¹ბს-476-453(კ-07) 26 სექტემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი – ვ. თ.-ა
მოწინააღმდეგე მხარე – სოციალური სუბსიდიების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინება
დავის საგანი – პეენსიის დანიშვნა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 10 თებერვალს ვ. თ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოელგიას მოპასუხე საქართველოს სამხედრო და შინაგან საქმეთა თადარიგში დათხოვნილ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიმართ პენსიის მომატების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ დაიბადა 1922 წლის 25 აგვისტოს ქ. სოხუმში, არის დიდი სამამაულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის მონაწილე, მეორე ჯგუფის ინვალიდი.
1993 წელს ომში მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხისა და ღირსების ორდენებით. აქვს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის 35 წელზე მეტი.
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 30 ივნისის ¹253 განკარგულებით 1997 წლის 1 ივლისიდან დაითხოვეს სამხედრო ძალებიდან თადარიგში, ასაკის გამო.
1997 წლის 1 ივლისიდან დაუნიშნეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პენსია, ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 1996 წლის 16 ოქტომბრის ¹43ა-1ს საქართველოს კანონის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნული კანონის 41-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით დაენიშნა ვახტანგ გორგასლის ორდენზე პენსიის დანამატი-პენსიის ოდენობის 25%, ნაცვლად 50%-სა, ხოლო ღირსების ორდენზე პენსიის მომატება საერთოდ არ განხორციელებულა, თუმცა მითითებული მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტი ითვალისწინებდა ღირსების ორდენზე პენსიის მომატებას 25% ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 2005 წლის 1 თებერვლამდე იღებდა ვახტანგ გორგასლის ორდენზე პენსიის დანამატს მხოლოდ 25%-ს. 2005 წლის 1 თებერვლიდან კი დაენიშნა პენსიის დანამატი 50%-ის ოდენობით. ორივე ორდენზე გასული წლების სხვაობის მიღებაზე მოპასუხე ორგანიზაციიდან მიიღო უარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 16400 ლარის ანაზღაურება.
2006 წლის 6 მარტს მოსარჩელე ვ. თ.-მ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოითხოვა: ადმინისტრაცული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 24.01.2006წ. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ¹05/05-450, აუნაზღაურდეს ვახტანგ გორგასლის ორდენზე კანონით დადგენილი დანამატის 25%-ანი დანაკლისი 1997 წლის 1 ივლისიდან 2004 წლის 1 თებერვლამდე, დაენიშნოს ღირსების ორდენზე პენსიის ოდენობის 25%-იანი დანამატი და აუნაზღაურდეს დანაკლისი 1997 წლის 1 ივლისიდან დღემდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 მარტის საოქმო განჩინებით მოპასუხე საქართველოს სამხედრო და შინაგან საქმეთა თადარიგში დათხოვნილ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის დეპარტამენტი შეიცვალა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით ვ. თ.-ს სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის თანახმად, პენსიის მომატების უფლების წარმოშობისას პენსიონერი ვალდებულია, მიმართოს საპენსიო ორგანოს პენსიის გადაანგარიშების მოთხოვნით. საპენსიო ორგანო, აღნიშნული მუხლის თანახმად, მოვალეა, პენსიის გადაანგარიშება აწარმოოს მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოებს პენსიის მისაღებად, მაშინ მას ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობა შეიძლება გადაუხადონ წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის დღეს. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ ვახტანგ გორგასლის ორდენზე კანონით დადგენილი დანამატი ეკუთვნის 1997 წლის 1 ივლისიდან 2004 წლის 1 თებერვლამდე.
