¹ბს-469-446(2კ-07) 13 დეკემბერი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი (მოპასუხე) _ 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, წარმომადგენელი მ. ნ.-ი; 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, წარმომადგენელი ნ. ნ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ლ. შ.-ე, წარმომადგენელი გ. მ.-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინება
დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 24 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ლ. შ.-მ მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის (ამჟამად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის) მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 24 თებერვლის ¹130-კ ბრძანების ბათილად ცნობა მისი სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (ს.ფ. 1-2).
2006 წლის 13 აპრილს ლ. შ.-მ იმავე სასამართლოში დაზუსტებული სასარჩელო განცხადება წარადგინა, სადაც მოპასუხედ საბაჟო დეპარტამენტთან ერთად დაასახელა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და დამატებით მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებისა და ფინანსთა სამინისტროს საპრეტენზიო კომისიის სხდომის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მისი სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში.
სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
ლ. შ.-ე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» ... განყოფილებაში სპეციალისტად. 2006 წლის თებერვალში საბაჟო დეპარტამენტში ჩატარდა გასაუბრება, რომელშიც მოსარჩელემაც მიიღო მონაწილეობა. მან გასაუბრებისას ყველა კითხვასა და საკითხს უპასუხა. საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მისი პასუხები არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია, რის გამოც მოსარჩელემ მიმართა საპრეტენზიო კომისიას. საპრეტენზიო კომისიის წევრებმა ნახეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან ლ. შ.-ის გასაუბრების ვიდეოჩანაწერი. იმის მიუხედავად, რომ ყველა საკითხზე უპასუხა, მოპასუხემ მაინც გამოსცა ბრძანება სამუშაოდან მისი გათავისუფლების შესახებ. ამდენად, მოსარჩელისათვის გაუგებარია სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 24 თებერვლის ბრძანების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ოქტომბრის ¹1019 ბრძანება, თუმცა დასახელებული ბრძანება წარმოადგენს არა ფინანსთა მინისტრის (როგორც ეს სადავო ბრძანებაშია ნათქვამი), არამედ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის ბრძანებას, რომელსაც ცვლილება შეაქვს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 2005 წლის 15 სექტემბრის ¹887 ბრძანებაში, კერძოდ, ატესტაციის ჩატარების თარიღად განსაზღვრავს 15-17 ოქტომბერს, ე.ი. ატესტაცია რეგიონალურ საბაჟო «დასავლეთში» უნდა ჩატარებულიყო არა 2006 წლის 4-5 თებერვალს, არამედ _ 2005 წლის 15-17 ოქტომბერს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 24 თებერვლის ბრძანების საფუძველს ასევე წარმოადგენს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს საბაჟო დეპარტამენტის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესს. მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებისას დარღვეულია მითითებული ბრძანებით განსაზღვრული ატესტაციის ჩატარების წესი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ გასაუბრების გზით, მაგრამ იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გასაუბრების გზით ხდება მხოლოდ მოხელეთა ცოდნის და კვალიფიკაციის შეფასება. რაც შეეხება მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასებას, დებულების მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აღნიშნული უნდა განხორციელდეს სპეციალური მეთოდიკის მიხედვით, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, ასეთი სპეციალური მეთოდიკა კომისიის მიერ შემუშავებულიც არ ყოფილა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების 33-ე მუხლის შესაბამისად, გასაუბრების დროს კომისიას ესწრება სტრუქტურული ერთეულის (დანაყოფის) ხელმძღვანელი, რომელიც კომისიას წარუდგენს მოხელის დახასიათებას და ანგარიშს მოხელის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, რაც მოსარჩელის შემთხვევაში არ მომხდარა. დარღვეულია ასევე 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, გასაუბრება ტარდება კითხვა-პასუხის ფორმით. დასმული შეკითხვები და გაცემული პასუხები შეიტანება გასაუბრების ოქმში. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას მოსარჩელისათვის ასეთი ოქმი მისი მოთხოვნის მიუხედავად არ გადაუცია.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2006 წლის 14 თებერვლის სხდომის ოქმი ¹9 და საპრეტენზიო კომისიის 2006 წლის 20 თებერვლის ოქმი ¹6 წარდგენილია მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების უგულებელყოფით და არც ერთი მათგანი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მოხელის გათავისუფლებას.
