ბს-471-450(კ-08) 24 ივლისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ი. ფ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ სახელფასო დავალიანებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 20 აპრილს ი. ფ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქარველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1993 წლის 6 აგვისტოდან 2006 წლის 1 აპრილამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მოსარჩელესთან საბოლოო ანგარიშსწორება არ მომხდარა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 1104,96 ლარს, რაც დასტურდებოდა ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის საფინანსო სამსახურის უფროსის 2006 წლის 29 დეკემბრის ¹3345 ცნობით, ხოლო 1993-2006 წლების სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხა შეადგენდა _ 3677,95 ლარს. სახელფასო დავალიანებისა და სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების მოთხოვნით მოსარჩელემ 2006 წლის 6 დეკემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რაზეც შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 2006 წლის 7 დეკემბრის ¹2143 წერილით განემარტა, რომ მოსარჩელის მიმართ რიცხული დავალიანებების გაცემა მოხდებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან ასიგნებების გამოყოფის შემდეგ, რაც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1104,96 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 3677,95 ლარის, სულ _ 4782,91 ლარის ანაზღაურება დაკისრებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ი. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1104,96 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 3677,95 ლარის გადახდა დაეკისრა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ფ-ი 1993 წლის 6 აგვისტოდან 2006 წლის 1 აპრილამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. მოსარჩელე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან თადარიგში ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,ა” ქვეპუნქტის (ზღვრული ასაკის მიღწევა) საფუძველზე. ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის საფინანსო სამსახურის უფროსის 2006 წლის 29 დეკემბრის ¹3344 ცნობით დადგენილი იყო, რომ გვარდიის კავშირგაბმულობის კვანძის ყოფილი ....., ზ/რიგითი ი. ფ-ის სახელფასო დავალიანება შეადგენდა 1104,96 ლარს, მათ შორის, 1998 წლის – 184,16 ლარს, 1999 წლის – 552,48 ლარს, 2000 წლის – 368,32 ლარს, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹43401 სამხედრო ნაწილის 2007 წლის 13 მარტის ¹110 ცნობით დასტურდებოდა, რომ ი. ფ-ის ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია შეადგენდა _ 3677,95 ლარს.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლებოდა მისცემოდა ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ხსენებული ნორმების საფუძველზე ი. ფ-ი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა მოპასუხისაგან მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ხსენებული ნორმა მოსარჩელეს ასევე ანიჭებდა შესაძლებლობას, მოეთხოვა მიუღებელი ფორმის ტანსაცმლის შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამასთან, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ხსენებული მოთხოვნის უფლების რეალიზების შესაძლებლობა არ იყო შეზღუდული რაიმე ვადით.
სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიან ვადასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხსენებული სამართლებრივი ინსტიტუტი შემოღებული იყო კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტით _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (მუხლი 129) და მოქმედებდა კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში, რასაც არ განეკუთვნებოდა ი. ფ-სა და ადმინისტრაციულ ორგანოს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, უდავო იყო, რომ მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა, როგორც სამხედრო მოსამსახურე და ეს ურთიერთობები რეგულირდებოდა საჯარო სამართლის საკანონმდებლო აქტით _ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონით, აგრეთვე, იმ დროს მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით _ ,,საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სურსათითა და სანივთე ქონებით მომარაგების შესახებ” საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 12 მაისის ¹296-15 დადგენილებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა შეეხებოდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებს. მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული არ ყოფილა რაიმე სახის ხელშეკრულება, მათ შორის ურთიერთობა დაიწყო და დასრულდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) მეშვეობით, ამიტომ ი. ფ-ის სასარჩელო მოთხოვნაზე არ უნდა გავრცელებულიყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ი. ფ-ის სარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა საჯარო სამართლის საკანონმდებლო აქტი _ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი და არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მისთვის სანივთე ქონების კომპენსაციის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ფ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2002-2005 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება დაეკისრა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურისათვის მიუღებელი სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების მოვალეობის თაობაზე, მაგრამ საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, მიიჩნია, რომ აღნიშნულზე, როგორც პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებაზე, ვრცელდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მიუღებელი ჰქონდა 1993-2006 წლების სანივთე ქონების კომპენსაცია და ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, ერთი მხრივ, 2008 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მიხედვით, მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა 2003-2006 წლების სანივთე ქონების კომპენსაცია, ხოლო მეორე მხრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2002-2005 წლების სანივთე ქონების კომპენსაცია დააკისრა, აღნიშნული გადაწყვეტილება კი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა ხსენებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სანივთე ქონების კომპენსაციის მისთვის დაკისრებაზე უარის თქმა.
Kკასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
Kკასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სანივთე ქონების კომპენსაციის დაკისრების თაობაზე. დადგენილია, რომ ი. ფ-ი შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ იქნა 2006 წლის 1 აპრილს, სარჩელი კი მის მიერ სასამართლოში შეტანილია 2007 წლის 20 აპრილს.
