Facebook Twitter

¹ბს-466-445(კ-08) 9 ოქტომბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ თბილისის სააღსრულებო ბიურო

მესამე პირები _ მ. გ-ე, გ. ა-ი, თ. ს-ე, ი. ხ-ლი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 მარტის განჩინება

სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 14 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების ძირითად ¹000115007 ანგარიშზე, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე ¹3ა/37) საფუძველზე ამოწერილი სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ წარდგენილ იქნა 2005 წლის 31 ოქტომბრის ¹01/12-05-216, 2005 წლის 10 ნოემბრის ¹01/34-05-342, ¹01/34-05-343 და ¹01/34-05-344 საინკასო დავალებები (განკარგულებები) შემდეგ თანხებზე _ 6000 ლარი, 22319,75 ლარი, 22319,75 ლარი და 5000 ლარი.

მოსარჩელის მტკიცებით, ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცელი და საინკასო დავალებები (განკარგულებები) გამოცემულ იქნა მთელი რიგი ნორმატიული აქტების დარღვევით, კერძოდ, დარღვეული იყო “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლი, რომლის თანახმად, იძულებითი აღსრულება ხდებოდა სააღსრულებო ფურცელზე გაკეთებული სააღსრულებო წარწერის საფუძველზე. ზემოთ მითითებულ საქმეზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში კი ხსენებული სააღსრულებო წარწერა აღნიშნული არ იყო, რაც დასახელებული ნორმის უხეშ დარღვევას წარმოადგენდა და ამგვარი სააღსრულებო ფურცლით დაუშვებელი იყო იძულებითი აღსრულება.

მოსარჩელის განმარტებით, “საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის 1999 წლის 2 სექტემბრის ¹220 ბრძანების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საინკასო დავალების შესაბამის გრაფაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო მითითებული ნორმატიული აქტის სახელწოდება, მუხლი (პუნქტი), რომლითაც სახსრების ამომღებს მიცემული ჰქონდა უდავო წესით ჩამოწერის უფლება, იმავე ბრძანების ¹9 დანართის მიხედვით კი, საინკასო დავალებაში მითითებული უნდა ყოფილიყო ნორმატიული აქტის ნომერი, თარიღი და პუნქტი. გასაჩივრებულ საინკასო დავალებებში მითითებული იყო მხოლოდ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლი (რომელიც 9 პუნქტისაგან შედგებოდა) და არ იყო აღნიშნული მისი კონკრეტული პუნქტი, ასევე ამ ნორმატიული აქტის ნომერი და თარიღი, რაც ხსენებული ბრძანების იმპერატიული მოთხოვნის დარღვევა იყო.

მოსარჩელის მტკიცებით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლი ზოგადად განსაზღვრავდა აღმასრულებლის უფლებამოსილებას საინკასო დავალების წარდგენის შესახებ, მაგრამ საინკასო დავალებაში იმავდროულად მითითებული უნდა ყოფილიყო ის ნორმატიული აქტი, რომლის თანახმადაც, საინკასო დავალების წარდგენის უფლებამოსილება გააჩნდა კონკრეტულად თბილისის სააღსრულებო ბიუროს. ხსენებული მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული იყო, თუ რა წყაროებით იყო შესაძლებელი იძულებითი აღსრულების პირობებში გადახდევინების განხორციელება და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გაუგებარი იყო, თუ რატომ მიმართავდა აღმასრულებელი მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების ანგარიშზე ყადაღის დადებას _ არღვევდა ბიუჯეტის შესახებ შესაბამის კანონს და არ იყენებდა კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონით განსაზღვრულ სხვა შესაძლებლობებს.

ამდენად, მოსარჩელის მოსაზრებით, უდავო იყო, რომ გასაჩივრებული სააღსრულებო ფურცელი და საინკასო დავალებები (განკარგულებები) კანონმდებლობის დარღვევით იყო გაცემული.'