დებულების 34-ე მუხლის შესაბამისად, გასაუბრების შემდეგ კომისია ადგენს მოხელის შეფასებას მის დაუსწრებლად. მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება ხდება გამოყენებული მეთოდიკის მიხედვით. ასეთი მეთოდიკის გამოყენებას მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ერთეტაპიანი ატესტაციის ჩატარებისას კომისიის თითოეული წევრი მოხელეს აფასებს 10-ქულიანი სისტემით, რის შემდეგაც ხდება საშუალო ქულის გამოთვლა, რომელიც მიენიჭება მოხელეს.
არც ერთი ზემოაღნიშნული მოთხოვნა 2006 წლის 14 თებერვლის კომისიის სხდომას არ გაუთვალისწინებია. სხდომის ოქმის შესაბამისად, კომისიამ რეკომენდაცია გაუწია ლ. შ.-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას, თუმცა ოქმის მიხედვით შეუძლებელია დადგინდეს, თუ რა შეფასება მისცეს გასაუბრებისას კომისიის წევრებმა და რამდენი ქულა მიანიჭეს მას გასაუბრების შედეგად. მათვე ყოველგვარი დასაბუთებისა და ახსნა-განმარტების გარეშე არ დააკმაყოფილეს ლ. შ.-ის განცხადება, რითაც დაარღვიეს კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების მე-7 მუხლის იმპერატიული მოთხოვნა, რომლის თანახმად, საპრეტენზიო კომისიის მიზანია ატესტაცია-კონკურსის ჩატარების დროს პრეტენზიების განსაზღვრულ ვადებში განხილვა და კომისიისათვის სამართლებრივი სრულყოფილი დასკვნის წარდგენა (ს.ფ. 13-15).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. შ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2006 წლის 14 თებერვლის ¹9 ოქმის გადაწყვეტილება ლ. შ.-ის მიმართ, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა 2006 წლის 5 თებერვალს ლ. შ.-ის მიმართ ჩატარებული გასაუბრების შედეგების ხელახლა შეფასება და საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ. შ.-ის ატესტაციის შედეგების შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საპრეტენზიო კომისიის 2006 წლის 20 თებერვლის ¹6 სხდომის ოქმის გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. შ.-ს უარი ეთქვა საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილებაზე; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 24 თებერვლის ¹130-კ ბრძანება ლ. შ.-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ ლ. შ.-ის მიმართ 2006 წლის 5 თებერვალს ჩატარებული ატესტაციის შედეგების ხელახლა შეფასების შემდეგ (მისი გასაჩივრების შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს საპრეტენზიო კომისიის მიერ პრეტენზიის განხილვის შემდეგ) ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ. შ.-ის მიმართ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს ლ. შ.-ის გათავისუფლების დღიდან _ 2006 წლის 24 თებერვლიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდში დაეკისრა ლ. შ.-სათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის ¹77 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა დაკავებულ თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით დაინიშნა ატესტაცია გასაუბრების ფორმით.
ლ. შ.-ს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გასაუბრება ჩაუტარდა 2006 წლის 5 თებერვალს, რის შემდეგაც აღნიშნული კომისიის 2006 წლის 14 თებერვლის ¹9 ოქმის შესაბამისად მიეცა შეფასება: «გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან». 2006 წლის 20 თებერვლის საპრეტენზიო კომისიის სხდომის ¹6 ოქმით ლ. შ.-ს უარი ეთქვა საპრეტენზიო განცხადების დაკმაყოფილებაზე.
საქათველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ¹130-კ ბრძანების საფუძველზე, ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, ლ. შ.-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული აქტები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად ლ. შ.-ის მიმართ წარმოადგენდნენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. მათი გამოცემისას დარღვეულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, სადავო აქტები არ არის სათანადოდ დასაბუთებული და ისინი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ ლ. შ.-სთან 2006 წლის 14 თებერვალს ჩატარებული გასაუბრების შედეგად შედგენილი კომისიის სხდომის ¹9 ოქმით გაურკვეველია, თუ რა მიზეზის გამო მიეცა მას შეფასება: «გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან». ამდენად, რამდენადაც საქმის განხილვისას მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ლ. შ.-ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების დამასაბუთებელი რაიმე დამატებითი მტკიცებულება, საქმეზე გამოყენებული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
იმავე სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლებით, როგორც დაუსაბუთებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საპრეტენზიო კომისიის 2006 წლის 20 თებერვლის სხდომის ¹6 ოქმი, რომლითაც ლ. შ.-ს უარი ეთქვა საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც დაუსაბუთებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი შედეგი, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 24 თებერვლის ¹130 ბრძანება ლ. შ.-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და საბაჟო დეპარტამენტს უნდა დავალებოდა ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ ლ. შ.-ის მიმართ 2006 წლის 14 თებერვალს ჩატარებული ატესტაციის შედეგების ხელახალი შეფასების შემდეგ (მისი გასაჩივრების შემთხვევაში _ ფინანსთა სამინისტროს საპრეტენზიო კომისიის მიერ პრეტენზიის განხილვის შემდეგ) გამოეცა ლ. შ.-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ლ. შ.-ს უნდა ანაზღაურებოდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემიდან _ 2006 წლის 24 თებერვლიდან _ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე პერიოდის იძულებითი განაცდური ხელფასი, რადგან ხელფასის გაცემის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს პირის გათავისუფლება სამსახურიდან, ხოლო ბრძანება ლ. შ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სასამართლოს მიერ ამ ეტაპზე ბათილად იყო ცნობილი და შესაბამისად, არ არსებობდა ხელფასის გაუცემლობის საფუძველი (ს.ფ. 111-116).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტის მითითებით, აღნიშნული დავის გადაწყვეტისას საქალაქო სასამართლომ უგულებელყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ» დებულება, რომლის მოთხოვნათა და დადგენილი წესის შესაბამისად მოხდა ატესტაციის ჩატარება. მითითებული დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, ხოლო 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, გასაუბრების მიმდინარეობა აისახება გასაუბრების ოქმში. ამდენად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმი ემსახურება სხდომის მიმდინარეობის ასახვას, კერძოდ, მასში შეიტანება სხდომის დღის წესრიგი და არა ის გარემოებები, რაც საფუძვლად ედება მოხელის შეფასებას, ასევე გასაუბრების ოქმში შეიტანება ატესტაციის დროს მოხელისათვის დასმული შეკითხვები და პასუხები (რაც შემდგომში საფუძვლად ედება გამოსაცდელი პირის შეფასებას). ამავე დებულების 39-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოო შედეგი ანუ მოტივირებული დასკვნა შეიტანება საატესტაციო ფურცელში, რაც ფინანსთა სამინისტროსა და საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარდგენილ იქნა სასამართლოში. დებულების მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით. ამდენად, კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, საპრეტენზიო კომისიამ ოქმში უნდა ასახოს საბოლოო გადაწყვეტილება და იგი არ არის უფლებამოსილი ოქმში დაასაბუთოს მოხელისათვის მიცემული შეფასების საფუძვლები.
ამდენად, აპელანტის აზრით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ საკონკურსო–საატესტაციო კომისიის და საპრეტენზიო კომისიის სხდომის ოქმები და გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოცემულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წესების დარღვევით, რამდენადაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ» დებულებით არ არის დადგენილი, რომ მოხელის შეფასება შეტანილ უნდა იქნეს კომისიის სხდომის ოქმში. შესაბამისად, არც საატესტაციო და საპრეტენზიო კომისია არ იყო უფლებამოსილი, განეხორციელებინა ასეთი მოქმედება.
