¹ბს-461-438(კ-07) 19 დეკემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლალი ლაზარაშვილი
სხდომის მდივანი – გ. ილინა
კასატორი (მოსარჩელე) – რ. ხ.-ა, წარმომადგენელი რ. პ.-ე (ორდერი ¹..., 30.11.2007წ.)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, წარმომადგენელი ვ. გ.-ი (მინდობილობა 03.12.2007წ., ¹...)
დავის საგანი – ერთჯერადი დახმარების თანხის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.07წ. გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ხ.-მ 22.09.06წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოპასუხისათვის «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის 16.3 მუხლის საფუძველზე 5 წლის თანამდებობრივი და სამხედრო წოდების სარგოების ოდენობით ერთჯერადი დახმარების გაცემის, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 12.9 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54.1 მუხლების თანახმად, საადვოკატო მომსახურების ხარჯების სახით 500 ლარის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1994-2001 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, აქვს უფროსი ოფიცრის, ვიცე-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. სამსახურიდან დაითხოვეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 25.05.01წ. ¹1100 ბრძანებით «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე. 26.08.99წ. ქ. ახალციხეში «...-ს» სასწავლო ცენტრში, საველე სწავლებაში სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მივლინების დროს, სამხედრო პოლიგონზე ბენზინმზიდი მანქანიდან სამხედრო საბრძოლო ტექნიკის საწვავით გამართვის პროცესში მოსარჩელეს დაეჯახა სამხედრო მანქანა, რის შედეგადაც მიიღო თავის არეში მძიმე ტრავმა, რამაც, მოსარჩელის აზრით, განაპირობა მისი ავადმყოფობა. საველე პირობებში პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ახალციხის სამხედრო გარნიზონის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, სადაც დაუდგინდა «ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა». მკურნალობის შემდგომმა კურსმა შედეგი არ გამოიღო, რის გამოც 27.04.01წ. საქართველოს სამხედრო ძალების ცენტრალური სამხედრო სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ «სამხედრო ტრავმის მიზეზით» დაუდგინდა ინვალიდობის II ჯგუფი 2006 წლის 1 მაისამდე. 25.04.06წ. ჩატარებული განმეორებითი შემოწმების შედეგად კომისიამ მუდმივად დაუდგინა მნიშვნელოვნად შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც II ჯგუფის ინვალიდის ადრე დადგენილ სტატუსს შეესაბამებოდა. «სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის 16.3 მუხლის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს მიეცემა ერთჯერადი დახმარება 5 წლის თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების ოდენობით. 1998-2003 წლებში ქვეყანაში საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისის გამო, თავდაცვის სამინისტროში, როგორც სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ხელფასების, დახმარებებისა და სხვა სახის ფულადი ვალდებულებების გაცემაზე შეფერხებები შეიქმნა. მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, დავალიანებების აღება მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო. სამინისტროს საფინანსო სამსახურის მუშაკები წლიდანწლამდე ჰპირდებოდნენ, რომ დააკმაყოფილებდნენ მის მოთხოვნებს. მათი დაპირებების იმედად მანამდე იყო, ვიდრე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული სამმართველოს უფროსმა 24.08.06წ. ¹6/1603 წერილით უარი არ განუცხადა. უარის მიზეზად მითითებულია სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის 3 _ წლიანი ვადის დარღვევა, რაც, მოსარჩელის მოსაზრებით, მცდარია. საყოველთაოდ აღიარებული და დადგენილი ფაქტია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არათუ 2001 წელს, 1998 წლიდან წარმოქმნილი დავალიანებები და მათი დაფარვის ვალდებულება თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას დღესაც აკისრია, რასაც ადასტურებს «საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონის 40.9 მუხლის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს გასული პერიოდის დავალიანებათა დასაზუსტებლად, 09.03.06წ. გამოცემული თავდაცვის მინისტრის ¹82 ბრძანება. სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად კი ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელისათვის გაუგებარია იურიდიული სამმართველოს უფროსის მიერ 3 წლიანი ვადის დარღვევაზე აპელირება. მოსარჩელის აზრით, აღნიშნულის გარდა გათვალისწინებული უნდა იყოს ისიც, რომ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი არეგულირებს სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადებს, მას კი არანაირი მსგავსი ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული არ აქვს. მოსარჩელის მოთხოვნა, სამხედრო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრამვის შედეგად დაინვალიდების გამო 5 წლის თანამდებობრივი და სამხედრო წოდების სარგოების ოდენობით ერთჯერადი დახმარების გაცემასთან დაკავშირებით, ემყარება არა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს (რომელიც არ არსებობს), არამედ კანონისმიერ ნორმას, ანუ «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის 16.3 მუხლს. მოსარჩელის აზრით, ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულება თავდაცვის სამინისტროს