Facebook Twitter

¹ბს-460-437(კ-07) 1 ივნისი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეამოწმა საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. ჩ.-მ მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სახელფასო დავალიანების _ 847,57 ლარისა და მისი დროულად გაუცემლობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,07%-ის ოდენობით (ს.ფ. 1-2).

მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატამ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ არ ცნო და მიუთითა, რომ სახელფასო დავალიანება წარმოიშვა 1998-2003 წლებში ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ვინაიდან კონტროლის პალატის შენახვის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაცული მუხლები სრულყოფილად არ დაფინანსდა და არც შემდგომ პერიოდში იქნა თანხები გათვალისწინებული “სახელმწიფო ბიჯეტის შესახებ” კანონში, ამასთან, ვინაიდან 2003-2006 წლების “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონში წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისათვის გამოყოფილი თანხებიდან კონტროლის პალატას არავითარი ასიგნება არ მიუღია, სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფა უნდა დაკისრებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

რაც შეხება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, მოპასუხის განმარტებით, სადავო შემთხვევაში ვერ იქნებოდა გამოყენებული შრომის კანონის 31.3 მუხლი, ვინაიდან შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. განსახილველ შემთხვევაში “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლი დეტალურად აწესრიგებს შრომით გასამრჯელოსთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო ამავე კანონის 1341-ე მუხლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის გაცემა ხორციელდება წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად (ს.ფ. 27-29).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ჩ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს კონტროლის პალატას დაეკისრა მის სასარგებლოდ 689,75 ლარის სახელფასო დავალიანებისა და აღნიშნული თანხის დაყოვნებისათვის მოსარჩელის განთავისუფლების დღიდან (2005 წლის 17 ივნისი) სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე (2006 წლის 16 აგვისტო) პერიოდის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაუცემელი სახელფასო დავალიანების 0.07 პროცენტის გადახდა.

საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს დაამყარა:

დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მ. ჩ.-ე საქართველოს კონტროლის პალატის სამართალდაცვის, თავდაცვისა და სასამართლო სექტორის დეპარტამენტის კონტროლიორის მოვალეობის შემსრულებულის თანამდებობიდან გათავისუფლდა კონტროლის პალატის 2005 წლის 17 ივნისის ¹გან-123 ბრძანებით. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ი. მ.-ს 2006 წლის 3 აგვისტოს ¹862/17 წერილით განმარტებულ იქნა, რომ 1998-2003 წლებში მოსარჩელზე დარიცხული გადავადებული შრომის ანაზღაურება შეადგენს 847,57 ლარს, საიდანაც ხელზე ასაღები თანხაა 689,75 ლარი. ის ფაქტი, რომ სახელფასო დავალიანების ნაწილში მოპასუხემ თავისი შესაგებლით სარჩელი ცნო, სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენდა აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, ვინაიდან სარჩელის ცნობა არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ: “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, მ. ჩ.-ე იყო საჯარო მოსამსახურე და მისი დათხოვნის პერიოდში მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, მთელი სახელფასო თანხა უნდა აენაზღაურებინათ დათხოვნის დღეს. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო, დათხოვნის დღეს სრულად გაეცა მ. ჩ.-ზე არსებული სახელფასო დავალიანება, რომლის გაუცემლობით ამ უკანასკნელს ზიანი მიადგა, შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად კი, მას ეკუთვნოდა სახელფასო თანხის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ს.ფ. 43-45).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ. ჩ.-ის სახელფასო დავალიანების უზრუნველყოფის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე მოსარჩელისათვის უარის თქმა მოითხოვა.

აპელანტის მითითებით, “საბიუჯეტო სისტემების” შესახებ საქართველოს კანონის 12.1 მუხლის შესაბამისად, ასიგნება არის ფისკალური წლის განმავლობაში საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული მიზნებისათვის დამტკიცებული მოცულობის ფარგლებში ხარჯის გაწევის უფლებამოსილება, რომელიც გათვალისწინებულია ბიუჯეტით. ასიგნების გარეშე ხარჯის გაწევა და ვალდებულების აღება დაუშვებელია. საქართველოს 2003-2006 წლების “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონებით წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვის ხარჯებისათვის, მათ შორის, სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნილ მუშაკთა საბოლოო ანგარიშსწორებისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო გარკვეული თანხები, საიდანაც საქართველოს კონტროლის პალატას არავითარი ასიგნება არ მიუღია, მაშინ როდესაც, იგი საბიუჯეტო დაწესებულებაა და დაფინანსების სხვა წყარო არ გააჩნია, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კი წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს საქართველოს კონტროლის პალატასთან ერთად და სახელფასო დავალიანებაც მას უნდა დაკისრებოდა.

