¹ბს-475-452(კ-06) 9 იანვარი, 2007 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი - ლ. ჭანტურია
კასატორი (მოსარჩელე) - დ. გ-ე, წარმომადგენელი ნ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველო, წარმომადგენლები ქ. რ-ვა, თ. დ-ე
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 22 აგვისტოს დ. გ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს მიმართ და მოითხოვა მისი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 28 ივლისის ¹377 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე იძულებითი განაცდურის, სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების დაკისრება მოპასუხისათვის შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელე დ. გ-ე 2005 წლის 28 ივლისს გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 28 ივლისის ¹377 პ/შ ბრძანებით, რომელსაც საფუძვლად დაედო საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის დასავლეთის რეგიონალური სამსახურის სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა. მითითებული დასკვნის თანახმად, აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს ძებნის განყოფილების ინსპექტორებმა _ დ. გ-ემ, თ. ც-ემ და ი. დ-ემ გენერალური ინსპექციის თანამშრომლებთან ურთიერთობაში გამოიჩინეს უხეშობა, უტაქტობა, არ დაელოდნენ შემთხვევის ადგილზე გამომძიებლის მიერ საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას.
მოსარჩელის მითითებით, 2005 წლის 19 ივნისს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში გამომძიებელს დ. გ-ე არ მიუწვევია, არც საგამოძიებო მოქმედების ოქმში ყოფილა შეყვანილი. დ. გ-ე აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობის ბრძანების შესრულებისა და “პოლიციის შესახებ" კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, 2005 წლის 19 ივნისს, 23 საათზე, პოლიციის კაპიტან ი. დ-ან ერთად გამოცხადდა ქ. ბათუმში, ..... მდებარე, ხელოვნების ინსტიტუტის მახლობლად ინსპექტორ თ. ც-ის აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში მისაყვანად, რომელსაც ინციდენტი მოუვიდა ¹101 სამარშრუტო ტაქსის მძღოლთან _ მ. ბ-თან.
მოსარჩელის მითითებით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა დ. გ-ისათვის უცხო პიროვნება, რომელიც შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია მისთვის თ. ც-ის წაყვანისას. აღნიშნული პიროვნება იყო საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის დასავლეთის რეგიონალური სამსახურის უფროსი დ. მ-ი. თუმცა, მოსარჩელის მითითებით, მისთვის მითითებული პიროვნების ვინაობა ცნობილი არ იყო.
მოსარჩელის მითითებით, მისი პოლიციის ორგანოდან დათხოვნის სამსახურებრივი საფუძველი არ არსებობდა, რადგან მის ქმედებაში არ მოიპოვებოდა სამსახურებრივი დისციპლინის უხეში დარღვევის ნიშნები, ასევე ადგილი არ ჰქონდა გადაცდომას, რომელიც შეუთავსებელი იქნებოდა შს ორგანოს თანამშრომლისათვის (ს.ფ. 2-3).
დ. გ-ის სარჩელი არ ცნო მოპასუხე აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა უსაფუძვლობის გამო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:
საქართველოს შს გენერალური ინსეპქციის დასავლეთის რეგიონალური სამსახურის მიერ დ. გ-ის ქმედებები დაკვალიფიცირდა შს ორგანოს თანამშრომლებისათვის შეუთავსებელ გადაცდომად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მისი შს ორგანოებიდან დათხოვნა თანახმად “პოლიციის შესახებ" კანონის 22-ე მუხლის “კ" პუნქტის, დისციპლინური წესდების 2.2 მუხლის “ე" ქვეპუნქტისა და შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების მე-60 მუხლის “ლ" პუნქტისა, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასავლეთის რეგიონალური სამსახურის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების დასკნის საფუძველზე.
მოპასუხის მითითებით, შემოწმებით დადასტურდა, რომ მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის ძებნის განყოფილების უფროსის ა. ნ-ის მითითებით, დ. გ-ე და ი. დ-ე 2005 წლის 19 ივნისს 23 საათზე გაგზავნილ იქნენ თამარის დასახლებაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე მითითებული პირები გამოცხადნენ მთავარი სამმართველოს სახელზე რიცხული ავტომანქანით “....", არაფხიზელ მდგომარეობაში. ხელი შეუშალეს ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში, უტაქტოდ მოექცნენ შემთხვევის ადგილზე მყოფ პირებს, შეეცადნენ დანაშაულის ფაქტის დაფარვას, შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილე _ თ. ც-ე, რაც დადასტურდა პატაკებითა და ახსნა-განმარტებებით.