აკისრია კანონმდებლობის საფუძველზე, ანუ იგი კანონისმიერია და არა სახელშეკრულებო. ასეთ შემთხვევაში მის კანონიერ მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 128.3 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის საერთო ვადა, რომელიც ათ წელს შეადგენს. «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 4.3 მუხლის მიხედვით: «სამხედრო მოსამსახურის, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ და სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო», თავდაცვის სამინისტროს იურიდიულმა სამსახურმა, როგორც საჯარო სტრუქტურამ და სახელმწიფო პოლიტიკის აღმასრულებელმა ორგანომ, უნდა უზრუნველყოს არა მარტო მოსარჩელის, არამედ მისი ოჯახის წევრების სოციალური და სამართლებრივი დაცვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.10.06წ. გადაწყვეტილებით რ. ხ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რ. ხ.-ს სასარგებლოდ დაევალა 5 წლის თანამდებობრივი და სამხედრო წოდების სარგოების ოდენობით ერთჯერადი დახმარების ანაზღაურება, რ. ხ.-ს სარჩელი საადვოკატო მომსახურების ხარჯის სახით 500 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.10.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.07წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.10.06წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და რ. ხ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ხ.-ა მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1994-2001 წლებში და აქვს უფროსი ოფიცრის, ვიცე-პოლკოვნიკის წოდება. ასევე დადგენილია, რომ რ. ხ.-ს 27.08.99წ. ქ. ახალციხეში «..-ს» სამხედრო პოლიგონზე ბენზინმზიდი მანქანიდან სამხედრო საბრძოლო ტექნიკის საწვავით გამართვის პროცესში დაეჯახა სამხედრო მანქანა და მიიღო თავის არეში მძიმე ტრავმა, რის შედეგადაც დაუდგინდა «ქალა-ტვინის დახურული ტრავმისა და თავის ტვინის შერყევის» დიაგნოზი. მოსარჩელე შეიარაღებული ძალების რიგებიდან დაითხოვეს 25.05.01წ. ¹1100 ბრძანების საფუძველზე, ხოლო საკომპენსაციო თანხის მისაღებად თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელემ 24.08.06წ. მიმართა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის მე-16 მუხლი განმარტებულ იქნა არასწორად, კერძოდ საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს _ თავდაცვის სამინისტროს რ. ხ.-ს მიმართ ერთჯერადი დახმარების გაცემის კანონისმიერი ვალდებულება ჰქონდა მისი დათხოვნის დროისათვის. «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 16.3 მუხლის 2004 წლისათვის არსებული რედაქციით: «სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 5 წლის საზღაურის ოდენობით». სასამართლომ უნდა განმარტოს გარემოებები და ამ გარემოებების დადგომის თარიღი, რომელიც საფუძვლად დაედება ამა თუ იმ საკანონმდებლო ნორმის მოქმედების დაწყებას. მოცემულ შემთხვევაში საკანონმდებლო ნორმა პირდაპირ მიუთითებს, რომ ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულება მოპასუხეს წარმოეშობა იმ დროიდან, როდესაც დადგა სამხედრო მოსამსახურის დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევა. განსახილველ საქმეში რ. ხ.-მ მიიღო დაზიანება 27.08.99წ., სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ამ პერიოდში მოქმედებდა 25.06.98წ. მიღებული «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ კანონი». სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს საკომპენსაციო თანხის მოთხოვნის უფლება გააჩნია და მასზე არ მოქმედებს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ რ. ხ.-ა იმყოფებოდა რა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო მოსამსახურის სტატუსით, შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა სახელმწიფო ორგანოსთან. «სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის თანახმად მხოლოდ სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირები სარგებლობენ აღნიშნული კანონით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიებით. აღნიშნული სამართლებრივი გარანტიების გავრცელება დამოკიდებულია გარკვეულ ხდომილებებზე და მისით სარგებლობის უფლება ვრცელდება გარკვეული დროის განმავლობაში. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე და 146-ე მუხლები აწესრიგებს ხანდაზმულობის ვადებს სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების თაობაზე. აღნიშნული კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. «სამხედრო მოსამსახურის შესახებ» კანონის 16.3 მუხლით დადგენილი დანაწესი (ტრავმის მიღების პერიოდისათვის არსებული რედაქციით) ითვალისწინებს ერთჯერად შესასრულებელ ვალდებულებას, რომელიც წარმოეშობა სახელმწიფო ბიუჯეტს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის მუხლებით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის ან შეჩერების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის, უფრო მეტიც, საქმეში არსებული თავდაცვის სამინისტროს იურიდიული სამმართველოს უფროსის წერილით დასტურდება, რომ მოპასუხე მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის ერთ-ერთ პირობად ასახელებს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ხ.-ს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 27.08.99წ., ხოლო სარჩელი მან სასამართლოში აღძრა 22.09.06წ., რითაც გაუშვა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ამდენად რ. ხ.-ს სასარჩელო მოთხოვნა მიჩნეულ იქნა ხანდაზმულად.
