Facebook Twitter

¹ბს-461-440(კ-08) 26 ივნისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2007 წლის 20 სექტემბერს მ. კ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ჰოსპიტალში სხვადასხვა თანამდებობაზე. სამსახურიდან გათავისუფლების მომენტისათვის მიუღებელი დარჩა სახელფასო დავალიანება, რამაც ხელზე ასაღები თანხის სახით _ 1335,36 ლარი შეადგინა, მათ შორის, ხელფასის თანხამ _ 383,34 ლარი, კვების თანხამ _ 667,21 ლარი, ჯილდომ _ 220,30 ლარი, მატერიალურმა დახმარებამ _ 64,51 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზემოთ მითითებული დავალიანების თანხის მის სასარგებლოდ გადახდა დაკისრებოდა.

მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ 2007 წლის 21 აგვისტოს გაცემულ ცნობას, რომლის საფუძველზეც ითხოვდა მოსარჩელე სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, გააჩნდა მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი, რადგან აღნიშული ცნობა გაცემულ იქნა როგორც საჯარო ინფორმაცია, იგი არ წარმოადგენდა ვალის აღიარებას.

მოპასუხის განმარტებით, ხელფასის გაცემა წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის მოთხოვნაზეც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა ვრცელდებოდა, ხოლო ამ ვადის ათვლა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 130-ე მუხლის მიხედვით, იწყებოდა დათხოვნის დღეს, როდესაც მოსარჩელეს არ აუნაზღაურეს საბოლოო ხელფასი. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ხელფასის _ 383,34 ლარის მოთხოვნის ნაწილში წარდგენილი უნდა ყოფილიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში.

მოპასუხემ უსაფუძვლოდ მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურების თაობაზეც და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებაზე ვრცელდებოდა სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. იმავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყებოდა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ითვლებოდა დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. კვების კომპენსაციის საკითხთან დაკავშირებით მოპასუხემ მიუთითა, რომ აღნიშნული ასევე პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენდა და მასზეც უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების _ 1335,36 ლარის გადახდა დაეკისრა.

