Facebook Twitter

ბს-470-447(კ-07) 8 ნოემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სპს ,,ი-ამ” სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 09.11.05წ. ¹440 ბრძანების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს 10.05.05წ. (ოქმი ¹6) სხდომის რეკომენდაციისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 28.06.05წ. ¹128 ბრძანების თანახმად, ,,წიაღის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, შეჩერდა სპს ,,ი-ის” ლიცენზიის მოქმედება ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, მოსარჩელეს ეთხოვა შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა სამინისტროში, რათა განხილულიყო ლიცენზიის მოქმედების აღდგენის საკითხი. ინფორმაცია დროულად იქნა წარმოდგენილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამნისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტში. წიაღით სარგებლობის პროექტების, სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმებისა და საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური საქმეების განმხილველი კომისიის მიერ ქ. თბილისში 15.07.05წ. ჩატარდა კომისიის სხდომა, კომისიამ რეკომენდაცია მისცა საინისტროს საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს აღედგინა სპს ,,ი-ის” ლიცენზიის მოქმედება ტექზედამხედველობის ნებართვის აღების შემდეგ. მოსარჩელემ რეკომენდაცია ვერ შეასრულა დროულად, ვინაიდან აღნიშნულის შესახებ არ ეცნობა. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 09.11.05წ. ¹440-ე ბრძანებით შეუწყდა ლიცენზიის მოქმედება. აღნიშნული ბრძანებით ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის შესახებ მოსარჩელემ შეიტყო 12.12.05წ. სამინისტროს ლიცენზიების და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის ი. კ-ას წერილით. მოსარჩელემ ითხოვა მინისტრის 09.11.05წ. ¹440 ბრძანების სპს ,,ი-ის” წიაღით სარგებლობის უფლების გაუქმების ნაწილში ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 04.05.06წ. გადაწყვეტილებით სპს ,,ი-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი მინისტრის 09.11.05წ. ¹440 ბრძანება სპს ,,ი-ის” წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაუქმების ნაწილში და მოპასუხეს დაევალა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ,,წიაღის შესახებ” კანონისა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის და გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი დმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლიცენზიის მოქმედება შეჩერებულ იქნა ინფორმაციის წარუდგენლობის გამო ,,წიაღის შესახებ” კანონის 16-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად. დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელის მიერ ინფორმაცია წარდგენილ იქნა, ხოლო ლიცენზიის მოქმედება არ აღდგენილა, ვინაიდან მოსარჩელეს არ გააჩნდა ტექზედამხედველობის ნებართვა. მინისტრის 09.11.05წ. ¹440-ე ბრძანებით, ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის და ლიცენზიის შეჩერების შემდეგ დარღვევის აღმოსაფხვრელი ღონისძიების დადგენილ ვადაში გაუტარებლობის გამო, მოსარჩელეს შეუწყდა წიაღით სარგებლობის უფლება. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის და გამოკვლევის გარეშე. მოპასუხემ არ გამოიკვლია თუ რა ვადა იქნა დაწესებული მოსარჩელისათვის სამინისტროს მიერ, არ გამორკვეულა ეცნობა თუ არა სათანადო წესით აღნიშნულის თაობაზე სპს ,,ი-ა”. სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ დაადასტურა, რომ ბრძანებაში მითითებულ დარღვევას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ ტექზედამხედველობის ნებართვის ვადაში წარუდგენლობა. სადავო ბრძანების გამოცემისას არ გამორკვეულა მოხდა თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სანებართვო პირობების შესრულებისათვის ვადის დაწესება და მოსარჩელის მიერ ამ ვადის დარღვევის მიზეზი. სამთო საწარმოთა ზედამხედველობის სამმართველოს ცნობის საფუძველზე დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ 2005 წლის 30 ივლისიდან 03 ოქტომბრამდე სამთო წარმოების ექსპლუატაციაზე ინსპექციის მიერ ნებართვები არ გაიცემოდა. ინსპექციის მიერ ¹01/134 ნებართვის გაცემა მოხდა 15.11.05წ.¹44 განაცხადის საფუძველზე. სასამართლომ მიუთითა, რომ საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოარკვიოს თუ როდის ეცნობა დარღვევების არსებობის შესახებ მოსარჩელეს, დაცული იყო თუ არა ლიცენზიის გაუქმებისათვის კანონით გათვალისწინებული სამთვიანი ვადა, რა იყო დარღვევის აღმოუფხვრელობის მიზეზი და ხომ არ არსებობდა სზაკ-ის 94-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების საფუძვლები. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სარჩელის დაუშვებლად ცნობის შესახებ. სასამართლომ განმარტა, რომ სზაკ-ის 58.1 მუხლით აქტის ოფიციალურ გაცნობად მიიჩნევა დაინტერესებული მხარისათვის მისი პირადად გადაცემა ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნა. საჯარო გამოცხადება არის აქტის გამოქვეყნების ერთ-ერთი სახე და მას ადგილი აქვს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. სზაკ-ის 180-ე მუხლით გასაჩივრების ვადის ათვლა ხდება აქტის ოფიციალური გაცნობის მომენტიდან. ამასთან, თვით გასაჩივრებულ აქტში დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება აცნობოს მეწარმე სუბიექტს შესაბამისი ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.07წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება. კასატორი აღნიშნავს, რომ სამინისტროს ლიცენზიანტს 06.07.05წ. წერილით აცნობა დარღვევების შესახებ და მოსთხოვა შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, რაც წარმოდგენილი იქნა არასრულყოფილად. კასატორი არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მინისტრის სადავო ბრძანება ცნობილი გახდა მოსარჩელისათვის 12.12.05წ., სადავო ბრძანება ძალაში შევიდა საჯარო გამოცხადებისთანავე ანუ 09.11.05წ., ამ მომენტიდან დაიწყო გასაჩივრების ერთთვიანი ვადის ათვლა. მოსაჩრელემ 19.12.05წ., ანუ ერთი თვისა და ათი დღის შემდეგ, მიმართა სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.05.07წ. განჩინებით, სასკ-ის 34.3 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს-წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.06წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.