Kკასატორის განმარტებით, მოსარჩელეს უფლება არ ჰქონდა, მოეთხოვა გასული წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება, ვინაიდან მოსარჩელე სარჩელის შეტანის დროისათვის სამხედრო მოსამსახურეს აღარ წარმოადგენდა, ხოლო ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით სამხედრო მოსამსახურეს სანივთე ქონება ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია ეძლეოდა მაშინ, როდესაც იგი მოქმედი სამხედრო მოსამსახურე იყო. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ნორმა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ მოსარჩელეზე უკანონოდ გაავრცელა, ვინაიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის ზემოხსენებული ნორმა ვრცელდებოდა მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებზე. ამდენად, კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი.
ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სანივთე ქონების კომპენსაცია პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს და ამგვარ მოთხოვნებზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ კანონის ხსენებული ნორმა არ გამოიყენა.
კასატორის განმარტებით, სანივთე უზრუნველყოფა ან მისი კომპენსირება წლის დასაწყისში ხდება და ამ მხრივ, 2004 წლის სანივთე უზრუნველყოფა უნდა მომხდარიყო 2004 წლის დასაწყისში, ანუ ამ დროს წარმოეშვა მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება 2004 წლის სანივთე ქონების კომპენსაციაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 13 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 3 ივლისამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 24 ივლისს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგი ფაქტობრივ გარემოებებზე: ი. ფ-ი 1993 წლის 6 აგვისტოდან 2006 წლის 1 აპრილამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე და დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან თადარიგში ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის (ზღვრული ასაკის მიღწევა) საფუძველზე (ს.ფ. 7-11). საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹43401 სამხედრო ნაწილის 2007 წლის 13 მარტის ¹110 ცნობის მიხედვით, ი. ფ-ის ნორმით გათვალისწინებული 1993-2006 წლების სანივთე ქონების კომპენსაცია შეადგენს 3677,90 ლარს (ს.ფ. 6). 2006 წლის 6 დეკემბრის განცხადების პასუხად, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 2006 წლის 7 დეკემბრის ¹2143 წერილით ი. ფ-ს განემარტა, რომ მის მიმართ რიცხული დავალიანებების გაცემა მოხდებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან ასიგნებების მიზნობრივად გამოყოფის შემდეგ (ს.ფ. 3).
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, ერთი მხრივ, 2008 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მიხედვით, მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა 2003-2006 წლების სანივთე ქონების კომპენსაცია, ხოლო მეორე მხრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2002-2005 წლების სანივთე ქონების კომპენსაცია დააკისრა, ანუ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეესაბამება ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის (გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები) პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ი. ფ-ის 2006 წლის 6 დეკემბრის განცხადების პასუხად შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 2006 წლის 7 დეკემბრის ¹2143 წერილი, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღიარა ი. ფ-ის წინაშე არსებული დავალიანებები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ხსენებული გადაწყვეტილება ი. ფ-ს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია. ამდენად, აღნიშნულის გამო, ამ ეტაპიდან ი. ფ-ის სასარჩელო მოთხოვნის ფარგლები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებით, ვინაიდან დაუშვებელია საკასაციო სასამართლოს მიერ კასატორის საუარესოდ გადაწყვეტილების შებრუნება, ხოლო ხსენებული აკრძალვა ვრცელდება სააპელაციო სასამართლოზეც საქმის ხელახლა განსახილველად მისთვის დაბრუნებისას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის (გადაწყვეტილების შინაარსი) პირველ და მე-4-5 ნაწილებზე, რომელთა მიხედვით, გადაწყვეტილება შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას, და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე. ხსენებული კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, სარეზოლუციო ნაწილთან ერთად, წარმოადგენს გადაწყვეტილების უმნიშვნელოვანეს ნაწილს, რადგან სწორედ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ხდება გადაწყვეტილების, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი დასაბუთება. ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს იმავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს, ანუ სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი მსჯელობა ადეკვატურად უნდა აისახოს სარეზოლუციო ნაწილში მითითებულ დასკვნებში, მათ შორის, ფაქტობრივი მონაცემების კუთხით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის იმპერატიული ხასიათის მოთხოვნები გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ისე გადაწყვიტა ი. ფ-ის სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება წლების მიხედვით, რომ არ განსაზღვრა და არ დაადგინა, თუ რა თანხას შეადგენდა ამ წლების სანივთე ქონების კომპენსაცია, ანუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ მიუთითა აღნიშნული წლების შესაბამისი კონკრეტული თანხები. ამდენად, ამ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ამ საქმის ხელახლა განხილვისას ზემოთ მითითებულ ფარგლებში და ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საქმეზე უნდა მიიღოს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სანივთე უზრუნველყოფა ან მისი კომპენსირება წლის დასაწყისში ხდება და ამ მხრივ, 2004 წლის სანივთე უზრუნველყოფა უნდა მომხდარიყო 2004 წლის დასაწყისში, ანუ ამ დროს წარმოეშვა მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება 2004 წლის სანივთე ქონების კომპენსაციაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სანივთე ქონების კომპენსაცია პერიოდულად, კერძოდ, ყოველწლიურად და არა ყოველთვიურად შესასრულებელი ვალდებულებაა, რომელიც პირს ეძლევა მთელი წლის განმავლობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოცემული საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება და მოცემული საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.