ოქტომბრის ¹3-11/7470 ცნობის თანახმად, 1998-2000 წლებში ე. ვ-ის კუთვნილი, ხელზე გასაცემი დავალიანება შეადგენს 1321, 2386 ლარს, მათ შორის, ხელფასი _ 372,64 ლარს, კვება _ 670,490 ლარს, მატერიალური დახმარება _ 63,12 ლარს და ჯილდო _ 215,06 ლარს. ამასთან, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება. აღნიშნულისა და საქმეში წარმოდგენილი ზემოხსენებული ცნობის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელფასის _ 372,64 ლარის, მატერიალური დახმარების _ 63,13 ლარის და ჯილდოს _ 215,06 ლარის ე. ვ-ის სასარგებლოდ ანაზღაურება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. ასევე დარღვეულ იქნა ამავე კოდექსის 394-ე მუხლის "ე" პუნქტი _ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა სასამართლოს მსჯელობა კვების კომპენსაციის _ 670,40 ლარის ოდენობით ანაზღაურების ნაწილში და აღნიშნა, რომ "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამდენად, სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის ანაზღაურებაც მოწესრიგებულია არა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით, არამედ "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სოციალური საკითხების რეგულირების სპეციალურ ნორმას წარმოადგენს. მართალია, სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, მაგრამ იგი არ წარმოადგენდა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლით განსაზღვრულ ხელფასის კომპონენტს.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმეში დაცული დოკუმენტი _ საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მიერ გაცემული 2007 წლის 8 ოქტომბრის ცნობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვალის აღიარების ფაქტს არ ადასტურებს. აღნიშნული ცნობა საინფორმაციო ხასიათისაა და იგი ადასტურებს არა მოპასუხის მიერ დავალიანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს. ვალის აღიარების ფაქტად კი სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2007 წლის 11 ოქტომბრის ¹39/3201 ცნობა, რომლითაც თავდაცვის სამინისტრო ე. ვ-ეს მის მიერ მიუღებელ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას დაჰპირდა ამ მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. მითითებული ნორმით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ხელფასი თავისი სამართლებრივი ბუნებით განსხვავდება სოციალური უზრუნველყოფის სახისგან _ სასურსათო ულუფისაგან, რომელიც კანონმდებლის მიერ სხვა სამართლებრივ რეჟიმშია მოქცეული და "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით რეგულირებულ სფეროს არ განეკუთვნება. შესაბამისად, მის მიმართ, როგორც სოციალური უზრუნველყოფის პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მიმართ, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც ათვლილ უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედევად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვნილი პირი სამხედრო სამსახურიდან. სამხედრო მოსამსახურის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამავე კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა წყდება ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე ვალის აღიარებით, რასაც მოცემულ სადავო შემთხვევაში აპელანტის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ე. ვ-ემ.