აპელანტი ასევე არ დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას იძულებითი განაცდური ხელფასის დაკისრების ნაწილში და განმარტა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. «იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი» გულისხმობს მოხელის გათავისუფლებიდან მისი სამსახურში აღდგენის შესახებ აქტის გამოცემამდე პერიოდს ე.ი. კანონი არ იცნობს ხელფასის ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ მოხელე არ აღდგება სამსახურში. ამდენად, მოხელეს ხელფასი უნდა ანაზღაურებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელე სამსახურში აღდგებოდა და განაგრძობდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას (ს.ფ. 124-127).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 129-132).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული შემადგენლობის და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი იყო და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობდა (ს.ფ. 159-162).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის და საპრეტენზიო კომისიის სხდომის ოქმები და გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წესების დარღვევით, რადგანაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ» დებულებით არ არის დადგენილი, რომ მოხელის შეფასება შეტანილ უნდა იქნეს კომისიის სხდომის ოქმში. შესაბამისად, არც საატესტაციო და საპრეტენზიო კომისია არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა ასეთი მოქმედება.
«საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მითითებული კანონის მოქმედება საბაჟო ორგანოების თანამშრომლებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამ შემთხვევაში სპეციალურ კანონმდებლობას წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 აპრილის ¹244 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება «საქართველოს საბაჟო ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ», რომლის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის «ა» ქვეპუნქტის თანახმად კი, საბაჟო ორგანოს თანამშრომელი მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო შეიძლება დათხოვნილ იქნეს ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით.
კასატორის აზრით, უკანონოა საბაჟო დეპარტამენტისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის დაკისრება. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდი გულისხმობს მოხელის გათავისუფლებიდან მისი სამსახურში აღდგენის შესახებ აქტის გამოცემამდე პერიოდს, ე.ი. მოხელეს ხელფასი უნდა აუნაზღაურდეს მხოლოდ სამსახურში იძულებით არყოფნის პერიოდის განმავლობაში, თუ არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელე აღდგება სამსახურში და განაგრძობს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას (ს.ფ. 171-174).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საბაჟო დეპარტამენტის ახსნა-განმარტება იმის შესახებ, რომ უკანონოა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის ოქმების ბათილად ცნობა, ვინაიდან ოქმები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძვლებია და ისინი არ წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
აქედან გამომდინარე, სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ საპრეტენზიო განცხადება ადმინისტრაციული საჩივარია. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი თანამდებობის პირი ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ისე მიიჩნია საპრეტენზიო განცხადება ადმინისტრაციულ საჩივრად, რომ არ იმსჯელა, არის თუ არა საპრეტენზიო კომისია საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ზემდგომი ორგანო და, ზოგადად, ადმინისტრაციული ორგანო.
კასატორის მოსაზრებით, საპრეტენზიო კომისია არ არის უფლებამოსილი, გააუქმოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება. მითითებული დებულების მე-7 მუხლის თანახმად, საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას წარედგინება წინადადების სახით, რომელსაც, თავის მხრივ, შეუძლია არ დაეთანხმოს საპრეტენზიო კომისიას და გაფართოებულ სხდომაზე გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა, ანუ საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. ამასთან, მითითებული დებულების მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა, მას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი _ საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე.
ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ საპრეტენზიო კომისია არ არის ადმინისტრაციული ორგანო, ვინაიდან იგი არ არის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ზემდგომი ორგანო და მისი გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. ამასთან, კომისიის ოქმი არ არის ადმინისტრაციული აქტი, ვინაიდან არ არის გამოცემული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და მასში ასახული გადაწყვეტილებები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა, შესაბამისად, საპრეტენზიო განცხადება არ არის ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 176-180).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდესის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე ლ. შ.-ე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» ... განყოფილებაში სპეციალისტის თანამდებობაზე. 2006 წლის 5 თებერვალს ჩატარდა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა ატესტაცია, რომელშიც ლ. შ.-ც მონაწილეობდა. აღნიშნული ატესტაციის შედეგად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2006 წლის 14 თებერვლის ¹9 ოქმით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ლ. შ.-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. შ.-მ გაასაჩივრა საპრეტენზიო წესით. საპრეტენზიო კომისიის 2006 წლის 20 თებერვლის ¹6 ოქმით მას უარი ეთქვა საპრეტენზიო განცხადების დაკმაყოფილებაზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 24 თებერვლის ¹130-კ ბრძანებით, ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის სხდომის ოქმების შეფასების ნაწილში და განმარტავს, რომ საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება არის ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის თანამდებობაზე დატოვების სავალდებულო კომპონენტი, იგი არის იურიდიული ფაქტი, რომელსაც ეფუძნება ადმინისტრაცია ატესტაციაგავლილი პირის შესახებ აქტის გამოცემისას. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება წარმოადგენს კომისიის წევრთა გადაწყვეტილებების ჯამს, ხოლო დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობისათვის აუცილებელი პროფესიული კვალიფიკაციის შეფასება განეკუთვნება დისკრეციის სფეროს. შესაბამისად, დავის საფუძველი შეიძლება იყოს არა შეფასება, არამედ ატესტაციის ჩატარების დადგენილი წესების დარღვევა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და შეფასების გარეშე და რომ მოსარჩელის საკითხზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული აღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის პროფესიული კვალიფიკაციის შეფასება მიეკუთვნება კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეფასების ნაწილში იმსჯელოს მოსარჩელის პრეტენზიის საფუძვლიანობაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლო მსჯელობის საგნად უნდა იქცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და საკონკურსო-საატესტაციო და საპრეტენზიო კომისიების მიერ ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის საკითხი.
საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2006 წლის 31 იანვრის ¹77 ბრძანება საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების შესახებ გასაუბრების ფორმით, რომლის დანართით გასაუბრების ჩატარების თარიღად განსაზღვრულია 2006 წლის 4-5 თებერვალი (ს.ფ. 86-87). აღნიშნული ბრძანება არ წარმოადგენს სარჩელის დავის საგანს და არ არსებობს მის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
დადგენილია, რომ გასაუბრება ჩატარდა კითხვა-პასუხის ფორმით, დასმული შეკითხვები და პასუხები ასახულია გასაუბრების ოქმში, გასაუბრების მიმდინარეობა დაფიქსირებულია ვიდეოფირზე.
საკასაციო სასამართლო შეფასების სისტემის დარღვევის თაობაზე მოსარჩელის პრეტენზიასთან დაკავშირებით აღნიშნავს შემდეგს: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის» მე-5 მუხლის შესაბამისად, კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება, კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხოვნობიდან. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კენჭისყრის შედეგებს და აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ კომისიის რომელიმე წევრი კენჭისყრის პროცესში დარჩა განსხვავებულ აზრზე. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაზიარებული იქნება მოსარჩელის მითითება კომისიის მხრიდან შეფასების სისტემის დარღვევის თაობაზე, აღნიშნული, იმავე კენჭისყრის შედეგის გათვალისწინებით, გავლენას ვერ მოახდენს კანდიდატის ტესტირების საბოლოო შედეგზე და ვერ ჩაითვლება იმ სახის დარღვევად, რომელსაც შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს დამდგარ შედეგზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სარჩელის არგუმენტაცია არ შეიცავს «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის» მოთხოვნების არსებითი დარღვევის, გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საკმარის საფუძველს, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას, ხოლო სარჩელი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ლ. შ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.