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე ¹3ა/37) საფუძველზე 2002 წლის 12 ივლისს ამოწერილი სააღსრულებო ფურცლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების ძირითად ¹000115007 ანგარიშზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ წარდგენილი 2005 წლის 31 ოქტომბრის ¹01/12-05-216, 2005 წლის 10 ნოემბრის ¹01/34-05-342, ¹01/34-05-343 და ¹01/34-05-344 საინკასო დავალებების (განკარგულებების), შემდეგ თანხებზე _ 6000 ლარი, 22319,75 ლარი, 22319,75 ლარი და 5000 ლარი, ბათილად ცნობა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფა _ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების, გასაჩივრებული სააღსრულებო ფურცლისა და საინკასო დავალებების (განკარგულებების) აღსრულების შეჩერება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; შეჩერდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე ¹3ა/37) საფუძველზე 2002 წლის 12 ივლისის სააღსრულებო ფურცლისა და მის საფუძველზე ამოწერილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 31 ოქტომბრის ¹01/12-05-216, 2005 წლის 10 ნოემბრის ¹01/34-05-342, ¹01/34-05-343 და ¹01/34-05-344 საინკასო დავალებების (განკარგულებების) აღსრულება მოცემულ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 ნოემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაებნენ მ. გ-ე, გ. ა-ი, თ. ს-ე, ნ. გ-ი და ი. ხ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მ. გ-ემ, გ. ა-მა, თ. ს-ემ და ი. ხ-მა, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინებისა და მასზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის განჩინებით მ. გ-ის, გ. ა-ის, თ. ს-სა და ი. ხ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ნოემბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ნოემბრის განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 9 დეკემბრის განმწესრიგებელ და მოსამზადებელ სხდომებზე ამავე კოლეგიის 2005 წლის 9 დეკემბრის განჩინებებით მოცემული საქმის წარმოება შეწყდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე ¹3ა/37) საფუძველზე 2002 წლის 12 ივლისს ამოწერილი სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის ნაწილში, დაუშვებლობის გამო; ნ. გ-ი ამოირიცხა ამ საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ პირთა სიიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე ¹3ა/37) თანახმად, კრედიტორების _ მ. გ-ის, გ. ა-ის, თ. ს-სა და ი. ხ-ის სასარგებლოდ, 2002 წლის 12 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რის საფუძველზეც 2003 წლის 20 იანვარს თბილისის სააღსრულებო ბიურომ წინადადება მისცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება ნებაყოფლობით მოეყვანა სისრულეში სამი თვის ვადაში და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში აღსრულება მოხდებოდა იძულებითი წესით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ხსენებულ კრედიტორებზე თანხის ნებაყოფლობით გადაუხდელობის გამო, შემდგომში გაცემული საინკასო დავალებების საფუძველზე, მოსარჩელეს _ კრედიტორ მ. გ-ეს აუნაზღაურდა 16000 ლარი 2004 წლის 23 ივლისის ¹01/34-929 საინკასო დავალებით, რომელიც მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული საინკასო დავალებები (განკარგულებები) შედგენილი იყო კანონის დარღვევით, რადგან მათში მითითებული იყო, რომ მათი გაცემა მოხდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე ¹3ა/37), შესაბამისი სააღსრულებო ფურცლისა და “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე. ამასთან, არ იყო დაკონკრეტებული “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისი პუნქტი, რომელიც, მოპასუხის განმარტებით, წარმოადგენდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის “ა.გ" ქვეპუნქტს. მისი მიუთითებლობა კი არ იყო არსებითი ხასიათის დარღვევა და არ შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა საინკასო დავალებების (განკარგულებების) ბათილობას. საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ აღნიშნულ საინკასო დავალებებში (განკარგულებებში) არ იყო მითითებული ის ნორმატიული აქტი, რომლის თანახმადაც, საინკასო დავალებების წარდგენის უფლებამოსილება გააჩნდა კონკრეტულად თბილისის სააღსრულებო ბიუროს. როგორც საქმის მასალებით იყო დადგენილი, საინკასო დავალებები (განკარგულებები) სხვადასხვა დროს გაცემულ იქნა თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ შესაბამისი კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სადავოდ არ გაუხდია.