ბს-476-455(კ-08) 3 ივლისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 25 აგვისტოს დ. ბ-მა, ი. -ემ, ე. ვ-მა, ა. გ-ე-ი-ემ, ა. მ-მა, ნ. ი-მ და ნ. ი-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, მსახურობდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ხოლო 2004-2005 წლებში სამსახურიდან დათხოვნილ იქნენ რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალიანებამ მოსარჩელეთა მიმართ შეადგინა: დ. ბ-ის მიმართ _ 1346,71 ლარი; ი. ი-ის მიმართ _ 751,34 ლარი; ე. ვ-ის მიმართ _ 1030,53 ლარი; ა. გ-ე-ი-ის მიმართ _ 1690,95 ლარი; ა. მ-ის მიმართ _ 971,15 ლარი; ნ. ი-ის მიმართ _ 1355,53 ლარი; ნ. ი-ის მიმართ _ 2210,63 ლარი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აღიარებდა დავალიანების არსებობას (ცნობები დავალიანების შესახებ თან ერთოდა სასარჩელო განცხადებას), მაგრამ მიუხედავად არაერთგზისი მიმართვისა, უარს აცხადებდა აღნიშნული თანხების გადახდაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა საქალაქო სასამართლოში საბოლოოდ მოითხოვეს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მათ სასარგებლოდ დავალიანების, კერძოდ, დ. ბ-ის მიმართ _ 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების _ 965,98 ლარისა და 1999-2000 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის _ 380,73 ლარის, ი. ი-ის მიმართ _ 2002-2004 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის _ 751,34 ლარის, ა. გ-ე-ი-ის მიმართ _ 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების _ 1177,36 ლარისა და 1999-2000 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის _ 512,95 ლარის, ა. მ-ის მიმართ _ 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების _ 244,79 ლარისა და 2002-2004 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის _ 726,36 ლარის, ნ. ი-ის მიმართ _ 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების _ 1355,53 ლარის, ნ. ი-ის მიმართ _ 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების _ 1442,82 ლარისა და 2002-2004 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის _ 758,98 ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 იანვრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდა მოცემული საქმის წარმოება მოსარჩელე ე. ვ-ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, იმ მოტივით, რომ ე. ვ-ს სარჩელი განმეორებით ჰქონდა აღძრული იმავე საგანსა და საფუძველზე, იმავე მოპასუხის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, მის მიერ 2005 წლის 31 მაისს აღძრული სარჩელი კი ამავე კოლეგიის 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა დავალიანების, კერძოდ: ა. მ-ის სასარგებლოდ _ ხელფასის სახით _ 244,79 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის სახით _ 726,36 ლარის გადახდა; ა. გ-ე-ი-ის სასარგებლოდ _ ხელფასის სახით _ 1177,36 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის სახით _ 512,95 ლარის გადახდა; დ. ბ-ის სასარგებლოდ _ ხელფასის სახით _ 965,98 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის სახით _ 380,73 ლარის გადახდა; ი. ი-ის სასარგებლოდ _ სანივთე ქონების კომპენსაციის სახით _ 751,34 ლარის გადახდა; ნ. ი-ის სასარგებლოდ _ ხელფასის სახით _ 1442,82 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის სახით _ 758,98 ლარის გადახდა; ნ. ი-ის სასარგებლოდ _ სახელფასო დავალიანების _ 1355,53 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი ცნობებით დადგენილად მიიჩნია, რომ ა. მ-ის მიმართ დავალიანება შეადგენდა ხელფასის სახით _ 244,79 ლარს, ხოლო სანივთე ქონების კომპენსაციის თანხა _ 726,36 ლარს, ა. გ-ე-ი-ის მიმართ დავალიანება ხელფასის სახით _ 1177,36 ლარს, ხოლო სანივთე ქონების კომპენსაციის თანხა _ 512,95 ლარს, დ. ბ-ის მიმართ დავალიანება ხელფასის სახით _ 965,98 ლარს, ხოლო სანივთე ქონების კომპენსაციის თანხა _ 380,73 ლარს, ი. ი-ის მიმართ დავალიანება სანივთე ქონების კომპენსაციის სახით _ 751,34 ლარს, ნ. ი-ის მიმართ დავალიანება ხელფასის სახით _ 1442,82 ლარს, ხოლო სანივთე ქონების კომპენსაციის თანხა _ 758,98 ლარს, ნ. ი-ის მიმართ დავალიანება ხელფასის სახით შეადგენდა 1355,53 ლარს.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტისა და “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, მოსარჩელეები უფლებამოსილი იყვნენ, მოეთხოვათ მოპასუხისაგან მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება და მიუღებელი ფორმის ტანსაცმლის შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასარჩელო მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში იყო ხანდაზმული. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მიუღებელი ფორმის ტანსაცმლის შესაბამისი ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლების რეალიზების შესაძლებლობა არ იყო შეზღუდული რაიმე ვადით. რაც შეეხებოდა ხანდაზმულობის სამწლიან ვადას, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული სამართლებრივი ინსტიტუტი შემოღებული იყო კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტით _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (მუხლი 129) და მოქმედებდა კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში, რასაც ნამდვილად არ განეკუთვნებოდა მოსარჩელეებსა და ადმინისტრაციულ ორგანოს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც რეგულირდებოდა საჯარო სამართლის საკანონმდებლო აქტით _ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა შეეხებოდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებს, მოსარჩელეებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის კი არ ყოფილა დადებული რაიმე სახის ხელშეკრულება, არამედ მათ შორის ურთიერთობა დაიწყო და დასრულდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) მეშვეობით. ამიტომ დ. ბ-ის, ა. გ-ე-ი-ის, ა-ე მ-ის, ნ. ი-ის, ი. ი-სა და ნ. ი-ის სასარჩელო მოთხოვნაზე არ უნდა გავრცელებულიყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოსარჩელეთათვის სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელეთათვის სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ა. მ-ის 2003-2004 წლების, ა. გ-ე-ი-ის 2003 წლის, დ. ბ-ის 2003 წლის, ი. ი-ის 2003 წლის, ნ. ი-ის 2003-2004 წლების მიუღებელი სანივთე ქონების ფულადი კომპენსაციის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლო იყო სააპელაციო საჩივრის მოტივი სანივთე ქონების კომპენსაციის მხოლოდ მოქმედ სამხედრო მოსამსახურეთათვის ანაზღაურების შესახებ, მაგრამ სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა აპელანტს სანივთე ქონების კომპენსაციაზე, როგორც პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებაზე, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გავრცელების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეთათვის სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმა.
კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება, რომ მოსარჩელეებს უფლება არ ჰქონდათ, მოეთხოვათ 2003 წლის სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება, რადგან ისინი სარჩელის შეტანის დროისათვის სამხედრო მოსამსახურეებს აღარ წარმოადგენდნენ, ხოლო “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს სანივთე ქონება ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია ეძლევა სამსახურის პერიოდში, როდესაც იგი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა. სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული ნორმის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ მოსარჩელეებზე გავრცელება კი უკანონოა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ”'საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი. სანივთე ქონების კომპენსაცია პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და ამგვარ მოთხოვნებზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ კანონის აღნიშნული ნორმა არ გამოიყენა 2003 წლის სანივთე ქონების კომპენსაციის ნაწილში. ვინაიდან სანივთე უზრუნველყოფა ან მისი ფორმის კომპენსირება წლის დასაწყისში ხდება. შესაბამისად, 2003 წლის სანივთე უზრუნველყოფა უნდა მომხდარიყო 2003 წლის დასაწყისში, ანუ ამ დროს წარმოიშვა მოთხოვნის უფლება 2003 წლის სანივთე ქონების კომპენსაციაზე, რომლის ვადა გავიდა მოცემული სარჩელის შეტანამდე, რადგან სარჩელი შეტანილია 2006 წლის 24 აგვისტოს და ამდენად, გასულია ხანდაზმულობის ვადა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მხარეების მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი ვერანაირი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რითაც დადასტურდებოდა, რომ მათ შეიძინეს სანივთე ქონება, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს ამ ნაწილშიც უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის მოტივით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 13 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 3 ივლისამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.