დ. გ-ე აჭარის ა/რ შს მთავარი სამამრთველოს კრიმინალური სამმართველოს უფროსის გ. ტ-ის დავალებით შემოწმებაზე წაიყვანა მისმა უშუალო უფროსმა, პოლიციის კაპიტანმა ა. ნ-ემ. ამ უკანასკნელმა დ. გ-ე გადაიყვანა აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის ბიუროში, სადაც ა. ნ-ე მორიგე ექიმ მ. ვ-ს წარუდგა როგორც აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი და სთხოვა გაეცა სიფხიზლის დამადასტურებელი შემოწმების დასკვნა, თუმცა დ. გ-ის გარეგნული მდგომარეობა შეესაბამებოდა საშუალო ხარისხის ალკოჰოლურ თრობას. ა. ნ-ის დაჟინებული თხოვნით მორიგე ექიმმა მ. ვ-მა გასცა ¹277 დასკვნა დ. გ-ის ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის თაობაზე. მოპასუხის მითითებით, დ. გ-ემ უარი განაცხადა რაპოპორტის მეთოდით შემოწმებაზე, თუმცა მ. ვ-მა მას ჩააბარებინა ბიომასალა და საკონტროლო ულუფა დალუქა დადგენილი წესით.
მითითებული დასკვნის წარდგენის შემდეგ, პოლიციის მე-5 განყოფილების გამომძიებელმა ა. ჩ-მა მიიჩნია ის საეჭვოდ და მოითხოვა განმეორებითი შემოწმების ჩატარება, რაზეც დ. გ-ემ განაცხადა უარი, თვითნებურად მიატოვა განყოფილების შენობა და მიიმალა ა. ნ-ან ერთად (ს.ფ. 34-35).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არაკანონიერად იქნა მიჩნეული აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 28 ივლისის ¹377 პ/შ ბრძანება დ. გ-ის შს ორგანოებიდან დათხოვნის ნაწილში და იგი აღდგენილ იქნა სამუშაოზე აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სამმართველოს ძებნის, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და ამოუცნობი გვამების დადგენის განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, მოპასუხეს დ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის 1100 ლარის ანაზღაურება, ხოლო დ. გ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების ნაწილში, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დ. გ-ე 1994 წლიდან მუშაობდა შს ორგანოებში, მიღებული აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სამსახურის გავლისას დისციპლინური სახდელი არ ჰქონდა დაკისრებული, სამსახურეობრივ მოვალეობებს ასრულებდა წარმატებით, რისთვისაც სამჯერ გამოცხადებული აქვს მადლობა და მიღებული აქვს წახალისება ფულადი პრემიის სახით. დ. გ-ე 2005 წლის 19 ივნისს არ იმყოფებოდა სამუშაოზე. დაახლოებით 23 საათზე დ. გ-ძე უშუალო უფროსის ა. ნ-ის მოთხოვნის შესაბამისად, პოლიციის კაპიტან ი. დ-ესთან ერთად სამსახურის ავტომანქანით ვაზ-2107, სახელმწიფო ნომრით .... მივიდა ქ. ბათუმში, ..... ხელოვნების ინსტიტუტის მახლობლად სამარშრუტო ტაქსების გაჩერებასთან ინსპექტორ თ. ც-ის წამოყვანის მიზნით, რომელსაც ინციდენტი მოუხდა სამარშრუტო ტაქსის მძღოლთან მ. ბ-ან. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ქ. ბათუმის შს სამმართველოს გამომძიებელი ა. ჩ-ი, რომელსაც ჩასატარებელი ჰქონდა მხოლოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ხოლო დანარჩენი საგამოძიებო მოქმედებები შს განყოფილებაში უნდა ჩაეტარებინა, რის გამოც თ. ც-ის შემთხვევის ადგილზე ყოფნა და მისი მონაწილეობა საჭირო არ იყო და ასეთი არც გამომძიებელს მოუთხოვია. საქართველოს შსს სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასავლეთის რეგიონალური სამსახურის მიერ ჩატარებულ იქნა სამსახურებრივი შემოწმება პოლიციელ თ. ც-ის მიერ .... დასახლებაში მიკროავტობუსის საქარე მინის ჩამტვრევის ფაქტზე. შემოწმება შეეხო, როგორც თ. ც-ის, ასევე პოლიციელების დ. გ-ის, ა. ნ-ისა და ი. დ-ის მოქმედებებს მითითებულ შემთხვევასთან დაკავშირებით. შემოწმების შედეგად მიღებულ იქნა დასკვნა, რომლითაც მიზანშეწონილად ჩაითვალა პოლიციელების თ. ც-ის, დ. გ-ისა და ი. დ-ის შს ორგანოებიდან დათხოვნა. აღნიშნული დასკვნის თანახმად, დ. გ-ემ გენერალური ინსპექციის თანამშრომლებთან ურთიერთობაში გამოიჩინა უხეშობა და უტაქტობა, არ დაელოდა შემთხვევის ადგილზე გამომძიებლის მიერ საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას, არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ მიცემულ ნიშანს ავტომანქანის გაჩერების შესახებ, თავი აარიდა წინასწარი გამოძიებისათვის მოწმის სახით ჩვენების მიცემას, რის გამოც დ. გ-ის ქმედებები შეფასებულ იქნა, როგორც პოლიციის თანამშრომლისათვის შეუფერებელ საქციელად, რაც ეწინააღმდეგება ზნეობრივ-ეთიკურ ნორმებს, მიმართულია მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ და ლახავს შს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, რაც წარმოადგენს შს ორგანოს თანამშრომლისათვის შეუთავსებელ გადაცდომას.
