Facebook Twitter

¹ბს-466-443(კ-06) 10 იანვარი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი – ი. დ-ე

მოწინაღმდეგე მხარე – აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 22 აგვისტოს ი. დ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მიმართ აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 28 ივლისის ¹377 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი აჭარის ა/რ შსს ორგანოებში მუშაობდა 1989 წლიდან. გათავისუფლებამდე, 2005 წლის 28 ივლისამდე მუშაობდა ქ. ბათუმის შს სამმართველოს ..... თანამდებობაზე. მუშაობის პერიოდში გამოირჩეოდა შრომისუნარიანობით და პატიოსნებით.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 2005 წლის 19 ივნისს იგი ოფიციალურად ისვენებდა და იმყოფებოდა ქ. ბათუმში, მრავალპროფილიან საავადმყოფოში, ახლობლის მოსანახულებლად, რა დროსაც ქ. ბათუმის შს სამმართველოს ..... უფროსის - ა. ნ-ის დავალებით, თანამშრომელ დ. გ-ესთან ერთად სამსახურის ავტომანქანით ,,ვაზ-2107”, სახელმწიფო ნომრით ...., მივიდა ქ. ბათუმში, ....., სამარშრუტო ტაქსების გაჩერებასთან, საიდანაც ქვეგანყოფილების თანამშრომელი თ. ც-ე უნდა წამოეყვანა, რომელიც ეჩხუბებოდა სამარშრუტო ტაქსის მძღოლ მ. -ეს. მისი და დ. გ-ის შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს იქ იმყოფებოდა ბათუმის შს სამმართველოს გამომძიებელი ა. ჩ-ი, რომელიც ატარებდა საგამოძიებო მოქმედებას. მათ ჩაისვეს ავტომობილში თ. ც-ე და გამოცხადდნენ აჭარის ა/რ შს მთავარ სამმართველოში, სადაც უფროსის ბრძანებით, ის და დ. გ-ე შევიდნენ უფროსის ოთახში. საუბრის შემდეგ, იგი დაელოდა უფროსს, რათა შეხვედროდა, მაგრამ, ვინაიდან შეხვედრა ვერ შედგა, ნახევარი საათის ლოდინის შემდეგ წავიდა სახლში.

მოსარჩელის განმარტებით, მისი სამუშაოდან დათხოვნის ბრძანება ეფუძნებოდა საქართველოს შს საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასავლეთის რეგიონის გენერალური ინსპექციის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, ი. დ-ე და დ. გ-ე იყვნენ ნასვამები რაც, მისი აზრით, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი. დ-ე ითხოვდა აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 28 ივლისის ¹337 პ/შ ბრძანების გაუქმებას, სამუშაოზე აღდგენას და იძულებით განაცდურის ანაზღაურებას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ი. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 28 ივლისის ¹337 პ/შ ბრძანება; ი. დ-ე აღდგენილ იქნა სამუშაოზე და მოპასუხეს დაეკისრა იძულებით განაცდური დროის ხელფასის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა აჭარის ა/რ შს მთავარმა სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება; ი. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. დ-ეს გათავისუფლებამდე ეკავა ქ. ბათუმის შს სამმართველოს ...... თანამდებობა.

2005 წლის 19 ივნისს მოსარჩელე ი. დ-ე ოფიციალურად ისვენებდა და იმყოფებოდა ქ. ბათუმში, მრავალპროფილიან საავადმყოფოში, ახლობელი ავადმყოფი ადამიანის მოსანახულებლად, რა დროსაც ქ. ბათუმის შს სამმართველოს ..... უფროსის - ა. ნ-ის დავალებით, თანამშრომელ დ. გ-ესთან ერთად სამსახურის ავტომანქანა ,,ვაზ-2107’’, სახელმწიფო ნომრით .... მივიდა ქ. ბათუმში, ....., ტაქსების გაჩერებასთან, საიდანაც მათი ქ/განყოფილების თანამშრომელი თ. ც-ე უნდა წამოეყვანათ, რომელიც ეჩხუბებოდა სამარშრუტო ტაქსის მძღოლ მ. ბ-ეს.

