ბს-464-443(კ-08) 5 ნოემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. გ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე:
1) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ სოციალური სუბსიდიების სააგენტო;
2) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხეები)
დავის საგანი – პენსიის გაცემის დავალდებულება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. გ-ამ 2007 წლის 13 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მარჩენლის დაკარგვის გამო, კანონის შესაბამისად პენსიის დანიშვნა.
სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
მ. გ-ამ 2002 წლის 30 ივნისს იქორწინა მ. კ-თან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. მ. კ-ა მუშაობდა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შს ქ. ფოთის შს ....... ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილედ, წოდებით პოლიციის კაპიტანი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 23 აგვისტოს ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მ. კ-ა დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. მოცემულ ბრძანებას საფუძვლად დაედო შს მინისტრის 2006 წლის 19 ივლისის ¹829 ბრძანებით დამტკიცებული გენერალური ინსპექციის 2006 წლის 29 ივნისის ¹302 ბრძანება. აღნიშნული ბრძანების მესამე პუნქტის თანახმად, იგი უნდა ამოქმედდეს ხელისმოწერისთანავე, ე.ი. 2006 წლის 23 აგვისტოდან, მომხდარი საბედისწერო შემთხვევის _ მ. კ-ას დაღუპვიდან 9 თვის გასვლის შემდგომ. შს სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის 2006 წლის 22 სექტემბრის ¹824510 ბრძანების თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მ. კ-ას წელთა ნამსახურობის სტაჟი შეადგენს 11 წელს, 1 თვესა და 19 დღეს. პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის მომენტისათვის მ. კ-ას სარგო _ ხელფასი შეადგენდა: თანამდებობრივი განაკვეთი _ 290 ლარი, წოდების დანამატი _ 9,27 ლარი, სასურსათო ულუფის ღირებულება _ 50 ლარი, სულ _ 358,27 ლარი. პოლიციის კაპიტან მ. კ-ას ფულად ატესტატში გამორჩენილია და შეტანილი არ არის 11 წლის მუშაობის სტაჟის დანამატი 15 პროცენტის ოდენობით, რაც შეადგენს 53,73 ლარს. 2005 წლის 22 სექტემბერს სარგო _ ხელფასი შეადგენდა 412 ლარს. შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 23 აგვისტოს ბრძანების მიღების შემდგომ, მოსარჩელემ მიმართა საქართველოს ერთიან სახელმწიფო ფონდს, არასრულწლოვანი შვილებისათვის მარჩენალი მამის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის გამო, პენსიის დანიშვნის შესახებ. 2006 წლის 27 ოქტომბრის ¹7-05/05 ცნობის თანახმად, მ. გ-ა 2006 წლის 27 სექტემბრიდან იღებს კომპენსაციას შს სამინისტროს ხაზით, აწ გარდაცვლილი დაღუპული მეუღლის _ მ. კ-ას სარგოდან ორი მცირეწლოვანი შვილის _ ვ. და ლ. კ-ების სახელზე, თვეში _ 67,33 ლარის კომპენსაციას, განცხადების შეტანის დღიდან. მარჩენლის დაკარგვის გამო კომპენსაციის დანიშვნის დროს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 23 დეკემბერს საპენსიო კანონში შეტანილი ცვლილებებითა და დამატებებით, კანონი ძალაშია 2006 წლის 1 იანვრიდან; უბედური შემთხვევა კი მოხდა 2005 წლის 22 ნოემბერს, საპენსიო კანონში ცვლილების შეტანამდე და მის ამოქმედებამდე, რის შედეგადაც მოსარჩელემ და მისმა შვილებმა მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ზიანი განიცადეს. მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს კონსტიტუცია წარმოადგენს სახელმწიფო უზენაესს კანონს და ყველა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას და საყოველთაოდ აღიარებულ სამართლებრივ პრინციპებსა და ფორმებს. კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს და მათ შორის ცხადია, მარჩენლის დაკარგვის გამო პენსიის კანონის შესაბამისად მიღების უფლებას.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ შვილებისათვის პენსიის დანიშვნა უნდა მოხდეს მარჩენალი მამის _ მ. კ-ას (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს) დაღუპვის მომენტში _ 2005 წლის 22 ნოემბრის მოქმედი საპენსიო კანონის მე-10 მუხლით დადგენილი თანამდებობრივი განაკვეთის _ სარგოს მიხედვითა და დაცვით. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ მოსარჩელემ 2005 წლის ნოემბერსა და დეკემბერში ერთიან სახელმწიფო ფონდში ვერ წარადგინა განცხადება მარჩენლის დაკარგვის გამო პენსიის დანიშვნის შესახებ, რამდენადაც შინაგან საქმეთა მინისტრმა მხოლოდ 2006 წლის 23 აგვისტოს დაამტკიცა გენერალური ინსპექციის მიერ 2006 წლის 31 ივლისს შედგენილი დასკვნა მასზედ, რომ პოლიციის კაპიტანი მ. კ-ა 2005 წლის 22 ნოემბერს დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. 2006 წლის 1 იანვრამდე მარჩენლის დაკარგვის გამო პენსიის დანიშვნა რეგულირდებოდა 2005 წლისათვის მოქმედი საპენსიო კანონის 25-ე, 26-ე, 27-ე, 28-ე და 33-ე მუხლებით დადგენილი წესის, ნორმისა და ოდენობის შესაბამისად, მოსარჩელე თვლის, რომ სწორედ აღნიშნული კანონის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მ. კ-ას ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფა.