აპელანტის მითითებით, სასამართლომ ერთდროულად გამოიყენა როგორც ძველი შრომის კანონთა კოდექსის, ისე მოქმედი შრომის კოდექსის ნორმები, მაშინ როდესაც, მოქმედი შრომის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ეს კოდექსი ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა მხოლოდ მოქმედი და არა ორივე შრომის კოდექსი. ამასთან, დაუშვებელი იყო მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება, ვინაიდან შრომის კანონთა კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. კონკრეტულ შემთხვევაში კი “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლი დეტალურად აწესრიგებდა შრომით გასამრჯელოსთან დაკავშირებულ ყველა საკითხს (ს.ფ. 49-53).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაუცემელი სახელფასო დავალიანების 0.07%-ის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა არა საქართველოს შრომის კოდექსის 31.3 მუხლით, არამედ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით, რომლის პრეამბულაში მითითებულია, რომ იგი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ რეგულირედება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.1 მუხლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს მიიღოს სამსახურში მიღების დღიდან განთავისუფლების დღემდე შრომითი გასამრჯელო, რაც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებულ ასიგნებების ფარგლებში.

აღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო-სამსახურებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნებოდა გამოყენებული შრომის კოდექსის 31-ე მუხლის დანაწესი, ვინაიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი ამომწურავად არეგულირებდა მსგავს შემთხვევებს, კერძოდ: 37.4 მუხლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელოს ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი. კანონმდებლობის აღნიშნული დანაწესები, სასამართLოს განმარტებით, ერთი მხრივ, ქმნის მოხელის დაცვის მაღალ გარანტიებს, როდესაც დაწესებულებას ავალებს, რომ მიუხედავად ბიუჯეტის დაფინანსების შემცირებისა, მოხელე მაინც გარანტირებულია კუთვნილი ხელფასის მიღებით, მაგრამ, მეორე მხრივ, საჯარო დაწესებულებას უქმნის გარკვეულ გარანტიას, როდესაც აწესებს, რომ ხელფასის ფორმირება უნდა მოხდეს მხოლოდ შესაბამისი ბიუჯეტით და არ შეიძლება აღნიშნულ შემთხვევებში გამოყენებულ იქნეს სანქციები საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ კუთვნილი ხელფასის დაგვიანებით გაცემისათვის. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, საასმართლოს მითითებით, ცალ-ცალკე განიხილავს იმ შემთხვევებს, როდესაც დამატებით ხდება მოხელისათვის გარანტიების შექმნა, მაგალითად, ლიკვიდაციის, ან შტატების შემცირების დროს მოხელეს ეძლევა 2 თვის თანამდებობრივი სარგო, ასევე, კანონის 44-ე მუხლი ადგენს მოხელის უფლებას, მიიღოს შრომის გასამრჯელო მისი უკანონოდ გადაყვანის შემთხვევაში, მაგრამ ეს ნორმები საგამონაკლისო ნორმებია და ისინი მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებზე ვრცელდება. კანონი ცალკე მიჯნავს სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლების შემთხვევას და აწესებს, რომ მოხელე უფლებამოსილია, მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის გნმავლობაში (ს.ფ. 63-68).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სახელფასო დავალიანების ანაზღაურების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სახელფასო დავალიანება წარმოიშვა 1998-2003 წლებში ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, რის გამოც კონტროლის პალატის შენახვის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაცული მუხლები სრულყოფილად ვერ დაფინანსდა, რაც არც შემდგომი პერიოდის “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონით იქნა გათვალისწინებული.

საქართველოს 2003-2007 წლების “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონებით წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის ხარჯებისათვის, მათ შორის, სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნილ მუშაკთა საბოლოო ანგარიშსწორებისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო გარკვეული თანხები, საიდანაც კონტროლის პალატას არავითარი ასიგნება არ მიუღია, მაშინ როდესაც, “საბიუჯეტო სისტემების” შესახებ საქართველოს კანონის 12.1 მუხლის შესაბამისად, ასიგნება არის ფისკალური წლის განმავლობაში საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული მიზნებისათვის დამტკიცებული მოცულობის ფარგლებში ხარჯის გაწევის უფლებამოსილება, რომელიც გათვალისწინებულია ბიუჯეტით. ასიგნების გარეშე ხარჯის გაწევა და ვალდებულების აღება დაუშვებელია, კონტროლის პალატა საბიუჯეტო დაწესებულებაა და დაფინანსების სხვა წყარო არ გააჩნია. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც გამოდის სახელმწიფოს სახელით, წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს საქართველოს კონტროლის პალატასთან ერთად (ს.ფ. 71-73).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც მოცემული კატეგორიის დავებზე სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.