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი აწესრიგებდა საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოებისა (თანამდებობის პირების) და კერძო არბიტრაჟის, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების აღსრულების წესსა და პირობებს, ხოლო იმავე კანონის მე-17 მუხლის თანახმად, იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილი იყო, გამოეყენებინა აღსრულების სხვადასხვა ღონისძიება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილად მიჩნეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც გამოიწერა საინკასო დავალებები, კანონიერ ძალაში იყო და შესაბამისად, გააჩნდა შესასრულებლად სავალდებულო ძალა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება კანონმდებლობის დარღვევით არის გამოტანილი, იურიდიულად დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კონკრეტული საინკასო დავალებების გაცემისას კანონის დარღვევა სახეზე არ ყოფილა და მიიჩნია, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისი პუნქტის მიუთითებლობა არ წარმოადგენს არსებით დარღვევას და არ შეიძლება საფუძვლად დაედოს შესაბამისი საინკასო დავალებების ბათილად ცნობას. სააპელაციო სასამართლოს ასეთი მსჯელობა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგან გასაჩივრებულ საინკასო დავალებებში მითითებულია მხოლოდ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლი და არ არის აღნიშნული მისი კონკრეტული პუნქტი, ასევე _ ამ ნორმატიული აქტის ნომერი და თარიღი. ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის 1999 წლის 2 სექტემბრის ¹220 ბრძანების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც იმპერატიულად მოითხოვს საინკასო დავალებებში აღნიშნული რეკვიზიტების მითითებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ აღნიშნული დარღვევას არ წარმოადგენს, არსებითად ეწინააღმდეგება “საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის 1999 წლის 2 სექტემბრის ¹220 ბრძანების მოთხოვნებს. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულია, თუ რა წყაროებით არის შესაძლებელი იძულებითი აღსრულების პირობებში გადახდევინების განხორციელება და ყოველივე ამის გათვალისწინებით, გაუგებარია, თუ რატომ მიმართა აღმასრულებელმა მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების ანგარიშზე ყადაღის დადებას, რაც არღვევს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ შესაბამის კანონს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვინაიდან ამ საკითხთან (ზემოხსენებული ნორმების სწორად გამოყენებასთან) მიმართებაში არ არის ჩამოყალიბებული (ერთგვაროვანი) სასამართლო პრაქტიკა და მოცემული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 27 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 10 ივლისამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა მხარეთა დასწრებით დაინიშნა 2008 წლის 25 სექტემბერს, 11.00 საათზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2008 წლის 9 ოქტომბერს ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე ¹3ა/37) თანახმად (ს.ფ. 45-48), 2002 წლის 12 ივლისს კრედიტორების _ მ. გ-ის, გ. ა-ის, თ. ს-ისა და ი. ხ-ის სასარგებლოდ გაიცა სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 4), რის საფუძველზეც 2003 წლის 20 იანვარს თბილისის სააღსრულებო ბიურომ წინადადება მისცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება ნებაყოფლობით მოეყვანა სისრულეში სამი თვის ვადაში და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში აღსრულება მოხდებოდა იძულებითი წესით (ს.ფ. 33). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ხსენებულ კრედიტორებზე თანხის ნებაყოფლობით გადაუხდელობის გამო, შემდგომში თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემულ იქნა 2005 წლის 31 ოქტომბრის ¹01/12-05-216, 2005 წლის 10 ნოემბრის ¹01/34-05-342, ¹01/34-05-343 და ¹01/34-05-344 საინკასო დავალებები (განკარგულებები) შემდეგ თანხებზე _ 6000 ლარი, 22319,75 ლარი, 22319,75 ლარი და 5000 ლარი (ს.ფ. 6-9).