მოსარჩელემ მიმართა მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს განცხადებით, რათა პენსია დანიშნული ყოფილიყო 2005 წლის 22 ნოემბრის მდგომარეობით არსებული და ძალაში მყოფი საპენსიო კანონის შესაბამისად, თუმცა 2007 წლის 24 იანვარს მიიღო პასუხი, რომლითაც ეცნობა, რომ კომპენსაციის დანიშვნა განხორციელდა კანონის სრული დაცვით.
მოსარჩელემ მოითხოვა, მას, როგორც "სამხედრო და შს ორგანოების სამსახურებიდან დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის 25-ე, 26-ე, 27-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციის კაპიტან მ. კ-ას მეუღლეს დაენიშნოს 2 მცირეწლოვანი შვილის _ ვ. და ლ. კ-ების შესანახი, მარჩენლის დაკარგვის პენსია მათ სრულწლოვნებამდე, საპენსიო კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად, საპენსიო კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული სარგოს _ ხელფასის 50 პროცენტის ოდენობით თითოეულს, მარჩენლის დაკარგვის დროს 2005 წლის 22 ნოემბრის მდგომარეობის მიხედვით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მომენტში დაღუპული მარჩენლის, პოლიციის კაპიტნის _ მ. კ-ას ხელფასი შეადგენდა 412 ლარს. მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ საპენსიო კანონის 33-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის, ფულადი სარგოს მე-10 მუხლის თანახმად, მარჩენლის დაკარგვის გამო მას უნდა დაენიშნოს შვილების: ლ. და ვ. კ-ების მამის ყოველთვიური სარგოს _ ხელფასის 412 ლარის 50 პროცენტი, თვეში 206 ლარის ოდენობით თითოეულს, 2005 წლის 22 ნოემბრიდან; ასევე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მ. გ-ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მ. კ-ას გარდაცვალების პერიოდში მოქმედი საპენსიო კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ორი არასწულწლოვანი შვილის 14 წლის ასაკამდე მოვლისათვის, დაკარგული მარჩენლის ყოველთვიური ხელფასი 412 ლარიდან 50 პროცენტის _ 206 ლარის გადახდა 2005 წლის 22 ნოემბრიდან 2007 წლის 22 ნოემბრამდე, რაც თითოეულ შვილზე შეადგენს _ 3080 ლარს. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაეკისროს მარჩენლის დაკარგვის გამო მოსარჩელის შვილებს _ ვ. და ლ. კ-ებს ერთდროულად გადაუხადოს პენსია 2005 წლის 22 ნოემბრიდან 2007 წლის 22 თებერვლამდე კუთვნილი პენსია 6180 ლარი და მ. გ-ას იმავე პერიოდში შვილების მოვლის 6180 ლარი _ სულ ერთად 12360 ლარი, შემდეგ თვეში კი 618 ლარი შვილების სრულასაკოვნებამდე და მოსავლელთა 14 წლის ასაკამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, შსს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შს სამმართველოს უფროსის 2006 წლის 14 მარტის ¹238პ/შ ბრძანებით, მ. კ-ა _ შსს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შს სამმართველოს ფოთის შს სამმართველოს ...... უბნის პოლიციის ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე ამორიცხულ იქნა ამავე შემადგენლობის სიიდან გარდაცვალების გამო, 2005 წლის 22 ნოემბრიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 23 აგვისტოს ¹564პ/შ ბრძანებით, შსს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარო შს სამმართველოს ფოთის შს სამმართველოს ....... უბნის პოლიციის ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილის, პოლიციის კაპიტან მ. კ-ას გარდაცვალება ჩაითვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მომხდარ გარემოებად.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ. გ-ა წარმოადგენდა გარდაცვლილი მ. კ-ას მეუღლეს, ხოლო ვ. და ლ. კ-ები _ მათ შვილებს.
2006 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს განცხადებით მიმართა მ. გ-ამ და ითხოვა მარჩენალდაკარგულის კომპენსაცია.
საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2006 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მ. გ-ას შვილებს _ ვ. და ლ. კ-ებს იმავე წლის 27 სექტემბრიდან დაენიშნათ კომპენსაცია, თითოეულს _ 67,33 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ვინაიდან მ. გ-ას მეუღლის _ მ. კ-ას გარდაცვალების დროს მოქმედებდა "სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონი, რომლითაც მარჩენალდაკარგულთა სოციალური უზრუნველყოფა უფრო სრულფასოვნად განხორციელდებოდა, მოპასუხე ვალდებული იყო, ეხელმძღვანელა 2006 წლამდე არსებული ზემოაღნიშნული კანონით.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვერ გაიზიარებს მოცემულ პოზიციას შემდეგი მოტივით: მოსარჩელე მ. გ-ას მიერ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფინდისათვის მიმართვა მარჩენალდაკარგულის კომპენსაციის მიღების თაობაზე განხორციელებულ იქნა 2006 წლის 26 ოქტომბერს. მოცემულ პერიოდში მოქმედებდა (2006 წლის 1 იანვრიდან) "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის შესაბამისადაც მ. გ-ას კომპენსაცია დაენიშნა. ამასთან, მოცემული კანონის ანალიზით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი, კომპენსაციის დანიშვნისას გამოეყენებინა სხვა ნორმატიული აქტი, კერძოდ, "სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და ასევე, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს არა აქვს იურიდიული ძალა და უნდა გამოცხადდეს ბათილად. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მარჩენალდაკარგულის კომპენსაციის დანიშვნის გარდა სხვა ნორმატიული აქტით ხელმძღვანელობა ჩაითვლებოდა უფლებამოსილების გადამეტებად.
სასამართლომ გაიზიარა მ. გ-ას წარმომადგენლის პოზიცია იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნის დაგვიანებით წარდგენა გამოწვეული იყო არა მოსარჩელის ბრალით არამედ იმ გარემოებით, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მ. კ-ას გარდაცვალების ფაქტის, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მომხდარ გარემოებად აღიარება განხორციელდა 2006 წლის 23 აგვისტოს, ანუ გარდაცვალებიდან 9 თვის შემდგომ, თუმცა აღნიშნული გარემოებაც არ ანიჭებდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს უფლებამოსილებას, კომპენსაცია განესაზღვრა "სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის პირობების შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ, ვინაიდან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ საქართველოს ერთიანი სახელმწიფო ფონდის გადაწყვეტილება (მ. გ-ას შვილებისათვის კომპენსაციის დანიშვნის შესახებ), გამოცემულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მისი ბათილად ცნობის საფუძვლები. ასევე, არ არსებობს არანაირი სამართლებრივი ნორმა, რომლის შესაბამისადაც მოპასუხეს დაევალება მოსარჩელისა და მისი არასრულწლოვანი შვილებისათვის საპენსიო უზრუნველყოფა განახორციელოს "სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3 მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად, დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს საქმის ფაქტობრივ, სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მიუთითა მათზე და დამატებით აღნიშნა, რომ 2005 წლის 27 დეკემბერს მიღებულ იქნა "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონი, რომლითაც განისაზღვრა სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები, შესაბამისად "სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონში ზემოხსენებული კანონის საფუძველზე განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები, კერძოდ, კანონის მე-3 პუნქტის თანახმად, გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრთათვის სახელმწიფო კომპენსაციის ან სახელმწიფო პენსიის დანიშვნის პირობები რეგულირებულია "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" ან "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონებით. "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძველია მარჩენლის დაკარგვა. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლებით პირს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა შეუძლია აღნიშნული უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს. ამავე კანონის 26-ე მუხლით განისაზღვრა კომპენსაციის დასანიშნად მიმართვის წესი, რომელიც კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადებასთან ერთად ითვალისწინებს ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენას კომპეტენტურ ორგანოში. ამავე კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტით, მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება კომპეტენტურ ორგანოს წარედგინა ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში, კომპენსაცია ინიშნება განცხადების წარდგენის დღიდან.