ი. დ-ისა და დ. გ-ის შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს იქ იყოფებოდა ბათუმის შს სამმართველოს გამომძიებელი ა. ჩ-ი, რომელიც ატარებდა საგამოძიებო მოქმედებას. იქ იმყოფებოდა ასევე საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასავლეთის რეგიონალური სამსახურის უფროსი მ-ი, რომლის დავალებითაც ზემოთ აღნიშნულმა სამსახურმა მომხდარ ფაქტზე ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება, რომლის შედეგადაც დადგინდა:

2005 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მოქალაქე მ. ბ-ე კუთვნილი მიკროავტობუსით “ფორდ-ტრანზიტი", მოძრაობდა ¹101 სამარშრუტო ხაზზე. ქ. ბათუმში, ...., ხელოვნების ინსტიტუტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანა გაუჩერა მგზავრებს, რა დროსაც უკანა მხრიდან გაიგონა შეჯახების ხმა. მასთან მივიდა უცნობი პირი, რომელიც იყო აღელვებული და შელაპარაკების შემდეგ ხელის დარტყმით ჩაუმტვრია წინა საქარე მინა. მ. ბ-ე გადავიდა მიკროავტობუსიდან და დაინახა, რომ მის ავტომანქანას უკანა მხრიდან შეჯახებოდა Gთეთრი ფერის ,,ვაზ-2107’’ მარკის ავტომანქანა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან უკვე მიმალულიყო. მ. ბ-ემ დახმარებისათვის მიმართა თამარის დასახლებაში მოძრავ აჭარის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს, რომელთა მისვლის შემდეგ დადგინდა, რომ საქარე მინა ჩაამტვრია აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს თანამშრომელმა თ. ც-ემ, რომელიც იყო ნასვამი. ამ უკანასკნელსა და მძღოლს შორის მიმდინარეობდა კამათი დაზიანებული საქარე მინის აღდგენის თაობაზე. პატრულ-ინსპექტორის მიერ შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ იქნა ქ. ბათუმის შს სამმართველოს პოლიცის მე-.... განყოფილების ოპერატიული ჯგუფი და გამომძიებელი. აღნიშნულის შესახებ ეცნობა საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის დასავლეთის რეგიონალურ სამსახურს. შემთხვევის ადგილზე ,,ვაზ-2107’’ მარკის ავტომანქანით, სახ. ნომრით ....., მივიდნენ ძებნის განყოფილების თანამშრომლები დ. გ-ე და ი. დ-ე, რომლებიც ხელს უშლიდნენ შემთხვევის ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციას, ქ. ბათუმის შს სამმართველოს პოლიციის მე-.... განყოფილების თანამშრომლებსა და გამომძიებელ ა. ჩ-ს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში, ცდილობდნენ თ. ც-ე წაეყვანათ შემთხვევის ადგილიდან. იქ მყოფ პირებს ეპყრობოდნენ უტაქტოდ. განმარტავდნენ, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და მოითხოვდნენ განსაკუთრებულ მოპყრობას, კერძოდ, ცდილობდნენ, რომ დაფარულიყო დანაშაული, ხოლო მიკროავტობუსის მძღოლს თავად აღედგინა დაზიანებული საქარე მინა. მათ ვერ მიაღწიეს აღნიშნულს, რის შემდეგაც დ. გ-ემ, ი. დ-ემ, და თ. ც-ემ მიირბინეს ,,ვაზ-2107’’ მარკის ავტომანქანასთან, სახ. ნომრით ...., ჩასხდნენ მასში და გადაჭარბებული სიჩქარით წავიდნენ ქალაქის მიმართულებით. ავტომობილს მართავდა დ. გ-ე. შემთხვევის ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გენერალური ინსპექცის დასავლეთის რეგიონალური სამსახურის უფროსმა მისცა მითითება, გადაეცათ შეტყობინება მოძრავი ეკიპაჟებისათვის აღნიშნული ავტომანქანის დაკავების შესახებ. თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ მიცემულ ნიშანს ავტომანქანის გაჩერების შესახებ, ასევე თავი აარიდეს წინასწარი გამოძიებისათვის მოწმის სახით ჩვენების მიცემას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება როგორც გენერალური ინსპექციის რეგიონალური სამსახურის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალებით, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმით.

ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევის საფუძველზე შედგენილ იქნა დასკვნა, რომლის თანახმადაც კომისიამ “პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის “კ" ქვეპუნქტით, საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “ა" ქვეპუნქტით და საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების მე-60 მუხლის “ლ" პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის მიზანშეწონილად მიიჩნია აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს კრიმინალური სამსახურის ძებნის განყოფილების .... ი. დ-ის შს ორგანოებიდან დათხოვნა.