კასატორმა _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა განმარტა, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლით _ საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. საყოველთაოდ დადგენილი და უდავო ფაქტია, რომ შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები. აქედან გამომდინარე, კასატორი სრულიად კანონიერად მიიჩნევს, რომ საჯარო შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობისას წარმოშობილი დავის დროს გამოყენებული იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტია, მაგრამ მისი ნორმები ხშირ შემთხვევაში იმ ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებადაც გვევლინება, რომლებიც თავისი შინაარსით წარმოადგენენ ადმინისტრაციულ (საჯარო) ურთიერთობებს. კასატორის მოსაზრებით, საყურადღებოა, განისაზღვროს, მოსარჩელესა და თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენდა თუ არა სახელშეკრულებო ურთიერთობას. რასაკვირველია, ეს ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობა იყო იმ მარტივი გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელის განცხადება _ ნების გამოვლენა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურის დაწყების შესახებ (ოფერტი) და სამინისტროს თანხმობა (აქცეფტი _ ბრძანების სახით), მასთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ, ასევე ამ ორ სუბიექტს შორის ურთიერთობისა და მათი უფლება-მოვალეობების, ვალდებულებების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტები ერთობლიობაში წარმოადგენს მოსარჩელესა და სამინისტროს შორის ფაქტობრივი საჯარო შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტს და ამის დასადასტურებლად სრულიად არ არის საჭირო ერთიანი, გარკვეულ სისტემაში მოყვანილი ან გარკვეული ფორმის მქონე დოკუმენტის _ ხელშეკრულების, არსებობა. კანონმდებლობა არ ავალდებულებს მხარეებს კონკრეტული შინაარსისა და სტილის მქონე დოკუმენტის გაფორმებას ხელშეკრულების დადებისას. ხელშეკრულებათა ფორმები და სტილი შეიძლება იყოს განსხვავებული და შესაბამისად, წერილობითი განცხადება და ბრძანება თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ერთობლიობაში წარმოადგენს წერილობითი შრომითი ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლით განსაზღვრული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო იმ დღიდან, როდესაც მოსარჩელეს უნდა მიეღო თითოეული თვის ან პერიოდის ჯილდო ან მატერიალური დახმარება. სარჩელის შეტანის დროს (2007 წელი) მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული როგორც სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადები.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იმ დროს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება ხდებოდა დროებლივად, 94-ე მუხლის პირველი პუნქტით, ხელფასი გაიცემოდა ყოველი ნახევარი თვის შემდეგ მაინც, თუ შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული. ამდენად, კასატორი თვლის, რომ ხელფასის გაცემა წარმოადგენდა პერიოდულ ვალდებულებას, რომლის მოთხოვნაზე ვრცელდება "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. კასატორი მიიჩნევს, რომ ხელფასის არსსა და მის შემადგენელ კომპონენტებზე მსჯელობისას უპირატესად გათვალისწინებული უნდა იქნეს 1998-2000 წლებში მოქმედი სამხედრო კანონმდებლობის მოთხოვნები, ხოლო ამ კანონმდებლობაში განსხვავებული დებულებების არარსებობის შემთხვევაში, სადავო ურთიერთობა უნდა მოგვარდეს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის დებულებებით, კერძოდ, მისი 37-ე მუხლით (1998-2000 წლების რედაქციით), მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა, ამ ფულად გასაცემელს (ჯილდო, მატერიალური დახმარება) კანონმდებლობის მიხედვით ჰქონდეს "დანამატის" სტატუსი. "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტით _ სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამავე მუხლის მესამე პუნქტით _ ოფიცერს თანამდებობაზე ნამსახური კალენდარული წლების (მათ შორის ყოფილი სსრკ-ის და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში) მიხედვით ეძლევა თანამდებობრივ და სამხედრო წოდებების ფულად სარგოებზე პროცენტული დანამატები ნამსახურობისათვის შემდეგი ოდენობით:

1-დან 2 წლამდე _ 5%; 2-დან 5 წლამდე _ 10%; 5-დან 10 წლამდე _ 20%; 10-დან 15 წლამდე _ 25%; 15-დან 20 წლამდე _ 30%; 20-დან 25 წლამდე _ 35%; 25-დან 30 წლამდე _ 40%; 30 წელზე მეტი _ 45%.

კასატორი განმარტავს, რომ, როგორც "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეოთხე პუნქტიდან ირკვევა, "დანამატის" სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ ფულად თანხებს, რომელიც დაიანგარიშება ნამსახურობის წლების მიხედვით. რაც შეეხება ჯილდოს და მატერიალურ დახმარებას, "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტიდან გამომდინარე, "დანამატის" სტატუსი არ აქვს მინიჭებული. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ჯილდო და მატერიალური დახმარების თანხები არ წარმოადგენს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წარმოადგენს. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. კასატორი თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 1998-2000 წლების ხელფასის, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს ანაზღაურების ნაწილში, ორივე მსჯელობის მიხედით, ხანდაზმულია.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კანონი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.3 მუხლი), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1 და 105-ე მუხლები, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები, კერძოდ, საქმეში არსებული ცნობები შეაფასა დავალიანების აღიარებად, რაც არაკანონიერია, რადგან აღიარება ან დაპირება მხოლოდ მაშინ წარმოშობს ვალდებულებას, თუ იგი მიღებულია უფლებამოსილი პირის მიერ და თუ მას ინფორმაციული ხასიათი არ აქვს. კონკრეტულ შემთხვევაში მათ მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი გააჩნიათ.

კასატორმა ე. ვ-ემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ვალის აღიარების ფაქტად მიიჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2007 წლის 11 ოქტომბერს გაცემული ¹39/3201 ცნობა, რომლითაც, კასატორის მოსაზრებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იძლეოდა დაპირებას, რომ ე. ვ-ის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოხდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დამატებითი ასიგნებების ფარგლებში. ამასთან, კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო უსაფუძვლოდ თვლის, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მიერ 2007 წლის 8 ოქტომბერს გაცემული ცნობა არ ადასტურებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ვალის აღიარებას. კასატორის მოსაზრებით კი, აღნიშნულ ცნობაში გარკვევით არის მითითებული არსებული დავალიანების ანაზღაურებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე. ვ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე. ვ-ის საკასაციო საჩივრები არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე. ვ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.