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის საკითხი, რომ მ. კ-ა გარდაიცვალა 2005 წლის 22 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მ. კ-ას გარდაცვალების ფაქტის, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მომხდარ გარემოებად აღიარება განხორციელდა 2006 წლის 23 აგვისტოს, ანუ გარდაცვალებიდან 9 თვის შემდეგ, ხოლო მ. გ-ამ განცხადებით კომპეტენტურ ორგანოს მიმართა 2007 წლის 27 სექტემბერს, რის შედეგადაც კომპენსაცია დაენიშნა განცხადების წარდგენის დღიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას, შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება. კასატორის განმარტებით, მეუღლის გარდაცვალების დღიდან წარმოეშვა უფლება მარჩენლის დაკარგვის გამო პენსიის დანიშვნაზე, იმ დროს მოქმედი საპენსიო კანონის 27-ე და 33-ე მუხლებით დადგენილი ოდენობის მიხედვით, მაგრამ პენსიის დასანიშნავად განცხადებით მიმართვისას საჭირო იყო შს სამინისტროს ბრძანებისა და დასკვნის წარდგენა იმის შესახებ, რომ მისი მეუღლე მ. კ-ა ნამდვილად დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 2005 წლის 22 ნოემბერს. კასატორი განმარტავს, რომ ბრძანების ამონაწერი – უბედური შემთხვევის მოხდენის შესახებ შს სამინისტროდან მისცეს 9 თვის დაგვიანებით, 2006 წლის 23 აგვისტოს და პენსია-კომპენსაცია მარჩენლის დაკარგვის გამო დაუნიშნეს მხოლოდ ორ მცირეწლოვან შვილზე 2006 წლის სექტემბრიდან, თვეში 67,33 ლარის ოდენობით. კასატორი მიიჩნევს, რომ იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით მას, როგორც ჩვილი ბავშვების მოვლა-პატრონობითა და აღზრდით დაკავებულ დედასაც ეკუთვნოდა პენსია. კასატორი აღნიშნავს, რომ მან შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და ითხოვა შს სამინისტროს დაკისრებოდა პენსიის გადახდა 9 თვის პერიოდის – 2005 წლის 22 ნოემბრიდან – 2006 წლის სექტემბრამდე კომპენსაციის დანიშვნამდე, რადგან მათ მიერ ბრძანების დაგვიანებით გაფორმების გამო, არ დაენიშნა 9 თვის პენსია, რითაც მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა შს სამინისტროს ბრალით. კასატორის განმარტებით განჩინებაში მითითებულია, რომ მ. გ-ას შვილებს დაენიშნათ კომპენსაცია 2006 წლის სექტემბრიდან, თითოეულს 33,33 ლარის ოდენობით. სინამდვილეში კომპენსაცია დაენიშნა ორივეს ერთად 67,33 ლარი, რაც მინიმალური პენსიის ოდენობაზე ნაკლებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 23 აგვისტოს ¹564პ/შ ბრძანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ქ. ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს ....... პოლიციის ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილის, პოლიციის კაპიტან მ. კ-ას გარდაცვალება ჩაითვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მომხდარ გარემოებად და მის ოჯახზე გავრცელდა ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს 2006 წლის 27 სექტემბერს განცხადებით მიმართა მ. გ-ამ და ითხოვა მარჩენალის დაკარგვის გამო კომპენსაციის დანიშვნა. საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2006 წლის 27 ოქტომბრის ცნობით ირკვევა, რომ მ. გ-ას ორ მცირეწლოვან შვილს 2006 წლის 27 სექტემბრიდან დაენიშნათ კომპენსაცია თვეში _ 67,33 ლარის ოდენობით კომპენსაციის დასანიშნად საბუთების შეტანის დღიდან.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2005 წლის 27 დეკემბერს მიღებულ იქნა "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონი, რომლითაც განისაზღვრა სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები, შესაბამისად "სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონში ზემოხსენებული კანონის საფუძველზე განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები, კერძოდ, კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრთათვის სახელმწიფო კომპენსაციის ან სახელმწიფო პენსიის დანიშვნის პირობები რეგულირდება "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" ან "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონებით. "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძველია მარჩენლის დაკარგვა. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლებით პირს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა შეუძლია აღნიშნული უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს. ამავე კანონის 26-ე მუხლით განისაზღვრა კომპენსაციის დასანიშნად მიმართვის წესი, რომელიც კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადებასთან ერთად ითვალისწინებს ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენას კომპეტენტურ ორგანოში. ამავე კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტით, მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება კომპეტენტურ ორგანოს წარედგინა ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში, კომპენსაცია ინიშნება განცხადების წარდგენის დღიდან. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მ. კ-ა გარდაიცვალა 2005 წლის 22 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მ. კ-ას გარდაცვალების ფაქტის, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მომხდარ გარემოებად აღიარება განხორციელდა 2006 წლის 23 აგვისტოს, ანუ გარდაცვალებიდან 9 თვის შემდეგ, ხოლო მ. გ-ამ განცხადებით კომპეტენტურ ორგანოს მიმართა 2007 წლის 27 სექტემბერს, რის შედეგადაც კომპენსაცია დაენიშნა განცხადების წარდგენის დღიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და მ. გ-ას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.