Facebook Twitter

ბს-472-451(3კ-08) 8 ოქტომბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ც. ფ-ისა და ი. ბ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

01.10.07წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სახელფასო დავალიანებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ც. ფ-ემ და ი. ბ-ამ. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ც. ფ-ე 1992 წლის 10 თებერვლიდან, ხოლო ი. ბ-ა 1992 1 სექტემბრიდან 2004 წლის 31 დეკემბრამდე ირიცხებოდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადეტთა კორპუსში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გააჩნია ც. ფ-ის მიმართ 1998-2000წწ. 1428.61 ლარის სახელფასო და 2000-2002წწ. 845 ლარის სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანება, ხოლო ი. ბ-ას მიმართ 1998-2000წწ. 330.89 ლარის სახელფასო და 2000-2002წწ. 845 ლარის სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის დავალიანება. მოსარჩელეებმა ხსენებული დავალიანების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.10.07წ. გადაწყვეტილებით ც. ფ-ისა და ი. ბ-ას სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ი. ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 1175.89 ლარის, ხოლო ც. ფ-ის სასარგებლოდ 2273.61 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.10.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.08წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.10.07წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ც. ფ-ის სარჩელი 668.24 ლარის სასურსათო ულუფის კომპენსაციის და 845 ლარის სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ი. ბ-ას სარჩელი 47.20 ლარის სასურსათო ულუფისა და 845 ლარის სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არ არსებობდა ხანდაზმულობის მოტივით სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე მოსარჩელეებისათვის უარის თქმის საფუძველი და მართებულად იქნა ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილებული. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სასამართლო კოლეგიის სამართლებრივი შეფასებები და დასკვნები იმ ნაწილში, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა კვებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატის განმარტებით, სასურსათო ულუფით და სანივთე ქონებით უზრუნველყოფა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ ხელფასის შემადგენელ ნაწილს არ წარმოადგენს. სასურსათო ულუფისა და სანივთე ქონების გაცემა არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება და მის მოთხოვნაზე უნდა გავრცელებულიყო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. სააპელაციო სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში სადავო ვალდებულების ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისა და მისი დინების ხელახლა დაწყვების საფუძველი არ არსებობდა და მოსარჩელეებს გაცდენილი ჰქონდათ სანივთე ქონების კომპენსაციისა და სასურსათო ულუფის თანხის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.08წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრეს ც. ფ-ემ, ი. ბ-ამ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორმა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და საქმეზე დაუსაბუთებელი განჩინება იქნა მიღებული. კასატორის განმარტებით, სახელფასო დავალიანების მოთხოვნის მიმართ გავრცელებული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. მოსარჩელეებს გაცდენილი აქვთ როგორც 3 წლიანი, ისე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა. კასატორმა მიუთითა, რომ კვების კომპენსაცია, ჯილდო და მატერიალური დახმარების თანხა არ წარმოადგენს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემლებია. კასატორის განცხადებით, ხელფასსა და ფულად გასაცემლებზე უნდა იქნეს გავრცელებული “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.1 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო სსკ-ის 326-ე მუხლიდან გამომდინარე, ასევე სსკ-ის 129.2 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში დაცული 31.08.07წ. ¹1219 და ¹1223 ცნობები და მიიჩნია ისინი სამინისტროს მიერ ვალის აღიარებად. აღნიშნული ცნობები ინფორმაციული ხასიათისაა და მოსარჩელეებს გადაეცათ როგორც საჯარო ინფორმაცია.

კასატორმა ი. ბ-ამ აღნიშნა, რომ კვების კომპენსაცია ითვლებოდა ხელფასის შემადგენელ ნაწილად და უნაზღაურდებოდა ხელფასთან ერთად. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება კვების კომპენსაციის მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის გავრცელების შესახებ. კასატორის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აღიარებულ იქნა მის მიმართ სახელფასო და სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის დავალიანება, რის გამოც მისი ანაზღაურება უნდა განხორციელდეს სრულად, კვებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ჩათვლით. კასატორმა სანივთე ქონების კომპენსაციისა და კვების თანხის თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრება მოითხოვა.

კასატორმა ც. ფ-ემ აღნიშნა, რომ კვების კომპენსაცია ითვლებოდა ხელფასის შემადგენელ ნაწილად და უნაზღაურდებოდა ხელფასთან ერთად. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება კვების კომპენსაციის მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის გავრცელების შესახებ. კასატორის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აღიარებულ იქნა მის მიმართ სახელფასო და სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის დავალიანება, რის გამოც მისი ანაზღაურება უნდა განხორციელდეს სრულად, კვებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ჩათვლით. კასატორმა სანივთე ქონების კომპენსაციისა და კვების თანხის თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ც. ფ-ისა და ი. ბ-ას საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ც. ფ-ისა და ი. ბ-ას საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ც. ფ-ისა და ი. ბ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.