აღნიშნული დასკვნა დამტკიცებულ იქნა საქართველოს შს მინისტრის 2005 წლის 14 ივლისის ¹725 ბრძანებით, ხოლო 2005 წლის 28 ივლისის ¹377 პ/შ ბრძანებით ი. დ-ე დათხოვნილ იქნა შს ორგანოებიდან.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, სამსახურებრივი შემოწმების მასალებით არ დასტურდება ი. დ-ის სიმთვრალის ფაქტი, თუმცა უდავოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ი. დ-ე მივიდა რა შემთხვევის ადგილზე დ. გ-ან ერთად, ისინი შეეცადნენ არ მომხდარიყო რეაგირება მათი თანამშრომლის - თ. ც-ის მიერ ჩადენილ ქმედებაზე, კერძოდ, დანაშაულზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რითაც ისინი შეეცადნენ დანაშაულის ფაქტის დაფარვას, ხოლო მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ აღნიშნულს ვერ შესძლებდნენ, შემთხვევის ადგილიდან წამოიყვანეს თავიანთი კოლეგა თ. ც-ე, რომლის დაკითხვა და სიმთვრალეზე შემოწმება იმავე დღეს ვერ მოხერხდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, “პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლი ითვალისწინებს პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნას პოლიციელისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენისათვის, საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების მე-60 მუხლის “ლ” პუნქტი ასევე ითვალისწინებს შს ორგანოებიდან დათხოვნას გადაცდენისათვის, რომელიც შეუთავსებელია შს ორგანოს თანამშრომლებისათვის. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თანამშრომლის ქმედება, რომელიც მიმართულია დანაშაულის, თუ დამნაშავის დაფარვისაკენ, თავისი სიმძიმით წარმოადგენს ისეთ გადაცდომას, რომელიც შეუთავსებელია შს ორგანოს თანამშრომლებისათვის. “პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, პოლიციელი ვალდებულია აღკვეთოს ნებისმიერი დანაშაული და ხელი შეუწყოს მის გახსნას და არა პირიქით, დაფაროს ჩადენილი დანაშაული თუ დამნაშავე.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქართველოს შს მინისტრის 2006 წლის 18 იანვრის ¹73 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს ახალი სტრუქტურა და საშტატო განრიგი, რომლის თანახმადაც საერთოდ გაუქმდა ძებნის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და ამოუცნობი გვამების დადგენის განყოფილება, ანუ არ არსებობდა ის თანამდებობა, რომელზედაც გათავისუფლებამდე მუშაობდა მოსარჩელე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს შს მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის ¹113 ბრძანებით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ოპერატიულ თანამშრომლებს განესაზღვრათ გამომძიებლის სტატუსი და მიენიჭათ შესაბამისი უფლებამოსილება. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, ი. დ-ემ დააზუსტა თავისი სასარჩელო მოთხოვნა და წინანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ნაცვლად მოითხოვა შს ორგანოებში აღდგენა, მაგრამ ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას მოქმედი კანონმდებლობა (“პოლიციის შესახებ" კანონი, შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულება) არ ითვალისწინებს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ი. დ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

კასატორი აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივლისის 217 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, აღნიშნული ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: “თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის წაყენება შეუძლია მის უშუალო უფროსს წერილობითი ფორმით (წარდგენით) დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ, რასაც თან უნდა ახლდეს დისციპლინალური გადაცდომის ამსახველი დასკვნა", რაც მოცემულ შემთხვევაში შს მთავარი სამმართველოს მიერ არ არის გათვალისწინებული. მე-6 პუნქტის შესაბამისად: “თანამშრომელი შეიძლება დაითხოვონ შს ორგანოებიდან თუ დისციპლინური გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, მოსამსახურის წარსული საქმიანობა და რეპუტაცია (მორალური სახე) მიზანშეუწონელს ხდის გადაცდომის ჩამდენის მუშაობის გაგრძელებას შს სამინისტროს სისტემაში". აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს მიერ, კასატორის აზრით, ასევე არ ყოფილა გათვალისწინებული მისი წარსული საქმიანობა, რეპუტაცია და არც ის, რომ მას დისციპლინური გადაცდომა ფაქტობრივად არ ჩაუდენია. კასატორის მითითებით, მოპასუხემ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იგი მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში ცხინვალის რეგიონში. 2000 წელს შს ორგანოებში უმწიკლო სამსახურისათვის დაჯილდოებული იყო პირველი ხარისხის მედლით, ხოლო 2002 წელს - გამოჩენილი ოპერატიულობისა და საზრიანობისათვის გამოეცხადა მადლობა პირად საქმეში შეტანით.

კასატორის მითითებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის-ბრძანების (დათხოვნის შესახებ) გამოცემისას მოპასუხის მიერ დარღვეული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ" ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის მოთხოვნები, რაც ადმინისტრაციული აქტის რეკვიზიტების, მისი გასაჩივრებისა და სარჩელის წარდგენის ვადების მიუთითებლობასთანაა დაკავშირებული.

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი “ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები".

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: “ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება". კასატორის აზრით, მოსარჩელის დისციპლინური გადაცდომის შინაარსის, სიმძიმის, მისი წარსული საქმიანობის, რეპუტაციის გამორკვევისა და გათვალისწინების შემთხვევაში მოპასუხეს შეეძლო მიეღო სხვაგვარი გადაწყვეტილება.