სასამართლოს მითითებით, უსაფუძვლო იყო სასარჩელო მოთხოვნა ღირსების ორდენზე პენსიის 25%-იანი დანამატის დანიშვნაზე 1997 წლის 1 ივლისიდან დღემდე “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის 41-ე მუხლის საფუძველზე, რადგან 2005 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მითითებული კანონიდან ამოღებულ იქნა 27-58-ე მუხლები, მეშვიდე-მერვე თავი და დავის განხილვის მომენტისათვის საპენსიო დანამატის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. თ.-მ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით უსაფუძვლოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: ვ. თ.-ა არის დიდი სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის მონაწილე. მე-2 ჯგუფის ინვალიდი, 1993 წელს დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხისა და ღირსების ორდენებით. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 30 ივნისის ¹23 განკარგულებით 1997 წლის 1 ივლისიდან დათხოვნილ იქნა სამხედრო ძალებიდან, ასაკის გამო. 1997 წლის 1 ივლისს დაენიშნა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პენსია. პენსიის გადაანგარიშება განხორციელდა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ვახტანგ გორგასლის ორდენზე, ამ კანონის 41. “ა" მუხლით გათვალისწინებული პენსიის 50%-ით მომატების ნაცვლად, თავდაცვის სამინისტრომ მოახდინა პენსიის 25%-ით გადიდება, ხოლო ღირსების ორდენზე მომატება არ განახორციელა, ამ კანონის 41. “ბ" მუხლის მიუხედავად. მოსარჩელე ვახტანგ გორგასლის ორდენზე 2005 წლის 1 თებერვლამდე იღებდა 25%-იან დანამატს, ხოლო 2005 წლის 1 თებერვლიდან დაენიშნა პენსიის დანამატი 50%-ის ოდენობით. 2005 წლის 13 სექტემბერს ვ. თ.-მ განცხადებით მიმართა ძალოვანი სტრუქტურების საპენსიო დეპარტამენტს, წინა წლების დავალიანების გადახდის მოთხოვნით, რაც უსაფუძვლოდ არ იქნა დაკმაყოფლებული “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის საფუძვლით და აუნაზღაურდა, მხოლოდ ვახტანგ გორგასლის ორდენზე I წლის 25%-იანი დავალიანება და უარი ეთქვა ღირსების ორდენზე არსებული დავალიანების გადახდაზე. აღნიშნულის გამო, მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომელმაც 2006 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით უსაფუძვლოდ უთხრა უარი მის კანონიერ მოთხოვნას. “სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის 11.1 “ა" მუხლის განმარტებით, კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობაა პენსიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, გადაანგარიშება და შეწყვეტა. იმავეს იმეორებს “სახელმწიფო აკდემიური სტეპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის 24.1 “ა" მუხლი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობაა კოპენსაციის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება განახლება, გადაანგარიშება და შეწყვეტა (ამ კანონით რეგულირდება სამხედრო პენსიების გაცემის საკითხი). ძალოვანი სტრუქტურების საპენსიო უზრუნელყოფის დეპარტამენტს (მის წინამორბედ სტრუქტურას) ევალებოდა ვ. თ.-სათვის პენსიის დანიშვნისა და გადაანგარიშების ორგანიზება, რაც თავის დროზე არ შესრულდა კანონის უხეში დარღვევით და ნაწილობრივ იქნა გამოსწორებული საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ 2005 წლის 1 თებერვალს ვ. თ.-სათვის ვ. გორგასლის ორდენზე კუთვნილი 50%-იანი საპენსიო დანამატის დანიშვნით, ხოლო ღირსების ორდენზე 25%-იანი დანამატის დანიშვნაზე ეთქვა უარი. პენსია დროულად ვერ მიიღოO საპენსიო ორგანოს მიზეზით. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის 52.2 მუხლით, თუ პენსიონერმა საპენსიო ორგანოს მიზეზით დროულად არ მიიღო საპენსიო თანხა, მაშინ მას პენსიის მთლიანი თანხა შეუზღუდავად ეძლევა. შესაბამისად, უნდა აუნაზღაურდეს არა გასული ერთი წლის დავალიანება, არამედ 1997 წლის 1 ივლისიდან 2005 წლის 1 თებერვლამდე მიუღებელი ვახტანგ გორგასლის ორდენის 25%-იანი საპენსიო დანამატი, შესაბამისად, უსაფუძვლოა სასამართლოს გადაწყვეტილება და უნდა გაუქმდეს. ღირსების ორდენზე 25%-იანი საპენსიო დანამატის დანიშვნაზე უარის თქმისას სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლი, რომლითაც კანონს არ შეიძლება მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას. 2005 წლის 23 დეკემბრის კანონმა, რომლითაც ცვლილებები იქნა შეტანილი “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონში, გააუარესა მისი მდგომარეობა, შესაბამისად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ამ უკანასკნელი კანონით. აპელანტის მითითებით, არამართებულია ის მოსაზრება, რომ კანონმდებლობა ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორდენებზე პენსიის ერთდროულად მომატებას არ ითვალისწინებს და ამის უფლება პენსიონერს არ აქვს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2006 წლის 24 იანვრის ¹05/05-450 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის ვახტანგ გორგასლის ორდენზე კანონით დადგენილი დანამატის 25%_იანი დავალიანების 1997 წლის 1 ივლისიდან 2004 წლის 1 თებერვლამდე ანაზღაურების დაკისრებას, ღირსების ორდენზე პენსიის ოდენობის 25%_იანი დანამატის დანიშვნასა და 1997 წლის 1 ივლისიდან არსებული დავალიანების ანაზღაურებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინებით ვ. თ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ “ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 47.1 მუხლის მიხედვით, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, ხოლო ამ კანონის 50.1 “ბ" მუხლის თანახმად, ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს იმ შემთხვევაში, თუ მიღებულია (გამოცემულია) ნორმატიული აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცხადებს.
“სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონში 2005 წლის 23 დეკემბრის ¹2459 საქართველოს კანონის მე-17 პუნქტით შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების შედეგად, 2006 წლის 1 იანვრიდან ამოღებულ იქნა 27-28-ე მუხლები, მათ შორის, ამ კანონის 41-ე და 52-ე მუხლები. ამრიგად, მოსარჩელე ვ. თ.-ს მიერ სარჩელის სასამართლოში შეტანის მომენტისათვის აღარ არსებობდა ის სამართლებრივი საფუძველი, რომლის შესაბამისადაც იგი ითხოვდა თავისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
სააპელაციო პალატა მიიჩნევდა, რომ მოსარჩელე ვ. თ.-ა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის “ა" პუნქტის თანახმად, მიეკუთვნება სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრეს.
2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის 4. “დ" მუხლის თანახმად, კომპენსაცია არის პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. ამავე კანონის 6.3 მუხლით კომპენსაციის (სახელმწიფო, აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების მქონე პირს კომპენსაციის) სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა შეუძლია აღნიშნული უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონით არ არის დადგენილი ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორდენებით დაჯილდოებული პირისათვის უკვე დანიშნულ პენსიაზე ფულადი დანამატისა და პენსიის გადიდების შესაძლებლობა, რის გამოც სააპელაციო პალატამ, უსაფუძვლობის მოტივით, არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება აღნიშნულზე.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. თ.-მ.
კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გაჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. თ.-ს საკასაციო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ კასატორი ვ. თ.-ა საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1993 წლის 31 მაისის ბრძანებულებით დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 30 ივნისის ¹253 განკარგულებით ვ. თ.-ა დათხოვნილ იქნა სამხედრო ძალებიდან თადარიგში 1997 წლის 1 ივნისიდან ასაკის გამო. 1997 წლის 1 ივნისიდან დაენიშნა სამხედრო პენსია, რომლის გადაანგარიშება მოხდა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონით. ამასთან, მითითებული კანონის 41-ე მუხლის “ა" პუნქტის საფუძველზე დაენიშნა ვ. გორგასლის ორდენზე პენსიის დანამატი, პენსიის ოდენობის 25%-ით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის 41-ე მუხლის “ა" ქვეპუნქტის შინაარს, რომელიც ითვალისწინებდა ვახტანგ გორგასლის სამივე ორდენით დაჯილდოებული პირებისათვის პენსიების გადიდებას პენსიის ოდენობის 50%-ით, რამაც გამოიწვია ის გარემოება, რომ პირებს, რომელთაც მინიჭებული ჰქონდა ვახტანგ გორგასლის ერთ-ერთი ხარისხის ორდენი, პენსიაზე დანამატი დაენიშნათ პენსიის 25%-ის ოდენობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით განიმარტა 41-ე მუხლის “ა" ქვეპუნქტის შინაარსი და დადგინდა, რომ მითითებული მუხლის ნამდვილი შინაარსი გულისხმობდა ვახტანგ გორგასლის ერთ-ერთი ორდენით დაჯილდოებულ პირს და შესაბამისად, ვახტანგ გორგასლის ერთ-ერთი ორდენით დაჯილდოებულმა პირებმა მიიღეს 50%-იანი დანამატი, ნაცვლად 25%-ისა.
