Facebook Twitter

ბს-475-454(კ-08) 17 ივნისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ვ. კ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მარტის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2005 წლის 24 მარტს ვ. კ.-მა სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 7033 ლარის ანაზღაურების დაკისრება (იხ. ს.ფ. 2-5).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების 1033 ლარისა და 2004 წლის გასასვლელი დახმარების 755,6 ლარის, სულ 1788,60 ლარის ანაზღაურება, ვ. კ.-ს 2001 წლის 26 აგვისტოდან 2004 წლის 13 იანვრის ჩათვლით პერიოდის კვებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 97-99).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ.-მა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ და მოპასუხისათვის 2001 წლის 26 აგვისტოდან 2004 წლის 13 იანვრის ჩათვლით პერიოდის კვებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრება (იხ. ს.ფ. 102-104).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვ. კ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა კვების კომპენსაციის სახით 1652 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 130-133).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (იხ. ს.ფ. 137-138).

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 18 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება ვ. კ.-თვის კვების კომპენსაციის სახით 1652 ლარის ანაზღაურების თაობაზე და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 179-186).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მარტის განჩინებით ვ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 212-216).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ.-მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მარტის განჩინების გაუქმება და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 2001 წლის 26 აგვისტოდან 2004 წლსი 13 იანვრამდე პერიოდის კვებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრება (იხ. ს.ფ. 228-234).

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 15 მაისის განჩინებით ვ. კ.-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 239-240).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ვ. კ.-მა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა შემდეგი მოტივით:

მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, კასატორი საკასაციო საჩივრით სადავოდ ხდის თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 27 აპრილის ¹1/1/... წერილი, რომელიც ეხება “სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრაზე” ¹... შტატში ცვლილების განხორციელებას. თუმცა კასატორს არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოებში აღნიშნული წერილი სადავოდ არ გაუხდია.

მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, ვ. კ.-ს ასევე სადავოდ არ გაუხდია თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 12 ივნისის ¹1321 ბრძანება, რომლითაც მოსარჩელე კადრების განკარგულებაში იქნა გადაყვანილი. კადრების განკარგულებაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა მხოლოდ ორი თვის ფულადი ანაზღაურება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ გაცემულია (იხ. ს.ფ. 110-111).

ვ. კ.-მა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:

კასატორის მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტების შესაბამისად, კერძოდ, საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ასევე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია სსსკ-ის 102.3, 105-ე, 337.1 და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-18 მუხლები, რამაც გამოწვია საქმეზე არასრული გადაწყვეტილების მიღება (იხ. ს.ფ. 250-251).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 15 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. კ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 239-240).

კასატორის _ ვ. კ.-ის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ვ. კ.-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს ვ. კ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ვ. კ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. კ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.