რ. ხ.-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.07წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა, კერძოდ ერთჯერადი დახმარების და საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურება მოითხოვა
კასატორმა აღნიშნა, რომ მის მიმართ სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლის გავრცელება უმართებულოა, ვინაიდან იგი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან გამომდინარე მოთხოვნებს ეხება, მაშინ როდესაც კანონი ასეთი დახმარების მხოლოდ ერთჯერადად და არა პერიოდულად, ანუ გამოჯანმრთელებამდე გაცემას ითვალისწინებს. კუთვნილი დავალიანებების მიღების მოთხოვნით რ. ხ.-მ 2006 წლის მაის-სექტემბერში მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, როგორც საფინანსო, ისე იურიდიულ სამსახურებს. საფინანსო სამსახურიდან ისევ დაპირების წერილი მიიღო, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, კასატორის აზრით, ადმინისტრაციისადმი კანონიერი ნდობის საფუძველია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 137-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე გარანტიის მიცემით აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ხ.-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.07წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მიეცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულად.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი არეგულირებს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადებს, აღნიშნული ვერ გავრცელდება კასატორის მოთხოვნის მიმართ, ვინაიდან ტრავმის შედეგად ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ რ. ხ.-ს მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ არ გამომდინარეობს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, მოთხოვნა «სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 16.3 მუხლით ერთჯერადი კანონისმიერი ვალდებულების შესრულებას – დახმარების თანხის გაცემას ეხება. გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლი ეხება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების ხანდაზმულობას, ხოლო «სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 16.3 მუხლი ითვალისწინებს ერთჯერად და არა პერიოდულ დახმარებას. ამდენად, საფუძველს მოკლებულია სადავო სამართალურთიერთობის მიმართ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გამოყენება, რ. ხ.-ს სასარჩელო მოთხოვნის მიმართ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით დაწესებული ხანდაზმულობის საერთო ვადა - 10 წელი მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. დაუსაბუთებელია აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქმეში არ მოიპოვება ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დახმარების თანხის გამოყოფის მოთხოვნით რ. ხ.-ს არაერთგზის აქვს მიმართული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადმი, რომლის საფინანსო სამსახურის 22.09.2006წ. ¹9/3069 წერილით რ. ხ.-ს მიეცა დავალიანების გადახდის დაპირება, რაც სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია რა მოთხოვნა ხანდაზმულად არ დაადგინა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, აღნიშნული არ იძლევა სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს აგრეთვე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ რ. ხ.-მ 22.01.07წ. სააპელაციო სასამართლოში შეიტანა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხისათვის საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურების დაკისრება. რ. ხ.-ს მიერ შეტანილი შესაგებელი, სახელწოდების მიუხედავად, ფაქტობრივად წარმოადგენს შეგებებულ სააპელაციო საჩივარს, ვინაიდან მის მიერ დაყენებულ იქნა მოთხოვნა საქალაქო გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმებისა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რისი უფლება მას ჰქონდა სსსკ-ის 379-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად, მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განმცხადებელს აქვს თუ არა უარი ნათქვამი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარეს ჩაჰბარდა 2007 წლის 13 იანვარს (იხ. ს.ფ. 56), ხოლო მის მიერ შეგებებული სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შეტანილ იქნა 2007 წლის 22 იანვარს (იხ. ს.ფ. 49-54), კანონით დადგენილ 10-დღიანი ვადის დაცვით. შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო, წარმოებაში მიეღო და განეხილა რ. ხ.-ს შეგებებული სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია რ. ხ.-ს მიერ სააპელაციო სასამართლოში დაყენებულ მოთხოვნაზე, 26.02.07წ. გადაწყვეტილების არც სამოტივაციო და არც სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს რ. ხ.-ს შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე მსჯელობას, რითაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სსსკ-ის 379-ე და 389-ე მუხლების მოთხოვნები. აღნიშნულ მოთხოვნას კასატორი აყენებს საკასაციო საჩივრითაც. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება ამ ნაწილში იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1” ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს შეადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საქმე განხილულია არსებითი საპროცესო დარღვევით, სასამართლომ გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ხ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.07წ. გადაწყვეტილება. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.