დადგენილია, რომ ვ. თ.-ს პენსიაზე 50%-იანი დანამატი დაენიშნა 2005 წლის 1 თებერვლიდან და პენსიებს შორის სხვაობა აუნაზღაურდა 12-თვიანი უკან დახევით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და საფუძველს მოკლებულად მიიჩნევს, სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ საპენსიო ფონდს არ ევალებოდა ვ. თ.-სათვის 50%-იანი დანამატის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საპენსიო ორგანოს მხრიდან კასატორისათვის 50%-იანი დანამატის არ დანიშვნა, განპირობებული იყო იმით, რომ იმ დროისათვის საპენსიო ორგანო “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის 41-ე მუხლის “ა" ქვეპუნქტს განმარტავდა სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით და არა მისი ნამდვილი შინაარსით, როგორც ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით იქნა განმარტებული. მართალია, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ნორმის განმარტება მოახდინა მას შემდეგ, რაც ვ. თ.-ს დაენიშნა საპენსიო დანამატი, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ნორმამ მითითებული შინაარსი შეიძინა უზენაესი სასამართლოს განმარტების შემდგომ ნორმა საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით თავიდანვე ატარებდა აღნიშნულ შინაარსს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაცემი პენსიის ოდენობის სწორად განსაზღვრის ვალდებულება საპენსიო ორგანოს წარმოეშვა საპენსიო დანამატის დანიშვნისთანავე და არა პენსიონერის მიერ, აღნიშნულთან დაკავშირებით შეცდომის გასწორებისათვის მიმართვის მომენტიდან, რა თვალსაზრისითაც საკასაციო სასამართლო არამართებულად მიიჩნევს ზემოაღნიშნული კანონის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებასა და უკუქცევით 12 თვის სხვაობის ანაზღაურებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საპენსიო ორგანოს მიერ პენსიის გაცემა განეკუთვნება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის მიმართაც დადგენილია ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადები. ვ. თ.-მ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა 2006 წლის 10 თებერვალს. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინებით მას უფლება აქვს მოითხოვოს სხვაობის ანაზღაურება 3 წლის უკან დახევით. ამასთან, დადგენილია, რომ მას სხვაობა ანაზღაურებული აქვს 2004 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, შესაბამისად ასანაზღაურებელი დარჩა პერიოდი 2003 წლის 1 თებერვლიდან 2004 წლის 1 თებერვლამდე, რა ნაწილშიც საკასაციო სასამართლო სარჩელს მიიჩნევს საფუძვლიანად და თვლის, რომ მითითებული პერიოდი ექვემდებარება ანაზღაურებას.
რაც შეეხება კასტორის მოთხოვნას ღირსების ორდენზე დანამატის დანიშვნის თაობაზე, აღნიშნულს საკასაციო სასამართლო მიიჩნევს უსაფუძვლოდ და სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დავის განხილვის, ანუ უფლების არსებობა-არარსებობის დადგენის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის მომენტისათვის არ არსებობდა დავის გადაწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, რისი გათვალისწინებითაც მითითებული უფლების რეალიზაცია ამ ეტაპზე დაუშვებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმებით საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დაევალება ვ. თ.-სათვის, როგორც ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანისათვის, დანიშნული პენსიის 25%-იანი დანამატის დაანგარიშება და გადახდა 2003 წლის 1 თებერვლიდან 2004 წლის 1 თებერვლამდე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ. თ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ვ. თ.-ს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დაევალოს ვ. თ.-სთვის, როგორც ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანისათვის, დანიშნული პენსიის 25%-იანი დანამატის დაანგარიშება და გადახდა 2003 წლის 1 თებერვლიდან 2004 წლის 1 თებერვლამდე;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.