საქალაქო სასამართლომ მხარეებისა და მოწმეთა ჩვენებების ანალიზის შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ დ. გ-ეს თავისი ქმედებით შემთხვევის ადგილზე მყოფი გამომძიებლისათვის საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარებაში ხელი არ შეუშლია, რადგან ა. ჩ-ს მისივე განმარტებით, მხოლოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერება უნდა ჩაეტარებინა, რაშიც თ. ც-ის ადგილზე დარჩენა არაფერში სჭირდებოდა, დ. გ-ე მომხდარ შემთხვევასთან რაიმე კავშირში არ იმყოფებოდა, თუმცა მისი მოწმის სახით დაკითხვის საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული მოხდებოდა შს განყოფილებაში. ამასთან, გამომძიებლის მიერ ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებისათვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა დ. გ-ე იქნებოდა ნასვამ მდგომარეობაში, თუ ფხიზელი, რის გამოც დ. გ-ე დისპანსერში არ ყოფილა გადაყვანილი გამომძიებლის ინიციატივით. დ. გ-ე შს განყოფილებიდან არ გაქცეულა და არ დამალულა.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ დ. გ-ე შემთხვევის ადგილზე არ დაემორჩილა გენერალური ინსპექციის დასავლეთის რეგიონალური სამსახურის უფროსის დ. მ-ის მოთხოვნას შემთხვევის ადგილიდან არ წაეყვანა თ. ც-ე, რასთან დაკავშირებითაც ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას, რასაც არც მოსარჩელე უარყოფს, თუმცა აღნიშნულს ხსნის იმით, რომ ვერ იცნო სპორტულ ფორმაში ჩაცმული დ. მ-ი.
საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის განმარტების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ დ. გ-ე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, თუმცა სიმთვრალის ხარისხზე მსჯელობა შეუძლებელია, რადგან აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობა, რომელთაგან ერთ-ერთის გაყალბებასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რაზეც გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმის თაობაზე, რომ დ. გ-ე არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციის მოთხოვნას, არ გააჩერა ავტომანქანა და ადგილიდან გაიქცა. საქალაქო სასამართლომ საპარტულო პოლიციის მუშაკის განმარტებაზე დაყრდნობით მიუთითა, რომ დ. გ-ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გაჩერების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, დაფიქსირებულ იქნა შს მთავარი სამმართველოს შენობიდან რამოდენიმე ასეულ მეტრში, თუმცა იგი საპატრულო პოლიციის ავტომანქანის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა და საპარტულო პოლიციის ავტომანქანის მოტრიალებასა და დ. გ-ის ავტომანქანისათვის გამოდევნებამდე ეს უკანასკნელი მისული იყო სამმართველოს შენობასთან, თუმცა მოწმის განმარტების თანახმად, შესაძლოა ავტომანქანაში მსხდომებს ვერ გაეგოთ გაჩერების შესახებ მოთხოვნა. დ. გ-ისა და თანმხლები პოლიციელის ქმედებაში რაიმე უტაქტობა და წინააღმდეგობა არ გამოხატულა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. გ-ე ნარკოლოგიურ დისპანსერში სიმთვრალეზე შესამოწმებლად გადაყვანილ იქნა არა გამომძიებლის, არამედ გენერალური ინსპექციის უფროსის დ. მ-ის მოთხოვნით. დ. გ-ის სიფხიზლის ცნობა წარდგენილ იქნა გამომძიებელ ა. ჩ-ან, რომელსაც ცნობა არ სჭირდებოდა, ხოლო დ. მ-ის მიერ მოთხოვნილ იქნა დ. გ-ის განმეორებითი შემოწმება ნარკოლოგიურ დისპანსერში.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასავლეთის რეგიონალური სამსახურის დასკვნას იმის თაობაზე, რომ დ. გ-ემ თავისი მოქმედებით ხელი შეუშალა გამომძიებელს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში, რადგან ასეთი ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნა დადგენილი. საქალაქო სასამართლო ასევე არ დაეთანხმა დასკვნას იმის თაობაზე, რომ დ. გ-ე შემთხვევის ადგილზე შეკრებილი საზოგადოების და დაზარალებული მოკროავტობუსის მძღოლის მიმართ უტაქტოდ და უხეშად იქცეოდა. საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა მოსარჩელესა და გენერალური ინსპექციის უფროსს დ. მ-ს შორის, რამდენადაც დ. გ-ემ დ. მ-ს მოთხოვნის მიუხედავად, წაიყვანა თ. ც-ე შემთხვევის ადგილიდან.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, ასევე ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ დ. გ-ე არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციის მუშაკების მოთხოვნას და არ გააჩერა ავტომანქანა, რამდენადაც მითითებული ფაქტი უარყოფილ იქნა თავად საპატრულო პოლიციის მუშაკების მიერ სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს.
საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია დასკვნაში მითითებული ფაქტი, რომ დ. გ-ე 2005 წლის 19 ივნისს იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, თუმცა იგი აღნიშნულ დღეს არ მუშაობდა და უშუალო უფროსის ა. ნ-ის მიერ იქნა გამოძახებული. საქალაქო სასამართლომ ასევე გაიზიარა ის გარემოებაც, რომ ნარკოლოგიურ დისპანსერში დ. გ-ის სიფხიზლის დამადასტურებელი ცნობა გაიცა დ. გ-ის უფროსის ა. ნ-ის მოთხოვნით, თუმცა დ. გ-ემ შს განყოფილებაში ცნობის წარდგენისას იცოდა მისი შინაარსი.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით გენერალური ინსპექციის დასკვნაში მოყვანილი გარემოებები.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, დ. გ-ის ქმედებები განეკუთვნება დისციპლინურ გადაცდომათა კატეგორიას, კერძოდ, მოსარჩელის ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისას ავტომანქანის მართვა, უტაქტო ქმედება გენერალური ინსპექციის უფროსის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ასევე მის მიერ ნარკოლოგიურ დისპანსერში სიმთვრალის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ასევე ნარკოლოგიურ დისპანსერში სიმთვრალის შემოწმების სრულყოფილად ჩატარებაზე უარის გამოცხადება წარმოადგენს სამართალდარღვევას და ეწინააღმდეგება პოლიციის ეთიკის კოდექსს. აღნიშნულის მიუხედავად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. გ-ის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომა არ უნდა ჩაითვალოს ისეთი კატეგორიის მართლსაწინააღმდეგო ქმედებად, რაც გათვალისწინებულია საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ დებულების მე-60 მუხლის “ლ” პუნქტში ან “პოლიციის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის “კ” პუნქტში, რადგან დ. გ-ეს არ გაუტეხია ფიცი და აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს ისეთ გადაცდომას, რომელიც შს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს ლახავს.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხეს დ. გ-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში უნდა მიეღო ჩადენილი გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე, გადაცდომის შედეგები, გადაცდომის ჩადენის გარემოებები, აგრეთვე, თანამშრომლის პიროვნება და მისი დამსახურება, რასაც განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდების მე-8 მუხლი. დ. გ-ის მიერ ჩადენილ გადაცდომას არ მოჰყოლია ისეთი შედეგი, რაც ხელს შეუშლიდა საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარებას. დ. გ-ის მიერ ჩადენილი გადაცდომა არ უნდა იქნეს მიჩნეული პოლიციელის მიერ ფიცის გატეხვად. ამასთან, დ. გ-ის მიერ გადაცდომის ჩადენა არ უკავშირდება მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას.
საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა შს სამინისტროს დისციპლინური წესდების მე-6 მუხლით და მიუთითა, რომ არც შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასავლეთის რეგიონალური სამსახურის დასკვნასა და არც დ. გ-ის შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის ბრძანებაში არ არის მითითებული, რომ დ. გ-ეს წარსული საქმიანობიდან გამომდინარე ცუდი რეპუტაცია ჰქონდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. გ-ის შეფარდებული დისციპლინური სახდელი ზედმეტად მკაცრი და შეუსაბამოა ჩადენილი გადაცდომის შესაბამისად.
საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა რა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე, 127-ე მუხლებით, საფუძვლიანად მიიჩნია დ. გ-ის სარჩელი (ს.ფ. 131-136).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ შს მთავარმა სამმართველომ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:
აპელანტის მითითებით, დ. გ-ე 2005 წლის 19 ივნისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე მივიდა არაფხიზელ მდგომარეობაში, ხელი შეუშალა იქ მყოფ ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გამოიჩინა თვითნებობა, რაც გამოიხატა თავისი უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებაში, უტაქტოდ მოექცა შემთხვევის ადგილზე მყოფ პირებს, შეეცადა დანაშაულის ფაქტის დაფარვას, შემთხვევის ადგილიდან წაიყვანა კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილე თ. ც-ე. შესაბამისად, საქართველოს შს გენერალური ინსპექციის დასავლეთის რეგიონალური სამსახურის მიერ დ. გ-ის ქმედებები დაკვალიფიცირდა დისციპლინურ გადაცდომად, რომელიც შეუთავსებელია შს ორგანოს თანამშრომლისათვის და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მისი შს ორგანოებიდან დათხოვნა, რის საფუძველზეც გამოიცა შს მთავარი სამართველოს 2005 წლსი 28 ივლისის ¹377 პ/შ ბრძანება (ს.ფ. 139-140).
აჭარის ა/რ შს მთავარმა სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ ცნო დ. გ-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 150-151).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმნისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლსი 13 აპრილის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ 2005 წლის 19 ივნისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალებით და შემდგომში სასამართლო სხდომებზე მიცემული განმარტებებით არ დასტურდება დ. გ-ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს მიეცა არასწორი შეფასება, რადგან სამსახურებრივი შემოწმების მასალებით დასტურდება დ. გ-ის სიმთვრალის ფაქტი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შემთხვევის ადგილზე ი. დ-ან ერთად მისული დ. გ-ე შეეცადა არ მომხდარიყო რეაგირება მათი თანამშრომლის თ. ც-ის მიერ ჩადენილ ქმედებაზე, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 187.1 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, ანუ შეეცადა დანაშაულის ფაქტის დაფარვას, ხოლო დარწმუნდა რა აღნიშნულის შეუძლებლობაში, შემთხვევის ადგილიდან წაიყვანა თავისი კოლეგა თ. ც-ე, რომლის დაკითხვა და სიმთვრალეზე შემოწმება იმავე დღეს ვერ მოხერხდა.
სააპელაციო სასამართლომ “პოლიციის შესახებ” კანონის 22-ე მუხლისა და “საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-60 მუხლის “ლ” პუნქტის შესაბამისად, მიიჩნია, რომ თანამშრომლის ქმედება, რომელიც მიმართულია დანაშაულის, თუ დამნაშავის დაფარვისაკენ, თავისი სიმძიმით წარმოადგენს ისეთ გადაცდომას, რომელიც შეუთავსებელია შს ორგანოს თანამშრომლისათვის.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, “პოლიციის შესახებ” კანონის მე-8 მუხლი ადგენს პოლიციელის მოვალეობებს, რომლის თანახმად, პოლიციელი ვალდებულია აღკვეთოს ნებისმიერი დანაშაული და ხელი შეუწყოს მის გახსნას და არა პირიქით, დაფაროს ჩადენილი დანაშაული თუ დამნაშავე.
სააპელაციო სასამართლომ დ. გ-ის შს ორგანოებიდან დათხოვნა მიიჩნია საფუძვლიანად, მაგრამ ამავე დროს აღნიშნა, რომ საქართველოს შს მინისტრის 2006 წლის 18 იანვრის ¹73 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს ახალი სტრუქტურა და საშტატო განრიგი, რომლის თანახმად, გაუქმდა ძებნის, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და ამოუცნობი გვამების დადგენის განყოფილება. შესაბამისად, არ არსებობს ის თანამდებობა, რომელზედაც გათავისუფლებამდე მუშაობდა მოსარჩელე. საქართველოს შს მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის ¹113 ბრძანებით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ოპერატიულ თანამშრომლებს განესაზღვრათ გამომძიებლის სტატუსი და მიენიჭათ შესაბამისი უფლებამოსილება.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დ. გ-ემ დააზუსტა მოთხოვნა და წინანდელ სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად მოითხოვა კადრების განკარგულებაში აღდგენა, რასაც მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რადგან აღდგენა ხდება წინანდელ სამუშაოზე, რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს, ხოლო კადრების განკარგულებაში ჩარიცხვა ხდება შს მინისტრის ბრძანებით, პოლიციის მუშაკის შტატგარეშედ დარჩენის შემთხვევაში (ს.ფ. 241-249).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-ემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსათვის შემდეგი მოტივით:
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, სააპელაციო სასამართლო იმეორებს მოპასუხის შემოწმების დასკვნაში ჩამოყალიბებულ ვერსიას, სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი, რომ უსაფუძვლოდ მიეჩნია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მოპოვებული და შეფასებული მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოტანილი გადაწყვეტილება, თუმცა სასამართლოს ეჭვქვეშ არ დაუყენებია კანონის დაცვით მათი მოპოვებისა და ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის საკითხი. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო კანონის დარღვევით მოპოვებულ უწყებრივი შემოწმების დასკვნას, რადგან კანონმდებლობა არ იცნობს მოკვლევის ინსტიტუტს და ფაქტობრივი საფუძვლების არარსებობის პირობებში მიიღო გადაწყვეტილება.
