ბს-472-449(კ-07წ.) 13 ივნისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლოა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ...-ის სოციალური დაზღვევის ფონდის ფილიალის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მარტის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ე. კ.-ის სარჩელისა გამო, მოპასუხე ...-ის სოციალური დაზღვევის ფონდის ფილიალის მიმართ, მიუღებელი პენსიის ანაზღაურების შესახებ)
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საკასაციო სასამართლოში 2007 წლის 14 მაისს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-472-449(კ-07), ...-ის სოციალური დაზღვევის ფონდის ფილიალის საკასაციო საჩივრისა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მარტის განჩინებაზე, ე. კ.-ის სარჩელისა გამო, მოპასუხე ...-ის სოციალური დაზღვევის ფონდის ფილიალის მიმართ, მიუღებელი პენსიის ანაზღაურების შესახებ /იხ.ს.ფ. 1/.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 22 მაისის განჩინებით ...-ის სოციალური დაზღვევის ფონდის ფილიალის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, შემდეგი საფუძვლით: ცდომილების თავიდან აცილების მიზნით, კასატორს დაევალა წარმოედგინა მტკიცებულება იმის თაობაზე, თუ როდის ჩაჰბარდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ასლი. საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული, თუ რაში მდგომარეობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მარტის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი) და არ შეიცავდა დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უკანონობა, საკასაციო საჩივარი არ იყო წარმოდგენილი იმდენი ასლის სახით, რამდენი მხარეცაა საქმეში. შესაბამისად, მხარეს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი 2 (ორი) ასლითურთ კასაციის მიზეზის მითითებით და მტკიცებულება იმის თაობაზე, თუ როდის ჩაჰბარდა კასატორს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ასლი /იხ.ს.ფ. 54-56/.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კასატორის ...-ის სოციალური დაზღვევის ფონდის ფილიალის მიერ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ...-ის სოციალური დაზღვევის ფონდის ფილიალის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორს ...-ის სოციალური დაზღვევის ფონდის ფილიალს საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 22 მაისის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ განუსაზღვრა გონივრული ვადა _ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, ...-ის სოციალური დაზღვევის ფონდის ფილიალს ზემოაღნიშნული განჩინების ასლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გაეგზავნა 2007 წლის 22 მაისს და ჩაბარდა 2007 წლის 25 მაისს /იხ.ს.ფ. 57-59/, წინამდებარე განჩინების გამოტანის მომენტისათვის ხარვეზი მხარის მიერ შევსებული არ იქნა _ კასატორს საკასაციო სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო საჩივარი 2 (ორი) ასლითურთ და მტკიცებულება, თუ როდის ჩაბარდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ასლი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი) განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე, საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს საპროცესო ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონიმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის. კერძოდ, განსაზღვრულ დროში საპროცესო მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ...-ის სოციალური დაზღვევის ფონდის ფილიალის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, მე-12, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 397-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ...-ის სოციალური დაზღვევის ფონდის ფილიალის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. წინამდებარე განჩინების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.