¹ბს-475-452(კ-07) 2 აგვისტო, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
04.12.06წ. თ. ჭ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის წინააღმდეგ და მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების სახით 2352.80 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელის განცხადებით, სამსახურიდან განთავისუფლებული იქნა 18.01.06წ. და მოპასუხეს მის მიმართ წინა წლების სახელფასო დავალიანება გააჩნია. მოპასუხემ დავალიანების არსებობა დაადასტურა, თუმცა სარჩელი არ ცნო(ს.ფ. 25).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.01.07წ. გადაწყვეტილებით თ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს თ. ჭ-ის სასარგებლოდ 2392 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.03.07წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.03.07წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.01.07წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყარო იყო შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება გამხდარიყო მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს(ხელფასის) ფონდის შემცირების საფუძველი, ხოლო 28.06.1973წ. შრომის კანონთა კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, შრომის ხელშეკრულება არის შეთანხმება, რომლითაც ერთი მხარე საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს მუშაკი შრომის სათანადო პირობებით, გადაუხადოს ხელფასი იმ ოდენობით, რაც შრომის ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხეს გააჩნდა სახელფასო დავალიანება, რასაც მხარეები სადაოდ არ ხდიდნენ. მოსარჩელე სამსახურებრივ ურთიერთობებში იმყოფებოდა მოპასუხე ორგანიზაციასთან, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის განცხადება იმის თაობაზე, რომ სადავო თანხის ანაზღაურება ფინანსთა სამინისტროს უნდა დაკისრებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.03.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა. კასატორმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტის სეკვესტრირების გამო ვერ მოხერხდა სადავო დავალიანების ანაზღაურება. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი იყო, ვინაიდან “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის თანახმად, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დასაფარად თანხა გამოყოფილი ჰქონდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ხოლო შემოსავლების სამსახურისთვის გამოყოფილი ზღვრული ასიგნებანი არ მოიცავდა გასულ წლებში წარმოქმნილ დავალიანებების დაფარვისთვის გათვალისწინებულ თანხას. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-6, მე-8, მე-40 მუხლები, რომელთა თანახმად, ფინანსთა სამინისტროს გამოყოფილი აქვს თანხა სახელფასო დავალიანებების აღსასრულებლად და აღნიშნული დავალიანებების ანაზღაურება წარმოადგენდა საქართველოს ფინასთა სამინისტროს კომპეტენციას. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.05.07წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული და მხარეებს უფლება მიეცათ წარმოედგინათ მოსაზრებები საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით. კასატორმა წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე დასაშვებად უნდა ყოფილიყო მიჩნეული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევის გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისთვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.