საქალაქო სასამართლოს დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 1995-2006 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... სამხედრო ჰოსპატალში სხვადასხვა თანამდებობაზე. საქმის მასალებში წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2007 წლის 31 აგვისტოს ¹3-11/6312 ცნობით დადგენილი იყო, რომ 1998-2000 წლებში მოსარჩელის სახელფასო დავალიანება, მათ შორის კვების კომპენსაცია შეადგენდა 1335,36 ლარს.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე 1998-2000 წლებში წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს. იმავე კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოცემული ნორმიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნა კანონიერი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი მოქმედებდა კერძოსამართლებრივი ურთიერთობების სფეროში, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო. უდავო იყო, რომ მოსარჩელე მ. კ.-ი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა როგორც სამხედრო მოსამსახურე და ეს ურთიერთობები რეგულირდებოდა საჯარო სამართლის საკანონმდებლო აქტით _ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონით, აგრეთვე იმ დროს მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით – საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 12 მაისის ¹296-15 დადგენილებით ,,საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სურსათითა და სანივთე ქონებით მომარაგების შესახებ”. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა შეეხებოდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებს. მ. კ.-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის კი დადებული არ ყოფილა რაიმე სახის ხელშეკრულება, მათ შორის ურთიერთობა დაიწყო და დასრულდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მეშვეობით, ამიტომ მ. კ.-ის სასარჩელო მოთხოვნაზე არ უნდა გავრცელებულიყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ მ. კ.-ს მუშაობის პერიოდში არ მიუღია მის მიერ მოთხოვნილი კუთვნილი ხელფასი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. კ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ. კ.-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 668,15 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის თაბაზე, რომ მ. კ.-ის მიმართ საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მიერ გაცემული 2007 წლის 5 ოქტომბრის ¹3-11/7400 ცნობის თანახმად, 1998-2000 წლებში მ. კ.-ის კუთვნილი, ხელზე გასაცემი დავალიანება შეადგენდა 1335,25 ლარს, მათ შორის, ხელფასის თანხა _ 383,34 ლარს, კვების თანხა _ 667,21 ლარს, ჯილდო _ 220,30 ლარს, მატერიალური დახმარება _ 64,51 ლარს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ. კ.-ის სასარგებლოდ ხელფასის – 383,44 ლარის, მატერიალური დახმარების _ 64,51 ლარისა და ჯილდოს – 220,30 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მსჯელობა კვების კომპენსაციის _ 667.21 ლარის ანაზღაურების ნაწილში და აღნიშნა, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამდენად, სასურსათო ულუფა წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდრულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის ანაზღაურებაც მოწესრიგებული იყო არა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, არამედ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სოციალური საკითხების რეგულირების სპეციალურ ნორმას წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, მაგრამ იგი არ წარმოადგენდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლით განაზღვრულ ხელფასის კომპონენტს.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში დაცული დოკუმენტი – საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მიერ გაცემული 2007 წლის 9 ოქტომბრის ცნობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვალის აღიარების ფაქტს არ ადასტურებდა. აღნიშნული ცნობა საინფორმაციო ხასიათის იყო და იგი ადასტურებდა არა მოპასუხის მიერ დავალიანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს. ვალის აღიარების ფაქტად კი სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹15/1058 ცნობა, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მ. კ.-ს მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას დაპირდა, ამ მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელფასი თავისი სამართლებრივი ბუნებით განსხვავდებოდა სოციალური უზრუნველყოფის სახისაგან – სასურსათო ულუფისაგან, რომელიც კანონმდებლის მიერ სხვა სამართლებრივ რეჟიმში იყო მოქცეული და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით რეგულირებულ სფეროს არ განეკუთვნებოდა. შესაბამისად, მის მიმართ, როგორც სოციალური უზრუნველყოფის პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მიმართ, გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო მოთხოვნის სამწლიანი ვადა, რომლის ათვლაც უნდა მომხდარიყო სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვნილი პირი სამხედრო სამსახურიდან, სამხედრო მოსამსახურის მიმართ უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. იმავე კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა წყდებოდა ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე ვალის აღიარებით, რასაც მოცემულ სადავო შემთხვევაში აპელანტის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სახელფასო დავალიანების _ 668,15 ლარის დაკისრების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დაუსაბუთებელია.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი მხოლოდ კვების კომპენსაციის ნაწილში დააკმაყოფილა. კასატორი მიუთითებს, რომ ხელფასის არსსა და მის შემადგენელ კომპონენტებზე მსჯელობისას უპირატესად გათვალისწინებული უნდა იქნეს 1999-2000 წლებში მოქმედი სამხედრო კანონმდებლობის მოთხოვნები, ხოლო ამ კანონმდებლობაში განსხვავებული დებულებების არარსებობის შემთხვევაში, სადავო ურთიერთობა უნდა მოგვარდეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის დებულებებით, კერძოდ, ხსენებული კანონის 37-ე მუხლით (1998-2000 წლების რედაქციით), რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ამდენად, იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენლ ელემენტად, საჭიროა, ამ ფულად გასაცემელს (ჯილდო, კვების კომპენსაცია, მატერიალური დახმარება) კანონმდებლობის მიხედვით ჰქონდეს დანამატის სტატუსი.

კასატორი მიუთითებს, რომ, როგორც ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტიდან ირკვევა, დანამატის სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ ფულად თანხებს, რომელიც გაიანგარიშება ნამსახური წლების მიხედვით, რაც შეეხება ჯილდოსა და მატერიალურ დახმარებას, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებიდან გამომდინარე, დანამატის სტატუსი არ აქვს მინიჭებული. ამდენად, ჯილდო და მატერიალური დახმარების თანხები არ წარმოადგენს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მ. კ.-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობა იყო იმ მარტივი გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელის განცხადება – ნების გამოვლენა – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურის დაწყების შესახებ (ოფერტი) და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობა (აქცეფტი _ ბრძანების სახით), მასთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ, ასევე ამ ორ სუბიექტს შორის ურთიერთობის და მათი უფლება-მოვალეობების დამყარების შესახებ, ასევე ამ ორ სუბიექტს შორის ურთიერთობისა და მათი უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტები ერთობლიობაში წარმოადგენდა მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ფაქტობრივი საჯარო შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტს და ამის დასადასტურებლად საჭირო არ იყო ერთიანი, გარკვეულ სისტემაში მოყვანილი ან გარკვეული ფორმის მქონე დოკუმენტის – ხელშეკრულების არსებობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 2 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 2 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 26 ივნისამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.