კასატორი ასევე მიუთითებდა, რომ შს მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანება გამოიცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენიდან, დაახლოებით, შვიდი თვის შემდეგ. მან შეცვალა მოთხოვნა და მოითხოვა შსს ორგანოში აღდგენა ტოლფასს თანამდებობაზე.

კასატორი აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, როცა საქმის განხილვის პროცესში მოითხოვა აჭარის ა/რ შს მთავარ სამმართველოში არსებული საშტატო მდგომარეობა (საშტატო განრიგი), მაშინ როცა ამას კანონი არ ავალდებულებდა, ხოლო აპელანტი თავის სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებდა საშტატო განრიგში ცვლილებების მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს და დაარღვია სსსკ-ის 377-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რაც გამოიხატება იმაში, რომ სააპელაციო სასამართლომ ავტომატურად დადგენილად ცნო გენერალური ინსპექციის დასკვნით დადგენილი ფაქტები, მაშინ, როცა ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჩაატარა სასამართლო გამოძიება, გამოიკვლია და შეაფასა მტკიცებულებები და დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება გენერალური ინსპექციის მიერ დადგენილ ფაქტებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი. დ-ე ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე საქმეზე მიიღო იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემოწმებისას არ უმსჯელია, რაში გამოიხატა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების არაკანონიერება, რომელი ფაქტობრივი გარემოებები იქნა სასამართლოს მიერ არასწორად დადგენილი, რომელ მტკიცებულებებს არ მიეცა სათანადო შეფასება, რაში გამოიხატა საქალაქო სასამართლოს მხრიდან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის დარღვევა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. დ-ის შსს ორგანოებიდან დათხოვნის კანონიერების შემოწმებისას, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია და შეეფასებინა სახეზე იყო თუ არა ის დარღვევები, რაც საფუძვლად დაედო კასატორის გათავისუფლებას, კერძოდ, იყო თუ არა ,,პოლიციის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის ,,კ” პუნქტით, საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტით და საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების მე-60 მუხლის ,,ლ” პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.

სააპელაციო სასამართლომ ისე გაიზიარა საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის დასავლეთის რეგიონალური სამსახურის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად მიღებული დასკვნა იმის თაობაზე, რომ ი. დ-ე ცდილობდა შემთხვევის ადგილიდან თ. ც-ის წაყვანას, ხელს უშლიდა საპატრულო პოლიციას და გამომძიებელს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში, რომ არ გამოუკვლევია, მითითებული ფაქტები დასტურდებოდა თუ არა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გამომძიებელ ა. ჩ-ის მიერ შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასავლეთის რეგიონალური სამსახურისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებას, რომელშიც გამომძიებელი მიუთითებს, რომ შემთხვევის ადგილზე გასვლისას მან დაიწყო წინასწარი გამოძიება, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და ავტომანქანა, აღწერა დაზიანებები და დაკითხა მოწმეები. შემთხვევის ადგილზე მას დახვდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და გენერალური ინსპექციის თანამშრომელი. მათ შორის იყო დ. მ-ი, რომელმაც ბოდიში მოუხადა იქ მყოფთ, რომ იყო სპორტულ ფორმაში და შეეცადა სიტუაციის განმუხტვას, რაზედაც თ. ც-ემ და მასთან მყოფმა ორმა პოლიციელმა განუმარტეს, რომ ყველაფერი იყო მოგვარებული და ისინი ზარალს აანაზღაურებდნენ. შემდეგ ჩასხდნენ ავტომანქანა ,,ვაზ-2107” მარკის ავტომანქანაში.

საქმეში ასევე წარმოდგენილია საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ახსნა-განმარტებები, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული და შეფასებული, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მექანიკურად მოხდა გენერალური ინსპექციის დასკვნის გაზიარება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას, საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სათანადო სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს შემდეგ გარემოებებს, კერძოდ: ი. დ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა ისეთი ქმედების ჩადენას, რაც გათვალისწინებულია ,,პოლიციის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის ,,კ” პუნქტით, საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტით და საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების მე-60 მუხლის ,,ლ” პუნქტით, ასევე ჰქონდა თუ არა ადგილი ფიცის გატეხვას, პოლიციელის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენას, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართულ უღირს საქციელს, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ, თანამშრომლისათვის შეუფერებელ ქმედებას, რომელიც ლახავს შს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, გადაცდომას, რომელიც შეუთავსებელია შს ორგანოს თანამშრომლისათვის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად უნდა გააკეთოს დასკვნა, კასატორის მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი ზემოაღნიშნულ ქმედებას და აღნიშნული წარმოადგენდა თუ არა მისი შსს ორგანოებიდან დათხოვნის საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე ხელახალი განხილვის მიზნით უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.