კასატორის მითითებით, მოწმის სახით სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაკითხულმა პირებმა დაადასტურეს, რომ დ. გ-ეს ხელი არ შეუშლია გამომძიებლისათვის საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში, იგი არ ყოფილა შემთხვევის ადგილის დათვალიერების მონაწილე, მოწმის სახით მისი დაკითხვა მოხდა დროულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე, საპატრულო პოლიციის მუშაკებთან ურთიერთობაში და საზოგადოებასთან მიმართებაში დ. გ-ის მხრიდან უპატივცემულო დამოკიდებულებას ადგილი არ ჰქონია.
კასატორის მითითებით, დანაშაულის დაფარვა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დამოუკიდებელი სისხლისსამართლებრივი დევნის საგანია, რის გამოც თუ დ. გ-ის ქმედება შეიცავს ამგვარი დანაშაულის ნიშნებს, მისი ქმედება არ უნდა შემოფარგლულიყო დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებით (ს.ფ. 254-256).
დ. გ-ემ დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს, არ შეაფასა ის გარემოება, რომ დ. გ-ეს 2005 წლის 19 ივნისს ჰქონდა არასამუშაო დღე და ასრულებდა უშუალო უფროსის ა. ნ-ის სიტყვიერ მითითებას შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისა და თ. ც-ის მისთვის წარდგენის შესახებ. დ. გ-ე შემთხვევის ადგილზე მივიდა ერთი საათის შემდეგ, როდესაც საგამოძიებო მოქმედებები ფაქტიურად დასრულებული იყო და გამომძიებელს მისთვის რაიმე მითითება არ მიუცია, იგი არ ყოფილა საგამოძიებო მოქმედების მონაწილე. საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ დ. გ-ის მიერ არ მომხდარა საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მოთხოვნის უგულებელყოფა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის გაჩერების თაობაზე.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “პოლიციის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის “კ” პუნქტი და საფუძვლიანად მიიჩნია დ. გ-ის სამსახურიდან დათხოვნა, არ დაუსაბუთებია კონკრეტულად რაში გამოიხატა მის მიერ ფიცის გატეხა ან პოლიციის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელი, რადგან კანონი არ აკონკრეტებს რა მიიჩნევა ფიცის გატეხად და შეუფერებელ საქციელად. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, რადგან მართებულად მიიჩნია სპორტულ კოსტუმში მყოფი დ. მ-ის შემთხვევის ადგილზე ყოფნა, როცა მას არცერთი საპროცესო ნორმა არ ავალდებულებდა მონაწილეობა მიეღო საგამოძიებო მოქმედებაში, არ გააჩნდა უფლებამოსილება გაეცა ბრძანება და მოეთხოვა დ. გ-ის რაიმე ქმედების შესრულება.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ განმარტა შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესების შესახებ დებუელბის მე-60 მუხლის “ლ” პუნქტის შესაბამისად, რა მიიჩნია გადაცდომად, არ გამოიყენა აღნიშნული დებულების მე-40 მუხლი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად მიუთითა სარჩელზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად მისი თანამდებობის საშტატო ერთეულის გაუქმება, რადგან ასეთ შემთხვევაში ხდება ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და არ გაითვალისწინა, რომ გასაჩივრებულ იქნა იმ ადმინისტრაციული აქტის კანონიერება, რომლის საფუძველზეც დ. გ-ე დაითხოვეს შსს ორგანოებიდან.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ დაასაბუთა, რატომ უარყო საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 272-274).
საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე დ. გ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული (პროცესუალური კასაცია) (ს.ფ. 277-280).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სსსკ-ის 249.4 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რადგან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ მიუთითებია მტკიცებულებებზე, რომლებზეც დაამყარა თავისი დასკვნები, მოსაზრებები, რომლებითაც უარყო ესა თუ ის მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულების სრულყოფილი გამოკვლევისა და სათანადო შეფასების გარეშე საქმეზე მიიღო იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 377.1 მუხლის შესაბამისად, შეამოწმა რა ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით ბათუმის საქალაქო სასამარლთოს 2005 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, საერთოდ არ უმსჯელია თუ რაში გამოიხატა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების არაკანონიერება, რომელი ფაქტობრივი გარემოებები იქნა სასამართლოს მიერ არასწორად დადგენილი, რომელ მტკიცებულებებს არ მიეცა სათანადო შეფასება, რაში გამოიხატა საქალაქო სასამართლოს მხრიდან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის დარღვევა. ანუ სააპელაციო სასამართლომ ისე გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმეზე მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომ გადაწყვეტილებაში არ იქნა ასახული მსჯელობა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობისა და დაუსაბუთებლობის თაობაზე, რის გამოც დარღვეულია სსსკ-ის 389-ე მუხლის “დ” პუნქტის მოთხოვნა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, დ. გ-ის სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერების შემოწმებისას, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია და სათანადოდ შეეფასებინა ადგილი ჰქონდა თუ არა იმ დარღვევებს, რაც საფუძვლად დაედო დ. გ-ის სამუშაოდან გათავისუფლებას და მართებულად იქნა თუ არა აღნიშნული დარღვევები სამუშაოდან გათავისუფლების საკმარის საფუძვლად მიჩნეული, კერძოდ, სახეზე იყო თუ არა “პოლიციის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის “კ” პუნქტით, საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების 2.2 მუხლის “ე” ქვეპუნქტითა და “საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-60 მუხლის “ლ” პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები.
ადმინისტრაციამ მითითებული ნორმები შეუფარდა დ. გ-ის ქმედებას, რაც საქართველოს შს მინისტრის 2005 წლის 14 ივლისის ¹725 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის დასავლეთის რეგიონალური სამსახურის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების დასკვნის თანახმად, გამოიხატა იმაში, რომ დ. გ-ემ ი. დ-ესა და თ. ც-თან ერთად გენერალური ინსპექციის თანამშრომლებთან ურთიერთობაში გამოიჩინა უხეშობა და უტაქტობა, დ. გ-ე ცდილობდა შემთხვევის ადგილიდან თ. ც-ის წაყვანას, ხელს უშლიდა შემთხვევის ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის, ქ. ბათუმის შს სამმართველოს მე-... განყოფილების თანამშრომლებსა და გამომძიებელ ა. ჩ-ს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში, არ დაელოდა შემთხვევის ადგილზე გამომძიებლის მიერ საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას, არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ მიცემულ ნიშანს ავტომანქანის გაჩერების შესახებ, თავი აარიდა წინასწარი გამოძიებისათვის მოწმის სახით ჩვენების მიცემას. აღნიშნული ისე გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, რომ არ გამოუკვლევია და შეუფასებია ის გარემოებები, დასტურდებოდა თუ არა მითითებული ფაქტები საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არსებობდა გარკვეული წინააღმდეგობები საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს შორის.
სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ ზოგადად მიუთითა დ. გ-ის მხრიდან ზემოაღნიშნული ქმედებების ჩადენაზე და არ დაასაბუთა, თუ რაში გამოიხატა შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების მიმართ უხეშობა და უტაქტობა და რომელ მტკიცებულებებს ემყარება სასამართლოს ასეთი დასკვნა, ასევე არ დაუსაბუთებია სააპელაციო სასამართლოს რაში გამოიხატა შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისათვის ხელის შეშლა, რადგან აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი გამომძიებელ ა. ჩ-ის მიერ შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასავლეთის რეგიონალური სამსახურისათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, კერძოდ, ა. ჩ-ი ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილზე გასვლის შემდეგ დაიწყო წინასწარი გამოძიება, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და ავტომანქანა, აღწერა დაზიანებები და დაკითხა მოწმეები. საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მიცემული ჩვენებით კი, გამომძიებელი ა. ჩ-ი ადასტურებს, რომ მისთვის საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს დ. გ-ეს ხელი არ შეუშლია.
საქალაქო სასამართლოს სხდომაზე გამომძიებელ ა. ჩ-ის ჩვენების თანახმად, შემთხვევის ადგილზე თ. ც-ის ყოფნა საჭირო არ იყო და შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მას ხელი არ შეუშლია. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დადგენილად მიიჩნია, რომ დ. გ-ე შეეცადა შემთხვევის ადგილიდან თ. ც-ის წაყვანას და არ დაელოდა შემთხვევის ადგილზე გამომძიებლის მიერ საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას. ასეთ პირობებში, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია საჭირო იყო თუ არა დ. გ-ისა და თ. ც-ის შემთხვევის ადგილზე ყოფნა საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე, თ. ც-ის მდგომარეობის შემოწმება და თავისი დასკვნა არ გაუმყარებია სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით.
გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისას განავითარა მსჯელობა პირის დანაშაულებრივ საქმიანობაზე, კერძოდ, დ. გ-ის ქმედება შეაფასა სისხლის სამართლის კოდექსის 187.1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტის დაფარვად, რაც სრულიად შეუსაბამო და მართლსაწინააღმდეგოა ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ საქმეზე დადგენილ გადაწყვეტილებაში, რადგან აღნიშნული სისხლის სამართლებრივ ბრალდებას წარმოადგენს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით _ ადამიანის ძირითად სხვა უფლებებთან ერთად განსაზღვრულია უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომლის შესაბამისად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით (საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 40), ადამიანის ეს ძირითადი უფლება განსაზღვრულია ასევე “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის” 6.2 მუხლი, რომლის მიხედვით, ყველა, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა ითვლება უდანაშაულოდ, სანამ მისი ბრალეულობა დამტკიცდება კანონის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ უხეშად იქნა დარღვეული ევროპული კონვენციით და საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის ძირითადი უფლება _ უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 1983 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით საქმეზე “მინელი-შვეიცარიის წინააღმდეგ, კონვენციის 6.2 მუხლის დარღვევად მიიჩნევს: “სასამართლოს გადაწყვეტილებაში უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად ითვლება, თუკი პირი კანონმდებლობის შესაბამისად არ ყოფილა მიჩნეული ბრალდებულად, განსაკუთრებით დაცვის უფლების გამოყენების გარეშე და მის საქმესთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილება ასახავს იმ მოსაზრებას, რომ იგი დამნაშავეა”.
სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გარეშე, გამოთქვა იმპერატიული შინაარსის შეფასებები, დ. გ-ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, რამაც განაპირობა სრულიად კანონსაწინააღმდეგო და არალოგიკური დასკვნების ჩამოყალიბება სასამართლო გადაწყვეტილებაში.
სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია და არ გაუქარწყლებია მოსარჩელის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის .... რეგიონალური სამსახურის უფროსის დ. მ-ის მითითებების შეუსრულებლობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ დ. გ-ემ ვერ ამოიცნო სპორტულ ტანისამოსში ჩაცმულ პირში, გენინსპექციის უფროსი _ დ. მ-ი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დ. გ-ემ დაადასტურა, რომ ინციდენტამდე იცნობდა ვიზუალურად დ. მ-ს, თუმცა რადგან დ. მ-ი შემთხვევის ადგილზე იყო სპორტულ ტანისამოსში, ვერ იცნო, ხოლო პირადობის მოწმობის წარმოდგენის შემდეგ გაიგო მისი ვინაობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია, დ. გ-ე ვალდებული იყო თუ არა შეესრულებინა დ. მ-ის მითითება და შსს გენერალური ინსპექციის დასავლეთის რეგიონალური სამსახურის უფროსის დ. მ-ის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში შედიოდა თუ არა კონკრეტულ სიტუაციაში მოეთხოვა მისი მითითებებისადმი დამორჩილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას, საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სათანადო სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს იმ გარემოებას, რომ დ. გ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა ისეთი ქმედებების ჩადენას, რაც გათვალისწინებულია “პოლიციის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის “კ” პუნქტით, საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების 2.2 მუხლის “ე” ქვეპუნქტითა და საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების მე-60 მუხლის “ლ” პუნქტით, კერძოდ, როგორიცაა ფიცის გატეხა, პოლიციის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენა, ზნეობრივ-ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ, თანამშრომლისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, გადაცდომა, რომელიც შეუთავსებელია შს ორგანოს თანამშრომლისათვის. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტები არ აკონკრეტებს თუ რომელი ქმედებები შეიძლება იქნეს მიჩნეული ასეთ გადაცდომებად, რომლებიც წარმოადგენენ პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლებს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად უნდა გააკეთოს დასკვნა, დ. გ-ის მიერ ადგილი ჰქონდა თუ არა ამგვარი ქმედებების ჩადენას და რამდენად კანონიერად დაედო საფუძვლად აღნიშნული გარემოებები მის გათავისუფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა არსებით განხილვას, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული მითითებები საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, შესაბამისად, დ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.