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, როგორც თბილისის სააღსრულებო ბიურო საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ საკასაციო პასუხში (შესაგებელი) მიუთითებს, დღეის მდგომარეობით, თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 12 ივლისის ¹3ა/37 სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, აღსრულდა შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება. საკასაციო პასუხს (შესაგებელი) დართული აქვს სააღსრულებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა აღსასრულებლად შექმნილი სპეციალური ჯგუფის შესაბამისი მიმართვები საქართველოს ეროვნული ბანკისადმი და საგადახდო დავალებები, რომლებითაც დასტურდება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე ¹3ა/37) აღსრულება.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, როგორც საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა განმარტა, შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება სააღსრულებო დეპარტამენტის სპეცჯგუფის მიერ აღსრულებულია და დღეის მდგომარეობით, მესამე პირებად საქმეში მონაწილე ფიზიკურ პირებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურებული და მიღებული აქვთ სასამართლო გადაწყვეტილებით მათთვის მიკუთვნებული თანხები. კასატორ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კი საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სადავოდ არ გაუხდია თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლის ხსენებული განმარტება და არ წარმოუდგენია ამ განმარტების საწინააღმდეგო რაიმე არგუმენტაცია, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, კასატორმა მოითხოვა საქმის განხილვის გაგრძელება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაყრობს იმ გარემოებაზე, რომ დღეის მდგომარეობით, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე ¹3ა/37) აღსრულება დასრულებულია და ამ საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ ფიზიკურ პირებს უკვე მიღებული აქვთ ის თანხები, რომლებიც მათ მიეკუთვნა ხსენებული გადაწყვეტილებით, რაც ამ პირებსაც არ გაუხდიათ სადავოდ. ამასთან, ამ გარემოებას (ხსენებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დამთავრება) არსებითი მნიშვნელობა აქვს მოცემული საქმისათვის.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის განმარტებას, რომ გასაჩივრებულ საინკასო დავალებებში მხოლოდ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლზე მითითება, მისი შესაბამისი კონკრეტული პუნქტის, ამ ნორმატიული აქტის ნომრისა და თარიღის გარეშე წარმოადგენს არსებით დარღვევას, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს გასაჩივრებული საინკასო დავალებების (განკარგულებების) ბათილად ცნობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლი (მოცემული დავის წარმოშობის პერიოდში მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავდა აღმასრულებლის უფლება-მოვალეობებს (2008 წლის 15 ივლისიდან მოქმედი რედაქცია, რომელიც ამოქმედდა 2008 წლის 1 ოქტომბრიდან _ აღმასრულებლის უფლება-მოვალეობებს), რომლის მე-4 პუნქტის “ა.გ” ქვეპუნქტის (მოცემული დავის წარმოშობის პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, იძულებითი აღსრულების პირობებში სასამართლო აღმასრულებელი უფლებამოსილი იყო, განეხორციელებინა საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან გადახდევინება (2008 წლის 15 ივლისიდან მოქმედი რედაქციით, რომელიც ამოქმედდა 2008 წლის 1 ოქტომბრიდან, იმავე ნორმას ითვალისწინებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის “ა.გ” ქვეპუნქტი). “საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის 1999 წლის 2 სექტემბრის ¹220 ბრძანების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ბანკში წარმოდგენისას სააღსრულებო ფურცლებს ან მათთან გათანაბრებულ დოკუმენტებს უნდა დაერთოს განკარგულება სახსრების ჩამოწერის შესახებ, ხოლო ამ დავალების შესაბამისად, გრაფაში აუცილებლად უნდა მიეთითოს ნორმატიული აქტის სახელწოდება, მუხლი (პუნქტი), რომლითაც სახსრების ამომღებს მიცემული აქვს უდავო წესით ჩამოწერის უფლება.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ გაუგებარია, თუ რატომ მიმართა აღმასრულებელმა მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების ანგარიშზე ყადაღის დადებას, რაც არღვევს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ შესაბამის კანონს. კასატორი საერთოდ არ მიუთითებს, თუ სხვა რომელი წყაროდან უნდა მოეხდინა ამ შემთხევვაში აღმასრულებელს შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, ან რატომ არ გააჩნდა აღმასრულებელს აღსრულების დასახელებული წყაროს შერჩევის უფლებამოსილება. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 9 დეკემბრის განჩინებით მოცემული საქმის წარმოება შეწყდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე ¹3ა/37) საფუძველზე 2002 წლის 12 ივლისს ამოწერილი სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის ნაწილში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულია, თუ რა წყაროებით არის შესაძლებელი იძულებითი აღსრულების პირობებში გადახდევინების განხორციელება. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა კი _ აღსრულების წყაროს დივერსიფიკაცია და ამა თუ იმ შემთხვევისათვის მისი შერჩევა, აღმასრულებლის უფლებამოსილებას წარმოადგენს, ხოლო საინკასო დავალებებში მხოლოდ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლზე მითითება, მისი შესაბამისი კონკრეტული პუნქტის, ამ ნორმატიული აქტის ნომრისა და თარიღის გარეშე, ვერ ჩაითვლება ისეთ არსებით დარღვევად, რამაც შეიძლება დააფუძნოს საინკასო დავალებების (განკარგულებების) ბათილად ცნობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია საქართველოს კანონმდებლობა და საქმეზე მიიღო დასაბუთებული და კანონიერი განჩინება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.